USD 2.7268
EUR 3.1435
RUB 3.4821
Tbilisi
«Forbes» : „უკრაინამ საქართველოს 2007 წელს მოდერნიზებული BMP-ები მიჰყიდა, რომლებსაც რუსეთი ახლა უკრაინელების წინააღმდეგ იყენებს“
Date:  444

ამერიკული ჟურნალის „ფორბსის“ (Forbes) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინამ საქართველოს მოდერნიზებული BMP-ები მიჰყიდა, რომლებსაც რუსეთი ახლა უკრაინელების წინააღმდეგ იყენებს“ (ავტორი - დევიდ აქსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს, მემკვიდრეობის სახით, 2500 ერთეული BMP-1 (БМП - Боевая машина пехоты – ქვეთების საბრძოლო მანქანა) მიიღეს. 13-ტონიანი BMP-1, რომელიც 11 ჯარისკაცს იტევს, უკრაინის არმიაში, საბრძოლო ტექნიკის თვალსაზრისით, რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილი უკავია, BMP-2-ის შემდეგ, რომელიც უფრო უკეთესად არის შეიარაღებული. სამწუხაროდ, BMP-1-ს ძალიან ბევრი და დიდი ნაკლოვანებები აქვს - ძალიან სუსტად არის დაცული ჯავშანით, სუსტი აქვს ქვემეხიც (73-მილიმეტრიანი), რომლის დამაზიანებელი ეფექტი ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგისათვის არასაკმარისია.

BMP-1-ის ცეცხლის ძალა რომ გაედიდებინა და უფრო წარმატებით რომ გაყიდულიყო იარაღის ბაზარზე, უკრაინის არტილერიისა და ცეცხლმსროლეოი იარაღის სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა ძველი BMP-ების მოდერნიზება განახორციელა - მომატა ჯავშნის სისქე და დაამონტაჟა შედარებით თანამედროვე, ძლიერი და სწრაფმსროლელი ავტომატური 30-მილიმეტრიანი ქვემეხი. მართალია, ქვემეხმა ორი ჯარისკაცის დასაჯდომი ადგილი „შეიწირა“, მაგრამ როგორც იტყვიან, მოდერნიზებამ გაამართლა.

კიევის კომპანიამ მოდერნიზებულ 9-ჯარისკაციან ქვეითთა საბრძოლო მანქანას  BMP-1U უწოდა. სამწუხაროდ, მოვლენათა უცნაური ჯაჭვის გამო, დღეს უკრაინული BMP-1U უკრაინელთა წინააღმდეგ არის გამოყენებული - ამას ადასტურებს ახლახან რუსების მიერ ნაჩვენები პროპაგანდისტული ვიდეორგოლი.

საიდან აქვთ რუსებს უკრაინული BMP-1U? საქმე შემდეგშია: მოდერნიზების შემდეგ, 2007 წელს, საქართველომ უკრაინისაგან 15 საბრძოლო მანქანა იყიდა თავისი არმიისათვის. არ გასულა ერთი წელი და რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფები საქართველოში შეიჭრნენ და, როგორც ჩანს, 15-ვე BMP-1U ხელში ჩაიგდეს. მოგვიანებით, 2011 წელს, თბილისმა კვლავ იყიდა უკრაინისაგან იგივე საბრძოლო მანქანები, მაგრამ ისინი, რომლებიც რუსებმა წაიღეს, სამხედრო ინჟინრებმა ყურადღებით შეამოწმეს და ჯარს გადასცეს. 15 წლის შემდეგ კი მოსკოვმა BMP-1U თვითონ გამოიყენა - ფრონტზე, უკრაინელების წინააღმდეგ. თუმცა უდაოა, რომ უკრაინულმა ტექნიკამ რუსებს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა გაურთულა - რადგანაც კოშკურა და ქვემეხი მთლიანად უკრაინული დეტალებით არის დამზადებული, რუსებს მისი ათვისება საკმაოდ ძვირი დაუჯდებათ, ამიტომ 15 საბრძოლო მანქანიდან რამდენიმეს დაშლა და მათი მარაგნაწილებად გამოყენება მოუწევთ.

რუსეთის არმიას დღეს ქვეითთა საბრძოლო მანქანები ჰაერივით ჭირდებათ. ომის დაწყების მომენტში უკრაინის ფრონტზე მოსკოვს სხვადასხვა მოდიფიკაციის ასობით BMP-ები ჰქონდა, მაგრამ მათი უმეტესობა განადგურებულია, მათ შორის შედარებით ახალი BMP-3.

