USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
თბილისი
«Politico» (აშშ): „ემანუელ მაკრონი ნელა, მაგრამ გაბედულად გადადის უკრაინის მხარეზე, თუმცა მან „ჩერჩილის მომენტი“ უკვე ხელიდან გაუშვა“
თარიღი:  405

ამერიკულ გაზეთ „პოლიტიკოში“ (Politico) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ემანუელ მაკრონი ნელა, მაგრამ გაბედულად გადადის უკრაინის მხარეზე, თუმცა მან „ჩერჩილის მომენტი“ უკვე ხელიდან გაუშვა“ (ავტორი - კლეა ქოლქატი).

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

საფრანგეთის პრეზიდენტმა „უკრაინის მატარებელზე“ დააგვიანა. როცა რუსეთმა თავისი ჯარების თავმოყრა დაიწყო უკრაინის საზღვართან, ხოლო შემდეგ ომი დაიწყო მეზობელ ქვეყანასთან, ემანუელ მაკრონმა, თავისი აზრით, სიფრთხილე ამჯობინა და ვლადიმერ პუტინთან უანყოფო მოლაპარაკება დაიწყო. იმ დროს, როცა მას შესაძლებლობა გაუჩნდა ევროპის შტურვალთან დამდგარიყო და თან ევროკავშირი გაეყოლებინა, ფრანგმა ლიდერმა შეცდომა დაუშვა და ვერ მოახერხა პოლიტიკური ინიციატივის ხელში აღება.

ემანუელ მაკრონის ნაცვლად ევროპის შემჭიდროებისათვის და ვოლოდიმირ ზელენსკის დასახმარებლად ევროსკეპტიკოსი, ბრიტანელი პრემიერი ბორის ჯონსონი გამოვიდა, რომელიც ამ საქმეში ლიდერად იქცა. ბორის ჯონსონს კიევში გმირად თვლიან, ემანუელ მაკრონმა კი უკრაინელები ძალიან გააღიზიანა თავისი განცხადებებით, რომ „პუტინი არ შეიძლება დავამციროთ“, რომ „მოსკოვს უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები უნდა მივცეთ“ და ა.შ. ფრანგის პრეზიდენტი იმასაც ამტკიცებდა, რომ ათწლეულები გაივლის, სანამ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდებაო.

მაგრამ მას შემდეგ პარიზში ბევრი ცვლილება მოხდა. ამჟამად საფრანგეთის პრეზიდენტს უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე მხარდამჭერის მანტია აქვს მოსხმული, კიევს დახმარებას პირდება „საბოლოო გამარჯვებამდე“ და ლიდერის როლს ასრულებს ისეთ საკითხებში, როგორებიცაა უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევა და მისი გაწევრიანება ევროკავშირში და ნატოში. აღსანიშნავია, რომ იგი ამას იმ დროს აკეთებს, როცა ევროპელები ღელავენ და ეჭვობენ, რომ ამერიკელების მხარდაჭერა სუსტდება და კიდევ უფრო შემცირდება (ან საერთოდ შეწყდება) - განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს.

(...)

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში საფრანგეთის პრეზიდენტი ზიგზაგურად მოძრაობდა და არ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა რუსეთის მიმართ. იგი ცდილობდა ვლადიმერ პუტინის პიროვნების ხასიათის ღრმად გამოცნობას. ფრანგ პრეზიდენტს წინა წლებიდან რუსი კოლეგის მიმართ გარკვეული კომპლიმენტარული პოზიციები ჰქონდა, მაგრამ მან ვერ გათვალა და ვერ განსაზღვრა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რუსი მმართველისათვის უკრაინის საკითხს.

გასული წლის დეკემბერში აშკარა გახდა, რომ ემანუელ მაკრონმა თავისი თვალსაზრისის შეცვლა დაიწყო. მან საკმაო რიხით განაცხადა, რომ უკრაინას მხარს „სრულ გამარჯვებამდე“ დაუჭერს. არადა, სულ რაღაც ორიოდე კვირით ადრე ამბობდა, რომ დასავლეთმა მოსკოვის ინტერესებიც უნდა გაიზიაროს და კრემლს „უსაფრთხოების გარანტიები“ მისცესო“.

და მაინც, იმ დიპლომატიურმა სერენადებმა, რომელსაც ელისეის სასახლე კრემლს უმღეროდა, თავისი კვალი დატოვეს. ერთ-ერთი ფრანგი ანონიმი დიპლომატის თქმით, ემანუელ მაკრონმა, მოსკოვის მიმართ ხანგრძლივი ფლირტით და რეპორტიორებთან იმის მტკიცებით, რომ „რუსეთი არ უნდა დავამციროთო“, „ტყვია საკუთარ ფეხში ისროლა“. კიდევ ერთმა ფრანგმა დიპლომატმა უფრო მკვეთრად განაცხადა, რომ  ემანუელ მაკრონმა ხელიდან გაუშვა საკუთარი „ჩერჩილის მომენტი“, ანუ ისე გამოსულიყო ფრანგების წინაშე, როგორც პრემიერი უინსტონ ჩერჩილი გამოდიოდა მეორე მსოფლიო ომის წლებში ბრიტანეთის მოსახლეობისადმი მიმართვის დროს.

დღეისათვის ემანუელ მაკრონის მთავრობა ბრძოლას სხვადასხვა ფრონტებზე ეწევა უკრაინის ინტერესების სასარგებლოდ, მათ შორის ევროკავშირის და ნატოს გაფართოების საკითხში, ფინანსურ-ეკონომიკური და სამხედრო დახმარების გაწევის საკითხში, პოლიტიკური მხარდაჭერის სახით სხვადასხვა ორგანიზაციებში...

(...)

არ არის გამორიცხული, რომ ემანუელ მაკრონის განწყობის ცვლილებაზე დიდი გავლენა პოლიტიკურმა გათვლებმაც მოახდინა. საფრანგეთმა ვლადიმერ პუტინის მიმართ თავისი ლოიალური დამოკიდებულებით და „მეგობრული“ დიპლომატიური ინიციატივებით ძალიან გააღიზიანა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. რადგანაც ამჟამად პარიზს თავისი იდეების რეალიზებისათვის მხარდამჭერები სჭირდება, ელისეის სასახლე იძულებულია „მოეფეროს“ აღმოსავლეთ ევროპელებს.

მომავალ წელს, ივნისში, ევროკავშირში ევროპარლამენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. საფრანგეთი ემზადება ებრძოლოს ურთიერთსაწინააღმდეგო მსოფლმხედველობებს: ერთი მხრივ - ევროფილებს შორის, რომლებიც აცხადებენ, რომ ევროკავშირმა საკუთარი მოსახლეობა უნდა დაიცვასო და მეორე მხრივ, პოპულისტებს შორის, რომლებიც ყურადღებას ევროკავშირის შეცდომებზე და ნაკლოვანებზე ამახვილებენ.

საფრანგეთში ჩატარებული გამოკითხვები ადასტურებენ, რომ მატულობს უკიდურესად მემარჯვენე პარტიის „ნაციონალური გაერთიანების“ პოპულარობა, ხოლო ამას წინათ ექს-პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ მკაცრად გააკრიტიკა ევროკავშირში უკრაინის შესაძლო მიღების საკითხი. თითქმის იგივე პოზიცია აქვთ სხვა ფრანგ მძიმეწონიან პოლიტიკოსებს. მოსალოდნელია, რომ პოლიტიკური ბრძოლა „სისხლისმღვრელი“ იქნება.  

წყარო: https://www.politico.eu/article/france-emmanuel-macron-ukraine-war-russia-uturn-vladimir-putin/

 

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.