USD 2.6080
EUR 2.9721
RUB 3.0937
თბილისი
«Politico» (აშშ//ბელგია): „ურსულა ფონ დერ ლაიენის მუდმივი სახელისუფლებო თამაშები ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებს აღიზიანებს“
თარიღი:  1080

„ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს, მათ შორის ევროკომისიის მეთაურის ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელისუფლებასაც“, - წერს ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბრიუსელში, ბელგია) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ურსულა ფონ დერ ლაიენის მუდმივი სახელისუფლებო თამაშები ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებს აღიზიანებს“ (ავტორები - ბარბარა მუნსი და ჯაკობო ბარიგაცი). „ზოგიერთი ევროპელი ლიდერი აღშფოთებულია ურსულა ფონ დერ ლაიენის თვითნებური მოქმედებით და სურთ, რომ მას „ერთი ადგილი“ მიუჩინონ“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ევროკავშირის მაღალჩინოსან დიპლომატებს შორის გაღიზიანება შეინიშნება ურსულა ფონ დელ ლაიენის ავტორიტარული ნაბიჯების გამო. კერძოდ, ამას წინათ მან ხელი მოაწერა ეპოქალურ სავაჭრო შეთანხმებას ევროკავშირსა და ლათინურამერიკულ ბლოკ „მერკოსურს“ (Mercosur) შორის და ეს გააკეთა ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოს - საფრანგეთის მიერ გამოხატული უკმაყოფილების მიუხედავად.

ურსულა ემანუელის წინააღმდეგ

„ურსულა ფონ დელ ლაიენი თავის მანდატს - ევროკომისიის პრეზიდენტის  უფლებამოსილებას - თვითნებურად აფართოებს და უფრო მეტი ხელისუფლებით სარგებლობს, ვიდრე მისი წინამორბედები. ამის მაგალითია სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება სამხრეთამერიკული სახელმწიფოების ეკონომიკურ ბლოკთან - „მერკოსურთან“, - ამბობს ერთ-ერთი დიპლომატი, ანონიმურობის პირობების დაცვით. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც ამ გარიგების წინააღმდეგ გამოდის (ხელშეკრულება ფრანგი ფერმერების გაკოტრებას გამოიწვევს), ამჟამად ზღვისიქითა ტერიტორიაზე - მაიოტაზე - იმყოფება (აფრიკის აღმოსავლეთით), რომელსაც კატასტროფული ციკლონმა დიდი ზიანი მიაყენა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი პირველად არ მოქმედებს ევროკავშირის ორი საკვანძო ქვეყნის - საფრანგეთისა და გერმანიის წინააღმდეგ (მიუხედავად იმისა, რომ იგი თვითონ გერმანიის მოქალაქეა და მთავრობაში ოჯახის საქმეებისა და თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა). მიმდინარე წელს მან ბაჟი გაზარდა ევროპაში ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე, რომლის გამოც ბერლინმა უკმაყოფილება გამოხატა. 

ევროპის კომიის თავმჯდომარის პოსტზე თავისი პირველი ხუთწლიანი ვადის დროს ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისეთი ადამიანის რეპუტაცია შეიძინა, რომელსაც თვითნებური და ცალმხრივი გადაწყვეტილებების მიღება ახასიათებს. იგი არცთუ იშვიათად არღვევდა თავის თანამდებობრივ ფუნქციებს და თვითნებურად დგამდა ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც მის უფლებამოსილებას აღემატებოდა. მან რიგ კომისრებს ფუქციები შეუკვეცა და თვითონ დაიმატა. „ურსულა ფონ დერ ლაიენი ყოველთვის თავისი პოზიციით მოქმედებს და სხვებს ყურადღებას არ აქცევს“, - ამბობს ერთ-ერთი ევროპელი ჩინოვნიკი.

არაფერი ეროვნული, მხოლოდ საერთოევროპული

ურსულას მომხრეები ბრიუსელში, ევროპის მემარჯვენე ცენტრისტული სახალხო პარტიის ლიდერის  ჩათვლით ევროპარლამენტში, ამტკიცებენ, რომ კონტინენტის ნამდვილი ხელმძღვანელი სწორედ ისე უნდა მოქმედებდეს, როგორც ფონ დერ ლაიენი აკეთებს - უპირატესობა მისცეს საერთოევროპულ ინტერესებს, ეროვნულთან შედარებით.

