USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
«Politico» : „საქართველო აცხადებს, რომ პროევროპელი პოლიტიკოსები გადატრიალებას გეგმავენ“
Date:  

აშშ-ის გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico), თავის ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბელგიაში, ბრიუსელში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო აცხადებს, რომ პროევროპელი პოლიტიკოსები გადატრიალებას გეგმავენ“ (ავტორი - გებრიელ გავინი).

პუბლიკაციის დასაწყისში გადმოცემულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ბაჩა მგელაძის განცხადება, რომლის თანახმად, უკრაინაში იგეგმება შეთქმულება საქართველოს [„სულ უფრო პრორუსული“] მთავრობის წინააღმდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე.

„საქართველოს ხელისუფლების განცხადება, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დანიშნული პირები სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორები არიან, უეჭველია, გააღრმავებს იმ განხეთქილებას, რომელიც უკვე არსებობს საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის და დაადასტურებს იმ ფართოდ გავრცელებულ ეჭვებს, რომელთა თანახმად, თბილისი სულ უფრო მეტად ექცევა კრემლის მიზიდულობაში“, - წერს ავტორი.

„გადატრიალების ბრალდებები მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ აბსურდულ მცდელობას წარმოადგენს - იმ მიზნით, რომ შექმნას წინაპირობები ოპონენტი პოლიტიკოსების დასაპატიმრებლად, არჩევნების მოახლოების პერიოდში, რომელიც მომავალ წელს უნდა ჩატარდეს“, - განუცხადა Politico-ს ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა დავით კეზერაშვილმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს მისი მთავრობის წევრი იყო - თავდაცვის მინისტრი რუსეთის არმიის საქართველოში შეჭრის დროს, 2008 წელს.

საქართველოს მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაცხადებული დაუსაბუთებელი ბრალდებები ერთ-ერთ რგოლს წარმოადგენს იმ გამწვავებული დავის პროცესისა, რომელიც ევროკავშირსაც ეხება. რამდენიმე დღის წინათ მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ იწყებენ პრეზიდენტის იმპიჩმენტს, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის ძალისხმევას არ უშურებს. იმავდროულად დასავლელეი დიპლომატები ოფიციალურ თბილისს აკრიტიკებენ, რომ მთავრობა უუნარო აღმოჩნდა „ლგბტ-ღონისძიების“ უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მიმდინარე წლის ზაფხულში.

საქართველოს კონსტიტუაციაში დაკანონებულია ქვეყნის სწრაფვა როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში გაწევრიანებისათვის, მაგრამ იმის ფონზე, რომ მმართველი პარტია სულ უფრო უკან იხევს დემოკრატიის პრინციპების დაცვისაგან, შარშან ბრიუსელმა საქართველოს უარი განუცხადა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე და რეკომენდაცია მისცა 12-პუნქტიანი მოთხოვნები შეესრულებინა. იმავდროულად კი სტატუსი მიენიჭა უკრაინას და მოლდოვას.

ამას წინათ თბილისში ვიზიტით იყო ჩასული ევროკავშირის მთავარი დიპლომატი ჟოზეპ ბორელი, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს მიერ გატარებული მუშაობა შესამჩნევია, თუმცა აუცილებელია დამატებითი ძალისხმევა. „ევროკავშირის მიერ ქართველი ხალხისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე მცირე დრო დარჩა, ამიტომ დაბეჯითებით მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ამ შესაძლებლობით ისარგებლოს“, - აღნიშნა ევროკავშირის დესპანმა.

ბიძინა ივანიშვილი, ოლიგარქი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომლის კაპიტალი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) თითქმის ნახევარს შეადგენს, როგორც ჩანს, პასუხისმგებელია ქვეყნის პრომოსკოვურ შემობრუნებაზე, უკრაინის ომის დაწყებიდან, - ნათქვამია ევროკომისიის მოხსენებაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედი ნაწილი რუსი ოკუპენტებისა და კრემლის ოსი და აფხაზი მარიონეტების ხელში იმყოფება, სამხრეთკავკასიური სახელმწიფო რუსეთისათვის პარალელური იმპორტის საკვანძო ცენტრი გახდა, რითაც [თბილისის მიერ] დასავლეთის მიერ გამოცხადებული ანტირუსული სანქციები ირღვევა

წყარო: https://www.politico.eu/article/georgia-european-union-coup-eu-pro-russia-government/

შენიშვნა:

ამ თემაზე სტატიები გამოქვეყნებულია აგრეთვე ბრიტანულ „თაიმსში“ (The Times) სათაურით „ქართველები უკრაინელ ოფიციალურ პირებს სახელმწიფო გადატრიალების მომზადების ბრალდებას უყენებენ“ (ავტორი - მარკ ბენეტი), რუსულ „იზვესტიაში“ (Известия) – „რევოლუცია? რა არის ცნობილი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების გამომჟღავნების შესახებ“ (ავტორი - იგორ კარმაზინი) და სხვა გაზეთებში.

მოამზადა სიმონ კილაძემ

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way