USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
Tbilisi
«Politico»: „მაკრონმა ვერ შეძლო სი ძინპინის პოზიციის შეცვლა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით“
Date:  624

ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბელგიაში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „მაკრონმა ვერ შეძლო სი ძინპინის პოზიციის შეცვლა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით“ (ავტორები - კლეა კოლკატი, ჯამილ ანდერლაინი და სტიუარტ ლაუ).

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებით:

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარეს სი ძინპინს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკების დროს არავითარი ნიშნები არ გამოუხატავს თავისი პოზიციის ცვლილებებზე რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ.

ფრანგი კოლეგის ვიზიტის მეორე დღეს ჩინელმა მასპინძელმა კვლავ გაიმეორა თავისი ადრინდელი პოზიცია უკრაინაში რუსეთის შეჭრის ტაობაზე და განაცხადა, რომ „ყველა მხარეს აქვს გონივრული შიში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, მაგრამ არავითარი მინიშნება არ გამოუხატავს იმაზე, რომ იგი თავის გავლენას კონფლიქტის შეწყვეტის მიზნით გამოიყენებს.

„ჩინეთი მზადაა საფრანგეთთან ერთად მიმართოს საერთაშორისო საზოგადოებას მოწოდებით, მშვიდად და რაციონალურად შეხედონ მიმდინარე მოვლენებს“, - აი, ასე თქვა ჩინეთის ლიდერმა პეკინის დიდ სახალხო დარბაზში გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე. „რა თქმა უნდა, სამშვიდობო მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე უნდა გაიმართოს. მხარეებმა მხედველობაში უნდა მიიღონ მსოფლიოს შეშფოთება უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აგრეთვე გაეროს წესდების მოთხოვნები...“, - დაამატა მან.

მოლაპარაკების საქმის კურსში მყოფი ერთ-ერთი ფრანგი დიპლომატის თქმით, ემანუელ მაკრონმა სი ძინპინთან შეხვედრის დროს განაცხადა დასავლეთის შეშფოთების თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი რუსეთს იარაღს მიაწვდის, თუმცა ფრანგმა ლიდერმა ამ საკითხში ბევრს ვერაფერს მიაღწია. „ემანუელ მაკრონის მოწოდების პასუხად, რომ ჩინეთმა რუსეთს იარაღის არ მიაწოდოს, სი ძინპინმა მხოლოდ ის თქვა, რომ ეს ომი ჩინეთის ომი არ არის“.

დიპლომატმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, აღნიშნა, რომ ლიდერების დახურული შეხვედრა, რომელიც საათნახევვარს გაგრძელდა, „გულღია და კონსტრუქციული იყო“.

პირისპირ მოლაპარაკების შემდეგ ოფიციალურმა პირებმა და ბიზნნესმენებმა ხელი მოაწერეს რიგ შეთანხმებებს, მათ შორის Airbus-ის 150 სამგზავრო თვითმფრინავის მიწოდებას ჩინეთისათვის (36 მილიარდი დოლარის ოდენობით). კონტრაქტზე ხელმოწერის წინ ყველა ჩინელმა მინისტრი და საქმიანი წრეების წარმომადგენლები სი ძინპინს თავდახრით მიესალმნენ და თაყვანი სცეს.

შემდეგ ემანუელ მაკრონი და სი ძინპინი პრეს-კონფერენციაზე ერთობლივი განცხადებით გამოვიდნენ, თუმცა პრესის წარმომადგენლებთან შეხვედრას „კომუნისტური ელფერი ჰქონდა“, ანუ კითხვების დასმა არ იყო დაშვებული.

საფრანგეთისა და ჩინეთის მეთაურების მოქმედების განსხვავებული და კონსტრასტული სტილი თავიდანვე აშკარად შესამჩნევი იყო: სი ძინპინმა თავისი კარგად მომზადებული გამოსვლა მოკლედ და მშრალად წარმოთქვა და ფაქტიურად მხოლოდ წინ იყურებოდა, შემდეგ კი სიტყვა ფრანგ სტუმარს მისცა. ემანუელ მაკრონმა მასპინძელზე ორჯერ მეტი ილაპარაკა, რაც გარკვეულწილად დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევას, ერთგვარ წინდაუხედაობას ნიშნავდა. რა თქმა უნდა, ჩინელი ლიდერის გარემოცვამ ეს ფაქტი შენიშნა. თვითონ სი ძინპინმაც, როცა მაკრონი თავის სიტყვას არა და არ ამთავრებდა, მოუთმენლობა და გაღიზიანება გამოამჟღავნა. გარდა ამისა, როცა ემანუელ მაკრონმა უკრაინაზე, მშვიდობის დამყარების ერთობლივ ძალისხმევაზე და პასუხისმგებლობაზე ლაპარაკი დაიწყო და უშუალოდ პირადად სი ძინპინს შეხედა, ჩინეთის ლიდერმა რამდენჯერმე ღრმად ამოიოხრა და ისე ჩანდა, რომ მან თავი უხერხულად იგრძნო.

ემანუელ მაკრონმა სი ძინპინს რუსეთის აგრესიის დაგმობისაკენ მოუწოდა. „გაეროს წესდება თვით უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა დაარღვია. ჩვენ ამას არ უნდა შევეგუოთ“, - თქვა ფრანგმა ლიდერმა, თუმცა სი ძინპინს ამაზე არაფერი უთქვამს.

შესაძლოა ფრანგებმა ერთგვარ დათმობად და კომპრომისულდ შეაფასონ ის ფაქტი, რომ სი ძინპინმა თავის გამოსვლაში ომის მსხვერპლთა დაცვაზე - ქალებზე და ბავშვებზე გაამახვილა ყურადღება: თანაც ეს ხდება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დადგენილებას ორდერის გამოწერის შემდეგ, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების მიზნით. მაგრამ სი ძინპინს ამ ფრაზის თქმისას რუსეთი არ უხსენებია.

ერთობლივი განცხადების კიდევ ერთი მომენტი, რომელიც, ალბათ, აშშ-ის ოფიციალური პირების გაღიზიანებას გამოიწვევს, ისაა, რომ სი ძინპინმა ხაზი გაუსვა ჩინეთ-საფრანგეთის კავშირების გაღრმავებას საკანონმდებლო და სამხედრო სფეროებში. მან გაიმეორა ის რეფრენი, რომელსაც, ჩვეულებრივ, ამერიკის კრიტიკის დროს ამბობს ხოლმე: „ჩინეთმა და საფრაგეთმა უნდა გააგრძელონ ბრძოლა ცივი ომის მენტალიტეტისა და ბლოკური კონფრონტაციის წინააღმდეგ. პარიზმა და პეკინმა ძალისხმევა უნდა მიმართონ ყველა ტიპის გლობალური პრობლემის გადასაწყვეტად“.

სი ძინპინმა მოლაპარაკება გამართა აგრეთვე ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთანაც, რომელიც ემანუელ მაკრონმა ჩინეთში წაიყვანა ევროპული ერთიანობის დემონსტრაციის მიზნით. მას, რა თქმა უნდა, საფრანგეთ-ჩინეთის ორმხრივ შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჩინელ ლიდერთან შეხვედრის შემდეგ პრეს-კონფერენცია გამართა და პეკინს მოუწოდა, რომ რუსეთს იარაღი არ მისცეს: „რუსეთისათვის იარაღის მიწოდება ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობას ზიანს მიაყენებს“. იგი შეეხო აგრეთვე ტაივანის პრობლემას: „არავის არ აქვს უფლება ცალმხრივად და ძალის გამოყენებით შეცვალოს სტატუს-ქვო ამ რეგიონში“, - მიანიშნა მან კუნძულის თვითმმართველობის ავტონომიურ სტატუსზე. რაც შეეხება უკრაინას, ევროკავშირის ლიდერმა განაცხადა, რომ ჩინეთს შეუძლია ომთან მიმართებით მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი როლი შეასრულოს. „ჩვენ ველოდებით პეკინის ნაბიჯებს მშვიდობის დასამყარებლად, რომელიც მხარს უჭერს და პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“.

ფრანგმა დეპუტატმა ენ ჟენეტეტმა, რომელიც ჩინელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებაში მონაწილეობდა, აღიარა, რომ ჩინეთის პოზიციაში უკრაიინის მიმართ არაფერი შეცვლილა: „სიურპრიზები არ მომხდარა“, - თქვა მან, თუმცა დაამატა, რომ აზრტა ურთიერთგაზიარება ყოველთვის სასარგებლოა. ასევე მისასალმებელია ფრანგი და ჩინელი ლიდერების პირადული დაახლოებაც.

პარასკევს სტუმარ-მასპინძლები ჩინეთის ქალაქ გუანჯოში გაემგზავრებიან, სადაც მხარეები დამატებით მოლაპარაკებას და გამოსამშვიდობებელ ვახშამს გამართავენ.

წყარო: https://www.politico.eu/article/emmanuel-macron-xi-jinping-china-russia-war-ukraine/

 

society
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way