USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
«Politico» (აშშ//ბელგია): „ევროპის შემდეგი კრიზისი: წყლის დეფიციტი“
Date:  

ამერიკული გაზეთის Politico-ს ევროპულ ვერსიაში (ოფისით ბელგიაში) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ევროპის შემდეგი კრიზისი: წყლის დეფიციტი“ (ავტორები - ზია ვეისე და ანტონია ციმერმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„ევროპას წინ მძიმე, გვალვიანი ზაფხული ელოდება, რომლის სიმპტომები ახლავე ჩანს: ესპანეთში ყველაზე დიდი წყალსაცავი, რომელიც მილიონობით კატალონიელის წყურვილს უკლავს, დაშრობის პირას დგას. საფრანგეთში, სადაც მდინარეები და ტბები შრება, სოფლების მოსახლეობას ერთმანეთთან კონფლიქტები მოსდით, ხოლო იტალიის ყველაზე დიდი მდინარე პო უკვე ისეთი მცირეწყლიანი გახდა, როგორც ეს შარშანდელი ზაფხულის დროს, ივნისში იყო. რა იქნება ერთი თვის შემდეგ, როცა წელიწადის ყველაზე ცხელი დრო დადგება, მიაღწევს პოს წყალი შესართავამდე, ადრიატიკის ზღვამდე?

აპრილის ბოლო რიცხვების მდგომარეობით, ევროპის კონტინენტის ორი მეოთხედ ტერიტორიაზე მოსალოდნელი გვალვის სიმპტომები უკვე გაჩნდა, ამიტომ ბევრი სახელმწიფო შარშანდელი მშრალი ზაფხულის გამეორებას ელოდება, თუმცა ბევრად უფრო ნეგატიური შედეგებით.

კოსმოსური თანამგზავრების მეშვეობით 2018 წლიდან გადაღებული ფოტოსურათების შედარებისას კარგად ჩანს, რომ ევროპა გვალვით ძალიან ზარალდება. სტაბილურად მაღალი ტემპერატურა, ნალექების პერიოდშიც კი, როცა წვიმა და თოვლი უნდა მოდიოდეს, მიწას სინოტივის გარეშე ტოვებს და სასმელი თუ სარწყავი წყლის რესურსები სულ უფრო მცირდება.

„ხუთი ან ექვსი წლის წინათ მე შემეძლო მეთქვა, რომ ევროპაში საკმარისი რაოდენობით წყალი გვაქვს“, - ტორსტენ მეიერ-გიური, თანამგზავრული კვლევების ავტორი, - ახლა კი დავწმუნდი, რომ წინ დიდი პრობლემები გველოდება“.

ექსპერტების თქმით, თბილმა ზამთარმა ევროპა უგაზობას და სიცივეს გადაარჩინა, მაგრამ სამაგიეროდ, თოვლისა და წვიმის გარეშე დარჩენილმა გარემოში წყალი შემცირდა. ახლა გაზაფხულზე, წვიმებიც რომ მოვიდეს, გამომშრალ მიწას საკმარისად მაინც ვერ დაატენიანებს.

მთავრობები გამოსავალს ეძებენ. როგორც ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, „გვალვა ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში უახლოესი წლების განმავლობაში ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იქნება“.

ზამთრის გვალვა

2022 წლის ზაფხულის ისტორიულმა გვალვამ ევროპის მიწისზედა და მიწისქვეშა რეზერვუარები თითქმის დაცალა. ზამთარს შვება უნდა მოეტანა, მაგრამ კონტინენტის ბევრ ადგილზე არც წვიმა მოსულა და არც თოვლი.

საფრანგეთმა, სადაც წვიმა იანვარ-თებერვალში ზედიზედ 30 დღის განმავლობაში არ მოსულა, უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში ყველზე მშრალი ზამტარი გადაიტანა.

იტალიის კლიმატური კვლევითი ფონდის მონაცემებით, აპრილის შუა რიცხვებისათვის ატმოსფერულმა ნალექების დეფიციტმა 64%-ს მიაღწია. ქვეყნის მთავარ მდინარეში - პოში წყლის დონემ კატასტროფულად დაიკლო. გარდას ტბაში კი ამჟამად წყალი იმის ნახევარია, რაც უნდა იყოს. არადა, წინა წლებში ტბას რაიმე მსგავსი პრობლემა არასდროს არ ჰქონია.

ესპანეთში ზეთისხილის მოსავალი საფრთხის ქვეშაა. კატალონიაში საუს ცნობილ წყალსაცავში ზედმეტი თევზის ჭერა დაიწყეს: წყალმა იმდენად დაიკლო, რომ თევზებს ჟანგბადი აღარ ჰყოფნით და იღუპებიან. არადა ასეთი რამ, რაც წყალსაცავი არსებობს (1960-იანი წლებიდან) არასოდეს მომხდარა, თანაც გაზაფხულზე, როცა წინა წლებში ხშირი წვიმები მოდიოდა. დღეისათვის საუ მხოლოდ 27%-ითაა შევსებული, წინ კი, როგორც მეტეოროლოგები ამბობენ,  გვალვიანი ზაფხული უნდა იყოს.

როგორც ესპანეთის ეკოლოგიის მინისტრმა ტერეზა რიბერამ განაცხადა, თუ ასე გაგრძელდება, ათი წლის შემდეგ ესპანეთში, საფრანგეთის მსგავსად, მტკნარი წყლის 40%-იანი დეფიციტი იქნება.

„ზამთრის ნალექებს ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებისთვის უდიდესი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ“, - აღნიშნავს ფრედ ჰატერმანი, პოტსდამში არსებული კლიმატოლოგიის ინსტიტუტის ჰიდროლოგი. მისი თქმით, თუ გავითვალისწინებთ ზამთრის მცირე ნალექებს და ალპებში თოვლის თხელ საფარველს, იტალიაში და რეგიონის სხვა ქვეყნებში მძიმე გვალვა იქნება“.

ევროპა რომ გვალვის „მოჯადოებული წრიდან“ ამოვარდეს და მიწისქვეშა წყლების დეფიციტი შეივსოს, თითქმის ათი წლის განმავლობაში ნალექები ნორმალური დოზით უნდა მოდიოდეს.

კლიმატის ცვლილების როლი

რასაკვირველია, ათი წლის განმავლობაში ამინდის პროგნოზირება შეუძლებელია. დღეს კლიმატი ძალიან სწრაფად იცვლება... თუმცა გერმანელები მაინც შეეცადნენ და სრულიად სამწუხარო შედეგები მიიღეს - 2033 წლამდე ქვეყანაში წყლის რეზერვები ყოველწლიურად შემცირდება.

გვალვა რთული კლიმატური მოვლენაა და დამოკიდებულია როგორც ატმოსფერულ ნალექებზე, ასევე ადამიანის მოქმედებაზე - წყლის რესურსების სწორ მოხმარება-განაწილებაზე და ეკოლოგიურ ფაქტორებზე.

ფრედ ჰატერმანის თქმით, გლობალური დათბობის პირობებში ევროპა დღევანდელთან შედარებით უფრო მშრალ რეგიონად გადაიქცევა სამი მიზეზის გამო:

პირველი - რაც უფრო მატულობს ტემპერატურა, მით უფრო მეტი წყალი ორთქლდება. ევროპის მჭიდრო მოსახლეობის გათვალისწინებით, წყლის ხარჯი ყოველწლიურად იზრდება და თუ ამას ტემპერატურის მატებით დახარჯულის მოცულობაც დაემატება, წყლის დეფიციტი აუცილებლად იქნება. საჭიროა მოვიდეს ნალექების მზარდი რაოდენობა, მაგრამ გლობალური დათბობის ტემპები ამას ხელს შეუშლის.

მეორე - კლიმატის გლობალური ცვლილება ევროპის ატმოსფეროზე ანომალურ ზემოქმედებას ახდენს. არ არის გამორიცხული, რომ ანომალური ატმოსფერული წნევის გამო ჰაერის ცხელი მასა ევროპის თავზე დიდი ხნით გაჩერდეს და ისეთი ძლიერი გვალვა გამოიწვიოს, როგორც ეს გასულ წელს იყო. ან შესაძლოა ცივი ჰაერის „გაბატონებას“ ასევე ანომალური წვიმები მოჰყვეს, როგორიც გერმანიაში იყო 2021 წელს.

მესამე - ევროპის მყინვარები და თოვლის საფარველი ტემპერატურის მატების გამო სწრაფად დნება და ამით მსხვილ მდინარეებს - დუნაის, რეინს, რონას, ლუარას, პოს და სხვებს სამომავლოდ წყალი აუცილებლად დააკლდებათ.

ახლო პერსპექტივაში, ანუ ამ ზაფხულს ყველაზე მოწყვლად ქვეყნებად ითვლებიან ესპანეთი, პორტუგალია, საფრანგეთი და იტალია, თუმცა არის ნიშნები, რომ გვალვა იქნება პოლონეთშიც, რუმინეთშიც, ბულგარეთში და საბერძნეთში.

ფრედ ჰატერმანის თქმით, გერმანიის სხვადასხვა მხარეებში, მაგალითად, ბრანდენბურგში ბოლო თვეებში წვიმა კი იყო, მაგრამ შარშანდელი ძლიერი გვალვის გამო შემცირებული მიწისქვეშა გრუნტის წყლების მოცულობა ჯეროვნად მაინც ვერ შეივსო. „სიტუაცია უფრო გაუარესდება“, - ამბობს ჰიდროლოგი.

ომი წყლისათვის

უკრაინის დახმარებით გართული ევროპა სასიკვდილო საფრთხეს ძალიან დაყოვნებით აცნობიერებს. მართალია, მთავრობები იღებენ დადგენილებებს წყლის ხარჯვის შემცირების თაობაზე (ემანუელ მაკრონის განკარგულებით, მოხდება 10%-იანი შემცირება), სურთ გააუმჯობესონ წყლის რეზერვებისა და რესურსების მართვა, მიმდინარეობს გარკვეული პროექტების შემუშავება და მათი რეალიზება (გერმანიამ 78-პუნქტიანი გეგმა მიიღო), მაგრამ... ეს არასაკმარისია.

წყლის დეფიციტი ევროპაში სულ მალე პოლიტიკურ პრობლემად გადაიქცევა: ჯერ ერთი, რომ ქვეყნების შიგნით მუნიციპალიტეტები ერთმანეთს ედავებიან წყლის განაწილებაში, ფერმერები შეტაკებებსაც კი არ ერიდებიან. ადგილობრივად მომხდარი კონფლიქტები თავის გამოძახილს ჰპოვებს ცენტრებში - დავაში ებმებიან პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები... ევროპის მდინარეები წყალმარჩხები ხდებიან - მცირდება მათი სატრანსპორტო მნიშვნელობა, რაც კრიზისებს იწვევს. დავის ობიექტი ხშირად ხდება მდინარე დუნაის - ევროპის ყველაზე დიდი მდინარის წყლის გამოყენების საკითხი, რომლითაც ცხრა სახელმწიფო სარგებლობს...

„სულ მალე მოსახლეობა წყლის დეფიციტს უფრო მტკივნეულად იგრძნობს... ბრძოლა წყლისათვის უკვე მიმდინარეობს და სულ უფრო გამწვავდება“, - ამბობს ფრედ ჰატერმანი.

წყარო: https://www.politico.eu/article/europe-next-crisis-water-drought-climate-change/

 

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way