რუსეთის მრეწველობას ახალი BMP-ების სწრაფი წარმოება არ შეუძლია, ამიტომ, დანაკარგების კომპენსირების მიზნით, საწყობებიდან ძველი მანქანები გამოაქვს, ამოწმებენ, უდგამენ აკუმულატორებს და ფრონტზე გზავნიან. რა თქმა უნდა, საკმაოდ ბევრი ძველი BMP ექპლოატაციას აღარ ექვემდებარება.

კრემლის სამწუხაროდ, დანაკარგები არ მცირდება. ყოველი დაკარგული ძველი საბჭოური BMP-ის ფონზე სულ უფრო მეტ ფასს იძენს უკრაინული BMP-1U, მისი შედარებთ რთული ლოჯისტიკის მიუხედავად.

როგორც ამბობენ ხოლმე, მათხოვრებს მოწყალების არჩევის უფლება არ აქვთ. როცა საქმე BMP-ებს ეხება, რუსები უკვე დიდი ხანია ითხოვენ მოწყალებას და ყველანაირ მოდელზე თანახმანი არიან.

წყარო: https://www.forbes.com/sites/davidaxe/2023/09/16/ukraine-sold-upgraded-fighting-vehicles-to-georgia-russia-captured-them-and-sent-them-to-fight-ukraine/?sh=92ccc363d6f6

 

analytics
რა არის პრინციპული მსგავსება ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა (IRGC) და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს (ФСБ) შორის?

1. ირანისა და რუსეთის სპეცსამსახურების მთავარი პრიორიტეტი – პირადი გამდიდრება და „სახელმწიფო სახელმწიფოში“

IRGC მხოლოდ სპეცსამსახური არ არის – ეს გახლავთ უზარმაზარი ეკონომიკური იმპერია.
იგი აკონტროლებს მშენებლობის კომპანიებს (მაგალითად, გიგანტურ კონგლომერატს „ხათამ ალ-ანბია“), ბანკებს, სატელეკომუნიკაციო ფირმებს, პორტებსა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს. ირანელი უშიშროების თანამშრომლები იღებენ სახელმწიფო კონტრაქტებს კონკურსის გარეშე, არიან ჩართული კონტრაბანდაში (ნავთობი, სხვადასხვა საქონელი), ფულის გათეთრებაში და კერძო ბიზნესის რეკეტში.

ФСБ მხოლოდ სპეცსამსახური არ არის – ეს არის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე საკუთრების გადანაწილებასა და ეკონომიკის კონტროლში.
ФСБ აქტიურად ეწევა ბიზნესის „კრიშავას“, ახორციელებს რეიდერულ დაპატრონებებს გაყალბებული სისხლის სამართლის საქმეების მეშვეობით, აკონტროლებს საბანკო სექტორსა და სახელმწიფო კორპორაციების ფინანსურ ნაკადებს. ФСБ-ის მაღალი თანამდებობის პირები და მათთან დაახლოებული პირები ხდებიან დოლარიანი მულტიმილიონერები და მილიარდერები.

შედეგი: როგორც IRGC, ისე ФСБ ქმნიან სისტემას, სადაც თანამდებობა ბიზნეს-აქტივად იქცევა. ამგვარად, მათი ხელმძღვანელობა პირადად არის დაინტერესებული არსებული რეჟიმის შენარჩუნებით.


2. პროფესიული დეგრადაცია და ძირითადი ფუნქციის ჩავარდნები

წლობით, ირანის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ქვეყნის (შეიძლება ითქვას, ლიხტენშტაინისაც კი) სპეცსამსახურები დაუსჯელად კლავდნენ ირანელ ბირთვულ ფიზიკოსებსა და IRGC-ის მაღალჩინოსნებს – ეს იყო კონტრდაზვერვის სრულმასშტაბიანი მარცხი.
2018 წელს „მოსადის“ აგენტებმა თეირანში მდებარე სპეციალური საცავიდან მოიპარეს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული დაახლოებით 100 000 დოკუმენტი, საერთო წონით ნახევარი ტონა. თეირანის გულში, პირდაპირ IRGC-ის ცხვირწინ მოკლეს ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანია.
IRGC-ის საჰაერო თავდაცვის ოპერატორმა, პანიკაში და შესაბამისი ამოცნობის სისტემის გარეშე, ჩამოაგდო უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი.
ეს ყველაფერი მიუთითებს პროფესიონალიზმის უკიდურესად დაბალ დონეზე და კრიტიკულ სიტუაციაში მოქმედების უუნარობაზე. სწორედ ამიტომ, დღეს ისრაელის სპეცსამსახურები ირანში აკეთებენ რაც სურთ.