„ევროპის კომისია არამარტო პასუხისმგებელია ყველაფერზე, მათ შორის ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკაზე, არამედ ნამდვილი ლიდერობაც უნდა გამოამჟღავნოს“, - აცხადებს სახალხო პარტიის ხელმძღვანელი მანფრედ ვებერი, - ამიტომ მე პირადად მივესალმები  და ყველანაირად ხელს შევუწყობ ურსულა ფონ დერ ლაიენს თავის მტკიცე პოზიციების გამო“.

მაგრამ სხვა თანამდებობის პირები აღშფოთებულნი არიან - არამარტო „მერკოსურთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით, არამედ საერთოდ ფონ დერ ლაიენის მიდგომების გამო.

„მან აღარ უნდა გააგრძელოს კიდევ ხუთი წელი პრინციპით „ნაბიჯი მარჯვნივ, ნაბიჯი მარცხნივ და კიდევ ერთი ნაბიჯი კონკრეტული ქვეყნისაკენ“, - აღნიშნავს ევროპარლამენტის ფრანგი დეპუტატი ქრისტოფ გრიუდლე, - „იგი კონსენსუსისაკენ უნდა ისწრაფვოდეს  და პირდაპირი დავები კი არ უნდა გამოიწვიოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, არამედ ისინი თავის პოზიციასა და სიმართლეში უნდა დაარწმუნოს“.

ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებისათვის ურსულა ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგ მიმართული კრიტიკა საკმაოდ უხერხულია, თუმცა ისინიც თანხმდებიან იმაში, რომ უფლებამოსილების განხორციელების დროს „წითელი ხაზები“ არ უნდა გადაიკვეთოს. ასეთი გამონათქვამები სულ უფრო ხშირად გაისმის.

ურსულას თვითნებობა: როდემდე?

ევროსაბჭოს პრეზიდენტთან ანტონიუ კოშტასთან სეხვედრის დროს ზოგიერთი ქვეყნის ხელმძღვანელმა სთხოვეს მას, რომ გადახედოს ევროკომისიასა და ევროსაბჭოს  შორის ძალთა თანაფარდობის საკითხს.

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ანტონიუ კოშტას წინამორბედთან - შარლ მიშელთან, თუმცა როგორც მაღალჩინოსანი ევროპელი დიპლომატები იმედოვნებენ, თანამშრომლობა ურსულასა და ანტონიუს  შორის უფრო ზომიერი და რბილი იქნება. თავის დროზე, როცა ანტონიუ კოშტა ჯერ კიდევ პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი იყო, თვითონ ურსულა ფონ დერ ლაიენმა უწინასწარმეტყველა მას ევროსაბჭოს პრეზიდენტის (თავმჯდომარის) პოსტი, თუმცა ახლახან ურსულას გამგზავრებამ თურქეთში, ანტონიუს გარეშე, საკმაო გაკვირვება გამოიწვია (როგორც ყოველთვის, ორივე თანამდებობის პირი ერთად მიემგზავრებიან ვიზიტით).

„ევროსაბჭოს ხელმძღვანელობაში უწესრიგობა შეინიშნება. ურსულა ფონ დერ ლაიენი ყველგან „ეტენება“. იგი მზადაა ყველანაირ ავანტიურაზე წავიდეს, მაგრამ ასეთი მოქმედება სარისკოა. მან კარგად იცის, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს საფრანგეთს „მერკოსურთან“ დადებული ხელშეკრულების მიმართ, მაგრამ მან მაინც თავისი გაიტანა. ფაქტიურად, ურსულა ფონ დელ ლაიენმა ემანუელ მაკრონი დაამცირა“, - ამბობს ერთ-ერთი ანონიმი ჩინოვნიკი.

ევროპის კომისიის პრეზიდენტს წინ დიდი სამუშაო ელოდება - იგი უნდა შეუთანხმდეს ევროკავშირის წევრ 27 სახელმწიფოს შვიდწლიანი ბიუჯეტის (ჩარჩო-გეგმის) თაობაზე, რაც გართულებულია იმით, რომ ბრიუსელი გამალებული ეძებს ფინანსებს როგორც თავდაცვისთვის, ასევე „მწვანე“ ეკონომიკაზე გადასვლისთვის. „ურსულა ფონ დერ ლაიენს აუცილებლად მოუწევს ამ შეთანხმების გაფორმება, საკუთარი პოლიტიკური მემკვიდრეობის განსამტკიცებლად, მაგრამ საკვანძო ქვეყნების მხარდაჭერის გარეშე არაფერი გამოუვა. შესაბამისად, იგი იძულებული გახდება მათი ინტერესები გაითვალისწინოს“, - ამბობს ანონიმი ევროპელი ჩინოვნიკი.

წყარო:  https://www.politico.eu/article/ursula-von-der-leyen-power-play-exasperate-eu-capitals/

 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის