მტერი ცდილობს განაგრძოს შეტევითი ოპერაციები, რათა სრული კონტროლი დაამყაროს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, დონეცკსა და ლუგანსკში ოკუპანტების ათი თავდასხმა მოიგერიეს.
„უკრაინულმა ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში რუსი ოკუპანტების ათი შეტევა მოიგერიეს, განადგურდა თორმეტი ტანკი, ოცდარვა ჯავშანტექნიკა და ერთი საარტილერიო სისტემა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსული ძალების „ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ქალაქ მარიუპოლის აღებაზე და „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე შეტევის გაგრძელებაზე“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, საჰაერო ძალებმა რუსების ცხრა საჰაერო სამიზნე გაანადგურეს.
„განადგურებულია: ერთი თვითმფრინავი, ერთი ვერტმფრენი, ექვსი სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი და ფრთოსანი რაკეტა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.