ФСБ კი ათწლეულებით ჯაშუშობდა უკრაინაში, აგენტებს ანთავსებდა სახელმწიფო სტრუქტურებში, ყიდულობდა მაღალჩინოსნებს. ომამდე, ФСБ-ის მეხუთე სამმართველომ ქვეყნის ხელმძღვანელობას მიაწოდა აბსოლუტურად მცდარი სურათი – თითქოს უკრაინელი ხალხი რუსულ არმიას ყვავილებით დახვდებოდა.
ეს იყო 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაზვერვითი მარცხი, რომელმაც კატასტროფული შედეგები მოიტანა.

ტერაქტი „კროკუს სიტი ჰოლში“: მიუხედავად დასავლური დაზვერვების წინასწარი გაფრთხილებისა და შიდა ინფორმაციით, ФСБ ვერ შეძლო რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტერაქტის აღკვეთა. ამ დროს მთელი რესურსი მიმართული იყო იმ ადამიანების დასაჭერად, ვინც პლაკატებს ატარებდა ან სოციალურ ქსელში კრიტიკულ პოსტებს წერდა.

დრონებით თავდასხმები მოსკოვზე, აფეთქებები ყირიმის ხიდზე, ოპერაცია „ობობა“ და შეტევები რუსული სამხედრო აეროდრომებზე ქვეყნის სიღრმეში – ყველაფერი ეს ცხადყოფს ФСБ-ის სრული უუნარობას შეასრულოს ქვეყნის დაცვის პირდაპირი ფუნქცია.

ФСБ-ის ჩავარდნებს დასასრული არ უჩანს.


3. ერთადერთი სფერო, სადაც ორივე სტრუქტურა „ეფექტიანია“ – საკუთარი ხალხის ჩახშობა

ФСБ და IRGC მშვენივრად ასრულებენ ერთ საქმეს – მშვიდობიანი პროტესტების ჩახშობას. ისინი ებრძვიან ქალებს ჰიჯაბის გარეშე და სტუდენტებს – პლასტმასის ჭიქებით ხელში.

IRGC და მისი დამხმარე „ბასიჯი“ არიან მთავარი იარაღი ირანში პროტესტების ჩასახშობად (2009, 2019, 2022 წწ.). ისინი უშიშრად იყენებენ ცეცხლსასროლ იარაღს უიარაღო მოქალაქეების წინააღმდეგ, ახორციელებენ მასობრივ დაპატიმრებებს, აწამებენ და აწყობენ საჯარო სიკვდილით დასჯებს.

ФСБ კი რუსეთის მთავარი რეპრესიული იარაღია. მათ გაანადგურეს პოლიტიკური ოპოზიცია, დამოუკიდებელი მედია, აყალბებენ საქმეებს ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც არ ეთანხმება ხელისუფლების პოლიტიკას. მათ ქვეყანაში შიშის ატმოსფერო შექმნეს – რაც რეჟიმის სტაბილურობის ერთ-ერთი საყრდენია.


დასკვნა

IRGC და ФСБ კლასიკური მაგალითებია იმისა, რაც ხდება სპეცსამსახურებში ავტორიტარული რეჟიმების პირობებში:

  1. შერწყმა ხელისუფლებასთან – ისინი წყვეტენ სახელმწიფოს ინსტრუმენტად ყოფნას და თავად ხდებიან რეჟიმის შემადგენელი ნაწილი, მისი შეიარაღებული რგოლი.

  2. უარყოფითი შერჩევა – კარიერული წინსვლა განისაზღვრება არა პროფესიონალიზმით, არამედ ლოიალურობით და მზადყოფნით, შეასრულო დანაშაულებრივი ბრძანებები. კომპეტენტური, მაგრამ დამოუკიდებელი თანამშრომლები სისტემიდან გარიყულნი ხდებიან.

  3. პრიორიტეტების ცვლილება – ქვეყნის ან ხალხის უსაფრთხოების ნაცვლად, მთავარი ხდება ერთი ადამიანის ან ვიწრო ელიტის ინტერესების დაცვა (მაღლესი ლიდერი ირანში, პრეზიდენტი რუსეთში).


თუ მოკლედ ვთქვათ — ესენი არიან სპეცსამსახურები მხოლოდ სახელით. სინამდვილეში კი კორუფციული ძალაუფლების შენარჩუნების მექანიზმები.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way