USD 2.6970
EUR 3.1803
RUB 3.4395
თბილისი
«Politico»: „ვინ მართავს საქართველოს?“
თარიღი:  

ამერიკული გაზეთის Politico-ს ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბელგიაში) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვინ მართავს საქართველოს“ (ავტორი - არშან ბარზანი).

გთავაზობთ ვრცელი პუბლიკაციის შემოკლებულ შინაარსს:

„საქართველოში შეუძლებელია სადმე გახვიდე და უკრაინის დროშები არ დაინახო. ლურჯ-ყვითელი ფერები ჭარბობს სოციალურ ქსელებში, ელექტრონულ წერილებში, სასტუმროების ანგარიშებში, რესტორნებში - ყველგან, ქალაქად თუ სოფლად. ხშირად საკმაოდ უხეში წარწერები შენობათა კედლებზე დასასვენებლად საქართველოში ჩამოსულ რუსებს ჩემოდნების ჩასალაგებლად და გუდა-ნაბადის აკვრისაკენ მოუწოდებენ. რესტორნების კარზე გამოკრული განცხადება ვლადიმერ პუტინის მომხრეებს აფრთხიელებს, რომ ისინი შიგნით არ დაიშვებიან, „ყველა მაგიდა დაკავებულია“.

რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპირება 2008 წლის ხუთდღიანი ომის შედეგად განახორციელა - აფხაზეთისა და ‘სამხრეთ ოსეთის“ რეგიონები დღემდე დაკავებული აქვს. რუსეთის სამხედრო ბაზები თბილისთან ახლოს არიან განლაგებულნი.

2008 წლის ომი რუსეთის რევანშისტული ტრილოგიის პირველი ნაწილი იყო, რომელსაც უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია მოჰყვა (2014 წელს), ხოლო დღეს უკვე მესამე ნაწილის - უკრაინასთან ომის მოწმენი ვართ. რუსეთის არმია ყოველთვის იჭრებოდა მეზობლის ტერიტორიებზე, თითქოსდა იქ მცხოვრები რუსული ეთნიკური მოსახლეობის (რუსეთის მოქალაქეების) უფლებების დასაცავად, მაგრამ სინამდვილეში კრემლის მოქმედება მიმართული იყო დასავლური ამბიციების მქონე სახელმწიფოთა დასასჯელად.

ამიტომაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ათიდან ცხრა ქართველი მხარს უჭერს უკრაინას და რუსეთს მთავარ საფრთხედ მიიჩნევს. გამოცანა ისაა, თუ რატომ არ თვლის რუსეთს საფრთხედ ქვეყნის მთავრობა. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ უარს აცხადებს ანტირუსული სანქციების შემოღებასა და უკრაინისათვის იარაღის გადაცემაზე. ხელისუფლება უკრძალავს საქართველოს მოქალაქეებს უკრაინაში საბრძოლველად წასვლას და იქ მოქმედ „ქართულ ეროვნულ ლეგიონში“ სამსახურს, ნებას არ აძლევს ვლადიმერ პუტინის გამკრიტიკებელ ადამიანებს ქვეყნის ტერიტორიაზე დაბრუნებისათვის. გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიიდან ტრანზიტით, სამხედრო გზის გავლით, რუსეთში უამრავი ისეთი პროდუქცია შედის, რომლებზეც დასავლეთის მიერ სანქციებია დაწესებული.

მართალია, მთავრობის ჩინოვნიკები ყველას არწმუნებენ, რომ დასავლურ სანქციებს იცავენ, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატები მათი ნათქვამის სიწორეში დარწმუნებული არ არის. კაცმა რომ თქვას, საქართველოს საზღვრებიც არ არის მაინცდამაინც კარგად დაცული: 2021 წელს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში არაჟნით დატვირთული საბარგო ავტომანქანით (კონტეინერით) ფარულად დაბრუნება მოახერხა, თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ მაინც დააკავეს და ახლა პატიმრის სტატუსით კლინიკაში წევს. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ იგი მოწამლა და მძიმე მდგომარეობაშია.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების თქმით, ისეთი სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, როგორც ამას საქართველო გამოხატავს, საღი აზრითაა ნაკარნახევი: საქართველო პატარა სახელმწიფოა, რომელმაც დამოუკიდებლობა მხოლოდ 32 წლის წინ აღიდგინა და „არ აქვს ისეთი კბილები, რომ რუსულ დათვს უკბინოს“ - რუსეთს, რომელიც მას ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან (შავი ზღვის აკვატორიაში) ესაზღვრება, სამხრეთით კი, მეზობელ სომხეთში, რუსული სამხედრო ბაზები არიან განლაგებულნი.

