USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
ომბუდსმენი - ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებზე თავდასხმის ფაქტებში იკვეთება პოლიტიკური, საქმიანობისა და მოსაზრების ნიშნით ადამიანთა დევნის ნიშნები
дата:  656

სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, უმოკლეს ვადებში, მოახდინოს ყველა სავარაუდო დამნაშავის პასუხისმგებლობის გამოკვეთა და შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება, როგორც კანონდამრღვევი პოლიციელების, ისე მოძალადე ფიზიკური პირებისა თუ ჯგუფების, და მათი ორგანიზატორების ან/და წამქეზებლების იდენტიფიცირების მიზნით.

ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„სახალხო დამცველი საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენს აქციებზე დაკავებული პირების მონახულების შედეგების შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, მათ მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის მონაცემების შესახებ. ამჯერად, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ დამატებითი ინფორმაცია ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების, პარტიების წევრების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, მედიასაშუალებებისა და აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების ფაქტებზე გატარებული ღონისძიებების შესახებ, რაზეც მედიით საჯაროდ გახდა ცნობილი. სახალხო დამცველის აპარატმა არაერთ მსგავს ფაქტზე მოახდინა რეაგირება და მიმართა შესაბამის საგამოძიებო უწყებებს - სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს. კერძოდ, სახალხო დამცველის აპარატმა საგამოძიებო უწყებებს, დროული და ეფექტიანი რეაგირების განხორციელების მიზნით, მიმართა ლევან ხაბეიშვილის, სოფო ჯაფარიძის, ალეკო ელისაშვილის, გია ჯაფარიძის, გიორგი მუმლაძის, ბორის ჩელე ყურუას, ნოდარ ჩაჩანიძის, დიმიტრი ჩიქოვანის, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძის, დიჯეი გიორგი შენგელიას, სამოქალაქო აქტივისტის ანა სუბელიანის მამის, აშშ-სა და საქართველოს მოქალაქე თეოდორ ჯონასის, პედაგოგ ლადო აფხაზავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე; ასევე, ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელავასა და ამავე მედიის ჟურნალისტების, ონლაინ გამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტ გიორგი ბადრიძის, გამოცემა „აპრილის“ ჟურნალისტ გიორგი ბასხაჯაულის, ტელეკომპანია „ტვ პირველთან“ შესაძლო ჩასაფრებისა და ამავე ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფის საქმიანობის ხელშეშლაზე, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) აღმასრულებელ დირექტორ გიორგი კლდიაშვილსა და „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტებზე; ასევე, 13 მაისსა და წინა დღეებში მომხდარ/საჯაროდ გავრცელებულ არაერთ ვიდეომასალაში აღბეჭდილ ძალადობრივ ქმედებებზე, მათ შორის, ლეონიძის ქუჩაზე მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის, გმირთა მოედანზე ახალგაზრდების ჯგუფზე მომხდარი თავდასხმის შემთხვევებზე. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებზე თავდასხმის ფაქტებში იკვეთება პოლიტიკური, საქმიანობისა და მოსაზრების ნიშნით ადამიანთა დევნის ნიშნები, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებულ ადამიანთა ინდივიდუალურ უფლებებს, ისე დემოკრატიული საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითად პრინციპებს. სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, უმოკლეს ვადებში, მოახდინოს ყველა სავარაუდო დამნაშავის პასუხისმგებლობის გამოკვეთა და შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება, როგორც კანონდამრღვევი პოლიციელების, ისე მოძალადე ფიზიკური პირებისა თუ ჯგუფების, და მათი ორგანიზატორების ან/და წამქეზებლების იდენტიფიცირების მიზნით. აქვე, სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს, რომ საგამოძიებო უწყებებმა ყურადღების მიღმა არ დატოვონ ხსენებული არასათანადო ქმედებების მოტივი, რომელიც უკავშირდება მათი განსხვავებული შეხედულებების, პროფესიული საქმიანობისა თუ პოლიტიკური პოზიციების გამო დევნას“,- ნათქვამია განცხადებაში.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати