USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Tbilisi
«Politico» (აშშ//ბელგია): „უკრაინაში ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტ-გამომძიებლების დაშინება ხდება“
Date:  362

„უკრაინაში ნებისმიერ ჟურნალისტზე, რომელიც ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელთა წრეებში არსებული კორუფციის შესახებ წერს, რეპრესიებს და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახრიციელებენ“, - წერს ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ გამოცემაში (ოფისით ბრიუსელში) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინაში ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტ-გამომძიებლების დაშინება ხდება“ (ავტორი - ჯეიმი დეტმარი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„მე 15 წელია ჟურნალისტური გამოძიებით ვარ დაკავებული, ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე. ჩემი საქმიანობა ყოველთვის მძიმე და სარისკო იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ჟურნალისტებისათვის ბევრად უფრო მძიმე დრო არის დამდგარი“, - ამბობს უკრაინელი რეპორტიორი იური ნიკოლოვი, ანტიკორუფციული კვლევითი-საგამომძიებლო პროექტის „ჩვენი ფულის“ რედაქტორი და თანადამაარსებელი.

„ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენს ჟურნალისტებს ყველანაირი საშუალებით აშინებენ, რომ მათ პირი აკრული ჰქონდეთ და არაფერი მთავრობის საწინააღმდეგო მასალა არ გამოამზეურონ. გარდა ამისა, ისინი ფრონტის წინა ხაზზე გაგზავნით იმუქრებიან“, - ამბობს იგი.

დღევანდელ უკრაინაში იშვიათია ისეთი ჟურნალისტი, რომელსაც ანგარიშსწორებით ემუქრებიან, ის კი ამ დროს ოპტიმიზმით არის გამსჭვალული. სწორედ მან გამოიკვლია თავდაცვის სამინისტროში არსებული კორუფციული სქემები, რასაც შედეგად რიგი თანამდებობის პირები პოსტიდან გათავისუფლდნენ და დაისაჯნენ, მინისტრი კი გადადგა.

მაგრამ ჟურნალისტების აქტიურობა ხელისუფლების გაღიზიანებას იწვევს. მსგავსი მასალების გამოქვეყნება სახელმწიფოს მტრად გამოცხადების ტოლფასია.

„ჩვენ, როცა ხელისუფლებაში არსებულ უკანონობასა და დარღვევებზე ვწერთ,  სამთავრობო გამოცემები რუსეთის აგენტებს და უკრაინის მოღალატეებს გვეძახიან“, - ამბობს იური ნიკოლოვი, რომელსაც უცნობი პირები ბინაში მიეჭრნენ და მისი ოჯახის წევრებს დაშინება დაუწყეს. მისთვის შემაშფოთებელი ფაქტია, რომ ზოგიერთი რეპორტიორი და მასმედიის წარმომადგენელი საკუთარი ნებით ახორციელებს თვითცენზურას - ჟურნალისტურ ეთიკაზე მაღლა პატრიოტიზმს აყენებს.

„სხვათა შორის, მეც მეპარებოდა ეჭვი, სწორად ვიქცევი თუ არა, როცა ომის დროს თავდაცვის სამინისტროში არსებული კორუფციაზე ვწერ-მეთქი. მაგრამ შემდეგ დავრწმუნდი, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი: შეიძლება პატრიოტიც იყო და იმავდროულად პრინციპული და პატიოსანი ჟურნალისტიც... მინდა, რომ ჩვენ ხალხის ფულით იარაღი და ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებები შევიძინოთ და არა მავანმა ჯიბეები დაიტენოს. უკრაინას პატიოსანი და ღირსეული ჟურნალისტიკა ჭირდება“, - აცხადებს იური ნიკოლოვი.

უკრაინაში კორუფციას ფესვები ღრმად აქვს გადგმული - მექრთამეობა ღრღნის ქვეყანას დამოუკიდებლად გამოცხადების შემდეგ, 1991 წლიდან. კორუფციამ თავის აპოგეას ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს მიაღწია, რომლის ხელისუფლება 2014 წელს დაემხო. ზოგიერთი მონაცემის თანახმად, ყოფილმა ხელისუფლებმა 37 მილიარდი დოლარი მიითვისეს, თუმცა არის უფრო უარესი ვარაუდიც - 100 მილიარდი დოლარის მისაკუთრების თაობაზე. ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ მიტაცებული სახსრები განთავსებულია ავსტრიის, ლატვიის, კვიპროსის, იტალიის, ნიდერლანდების ბანკებში გამოგონილი პირების სახელზე, რომელთა მოხმარება „ფულის გათეთრების“ საკმაოდ ეშმაკურად შემუშავებული სქემის მიხედვით ხდება.

„დღეისათვის მექრთამეობის დონე შედარებით შემცირდა, მაგრამ ჟურნალისტთა დაშინება თითქმის ისეთია, როგორიც ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის დროს იყო“, - ამბობს იური ნიკოლოვი.

და მაინც, ბრძოლას აზრი აქვს: კორუფციამ შემცირება დაიწყო პეტრე პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს, პროცესი გაგრძელდა ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგაც, შემცირდა ოლიგარქების რაოდენობა. „დღეისათვის სახელმწიფო ხარჯების სფეროში სიტუაცია გამოსწორდა, მაგრამ კვლავ არის პრობლემები შესყიდვების სფეროში, ჯარში გაწვევის საკითხში, პოლიციაში, საგადასახადო სფეროში. ფასებმა, მართალია დაიკლო, მაგრამ მაფია არსად არ წასულა. კორუფციონერები მიმალულები არიან და თავიანთ საათს ელოდებიან“.

„ძველი ბიუროკრატიული სკოლის წარმომადგენლები ცვლილებებს წინააღმდეგობას უწევენ, მაგრამ ჩვენი, ჟურნალისტების ვალია არ დავუშვათ მათი აღმასვლა“, - მტკიცედ აცხადებს ანტიკორუფციული კვლევითი-საგამომძიებლო პროექტის „ჩვენი ფულის“ რედაქტორი და თანადამაარსებელი.

წყარო: https://www.politico.eu/article/ukraine-investigative-journalists-press-freedom-yuri-nikolov-corruption-nashi-groshi-war-in-ukraine/

 

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way