მმართველი პარტია ამაყობს იმით, რომ მისი მმართველობის პერიოდი ერთადერთი ათწლეულია, რომ რომელიც ქვეყნის ისტორიაში მშვიდობიანი იყო - მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდისაგან განსხვავებით, რომლის დროსაც, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომი მოხდა (ევროკავშირის დასკვნით, ომი საქართველომ დაიწყო).

ამ ფონზე „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წევრი თვლის, რომ უკრაინასთან ომში რუსეთი გაიმარჯვებს: „უკრაინა დღეს ტოტალიტარულ სახელმწიფოდ გადაქცევის გზაზე დგას’, - მითხრა საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. მან მიუთითა ქვეყნის ეკონომიკის კატასტროფულ მდგომარეობასა და ბრძოლის ველზე უამრავ  დანაკარგზე: „ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყნის სახით მხოლოდ 30 წელია ვარსებობთ, რუსეთი კი ასობით წლის განმავლობაში. ის აქ კიდევ დიდი ხანი იქნება“.

ლოგიკა ასეთია: თუ რუსეთი უკრაინაში ომს წააგებს, კრემლი, იმიჯის შესანარჩუნებლად, უკან არ დაიხევს პატარა და სუსტი საქართველოს დასაპყრობად, რომელიც ნატოს წევრი არ არის. მაგრამ თუ „ქართული ოცნების“ არგუმენტაციას ჩავუღრმავდებით, მასში არასწორ და მცდარ მსჯელობას შევამჩნევთ.

ანალიტიკოს შოთა უტიაშვილის თქმით, რუსეთისადმი შიში შეიძლება ომის დასაწყისში იყო გამართლებული, მაგრამ ახლა არა, როცა რუსეთი უკვე უკრაინის ავანტიურაში ღრმად არის ჩაფლული. მოსკოვმა, ბახმუტთან ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგების გამო, თავისი სამხედრო ბაზებიდან - აფხაზეთიდან და „სამხრეთ ოსეთიდან“ - ორი ათასამდე ჯარისკაცი უკრაინაში წაიყვანა და შესაბამისად, კრემლს იმის შესაძლებლობა არ აქვს საქართველოსთან მეორე ფრონტი გახსნას.

სხვა ფრონტისპირსა ქვეყნებმა ისარგებლეს რუსეთის დასუსტებული მდგომარეობით და თავიანთი დამოუკიდებლობის განმტკიცება შეძლეს - მაგალითად, მოლდოვამ, რომელსაც კრემლი ასევე აშანტაჟებს, აშინებს და ემუქრება, უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა, ყველა დასავლურ სანქციას იცავს, რისთვისაც ევროკავშირმა მას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ფინეთმა თავისი ნეიტრალიტეტი ნატოს წევრობაზე გაცვალა. სომხეთმაც კი, რომელიც რუსეთთან ერთად პოსტსაბჭოური სამხედრო ბლოკის [„ოდკბ“-ის] წევრს წარმოადგენს, გააუქმა რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფებთან დაგეგმილი სამხედრო წრთვნები და მის ნაცვლად ქვეყანაში ევროპული მონიტორინგის მისია მიიწვია.

იბადება კითხვა - რატომ ატარებს საქართველოს ხელისუფლება არაპოპულარულ პოლიტიკას? ნუთუ „ქართული ოცნება“ ასე აპირებს რუსული საფრთხის განეიტრალებას?

ბევრ ქართველს მიაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანას კი არ ემსახურება, არამედ თავის მბრძანებელს - მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც, სამამ „ქართულ ოცნებას“ შექმნიდა და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, სიმდიდრე რუსეთში დააგროვა.

