2023 წლის 10 ივლისის შეჯამება უკრაინაში:
- ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსულ არმიაში ეფექტური სამედიცინო მომსახურების სერიოზული პრობლემაა, რაც ფრონტის ხაზზე დაჭრილების მდგომარეობას უკიდურესად რთულს ხდის. ლოჯისტიკურადაც რთული მდგომარეობაა - ექიმების, წამლებისა და სანიტარიის დეფიციტია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შესაბამისად იქ გადაყვანა დაჭრილი სამხედროების დიდ შეღავათს არ აძლევთ მათ.
- თურქეთსა და რუსეთს შორის მიღწეული მარცვლეულის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც უკრაინული ხორბალი და ქერი ზღვაზე შეუფერხებლად უნდა გადაადგილდეს 17 ივლისს იწურება. პრეზიდენტ ერდოღანს მისი გაგრძელება სურს, კრემლი კი ფეხს ითრევს. ამ ფონზე ერდოღანსა და ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მოგვიანებით კი პუტინისა და ერდოღანის მოლაპარაკებები იგეგმება. რეალურად, თუკი რუსეთმა უარი განაცხადა შეთანხმების გაგრძელებაზე რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბება და შესაძლოა თურქეთმა მისი დეფქტო აღსრულება სხვა ღონისძიებებით სცადოს.
- საინტერესო პროცესები ვითარდება თურქეთის ირგვლივ. ერდოღანი შვედეთის ნატოში გაწევრიანებისათვის თურქეთის ევროკავშირში წევრობას ითხოვს. აქ სხვა რამ არის საინტერესო. ერდოღანიც კი, რომელიც ათწლეულის განმავლობაში აქტიურად აწარმოებდა აღმოსავლურ პოლიტიკას, საბოლოოდ მაინც ევროპაში ინტეგრაციისაკენ გადაიხარა, რადგან თურქეთის სოციო-ეკონომიკური განვითარებისათვის ევროპული გზა თითქმის უალტერნატივოა. ცხადია, მაღალი ალბათობით, ერდოღანი ვერ დაარწმუნებს ბრიუსელს ევროკავშირის წევრობაზე (თურქეთს კანდიდატის სტატუსი დიდი ხანია აქვს) და სხვა დათმობებს დასჯერდება (რომლებიც უკვე მიიღო), მაგრამ კურსის განსაზღვრა კი ნამდვილად მნიშვნელოვანია. ამ ფონზე კი მალე შვედეთი ნატოში შევა.
- კრემლის პრესსპიკერი პესკოვი ადასტურებს რომ სამხედრო ამბოხის შემდეგ პრიგოჟინსა და პუტინს შორის შეხვედრა მოსკოვში მართლაც შედგა, სადაც სხვა "ვაგნერელებიც" ესწრებოდნენ. საკმაოდ სუსტად გამოიყურება ლიდერი, რომელიც დილით მის წინააღმდეგ ამბოხებულ ტერორისტული ორგანიზაციის, მოღალატედ გამოცხადებულ ლიდერებს კრემლში ხვდება.
- კრასნოდარში წყალქვეშა გემის თადარიგის კაპიტანი და ადგილობრივი სამობილიზაციო ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჩაცხრილეს.
- ამერიკელი ბრიგადის გენერალი მარკ კიმიტი განმარტავს თუ რამდენად რთულია რუსული თავდაცვის ხაზის გარღვევა უკრაინელთათვის და აღწერს თითოეულ საფეხურს:
1. თავდაპირველად უკრაინელ სამხედროებს უწევთ სატანკო თხრილების გავლა. გარემო დანაღმულია.
2. ამის შემდეგ იწყება მავთულხლართები, რომელთა გადალახვას დრო უნდა. ამ პერიოდში მოწინააღმდეგე ისვრის. გარემო აქაც დანაღმულია.
3. შემდეგ იწყება სასანგრე პოზიციები, რომელთა აღებასაც დიდი დრო უნდა და საკმაოდ რთული შესასრულებელია, რაშიც ქვეითთა როლი კრიტიკულია.
4. შემდეგ იწყება მასიური დანაღმული მდელო, რომლის გავლა ქვეითთათვისაც ძალიან რთულია და ტექნიკისათვისაც. მის გაწმენდას დრო სჭირდება.
5. ამის მერე იწყება ე.წ. "დრაკონის კბილები", რაც ბეტონის სამკუთხედ ფორტიფიკაციადაა გაშლილი სიგანეზე, რამდენიმე მწკრივად. მათი გავლა ტექნიკისათვის ადვილი არ არის და გაწმენდა დროს საჭიროებს. ამ დროს მოწინააღმდეგის არტილერია აქტიურად მუშაობს, ქვეითები კი ისვრიან.
6. ბოლოს კი ბეტონის დიდი ფორტიფიცირებული შენობები და ბუნკერებია, რომელშიც სამხედროები სხედან და კოორდინირებულად ისვრიან.
ბრიგადის გენერალი აცხადებს, რომ არ არსებობს გადაულახავი წინააღმდეგობა, მაგრამ მას საკმაოდ დიდი ძალისხმევა სჭირდება. ნაღმების წინააღმდეგ კი კასეტური იარაღი ძალიან ეფექტური იქნება. სწორედ ამიტომ გახდა მისი მიწოდება ასეოდენ მნიშვნელოვანი.
- ზაპორიჟიას ოლქში, რობოტინეს შემოგარენში ძალიან მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს. უკრაინელები ნელა, მაგრამ მიიწევენ წინ.