USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Тбилиси
«Politico» (აშშ): „შვიდი კვირა ტრამპამდე: რუსეთი და უკრაინა, სანამ სამშვიდობო მოლაპარაკების მაგიდაზე დასხდებიან, ომში უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ“
дата:  504

უკრაინის კონფლიქტი სახიფათო სტადიაში შედის, ორივე მხარე ცდილობს უპირატესობა მოიპოვოს: რუსები - ხმელეთზე (ჩრდილოკორეელების დახმარებით), უკრაინელები - ჰაერში (ამერიკული და ბრიტანული შორსმოქმედი რაკეტების გამოყენებით)“,  - აღნიშნულია აშშ-ის გაზეთ „პოლიტიკო“-ში (Politico) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „შვიდი კვირა ტრამპამდე: რუსეთი და უკრაინა, სანამ სამშვიდობო მოლაპარაკების მაგიდაზე დასხდებიან, ბრძოლის ველზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ“ (ავტორები - ტიმ როსი, რობი გრემერი და ნიკ ტეილორ-ვეისი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

არ არის გამორიცხული, რომ  რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებამდე სულ რაღაც შვიდიოდე კვირაღა არის დარჩენილი - დონალდ ტრამპს თუ დავუჯერებთ, იგი ინაუგურაციის შემდეგ ომისა და მშვიდობის საკითხს გადაწყვეტს. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა თავის გუნდში უკვე მიუჩინა ადგილი კიტ კელოგს, გადამდგარ გენერალს, რომელსაც რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლის როლის შესრულება დაავალა.

ყოფილი და არჩეული პრეზიდენტის თეთრ სახლში დაბრუნებამდე - 20 ინვრამდე - სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ამიტომ როგორც უკრაინელი სამხედროები, ასევე კრემლის არმია ორივე გამალებული ცდილობს თავიანთი მიზნების რეალიზებას - დაეფლონ ნებისმიერ ტაქტიკურ უპირატესობას და საკუთარი პოზიცია, დიპლომატიური მოლაპარაკების დაწყებამდე, როგორმე გააუმჯობესონ,

„დონალდ ტრამპის სახით სცენაზე გამოჩნდება პიროვნება, რომლის წინადადებები თამაშის წესებს სრულიად შეცვლის“, - თვლის ჯეიმს ნიქსი, ლონდონის საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების სამეფო ინსტიტუტის („ჩეთემ-ჰაუსის“) რუსულ-ევრაზიული პროგრამების ხელმძღვანელი.

შვიდი კვირა მსოფლიოს ცვლილებამდე

ფსონები ორივე მხარისათვის ძალზე მაღალია. ინაუგურაციამდე დარჩენილი შვიდი კვირა შეიძლება თითქმის სამწლიანი ომის განმავლობაში ყველაზე სარიკო და სახიფათო მომენტად იქცეს. „ყველა ვარაუდობს, რომ მოლაპარაკებები დაიწყება და ორივეს მხარეს - უკრაინელებსაც და რუსებსაც - საუკეთესო მდგომარეობაში ყოფნა სურთ“, - იტყობინება ერთ-ერთი დასავლელი მაღალჩინოსანი, რომელსაც საჯარო განცხადებების გაკეთების უფლება არ აქვს და ამიტომ ანონიმად დარჩენა ისურვა, - „და რაც უფრო მეტ ძალისხმევას ეწევიან ამ მიმართულებით, მით უფრო იზრდება შეცდომის დაშვების რისკი“.

ესკალაციის ნიშნები ყველგან ჩანს, განსაკუთრებით მოსკოვის მხრიდან, თანაც სიტყვითაც და საქმითაც. ბოლო კვირეების განმავლობაში რუსეთმა საომარი მოქმედებების ზონაში ათასობით ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი გადაისროლა, გაუშვა უკრაინის ქალაქ დნიპროს (დნეპროპეტროვსკის) მიმართულებით ახალი ტიპის რაკეტა და თავის ბირთვულ არსენალს  ე.წ. „შემკავებელი“ მოუხსნა - განაახლა მისი გამოყენების დოქტრინა.

კრემლმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო ბაზა პოლონეთში „პრიორიტეტული სამიზნე“ გახდება პოტენციური განადგურებისათვის რუსეთის ჯარების მხრიდან.

ომის შემსწავლელი ინტიტუტის მონაცემებით, გასულ ტეში რუსეთის არმიამ უკრაინის აღმოსავლეთის ფრონტზე (დონბასში) სამხედრო ოპერაციების ინსტენსიურობა შესამჩნევად გაააქტიურა, ხოლო პირველი ნოემბრიდან უკრაინის ტერიტორიის 574 კვ.კმ. დაიკავა - უფრო მეტი, ვიდრე ყოველთვიურად იკავებდა მიმდინარე წლის დაწყებიდან. 2023 წელთან კი შედარებაც არ ღირს.

ამასობაში აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა მაგალითი მისცა დასავლელ სახელმწიფოებს და პირველმა დართო ნება კიევს ამერიკული შორი მოქმედების რაკეტების გამოყენებაზე.

ამასთანავე, კიევს და მოსკოვს აქვთ იმის მიზეზებიც, რომ ომი სწრაფად დასრულდეს: „ორივენი მწვავე ცაიტნოტში არიან - არამარტო დონალდ ტრამპის არჩევის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ორივეს სისტემური საშინაო პრობლემები დაუგროვდათ“, - განმარტავს ჯეიმს ნიქსი.

„უკრაინას არ ჰყოფნის არმიის პირადი შემადგენლობა და, როგორც ჩანს, მას დამარცხება ემუქრება“, - თვლის „ჩეთემ-ჰაუსის“ თანამშრომელი, - „რუსეთმა ჩრდილოეთ კორეიდან დამატებითი სამხედრო მხარდაჭერა მიიღო, მის მხარეზეა ჩინეთიც, მაგრამ რუსული ეკონომიკა კრიზისში შედის: რუბლი სუსტდება, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კი თავს იკავებს მორიგი მობილიზაციის გამოცხადებისაგან“.

ნატოს წარმომადგენლები თვლიან, რომ რუსეთი ბრძოლის ველზე ძალას აჩვენებს და წინ მიიწევს. უკრაინა ჯერ-ჯერობით მეტ-ნაკლებად თავს იცავს, მაგრამ ძალიან ცუდ დღეშია: „რუსების შეკავება ძნელია, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული. საქმე უიმედო არ არის“, - აღნიშნავს რობ ბაუერი, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე.

კრემლი არაფერს არ დათმობს?

ომის ბოლო კვირეები შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. დაზავების პირობებს აუცილებლად ექნება ზეგავლენა მრავალი უკრაინელის ცხოვრებაზე“, - ამბობს ესპენ ბარტ ეიდე, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, - ქვეყნებს შორის ისტორიული გადაწყვეტილებები ყოველთვის ტოვებენ თავიანთ კვალს“.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ახალი ვადის მოახლოებისთანავე უკრაინის მოკავშირეებმა თავის დაზღვევა გადაწყვიტეს. გარდა იმისა, რომ აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ნება დართეს კიევს მათი წარმოების რაკეტებით რუსეთის ზურგს დარტყმა მიაყენოს, დასავლელეი ჩინოვნიკები განიხილავენ საკითხს, როგორ მიაღწიონ საუკეთესო შედეგს იმ შემთხვევაში, თუ არჩეული პრეზიდენტი იანვარში წინ წამოსწევს საკითხს მოლაპარაკების დაწყებაზე ნებისმიერი ფორმით.

მრავლისმეტყველია იმ ადამიანის პოზიციაც, რომელიც დონალდ ტრამპმა შეარჩია „მშვიდობის დესპანად“ - თავის სამომავლო სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთ-უკრაინის  საკითხებში. მიმდინარე წლის აპრილში 80 წლის გადამდგარი გენერალი ტიმ კელოგი, რომელიც ერთ-ერთი თანაავტორია სტრატეგიული დოკუმენტისა რუსეთ-უკრაინის ომის დარეგულირების საქმეში, აღნიშნავდა, რომ დასავლეთი უკრაინას იარაღით უნდა დაეხმაროს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კიევი დათანხმდება რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებაზე. იმ მიზნით, რომ როგორმე ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს, ამერიკამ დიდი ხნით უნდა გადადოს უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი, სამაგიეროდ კი კიევთან უნდა გაფორმდეს შეთანხმება უსაფრთხოების ყოვლისმომცველი და მტკიცე გარანტიებით“.

მაგრამ ყველა ამ ლაპარაკს მშვიდობაზე თან ერთი სიძნელე ახლავს: „არაფერი არ მიანიშნებს იმაზე, რომ ვლადიმერ პუტინს ნამდვილად სურს რეალური მოლაპარაკება, - აღნიშნავს ანონიმი დასავლელი ჩინოვნიკი, - მან შეიძლება ყველაფერი მოითმინოს, თუ ეს მის ინტერესებშია“.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჟოლიმ გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკება გარკვეულ რისკს შეიცავს - იმიტომ, რომ კრემლი ცეცხლს კი შეწყვეტს, მაგრამ როცა მოესურვება თავის ჯარს ისევ შეიყვანს. „მე ვთვლი, რომ ვლადიმერ პუტინისათვის არანაირი „წითელი ხაზები“ არ არსებობს, - ამბობს მინისტრი, - ნამდვილი საფრთხე, რომელიც ჩვენ გვემუქრება, გამოიხატება იმით, რომ კრემლი თითქოსდა დაზავდება, მაგრამ დროს უკეთ შეიარაღებისთვის გამოიყენებს და ისევ შეიჭრება - ან უკრაინაში, ან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე’.

ვლადიმერ პუტინიდან მომდინარე საფრთხე მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების თეატრით არ არის უშუალოდ გამოხატული. დასავლეთის ქვეყნების მთავრობების აზრით, რუსეთის ხელისუფლებამ შეიძლება აგრესიის სხვა მეთოდებიც გამოიყენოს უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების წინააღმდეგ. მაგალითად, თვითმფრინავების დანაღმვა, მათთვის მიუღებელი პირების ლიკვიდირება, დივერსიები საკვანძო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე - რკინიგზის ხაზებისა და წყალქვეშა კაბელების ჩათვლით. .

ანუ, მაშ რა სურს ვლადიმერ პუტინს, თუ მშვიდობა არა?

ჯეიმ ნიქსის აზრით, ამ კითხვაზე პასუხი ომის გაფართოების სურვილშია გამოხატული, მოსკოვის გამარჯვებით და რუსული დომინირებით. „კრემლი თვლის, რომ მთელ დასავლეთთან ომის მდგომარეობაში იმყოფება და იპოვა გზა ამ პრობლემის მოსაგვარებლად - გადაიბიროს მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობა“, - თვლის ჯეიმს ნიქსი, - პუტინს ნამდვილად სურს, რომ დღევანდელი საერთაშორისო წესრიგი უნდა დაემხოს“.

წყარო: https://www.politico.eu/article/seven-weeks-until-donald-trump-russia-ukraine-war-advantage-peace-talks/

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати