USD 2.7283
EUR 3.1553
RUB 3.4711
Тбилиси
«Politico» (აშშ): „ექსპერტების გაფრთხილება: უკრაინისათვის ნატოში გასაწევრიანებლად „ხიდის“ შეთავაზება შეიძლება საფრთხის მომტანი აღმოჩნდეს“
дата:  

ამერიკულმა გაზეთმა „პოლიტიკომ“ (Politico) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ექსპერტების გაფრთხილება: უკრაინისათვის ნატოში გასაწევრიანებლად „ხიდის“ შეთავაზება შეიძლება საფრთხის მომტანი აღმოჩნდეს“ (ავტორი - მეთ ბერგი), რომელშიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვაშინგტონის სამიტის წინ შექმნილი ვითარებაა განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინარსს:

ნატოში უკრაინის სამომავლო წევრობის შესაძლებლობა, ალიანსის ვაშინგტონის სამიტის წინ, ცხარე დისკუსიის საგანი ხდება.

საგარეო პოლიტიკის ათობით ექსპერტმა 3 ივლისს ნატოს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდეს, რომ სამიტის დროს თავი აარიდონ უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღების საკითხის განხილვას და გამაფრთხილებლად განაცხადეს, რომ სამხედრო ბლოკში უკრაინის სავარაუდო მიღების მიზნით „ხიდების“ შეთავაზება და სხვა მსგავსი ქმედებები საფრთხეს შეუქმნის როგორც აშშ-ს, ასევე მის მოკავშირეებს და ორგანიზაციაში განხეთქილებას გამოიწვევს. ექსპერთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის მტკიცებით, თუ უკრაინა ნატოში იქნება მიღებული, მაშინ წესდების (ხელშეკრულების) მე-5 პუნქტის ძალით, ნატომ რუსეთს ომი უნდა გამოუცხადოს.

თითქმის 60 ექსპერტისათვის არგუმენტი მე-5 პუნქტის ამოქმედების საფრთხის შესახებ ფრიად მნიშვნელოვანია და ამიტომ ისინი ცდილობენ თავიანთი ხმა სამიტის მონაწილეებს მიაწვდინონ.

„ნატო რაც უფრო მეტად ცდილობს უკრაინისათვის კიდევ ერთი დაპირების მიცემას ალიანსში გაწევრიანების მიზნით, მით უფრო მეტ სტიმულს აძლევს რუსეთს ომის გასაგრძელებლად“, - ნათქვამია წერილში, რომლიც „პოლიტიკოს“ რედაქციამაც მიიღო, - იმ გამოწვევებს, რომლებსაც რუსეთი ქმნის, შეიძლება წინააღმდეგობა გავუწიოთ ისე, რომ უკრაინა ნატოში არ იქნას მიღებული“.

„უკრაინის ხელშეწყობას ალიანსში გასაწევრიანებლად, დიდი ალბათობით, უსიამოვნო და ნეგატიური შედგები მოჰყვება“, - აღნიშნავენ ექსპერტები, - უკრაინა უკვე რეალურად გადაიქცევა მსოფლიოს ორი ყველაზე დიდი ბირთვული სახელმწიფოს დაპირისპირების არენად“ და ფაქტიურად დაადასტურებს ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომ რუსეთი მართლაც დასავლეთს ებრძვის.

წერილი მომზადდა აშშ-ის ეკონომიკური კვლევების ინტიტუტის პრეზიდენტის უილიამ რუგერისა და აშშ-ის კარნეგის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის სტივენ ვერთჰაიმის მიერ. დოკუმენტს ხელს აწერენ აშშ-ის ქუინსის და კატონის ინსტიტუტების, სთიმსონის ცენტრის, კარნეგის ფონდის თანამშრომლები; კოლორადოს, ტეხასის, ნიუ-იორკის, მასაჩუსეტსის, ტაფტის უნივერსიტეტების მეცნიერები, არიან ხელმომწერები კანადის ონტარიოსა და ტორონტოს უნივერსიტეტებიდან და ა.შ. 

მაგრამ არიან ის ექსპერტებიც, რომლებიც წერილზე ხელმომწერ კოლეგებს არ ეტანხმებიან. მაგალითად, „რენდ კორპორეიშენის“ მკვლევარები თვლიან, რომ უკრაინა ნატოს წევრად უნდა იქნას მიღებული, რაც დაადასტურებს დასავლეთის ერთგულებასა და მხარდაჭერას კიევის მიმართ.

რა ტქმა უნდა, ანალიტიკური ცენტრების მკვლევარები და უნივერსიტეტის პროფესორები არ არიან ის ადამიანები, რომლებიც ნატოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ, მაგრამ მათ  ხშირად შეაქვთ თავიანთი წვლილი საგარეოპოლიტიკურ დებატებში, აქვეყნებენ თავიანთ თვალსაზრისებს და აწყობენ დისკუსიებს სხვადასხვა პრობლემის ირგვლივ - ამა თუ იმ მსხვილი ღონისძიების წინ.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია თავს იკავებს ალიანსში კიევის დაუყონებლივ გაწევრიანებაზე, თუმცა ამას წინათ რამდენიმე მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ სამიტზე უკრაინას ერთგვარ „ხიდს“ შესთავაზებენ ალიანსში შესასვლელად. გარდა ამისა, ჩამოყალიბდება ნატოს ახალი მიზნობრივი შტაბ-ბინა უკრაინისათვის გაწეული გრძელვადიანი დახმარების კოორდინირებისათვის.

რასაკვირველია, უკრაინას უნდა ნატოს წევრობა, მაგრამ კიევი ითვალისწინებს რეალობას, ილუზიებში არ არის და არ ელოდება თეთრი სახლის პოზიციის ცვლილებას. უკრაინელებს ყველაზე მეტად უსაფრთხოების გარანტიები სურთ.

ამ მხრივ კიევისათვის აშკარად არის დამაიმედებელი ნიშნები: ნატოს წევრი ქვეყნები დაეთანხმნენ გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თხოვნას, რომ შენარჩუნდეს უკრაინის 43-მილიარდიანი დაფინანსება 2025 წლისათვის. სხვათა შორის, ორი დღის წინათ თეთრმა სახლმა გამოაცხადა უკრაინისათვის 2,3 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფაზე.

როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ევროპული საბჭოს ეგიდით ჩატარებული გამოკითხვით ირკვევა, უკრაინელებს, ნატოში გაწევრიანების ნაცვლად, უფრო მეტად სურთ, რომ დასავლეთმა თანამედროვე ძლიერი იარაღი და საბრძოლო მასალები დროულად მიაწოდოს. ასევე ცნობილი ხდება, რომ უკრაინელთა მხოლოდ 22% არის მომხრე იმისა, რომ ქვეყანა ალიანსის წევრი გახდეს ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ, 71% კი ასეთი გარიგების წინააღმდეგია.

ჯერ-ჯერობით ოფიციალური კიევის პოზიცია რუსეთის მიმართ ისევ მაქსიმალისტურია - კრემლმა უნდა დააბრუნოს ყველა ტერიტორია, რომელიც მას მიტაცებული აქვს, ასევე უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები ოკუპირებული ოლქებიდან - მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება.

წყარო: https://www.politico.com/news/2024/07/03/ukraine-bridge-nato-dangerous-00166537

 

аналитика
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): „ისრაელს იმედი აქვს, რომ ირანელები მმართველ რეჟიმს აუჯანყდებიან. რამდენად შესაძლებელია ასეთი სიტუაცია?“

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-საიტზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ისრაელს იმედი აქვს, რომ ირანელები მმართველ რეჟიმს აუჯანყდებიან. რამდენად შესაძლებელია ასეთი სიტუაცია?“. პუბლიკაციაში განხილულია საინტერესო ვერსიები იმისა, თუ ვინ შეიძლება მოვიდეს ირანის ხელისუფლებაში და საერთოდ, არიან თუ არა ირანის თეოკრატიული ხელისუფლების მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალები ქვეყანაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ირანის წინააღმდეგ ისრაელის შეტევების მასშტაბით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისრაელის მიზანს არამარტო ბირთვული საფრთხის ლიკვიდაცია  წარმოადგენს, არამედ ისლამური რესპუბლიკის მმართველი რეჟიმის შეცვლაც. მაგრამ რამდენად რეალისტურია სიტუაციის ასეთი განვითარება? რამდენად შესაძლებელია ირანში აიათოლების ხელისუფლების დასრულება?

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მრავლისმეტყველი განცხადება გააკეთა - ირანელებს ვიდეოგამოსვლით ფაქტიურად თავიანთი ლიდერების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დაწყებისა და თეოკრატიული რეჟიმის დამხობისაკენ მოუწოდა: „ისრაელის სამხედრო ოპერაციის მიზანია თავიდან აიცილოს ირანიდან მომდინარე ბირთვული და რაკეტული საფრთხე. ჩვენი მიზნების რეალიზებით თქვენ, ირანელ ხალხს, გზა გეხსნებათ თავისუფლებისაკენ“.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ ირანზე ისრაელის შეტევის ერთ-ერთ მთავარ მიზანს სწორედ ქვეყნის თეოკრატიული მმართველი რეჟიმის დამხობა და მისი ახლით შეცვლა წარმოადგენს. „ისრაელს სურს, რომ ირანელი ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვიდეს და დაამხოს - ისე, როგორც შაჰის მთავრობის დროს მოხდა“, -  განუცხადა სააგენტო „როიტერს” (Reuters) მაიკლ სინგხმა ვაშინგტონის ახლოაღმოსავლური პოლიტიკის ინსტიტუდან, რომელიც ჯორჯ ბუშ - უმცროსის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი იყო.

„ისრაელს იმედი აქვს, რომ მისი დარტყმებით ირანის მმართველები დასუსტდებიან, ხალხი აჯანყდება და მთავრობას დაამხობს... მაგრამ ეს ძალიან სარისკო სცენარს წარმოადგენს“, - აღნიშნავს ამირ აზიმი, „ბიბისის“ სპარსული სამსახურის რედაქტორი, - „არავინ ზუსტად არ იცის, დაიწყება თუ არა რეალურად მსგავსი ჯაჭვური რეაქცია“.

როგორც „ბიბისის“ ახლოაღმოსავლური სამსახურის კორესპონდენტი ჰიუგო ბაჩეგა აღნიშნავს, ბუნებრივია, რომ ირანის ხელისუფლება დღეს სერიოზულ ზეწოლას განიცდის: საზოგადოება უკმაყოფილოა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვით, ქალების უფლებათა დარღვევით და სხვა ბევრი პრობლემით.

ისრაელის მიერ განხორციელებულმა დარტყმებმა ირანს დიდი ზიანი მიაყენა - ფიზიკურად განადგურდა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სარდლობა, არმიის გენშტაბის ზოგიერთი წევრი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები. პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანს კიდევ უფრო მეტი ზარალს მიაყენებს და არა არის გამორიცხული ქვეყნის უმაღლესი ლიდერის - აიათოლა ალი ჰამენეის ფიზიკური ლიკვიდაციაც.

მაგრამ ჯერ კიდევ გაურკვეველია: შესაძლებელია თუ არა, რომ მომხდარმა ამბებმა შიდაპოლიტიკური არეულობა და ფართო ანტისამთავრობო პროტესტები გამოიწვიოს? ამ ეტაპზე არ არსებობს დამარწმუნებელი მონაცემები იმისა, რომ შიდა მადესტაბილიზებელი პროცესები უკვე დაიწყო, ან იმის ნიშნები, რომ დაიწყება. სიტუაცია არაპროგნოზირებადია.

ირანში რეალური ძალაუფლება იმათ ხელშია მოქცეული, ვინც არმიასა და ეკონომიკას აკონტროლებს, ანუ პირველ რიგში - ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სტრუქტურებსა  და ზოგიერთ არაარჩევით ორგანოებში. როგორც „ბიბისის“ სპარსული სამსახურის რედაქტორი ამირ აზიმი აღნიშნავს, ამ ძალებს სახელმწიფო გადატრიალება არ ჭირდებათ, ისინი უკვე დიდი ხანია ხელისუფლებაში არიან და თავიანთი სურვილის მიხედვით, შეუძლიათ ქვეყანა უფრო კონფრონტაციული მიმართულებით წაიყვანონ.

ბენიამინ ნეთანიაჰუსათვის, ალბათ, სასურველი იქნება მოხდეს სახალხო აჯანყება, რომლის შედეგად ირანის ხელისუფლებაში ისრაელისადმი მეგობრულად განწყობილი ძალა მოვა... მაგრამ იბადება საკვანძო კითხვა: ვინ შეიზლება იყოს ამჟამინდელი რეჟიმის რეალური ალტერნატივა?

ირანის ოპოზიცია ბოლო წლებში დაქუცმაცებული და დაშლილი რჩება. 2022 წლის მღელვარების შემდეგ მოძრაობა „ქალი. სიცოცხლე. თავისუფლება“, რომელიც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილს მოიცავდა, შეეცადა კოალიციის ჩამოყალიბებას ანტიისლამურ და რესპუბლიკურ აქტივისტებთან ერთად, მაგრამ შიდა უთანხმოებამ - მათ შორის ლიდერობის საკითხის გამო - გაერთიანების ძალისხმევას ძირი გამოუთხარა.

იმ ფიგურებს შორის, რომლებსაც ისრაელისთვის სავარაუდო ალტენატივის როლის შესრულება შეუძლიათ, არის ყოფილი მემკვიდრე პრინცი მოჰამედ რეზა ფეჰლევი, ბოლო შაჰის ვაჟი. იგი დევნილობაში ცხოვრობს, ცდილობს დასავლეთის ქვეყნების ნდობის მოპოვებას და ამ მიზნით ისრაელშიც კი ჩავიდა... მაგრამ მიუხედავად მისი გარკვეული პოპულარობისა ირანელთა შორის, ჯერ-ჯერობით არანაირი ნიშანი არ არის, რომ მისი ფიგურა შეიძლება ოპოზიციური მოძრაობისათვის მიმზიდველი გახდეს.

არის აგრეთვე დაჯგუფება „მოჯაჰედინ ჰალკი“ (MEK) - მემარცხენე რადიკალური ოპოზიცია დევნილობაში, რომელიც ისლამური მმართველობის წინააღმდეგ გამოდის, მაგრამ ის ასევე წინააღმდეგია, რომ მონარქიის რესტავრაცია მოხდეს. „მოჯაჰედინებმა“ 1980-იან წლებში, ირან-ერაყის ომის დროს, მხარი დაუჭირეს სადამ ჰუსეინს, რითაც ძალიან შეილახეს თავიანთი რეპუტაცია ირანელების თვალში. დაჯგუფებას ჰყავს მომხრეები აშშ-ში, რომლებიც ახლოს არიან დონალდ ტრამპის ბანაკთან, მაგრამ მათი გავლება ამერიკის ამჟამინდელ ადმინისტრაციაზე საკმაოდ დაბალია.

„არსებობენ კიდევ სხვა პოლიტიკური ძალებიც - საერო დემოკრატიის მომხრეებიდან საპარლამენტო მონარქიის მხარდამჭერებამდე - მაგრამ დღეს არცერთს ამ ჯგუფებიდან არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა ხელისუფლებაში მოსასვლელად“, - ამბობს ამირ აზიმი.

მაიკლ სინგჰის აზრით, დღეისათვის არავინ არ იცის, თუ როგორი პირობებით არის შესაძლებელი ოპოზიციის გაერთიანება საერთო მიზნის მისაღწევად.

ჯერ-ჯერობით ნაადრევია ისრაელის სეტევების ყველა შედეგზე საუბარი და პროგნოზების გაკეთება. გასული წლის ირან-ისრაელის დაპირისპირების ესკალაციის დროს ირანულ საზოგადოებაში რაიმე მნიშვნელოვანი ანტისამთავრობო განწყობები არ შემჩნეულა, თუმცა, რა თქმა უნდა, დღევანდელი სიტუაცია შარშანდელს არ შეედრება - დღეს უფრო მეტი საფუძველი არსებობს, რომ ირანელმა ხალხმა უკმაყოფილება უფრო ძლიერად გამოხატოს.

და მაინც, როგორც მაიკლ სიგჰი ამბობს, ირანისათვის მიყენებული ზიანის მიუხედავად, ისლამური ხელისუფლების მიერ ათწლეულობით წარმოებულმა ანტიებრაულმა და ანტიისრაელურმა პროპაგანდამ და რიტორიკამ - არამარტო ხელისუფლებაში, არამედ ირანის შიიტური მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში - ისეთი განწყობა შექმნა, რომ საეჭვოა მოსახლეობის ფართო მასები საკუთარი თეოკრატიული მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდეს.

კიდევ ერთი სავარაუდო სცენარი - „ისრაელის დარტყმები იწვევს მმართველი რეჟიმის კრახს, რომლის შედეგად ქაოსი დაიწყება“. მაგრამ ასეთ სიტუაციაში ისეთ რელიგიურ ქვეყანაში, როგორიც ირანია და რომლის მოსახლეობა 90 მილიონს აღწევს, ქაოსი კატასტროფული იქნება მთელი რეგიონისათვის. 

სამხედრო ექსპერტის მიკ რაიანის აზრით, ირანის რეჟიმისათვის ხელისუფლების შენარჩუნება, როგორც ჩანს, რუსეთს და ჩინეთს შეუძლიათ. „თუ გავითვალისწინებთ ირან-რუსეთის ურთიერთობის დონეს და კომუნისტური ჩინეთის ინტერესებს, მოსკოვს და პეკინს შეუძლიათ მხარდაჭერა გამოუცხადონ ირანის მმართველ რეჟიმს. არც ვლადიმერ პუტინს და არც სი ძინპინს არ სურთ, რომ მათი თანამოქალაქეები მოწმენი გახდნენ იმისა, თუ როგორ ემხობიან ავტორიტარული რეჟიმები“, - ამბობს მიკ რაიანი.

რჩება კითხვა: როგორია თვითონ ირანის მიზნები მიმდინარე ეტაპზე? ობიექტურად რომ ვთქვათ, თეირანს მაინცდამაინც დიდი არჩევანი არ აქვს.

ერთ-ერთი ვარიანტია აშშ-სთან მოლაპარაკებისა და დეესკალაციის კურსის გაგრძელება, მაგრამ თეირანის ხმამაღალი ანტიდასავლური და ანტიისრაელური განცხადებების ფონზე ასეთი ნაბიჯი სისუსტის აღიარების მაჩვენებელი იქნება, განსაკუტრებით დონალდ ტრამპის მოთხოვნების სემდეგ. ასეთი უკანდახევა ირანის ხელმზღვანელებს ზალიან ძვირი დაუჯდებათ, - აღნიშნავს ამირ აზიმი.

ალტერნატივა - შეტევების გაგრძელებაა. სწორედ ამას პირდებიან ირანელი ლიდერები თავიანთ მომხრეებს. მაგრამ ირანის ყოველ შეტევას ისრაელის პასუხი (და ბევრად უფრო ძლიერი) მოჰყვება.

ირანი გამაფრთხილებლად აცხადებს, რომ დარტყმები შეიძლება შეეხოს აშშ-ის ბაზებს, საელჩოებს და სხვა ამერიკულ ობიექტებს რეგიონში, მაგრამ მათი განხორციელება იოლი არ იქნება - ირანს ძალები არ ეყოფა, რადგან საელჩოებისა და ბაზების დაცვა გაძლიერდება. გარდა ამისა, აშშ-ის კუთვნილ ობიექტებზე თავდასხმა ნიშნავს იმას, რომ ამერიკა პირდაპირ ჩაებმება ომში, რაც ირანს ყველაზე ნაკლებად სურს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати