ოპოზიციის აზრით, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურის მიერ დღეს, 21 იანვარს გავრცელებული ფარული ჩანაწერი კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
დღეს პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის საქმეზე ფარულ ვიდეოჩანაწერი გაასაჯაროვა.
უწყების განცხადებით, ფარული ვიდეოჩანაწერი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ივერი მელაშვილის სამუშაო კაბინეტში 2020 წლის 28 სექტემბერსაა მოპოვებული, ამ უკანასკნელის დაკავებამდე.
პროკურატურის თქმით, დასახელებული ვიდეო/აუდიომასალაში ნაჩვენებია საზღვრის რამდენიმე მონაკვეთზე, მათ შორის, დავითგარეჯის მიმდებარედ, საზღვრის ხაზის ის მონაკვეთები, რომელზედაც ბრალდებულებმა “განზრახ, მიღებული დავალების შესაბამისად, შეათანხმეს საქართველოს ინტერესების საზიანოდ”.
თუმცა ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ პროკურატურის მიერ დღეს გასაჯაროებულ ფარულ ვიდეოჩანაწერში ახალი არაფერია. მისი თქმით, მელაშვილი სასამართლოზეც იმავეს იტყვის, რასაც ფარულ ვიდეოჩანაწერში ამბობს.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, კითხვებს აჩენს ისიც, რომ ფარული ჩანაწერი ნამდვილად სასამართლოს განჩინების საფუძველზეა მოპოვებული.
“ეს ჩანაწერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი მტკიცებულება აღნიშნულ საქმეზე და რომ ეს საქმე არის მთლიანად შეკერილი წინასაარჩევნოდ პოლიტიკური მიზნებისთვის. ახლა ვხედავთ, რომ ხელისუფლება ამ პოლიტიკურ შურისძიებას აგრძელებს პატიოსანი სახელმწიფო მოხელეების წინააღმდეგ.
რამდენადაც ისინი ამბობენ, ეს მოხდა სასამართლოს განჩინების მიხედვით, თუმცა დამტკიცებული არანაირი სასამართლო განჩინება არ არსებობდა და მხოლოდ პოსტფაქტუმ იქნება ამგვარი განჩინება მოპოვებული, თუ ის საერთოდ ბუნებაში არსებობს, რაც თავისთავად არის დანაშაული”, — განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ელენე ხოშტარიას თქმით კი, აღნიშნული ჩანაწერი ბრალდების მხარის პოზიციას ასუსტებს.
“ეს ჩანაწერი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, როგორი შეთითხნილია ეს საქმე და უბრალოდ პოლიტიკურ პიარზეა ორიენტირებული იმიტომ, რომ ამ ჩანაწერში აბსოლუტური სიზუსტით მეორდება ის პოზიცია, რაც აქვს უშუალოდ ივერი მელაშვილს და აქ ჩვენ ვისმენთ კონკრეტულად მოლაპარაკებების ტაქტიკაზე, რა იქნება საქართველოსთვის საუკეთესო მოლაპარაკებების ტაქტიკა.
ჰგონიათ, რომ რაღაც ვიდეოჩანაწერს რომ გამოაქვეყნებ, ეს ავტომატურად რაღაც შთაბეჭდილებას მოახდენს, მაგრამ, რეალურად, ეს კიდევ უფრო ასუსტებსბრალდების მხარეს”, — განაცხადა ელენე ხოშტარიამ “რუსთავი 2-თან”.
“ევროპული საქართველოს” წევრი ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ ეს ჩანაწერი მათ საქმესთან დაკავშირებით პარტიის პოზიციას ვერ ცვლის და კვლავ მიაჩნიათ, რომ ეს წინასაარჩევნოდ დაგეგმილი პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა.
“გაუგებარია, საიდან გაჩნდა ეს ჩანაწერი, საერთოდ რაზეა საუბარი. მარტივად რომ ვთქვა, ჩვენი, “ევროპული საქართველოს” დამოკიდებულება რჩება იგივე — ეს არის პოლიტიკურად დაგეგმილი საქმე, რომელიც არჩევნების წინ კონკრეტული ადამიანების დისკრედიტაციას ითვალისწინებდა და ამას შეეწირა ორი აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი”, — განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის, თქმით პროკურატურის მიერ გასაჯაროვებულ ჩანაწერში “სამშობლოს ღალატი” არ ჩანს.
“ჩვენ რაც ვნახეთ, იქ რაღაც განსაკუთრებული სამშობლოს ღალატი ნამდვილად ვერ დავინახეთ. ჩვენ დავინახეთ, რომ ზემოდან, საიდანღაც ვიღაც მითითებებს იძლეოდა და ეს გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, მაგრამ უბრალო მეცნიერ ხალხზე ჯოხის გადატეხვა, რომელიც არაფერს არ წყვეტს, მიწა-წყალი ვის გადაეცეს და ვის არა, არასწორად მიგვაჩნდა და ახლაც მიგცაჩნია”, — განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის (საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა) პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ. დანაშაული ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობით ისჯება. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები კი მიუთითებენ, რომ ილიჩოვა და მელაშვილი პოლიტპატიმრები არიან და მათ გათავისუფლებას ითხოვენ, მათ შორის ელჩების შუამავლობით ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე.
წყარო: netgazeti.ge