USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
«Politico» (აშშ): „დასავლეთის ურთიერთობა აფრიკისა და აზიის ქვეყნებთან კრახის ზღვარზეა, რუსეთის სასარგებლოდ“
Date:  294

„დღეს რუსეთი და დასავლეთი განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერის მიღებას ცდილობენ. აშკარაა, რომ ამ საკითხში უპირატესობა რუსეთს აქვს. პროპაგანდისტული ინსტრუმენტებით შეიარაღებული ეკონომიკურად განვითარებული დასავლეთის ქვეყნები და რუსეთი - ყველა თავისებურად ცდილობს აფრიკისა და ლათინური ამერიკის, აზიის ქვეყნების გადაბირებას, მაგრამ გასული საუკუნისაგან განსხვავებით, ამჯერად ძნელია ისინი არცევანის გაკეთებაზე გარედან აიძულო. მოსკოვი ამას აცნობიერებს, დასავლეთი კი ვერა. ამიტომაც კრემლი ამ მეტოქეობაში იმარჯვებს“, - ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „პოლიტიკოს“ (Politico) ევროპულ ვერსიაში დაბეჭდილ სტატიაში სათაურით „დასავლეთის ურთიერთობა აფრიკისა და აზიის ქვეყნებთან კრახის ზღვარზეა, რუსეთის სასარგებლოდ“ (ავტორი - ჯერემი ლისუბა, კონგოს პარლემენტის ოპოზიციური დეპუტატი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ენერგორესურსებზე ფასების მატების პირობებში, შეუჩერებელი ინფლაციისა და მსოფლიო ეკონომიკის დაცემის შიშში მყოფი დასავლეთი და რუსეთი ისევ იწყებენ ბრძოლას  მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. ბოლო დროს აფრიკაში ხშირად დადიან საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ჩინეთის თავდაცვის მინისტრი ცინ განი... ისინი ყველა „შავი კონტინენტის“ ქვეყნების თავის მხარეზე  გადაბირებას ცდილობენ.

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ აფრიკას არ სურს ღიად დაგმოს რუსეთის მოქმედება უკრაინაში შეჭრის გამო.აფრიკელებს ასევე არ სურთ  დასავლეთის მიერ შემოღებულ ანტირუსულ სანქციებში მონაწილეობა და მოსკოვის იზოლაცია. აფრიკა, ისევე როგორც ადრე, ხელგაშლილად ესალმება თავის ძველ და ნაცნობ პარტნიორს, გმობს ომს, მაგრამ მოსკოვის მიმართ არაფერს ამბობს.

რატომ? იმიტომ, რომ, მაგალითად, რუსეთმა მალავიში ათეული ათასობით სასუქი ჩაიტანა გლობალური დეფიციტის პირობებში, რაც მალაველმა ფერმერებმა უფლის ნაჩუქარ ციურ მანანად შეაფასეს. მალავის სოფლის მეურნეობის მინისტყრმა მოსკოვს ჭეშმარიტი მეგობარი უწოდა. იგივე სიტუაცია იქნება აფრიკის სხვა ქვეყნებში, სადაც რუსეთი 260 ათას ტონა სასუქს გაგზავნის.

კონგოს რესპუბლიკამ კი, უკრაინის ომის მიუხედავად, ამას წინათ რუსეთთან ხელი მოაწერა ხუთ მსხვილ ხელშეკრულებას თანამშრომლობის თაობაზე, რომლებშიც, კერძოდ,  გათვალისწინებულია ახალი ნავთობსადენის მშენებლობა და სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება.

აფრიკაში მსოფლიოს სახელმწიფოთა „ღიმილიან შეტევაში“ განსაკუთრებით სერგეი ლავროვი გამოირჩევა, რომელმაც მიმდინარე წელს უკვე მოასწრო და მოინახულა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ესვატინი (ყოფილი სვაზილენდი), ანგოლა, ერიტრეი, მალი, სუდანი, მავრიტანია და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ აფრიკაში ძლიერდება პრორუსუსლი ტენდენცია, რაც მკვეთრად განსხვავდება საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ამასწინანდელი აფრიკული ავანტიურული ვიზიტისაგან, რომელიც სრულიად ჩაიფუშა.

რა მოხდა მაკრონის ვიზიტის დროს? საფრანგეთის პრეზიდენტმა უტაქტობა გამოიჩინა კონგოში ყოფნისას, როცა მან უარი თქვა დაეგმო უგანდის ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკური კურსი, რომელიც მხარს უჭერს კონგოს აღმოსავლეთში მოქმედ სეპარატისტულ მოძრაობას. ემანუელ მაკრონი პრეს-კონფერენციაზე ბევრს ლაპარაკობდა კონგოსთან „ახალ ურთიერთობაზე“ და „ახლებურ მიდგომებზე“, მაგრამ მისი ემოციები ადასტურებლად იმას, რომ ევროპა აფრიკას ისევ ქედმაღლურად უყურებს და ვერ აცნობიერებს შეცვლილ რეალობას.

მართალია, ევროპა საუკუნეების განმავლობაში ახდენდა გავლენას აფრიკაზე, მაგრამ წარუმატებლად. ეს ჩანს ევროკავშირის ბოლო წლების პოლიტიკის შედეგებითაც, რომელსაც, შეიძლება ითქვას, დიდი არაფერი მოუტანია აფრიკელებისათვის.    

„აფრიკელები ამ ყველაფერს ხედავენ და ესმით. მას მოწმობს ანტიფრანგული განწყობების გაძლიერება დასავლეთ აფრიკაში. რა თქმა უნდა, არც რუსეთი და ჩინეთი არ არიან იდეალურები, მაგრამ მოსკოვი და პეკინი მეტ-ნაკლებად ითვალისწინებენ ახალ რეალიებს და შექმნილი სიტუაციითაც სარგებლობენ.

სრულიად ნათელია, რომ გავითარებული და განვითარებადი („მესამე სამყაროს“) ქვეყნების ურთიერთობა დაძაბული დარჩება მანამ, სანამ არ შეიცვლება წარმოდგენები და პოზიციები. დასავლეთმა უნდა გაიგოს, რომ განვითარებადი ქვეყნები ყურდღებით უსმენენ დასავლეთის სახელმწიფოთა რიტორიკას და მასში ბევრ წინააღმდეგობრივს ამჩნევენ. კაცმა რომ თქვას, ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან დასავლეთის ასეთი მიდგომები ისტორიულად დიდი ხანია უკვე ცნობილია. ეს გამოიხატება დახმარების არასრულფასოვნებაში, ვაჭრობის დისკრიმინაციაში, ადამიანის უფლებების დაცვის დისბალანსში და ა.შ. ეს გამოიხატება კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის მცირე დაფინანსებაში, რომელიც აფრიკის ქვეყნებს განსაკუთრებით

აშშ და ევროპა აფრიკის ქვეყნების პრორუსული ტრაექტორიით მოძრაობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეაჩერებენ, თუ შეეცდებიან ისეთი პოლიტიკის გატარებას, რომელიც თავისუფალი იქნება ძველი კოლონიური მიდგომებისაგან, რომელიც დამყარებული იქნება ჭეშმარიტ ურთიერთპატივისცემაზე და თანაბარ პარტნიორობაზე ლიგიტიმური ხელისუფლების მქონე ქვეყნებთან“.

წყარო: https://www.politico.eu/article/relations-africa-asia-brink-collapse-russia-benefit/

 

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way