2021 წელს ბიძინა ივანიშვილი თითქოსდა პოლიტიკური არენიდან წავიდა და მთელი საქმიანობა მრავალმილიონიან დენდროლოგიური პარკის გაშენებას მიუძღვნა, მაგრამ „ქართული ოცნების“ ინსაიდერები აღიარებენ, რომ მილიარდერი მმართველ პარტიას მაინც უხილავი ძაფებით მართავს - მისი ბევრი ყოფილი თანამშრომელი ამჟამად პარლამენტში სხედან.

თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მან მთელი თავისი რუსული აქტივები უკვე გაყიდა, მაგრამ Transparency International-ის მონაცემებით, იგი ჯერ კიდევ ფლობს ათამდე კომპანიას: „თუ თქვენ რუსეთიდან მილიარდი დოლარით ჩამოხვედით, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ისევ რუსებს მიეკუთვნებით“, - მითხრა ერთმა ცნობილმა ქართველმა ბიზნესმენმა.

რასაკვირველია, „შეთქმულებების თეორიები“ იმ პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც ვითომდა კრემლს ანგარიშებს აბარებენ, უკვე საკმაოდ მოძველდა, მაგრამ „რუსულ ახლო საზღვარგარეთში“, სადაც კრემლის გავლენა შესამჩნევია, მსგავსი ბრალდება რაღაცას ნიშნავს.

გასულ თვეში „ქართულმა ოცნებამ“ თავის პრორუსული პოლიტიკა ისე გააღრმავა, რომ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღება მოისურვა. სხვათა შორის, ანალოგიური კანონი მოქმედებს რუსეთშიც, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ არის მიმართული.

თბილისის ქუჩებში ათეულობით ათასი მოქალაქე გამოვიდა და ხელისუფლების განზრახვა გააპროტესტა. მიტინგის მონაწილეებს ხელში ევროკავშირისა და საქართველოს დროშები ეჭირათ და ცეკვავდნენ. ეს ხდებოდა [პოლიციის] სირენების ხმის ფონზე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ასეთ კანონს არ დაემორჩილებოდნენ. საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა ისე მოქცეულიყო, როგორც ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოქცეული ხელისუფლება აკეთებს - ჯერ ჯიუტობს, შემდეგ კი დათმობაზე მიდის.

შესაძლოა, ამაში მართლაც ვლადიმერ პუტინის ხელი იყო გარეული - ცნობილია, რომ აფხაზეთის პრორუსულმა მარიონეტულმა [საოკუპაციო] ხელისუფლებამ, სერბეთმა და ყირგიზეთმაც მსგავსი კანონები მიიღეს. ან შესაძლოა „ქართულმა ოცნებამ“ ჩათვალა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს უკვე კანონპროექტის გარეშეც მიაწებებენ „უცხოური აგენტის“ იარლიყებს... ან იქნება მართლაც მიხვდნენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მსგავსი კანონი ხელს შეუშლის ქართველი ხალხის ოცნების განხორციელებას - ევროკავშირში მიღებას. ალბათ, სწორედ ეს აზრი იყო ჩადებული იმ პარტიის ნაბიჯში, რომელიც ღიად ვერ ბედავს დასავლური გზიდან გადახევევას.

წყარო: https://www.politico.eu/article/who-is-running-georgia-tbilisi-ukraine-russia-war-vladimir-putin-sanctions-georgian-dream/

 

თბილისი
კახა კალაძის განცხადებები 24 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება, მთავარი პრიორიტეტები კი კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი - გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.

„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინასთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება, 2026 წლის 14 იანვრიდან კი მოქალაქეების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს.

„ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ვხვდებით მათ. ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ოთხი სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

მისი თქმით, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა, მანამდე კი, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს და სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერი.

„სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ძაღლების გასასეირნებელი ზონა, ხოლო ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ავეჯი. მარტიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო შადრევანიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას - მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამჟამად განხორციელებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეკრეაციული ზონების ერთმანეთთან ინტეგრაციას და ერთიანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც თითქმის 3 ჰექტარს მოიცავს.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.

კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესსუბიექტების დასაფინანსებლად მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

„გამოცხადებული გვქონდა განაცხადების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე. შესაბამისმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამარჯვებულად გამოავლინა 46 ბიზნესსუბიექტი. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, 523 000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის