USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
«Forbes» : „უკრაინამ საქართველოს 2007 წელს მოდერნიზებული BMP-ები მიჰყიდა, რომლებსაც რუსეთი ახლა უკრაინელების წინააღმდეგ იყენებს“
თარიღი:  892

ამერიკული ჟურნალის „ფორბსის“ (Forbes) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინამ საქართველოს მოდერნიზებული BMP-ები მიჰყიდა, რომლებსაც რუსეთი ახლა უკრაინელების წინააღმდეგ იყენებს“ (ავტორი - დევიდ აქსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს, მემკვიდრეობის სახით, 2500 ერთეული BMP-1 (БМП - Боевая машина пехоты – ქვეთების საბრძოლო მანქანა) მიიღეს. 13-ტონიანი BMP-1, რომელიც 11 ჯარისკაცს იტევს, უკრაინის არმიაში, საბრძოლო ტექნიკის თვალსაზრისით, რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილი უკავია, BMP-2-ის შემდეგ, რომელიც უფრო უკეთესად არის შეიარაღებული. სამწუხაროდ, BMP-1-ს ძალიან ბევრი და დიდი ნაკლოვანებები აქვს - ძალიან სუსტად არის დაცული ჯავშანით, სუსტი აქვს ქვემეხიც (73-მილიმეტრიანი), რომლის დამაზიანებელი ეფექტი ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგისათვის არასაკმარისია.

BMP-1-ის ცეცხლის ძალა რომ გაედიდებინა და უფრო წარმატებით რომ გაყიდულიყო იარაღის ბაზარზე, უკრაინის არტილერიისა და ცეცხლმსროლეოი იარაღის სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა ძველი BMP-ების მოდერნიზება განახორციელა - მომატა ჯავშნის სისქე და დაამონტაჟა შედარებით თანამედროვე, ძლიერი და სწრაფმსროლელი ავტომატური 30-მილიმეტრიანი ქვემეხი. მართალია, ქვემეხმა ორი ჯარისკაცის დასაჯდომი ადგილი „შეიწირა“, მაგრამ როგორც იტყვიან, მოდერნიზებამ გაამართლა.

კიევის კომპანიამ მოდერნიზებულ 9-ჯარისკაციან ქვეითთა საბრძოლო მანქანას  BMP-1U უწოდა. სამწუხაროდ, მოვლენათა უცნაური ჯაჭვის გამო, დღეს უკრაინული BMP-1U უკრაინელთა წინააღმდეგ არის გამოყენებული - ამას ადასტურებს ახლახან რუსების მიერ ნაჩვენები პროპაგანდისტული ვიდეორგოლი.

საიდან აქვთ რუსებს უკრაინული BMP-1U? საქმე შემდეგშია: მოდერნიზების შემდეგ, 2007 წელს, საქართველომ უკრაინისაგან 15 საბრძოლო მანქანა იყიდა თავისი არმიისათვის. არ გასულა ერთი წელი და რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფები საქართველოში შეიჭრნენ და, როგორც ჩანს, 15-ვე BMP-1U ხელში ჩაიგდეს. მოგვიანებით, 2011 წელს, თბილისმა კვლავ იყიდა უკრაინისაგან იგივე საბრძოლო მანქანები, მაგრამ ისინი, რომლებიც რუსებმა წაიღეს, სამხედრო ინჟინრებმა ყურადღებით შეამოწმეს და ჯარს გადასცეს. 15 წლის შემდეგ კი მოსკოვმა BMP-1U თვითონ გამოიყენა - ფრონტზე, უკრაინელების წინააღმდეგ. თუმცა უდაოა, რომ უკრაინულმა ტექნიკამ რუსებს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა გაურთულა - რადგანაც კოშკურა და ქვემეხი მთლიანად უკრაინული დეტალებით არის დამზადებული, რუსებს მისი ათვისება საკმაოდ ძვირი დაუჯდებათ, ამიტომ 15 საბრძოლო მანქანიდან რამდენიმეს დაშლა და მათი მარაგნაწილებად გამოყენება მოუწევთ.

რუსეთის არმიას დღეს ქვეითთა საბრძოლო მანქანები ჰაერივით ჭირდებათ. ომის დაწყების მომენტში უკრაინის ფრონტზე მოსკოვს სხვადასხვა მოდიფიკაციის ასობით BMP-ები ჰქონდა, მაგრამ მათი უმეტესობა განადგურებულია, მათ შორის შედარებით ახალი BMP-3.

რუსეთის მრეწველობას ახალი BMP-ების სწრაფი წარმოება არ შეუძლია, ამიტომ, დანაკარგების კომპენსირების მიზნით, საწყობებიდან ძველი მანქანები გამოაქვს, ამოწმებენ, უდგამენ აკუმულატორებს და ფრონტზე გზავნიან. რა თქმა უნდა, საკმაოდ ბევრი ძველი BMP ექპლოატაციას აღარ ექვემდებარება.

კრემლის სამწუხაროდ, დანაკარგები არ მცირდება. ყოველი დაკარგული ძველი საბჭოური BMP-ის ფონზე სულ უფრო მეტ ფასს იძენს უკრაინული BMP-1U, მისი შედარებთ რთული ლოჯისტიკის მიუხედავად.

როგორც ამბობენ ხოლმე, მათხოვრებს მოწყალების არჩევის უფლება არ აქვთ. როცა საქმე BMP-ებს ეხება, რუსები უკვე დიდი ხანია ითხოვენ მოწყალებას და ყველანაირ მოდელზე თანახმანი არიან.

წყარო: https://www.forbes.com/sites/davidaxe/2023/09/16/ukraine-sold-upgraded-fighting-vehicles-to-georgia-russia-captured-them-and-sent-them-to-fight-ukraine/?sh=92ccc363d6f6

 

საზოგადოება
საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებული მოქალაქეს სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში ხელის შეწყობას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 8 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობდა სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში. აღნიშნული მფარველობის სანაცვლოდ, საჯარო მოხელემ ქრთამის სახით, ყოველ ერთეულ შემთხვევაში, 8 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 4 000 აშშ დოლარის აღებისთანავე დააკავეს.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-იდან 11 წლამდე ვადით.

მოუწოდებს საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილის მქონე პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან, ვინაიდან სამართალდამცავი უწყებების რეაგირება ნებისმიერ მსგავს ფაქტზე იქნება მყისიერი და კანონის შესაბამისად მკაცრი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 


სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის