USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
«Politico» (აშშ): „ევროპარლამენტის დეპუტატები თვლიან, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი მკაცრი მოპყრობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოცნებას საფრთხეს უქმნის“
Date:  921

აშშ-ის გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბრიუსელში), აქვეყნებს სტატიას სათაურით „ევროპარლამენტის დეპუტატები თვლიან, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი მკაცრი მოპყრობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოცნებას საფრთხეს უქმნის“ (ავტორი - ნიკოლა კამუტი).

პუბლიკაციაში გადმოცემულია ევროოპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის შინაარსი და ხაზგასმულია,  რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე ბევრად იქნება დამოკიდებული საქართველოს ევრონტეგრაციული პერსპექტივა. ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ უკეთესდება, საქართველოს რეპუტაციას ზიანს აყენებს და ხელს შეუშლის იმას, რომ ქვეყნამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, - ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც ხმების უმრავლესობით იქა მიღებული - 577 „მომხრე“ იყო, 33 „წინააღმდეგი“ და 26 დეპუატატმა თავი შეიკავა.

„თუ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობის პერიოდში გარდაიცვლება, ეს დიდი დარტყმა იქნება ქართული დემოკრატიისა და საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის მიმართ“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

საქართველომ განაცხადი ევროკავშირში მიღებაზე გასული წლის მარტში წარადგინა, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად. მაგრამ პირველისა და მეორისაგან განსხვავებით, მას კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს - საქართველოს მოუწევს რამდენიმე რეფორმის გატარება, ქვეყნის სასამართლო სისტემის დამოოუკიდებლობის განმტკიცების ჩათვლით.

საქარტველოში ევროკვშირში გაწევრიანების იდეა საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობს, მაგრამ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლიდან იმყოფება, ვერ შეძლო ევროპული სწრაფვისადმი ერთგულება, რაც ბევრს ეჭვიან კითხვას უჩენს - ხომ არ უწყობს ხელს და აქეზებს რუსეთს „ქართული ოცნება“ თავისი მოქმედებით, საკუთარი ევროპული პერსპექტივის საზიანოდ?

მიხეილ სააკაშვილი2021 წელს დააპატიმრეს, როცა იგი უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა, შვიდი წლის ნებაყოფლობითი დევნილობის შემდეგ. მას ბრალად ხელისუფლების ბოროტად გამოყენება წაუყენეს. პროდასავლური კურსის გამტარებელი ყოფილი პრეზიდენტი მას შემდეგ პატიმარია და აცხადებს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებებეი პოლიტიკურად არის მოტივირებული.

მიხეილ სააკაშვილი თბილისის სასამართლოს სხდომის დროს ვიდეომიმართვის ჩვენებისას საკმაოდ ავადმყოფურად გამოიყურებოდა და ძალიან დასუსტებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ცოტა ხნით ადრე სასამართლომ უარყო მისი აპელაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე.

საქართველოს მთავრობა, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობით, სულ უფრო მეტ საერთაშორისო დიპლომატიურ ზეწოლას განიცდის - როგორც ევროკავშირის, ასევე აშშ-ის მხრიდან, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად.

პოლონეთმა და უკრაინამ შესთავაზეს საქართველოს, რომ მიხეილ სააკაშვილს უმკურნალებდნენ, მაგრამ ქართული ხელისუფლება დღემდე უარს აცხადებს პატიმრის გათავისუფლებაზე: ოფიციალური თბილისის აზრით, ასეთი ნაბიჯი ქვეყნის დესტაბილიზაციას მოახდენს.

შესწორება, რომელიც ეცროპარლამენტმა რეზოლუციაში უკანასკნელ წუთს შეიტანა, ასევე ხმების უმრავლესობით იქნა მიღებული (მაგრამ შედარებით უფრო ნაკლებით, ვიდრე მთლიანი დოკუმენტი). შესწორებაში ცალკეა გამოყოფილი ბიძინა ივანიშვილის - ოლიგარქისა და ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის საკითხი, როგორც პასუხისმგებელი პირისა, რომლის გამოც მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაშია - ბიძინა ივანიშვილი ექს-პრეზიდენტის მიმართ „პირად ვენდეტას“ ახორციელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკით აღარ არის დაკავებული, იგი, რომელმაც ქონება 1990-იან წლებში რუსეთში დააგროვა, პოლიტიკური წრეების საერთო აზრით, პфტარა კავკასიურ რესპუბლიკას „ძაფებით“ მართავს.

წყარო: https://www.politico.eu/article/former-president-saakashvilis-treatment-in-jail-threatens-georgias-eu-dreams-parliament-says-dream-party-self-imposed-exile-moldova-ukraine-irakli-garibashvili/

მოამზადა სიმონ კილაძემ

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way