USD 2.7421
EUR 2.8841
RUB 2.6007
Тбилиси
ომი უკრაინაში: გაკვეთილები საქართველოდან
дата:  368

საქართველოში დაშვებული რა შეცდომები უნდა გაითვალისწინოს დასავლეთმა, უკრაინის უკეთ დასახმარებლად


ალექსანდრა ჰოლ ჰოლი – 2013-2016 წლებში გაერთიანებული სამეფოს ელჩი იყო საქართველოში. მას დიპლომატიური სამსახურის ოცდაათ წელზე მეტხნიანი გამოცილება აქვს. გაერთიანებულ სამეფოს წარმოადგენდა დიპლომატიურ მისიებში ბანგკოკში, ვაშინგტონში, დელიში, ბოგოტასა და თბილისში. მან საგარეო საქმეთა სამინისტრო 2019 წლის დეკემბერში დატოვა, რადგან ჩათვალა, რომ სუფთა სინდისით აღარ შეეძლო საკუთარი მთავრობის ოფიციალურ პოზიციის დაცვა ბრექსიტთან დაკავშირებით.


საქართველოში ბრიტანეთის ელჩის რანგში ახლადჩასული ვიყავი, როცა თბილისში გერმანიის ელჩს შევხვდი. ეს იყო ერთერთი ყველაზე მრავლისმეტყველი საუბარი იმათგან, რაც კი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში მქონია. თავაზიანი მისალმებების შემდეგ, ელჩს ვკითხე, თუ რას მიიჩნევდა ქვეყანაში თავის უმთავრეს ამოცანად. „გერმანული კულტურისა და ვაჭრობის ხელშეწყობას“, მიპასუხა მან და იგივე კითხვით მომმართა, რაზეც ვუპასუხე, რომ ჩემი მიზანი “დემოკრატიის, მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა“ იყო.

საპროტესტო აქცია რუსულ ბლოკპოსტთან იგოეთში,
2008 წლის აგვისტო. ფოტო: გურამ მურადოვი

უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, რომლის დროსაც ერთმანეთს შეცბუნებულები ვუცქერდით. ჩვენს ორ, მოკავშირე სახელმწიფოთა აღქმებსა და პრიორიტეტებს შორის უფრო ღრმა განსხვავების წარმოდგენა რთული იყო.

ბუნებრვივია, გერმანიის ელჩი არ გულისხმობდა, რომ მას არ ადარდებდა დემოკრატია, მშვიდობა ან უსაფრთხოება. არც მე ვაპირებდი კულტურისა და ვაჭრობის უგულებელყოფას. ოღონდაც მაშინ, როცა, ჩემი ხედვით, პირველი მეორეს განვითარების წინაპირობა იყო, გერმანიის ელჩი ფიქრობდა, რომ დემოკრატია, მშვიდობა და უსაფრთხოება გრძელვადიანი მიზნებია, რომელთაც ხელი არ უნდა შეეშალათ გერმანიის მოკლევადიანი ინტერესების განხორციელებისათვის.

მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ის ადრე მოსკოვში იყო მივლენილი და როგორც რუსეთში ნამსახურები ბევრი სხვა დიპლომატი, რეგიონალური საკითხების უმრავლესობას ამ გამოცდილების ჭრილში ხედავდა. მასზე ძლიერი გავლენა მოეხდინა გერმანიის საბჭოთა კავშირთან მჭიდრო ურთიერთობის პოლიტიკას (Ostpolitik), რომელსაც გერმანელთა უმრავლესობა უმადლოდა ცივის ომის დროს არსებულ დაძაბულობასთან უსისხლოდ გამკლავებას და აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიის მშვიდობიან გაერთიანებას.

მას გათავისებული ჰქონდა რუსული ხედვა, რომლის თანახმადაც საქართველო რუსეთის ‘გავლენის სფეროს’ ნაწილი იყო, რაც რუსეთს ლეგიტიმური შეშფოთებას საფუძველს აძლევდა საქართველოს განვითარების ტრაექტორიის, მათ შორის საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში  გაწევრიანებისადმი მისწრაფების გამო. [გერმანიის ელჩს] აღელვებდა, რომ [ჩვენს მიერ] საქართველოს ამგვარი მისწრაფებების წახალისებას შეიძლება მოეხდინა რუსეთის ‘პროვოცირება’, რაც გაუმჯობესების ნაცვლად, გააუარესებდა საქართველოს უსაფრთხოებას. ის თვლიდა, რომ უფრო უსაფრთხო გზა იყო საქართველოს ამბიციების შეკავება – გერმანია სწორედ ამგვარ პოლიტიკას მიჰყვებოდა მრავალი წლის განმავლობაში, რაც გამოვლინდა უკვე ავადსახსენებელ 2008 წლის NATO-ს სამიტზე ბუქარესტში, სადაც გერმანიამ და საფრანგეთმა პრაქტიკულად დაბლოკეს აშშ-ს მცდელობა, რომ საქართველოსა (და უკრაინას) გაწევრიანების სამოქმედო გეგმები (Membership Action Plans) მიეღოთ, რაც მათ NATO-ში გაწევრიანების გზაზე ოფიციალურად დააყენებდა.

ცოცხალი ჯაჭვი თბილისში, აგვისტოს ომის
დასრულების შემდეგ. ფოტო: გურამ მურადოვი, სივილ.გე

გერმანიის ელჩს ასევე გულწრფელად სჯეროდა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი საქართველოს პრეზიდენტის, მიშა სააკაშვილის ბრალი იყო, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ჯარი შეიჭრა საქართველოში და არა პირიქით. ასეთი თვალსაზრისი მარტო მას როდი გააჩნდა – ბევრი სხვა ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა არასწორად წარმართა რუსეთთან ურთიერთობები, უსაფუძვლოდ გააღიზიანა პუტინი და გადაჭარბებულად შეაფასა დასავლეთის სავარაუდო დახმარების დონე. ამისდა მიუხედავად, უდავოა, რომ კონფლიქტი გამოიწვია რუსული ჯარების დაჯგუფებამ საქართველოს გარშემო რაც ომის დაწყებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა და იმანაც, რომ საქართველო უკვე ფრიად მგრძნობიარე იყო [რუსული საფრთხისადმი] აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩამოშორებული ტერიტორიებში რუსეთის განუწყვეტელი ჩარევის გამო.

ჩემი ხედვა გერმანელი კოლეგის ანალიზისგან სიღრმისეულად განსხვავდებოდა. მე ღრმად მწამდა, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის საქართველოს გამოკიდებული მდგომარეობა ახალისებდა რუსულ აგრესიას, ამძიმებდა არასტაბილურობას და ხელს უშლიდა საქართველოს განვითარებას.

სწორედ რუსეთის რწმენა, რომ მას საქართველოს მომავლის განსაზღვრა შეეძლო, უბიძგებდა საქართველოს ევროკავშირისა და NATO-სკენ და არა პირიქით. პრობლემა რუსეთის იმპერიალისტური მიდგომა იყო და არა საქართველოს მცდელობა, რომ თავი დაეცვა. როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს, საქართველოს სრული უფლება ჰქონდა ევროკავშირისა და NATO-ს წევრობა მოესურვებინა და თუ ის დააკმაყოფილებდა კრიტერიუმებს, ჩვენ ამ მცდელობისთვის ხელი არ უნდა შეგვეშალა.

ამ მიზნის გათვალისწინებით, [ბრიტანეთის] საელჩო ძირითადად აფინანსებდა ისეთ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობდა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, მათ შორის, ინსტიტუტების გაძლიერებას, მთავრობის გამჭირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ გვჯეროდა, რომ ეს საჭირო იყო არა მხოლოდ საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების მხარდასაჭერად, არამედ იმისთვისაც, რომ საქართველო უკეთ მედგრად გამკლავებოდა რუსეთის მხრიდან ზეწოლას.

მე სულ ვურჩევდი ქართველ პოლიტიკოსებს, ნაკლები დრო დაეხარჯათ კინკლაობაზე და მეტი კი – ამომრჩევლებთან ურთიერთობასა და გამართული პოლიტიკის შემუშავებაზე. ჩემს გამოსვლებში ხშირად გამოვთქვამდი მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზს ვუსვამდი ქვეყნის უფლებას, თავად განესაზღვრა საკუთარი მომავალი, რუსეთის ჩარევის გარეშე. მიუხედავად ამისა, მე არც იმის მერიდებოდა, რომ მელაპარაკა საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის ნაკლოვანებებზეც.

ამ ძალისხმევამ განახლებული მნიშვნელობა შეიძინა 2014 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ამ დროს გაერთიანებულმა სამეფომ დაიწყო ახალი, “კარგი მმართველობის” პროგრამა მთელი რეგიონის მასშტაბით, რაც მოიცავდა საქართველოს, უკრაინას, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსსა და მოლდოვას. გაერთიანებულმა სამეფომ გააძლიერა თანამშრომლობა საქართველოსთან სამხედრო სფეროში  – სასწავლო კურსების შეთავაზებით და სხვა მსგავსი ღონისძიებებით – და მნიშვნელოვანი კაპიტალი გაიღო საქართველოსადმი დიპლომატიური მხარდაჭერის ხაზგასასმელად მინისტრთა ვიზიტების, გაეროს რეზოლუციების მხარდაჭერისა და მთავრობებს შორის დიალოგის ყოველწლიური ოფიციალური ფორმატის ჩამოყალიბების გზით.

მსგავსი პრიორიტეტები და მიდგომები ქონდათ აშშ-ს, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების და უპირველეს ყოვლისა, ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის საელჩოებს, რომელთაც საკუთარ თავზე გამოეცადათ საბჭოთა მმართველობა.

გერმანიისა და ევროკავშირის სხვა საელჩოების უმრავლესობა ნაკლებად ჩანდნენ ან ნაკლებად გამოთქვამდნენ აზრს ხმამაღლა ამ პოლიტიკურ საკითხებზე. საფრანგეთს შუალედური მიდგომა ჰქონდა [ბრიტანეთსა და გერმანიას შორის – რედ.]. ზოგჯერ ეჭვი მიჩნდებოდა, რომ ეგებ გულში უხაროდათ კიდეც საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეფერხება, რადგან ეს უადვილდებდათ იმის მტკიცებას, რომ საქართველო არ იყო მზად ევროკავშირისა და NATO-სთვის.

მათ გამოუვალ მდგომარეობაში შეჰყავდათ საკითხი, როცა ამბობდნენ, რომ საქართველო ვერ შეუერთდებოდა NATO-ს,  ვიდრე მისი ტერიტორია ოკუპირებული იყო – თითქოს ვერ ხედავდნენ, რომ ამის თქმით კიდევ უფრო უძლიერებდნენ რუსეთს მოტივაციას, მტკიცედ ჩაბღაუჭებოდა საქართველოს და ამით ფაქტიურად შეუძლებელი გაეხადა საქართველოს წინსვლა.

გერმანია და საფრანგეთი ყველაზე ღიად ეწინააღმდეგებოდნენ  საქართველოს (და უკრაინის) ნატოში გაწევრებას. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მათი პოზიცია დანარჩენებსაც საშუალებას გვაძლევდა, რთული გადაწყვეტილების მიღება აგვერიდებინა თავიდან. ობამას ადმინისტრაცია ბუშის ადმინისტრაციაზე ბევრად ნაკლები ენთუზიაზმით იყო განწყობილი [ნატოში საქართველოსა და უკრაინის წევრობის პროექტის] მიმართ და 2014 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვასაც“ ცდილობდა.  დიდი ბრიტანეთის პრიორიტეტი ნატოში ერთიანობის შენარჩუნება იყო. საქართველოს გაურკვეველმა მდგომარეობამ ჩვენ საშუალება მოგვცა, გველაპარაკა ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკაზე და ოღონდ საქართველოს ზუსტად იმდენად დავხმარებოდით, რომ გვეთქვა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით მის მხარდასაჭერად, თანაც ისე, რომ საქართველოს ნატოში მიღების რთული გადაწყვეტილება არასოდეს გვქონოდა მისაღები.

დასავლეთის ყოყმანის ერთ-ერთი სამწუხარო შედეგი ის იყო, რომ საქართველოში სულ უფრო დაეჭვდნენ, თუ რამდენად რეალურად შეიძლებოდა ჰქონოდათ ჩვენი დახმარების იმედი. შესაბამისად, ევროკავშირისა და ნატოს წევრობისთვის აუცილებელი უმძიმესი რეფორმების გატარების სურვილმაც იკლო. ამან მხოლოდ გააძლიერა არგუმენტი იმის შესახებ, რომ საქართველო მზად არ იყო, რამაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო დააეჭვა საქართველო, მიიღებდნენ თუ არა მათ ოდესმე ალიანსში.

ამგვარად ერთგვარი მანკიერი წრე შეიკრა და შედეგად, დღეს საქართველო რჩება ნაცრისფერ ველში: მისი დემოკრატიული რეფორმები გაჩერებულია, მისი ამჟამინდელი ხელისუფლება  რუსეთსა და დასავლეთს შორის მერყეობს, მისი ტერიტორია კვლავაც ოკუპირებულია, მისი უსაფრთხოების მდგომარეობა კი –  არასტაბილური.

ქვეყანას ფაქტობრივად განაგებს არარჩეული ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მმართველ „ქართულ ოცნებას“ კულისებიდან მართავს. ერთ დროს, საქართველო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას მსურველ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ლიდერად ითვლებოდა. დღეს კი ის სერიოზულად ჩამორჩება დანარჩენებს.

გასული წლის ივნისში მიღებული ისტორიული გადაწყვეტილებით, ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას წევრობის კანდიდატის ოფიციალური  სტატუსი მიანიჭა, მაგრამ საქართველოს  მხოლოდ გაცილებით დაბალი სტატუსი – „ევროპული პერსპექტივა“ შესთავაზა. ყოფილი პრეზიდენტი მიშა სააკაშვილი, რომელმაც ამდენი გააკეთა რეფორმების თავდაპირველი ეტაპის წინ წასაწევად, ახლა ციხეში დნება: უეჭველია, პუტინის გულის გასახარად, ოღონდ საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების შემდგომი გაფუჭების ფასად.

ამ ამბავს იმიტომ ვყვები, რომ ნათელი მოვფინო ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების განსხვავებულ რეაქციებსა და ინსტინქტებს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მიმართ. აშშ, ბალტიისპირეთი, სკანდინავიური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რომლებიც ზრუნავდნენ საქართველოში დემოკრატიის, მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებაზე, დღეს რუსეთისაგან უკრაინის თავდაცვის ღონისძიებების მხარდამჭერთა პირველ რიგში არიან. მათ, გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, უყოყმანოდ ჩათვალეს ეს ომი სასიცოცხლო მნიშვნელობის ბრძოლად დამოუკიდებელი ქვეყნების უფლებისთვის, განსაზღვრონ საკუთარი მომავალი; ბრძოლად დემოკრატიისთვის – ავტოკრატიის წინააღმდეგ;  და ბრძოლად საერთაშორისო სამართლის პრინციპებისთვის – მათ შორის საზღვრების ურღვევობის პრინციპისა – საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობის წინააღმდეგ.

ამის საპირისპიროდ, გერმანიისა და ევროკავშირის მრავალი სხვა ქვეყნის თავდაპირველი ინსტინქტი ის იყო, რომ ომის ეკონომიკურ შედეგებზე, ამით გამოწვეული პრობლემების ტალღაზე ეფიქრათ და – შესაბამისად – ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებაზე უფრო ედარდათ, ვიდრე დარტყმის ქვეშ მყოფი პრინციპების დაცვაზე.

როგორც პრეზიდენტი სარკოზი ჩაფრინდა მოსკოვში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დასასრულებლად, მაგრამ საქართველოსთვის  საკმაოდ დამამცირებელი პირობების, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ე.წ. “რუსი სამშვიდობოების” განთავსების, თავზე მოხვევის ფასად, ისევე ცდილობდნენ პრეზიდენტი მაკრონი და კანცლერი შოლცი პრეზიდენტ პუტინთან მოლაპარაკებას ომის შესაჩერებლად, თუნდაც იმის ფასად, რომ უკრაინა რუსეთის სასარგებლოდ კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის დაკარგვას შეგუებოდა.

დინამიკისა და მათ მიდგომის შეცვლა მხოლოდ უკრაინელი ხალხის სამაგალითო გამბედაობამ და გამძლეობამ, პრეზიდენტ ზელენსკის შთამბეჭდავმა ლიდერობამ აიძულათ. მაშინ, როცა დემოკრატიისა და დასავლეთის მიმართ საქართველოს ერთგულების შესახებ დღეს კითხვები გაისმის, უკრაინამ მსგავს კითხვებზე უკვე გასცა დამაჯერებელი პასუხი. უკრაინელი ხალხის გამბედაობამ, დანებებაზე უარმა და მათმა მტკიცე რწმენამ, რომ ეს არის ღირებულებების ომი, სადაც ისინი ყველა ჩვენთაგანის სახელით იბრძვიან, მათი პოზიციის იგნორირება შეუძლებელი გახადა. ჩვენ იძულებული შევიქმენით გვეღიარებინა, რომ უკრაინას აქვს საკუთარი „მე“ , რომ დიდი სახელმწიფოები ვერ მოახერხებენ უკრაინელების თავს ზემოთ მოსკოვთან მორიგებას, რომ უკრაინა თავად განსაზღვრავს თავის მომავალს.

დიდი როლი ითამაშა ასევე უკრაინაში რუსეთის სისასტიკის მასშტაბმა. დასავლური ალიანსი საოცრად ერთიანი დარჩა უკრაინის მხარდაჭერის საქმეში. გერმანია და საფრანგეთიც კი ახლა მნიშვნელოვნად ზრდიან სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის, ზოგიერთ ასპექტში, დიდ ბრიტანეთზე უფრო მეტადაც კი.

თუმცა, კვლავ დაისმის კითხვა, ნამდვილად კარგად თუ გვესმის ყველას, რომ თუ ჩვენ გვინდა ომის დასრულება, მაშინ უკრაინას გამარჯვებისთვის საკმარისი დახმარება უნდა გავუწიოთ. ჩვენ ასეთი გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ საქართველოდან – რუსეთის ნაწილობრივი გამარჯვება ან პუტინისთვის სახის შენარჩუნების საშუალების მიცემა მხოლოდ ახალისებს რუსეთის ამბიციებს და უფრო სავარაუდოს ხდის კონფლიქტის განახლებას. უკრაინამ უნდა შეძლოს გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვება, პუტინი კი იძულებული უნდა გახდეს, აღიაროს დამარცხება.

ამავე მიზეზით, ჩვენ არ უნდა დავამუნათოთ უკრაინა იმისთვის,  რომ მას დაჟინებით სურს მთელი თავისი ტერიტორიის დაბრუნება, მაშინ, როდესაც კიივი ხედავს, თუ როგორ შეაფერხა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციამ ამ ქვეყნის წინსვლა.

ამ ომმა ბოლო უნდა მოუღოს იმ სიყალბეს, რომ რუსეთის აგრესია საქართველოსა და უკრაინის მიმართ ნატოს მიერ ამ ქვეყნებისთვის გაწევრიანების პერსპექტივის გახსნამ გამოიწვია. საქმე პირიქითაა – რუსეთის აგრესია უბიძგებს საქართველოს და უკრაინას ნატოში გაწევრიანებისკენ. სანამ უკრაინა და საქართველო ნაცრისფერ ზონაში არიან ჩარჩენილი, რუსეთი გააგრძელებს მათი „დაბრუნების“ მცდელობას. ომის დასრულების შემდეგ, უკრაინას ქვეყნის აღსადგენად უდიდესი დახმარება და ნატოში გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეს, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოეღოს ბოლო რუსეთის იმპერიალისტურ ამბიციებს. განახლებული ყურადღება უნდა დაეთმოს საქართველოსაც.

და ბოლოს, უკრაინის ომმა ევროკავშირსა და ნატოში ბევრისთვის რთული კითხვები კი დასვა, მაგრამ დიდი ბრიტანეთისთვისაც რამდენიმე არასასიამოვნო გაკვეთილი იკვეთება. თბილისში ჩემი ყოფნის ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აშკარა გახდა, რომ მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ბორის ჯონსონი ცივად იყო განწყობილი საქართველოსა და უკრაინის მიმართ და დაინტერესებული იყო რუსეთთან დიალოგის განახლებით. მაგალითად, ბრიტანეთის მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების გაკეთებაზე ჩვენს თხოვნაზე პასუხის მიღებას გაცილებით მეტი დრო სჭირდებოდა ხოლმე. მხოლოდ წლების შემდეგ გავიგე, თუ რამდენად დაუახლოვდნენ ჯონსონი და კონსერვატიული პარტიის სხვა წევრები რუს ფიგურებს, რამდენ დაფინანსებას იღებდნენ ისინი რუსეთთან დაკავშირებული წყაროებიდან და რამდენი რუსული ფული ტრიალებდა ბრიტანეთის ეკონომიკაში. ეს ეწინააღმდეგებოდა ყველაფერს, რის გაკეთებასაც ბრიტანეთის საელჩოები რეგიონში  რუსული აგრესიის შესაჩერებლად ცდილობდნენ.

თუ გვინდა, ჩვენს გულწრფელ ქმედებებს უკრაინის მხარდასაჭერად გრძელვადიანი გავლენა ჰქონდეს, რუსეთს დიდ ბრიტანეთში ასეთი დასაყრდენის მოპოვების უფლება აღარასოდეს უნდა მივცეთ.


სტატია ინგლისურიდან თარგმნეს ანა ჯობავამ და თამარა სართანიამ. დაარედაქტირა ჯაბა დევდარიანმა.

წყარო:civil.ge

мир
ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა, რომელსაც კვლავ ურსულ ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს.

დადგენილებას ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ 370 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი 282 იყო, ხოლო 36 დეპუტატმა თავი შეიკავა.

ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში 26 ევროკომისარი იქნება. მათ შორისაა ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, რომელმაც ჟოზეფ ბორელი ჩაანაცვლა.

გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობა სლოვენიის წარმომადგენელს მართა კოსს ერგო. მან ამ პოსტზე უნგრელი ოლივერ ვარჰეი ჩაანაცვლა, რომელიც ახალ ევროკომისიაში ჯანდაცვისა და ცხოველების კეთილდღეობის საკითხებს გაუწევს კურირებას.

ევროკომისია საკუთარი მოვალეობის შესრულებას 1 დეკემბრიდან შეუდგება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати