USD 2.7061
EUR 3.0936
RUB 3.3761
Tbilisi
«Politico» : „ევროკავშირთან უკრაინის ვაჭრობის პერსპექტივა საფრთხის წინაშეა: დონალდ ტრამპის მტრული დამოკიდებულება კიევის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს“
Date:  192

ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბრიუსელში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ევროკავშირთან უკრაინის ვაჭრობის პერსპექტივა საფრთხის წინაშეა: დონალდ ტრამპის მტრული დამოკიდებულება კი კიევის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს“ (ავტორი - ბარტოშ ბჟეზინსკი). პუბლიკაციაში განხილულია ის პრობლემები, რომლებიც ევროკავშირის და უკრაინის ვაჭრობაში სულ მალე გაჩნდება.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

ომის მეოთხე წლის დასაწყისში უკრაინის ეკონომიკას ევროსაფრთხე ელოდება: კიევი რისკის წინაშე დგას - შესაძლოა ქვეყანამ ევროკავშირის ბაზარზე პრივილეგირებული დაშვების უფლბა დაკარგოს. კიევი დიდი ძალისხმევით ცდილობს გაიგრძელოს შეღავათიანი უბაჟო რეჟიმი, რომელიც მის ეკონომიკას ომის დროს დაეხმარა და „ჩაძირვა“ თავიდან აიცილა.

უკრაინა სამ „ცეცხლშუა“

მაგრამ სანამ კიევი საკითხის გარკვევას ცდილობს, ევროპელი ლიდერები პასუხის გაცემას აჭიანურებენ: ისინი, შეიძლება ითქვას, „სამ ცეცხლშუა“  არიან - ერთი მხრივ, უვადო სოლიდარობის პირობას, მეორე მხრივ - აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოზიციის შეცვლას  და მესამე მხრივ - საკუთარი ფერმერების უკმაყოფილებას შორის.

როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებამ კიევს მრავალი პრობლემა შეუქმნა. პირველი თვის პრეზიდენტობის დროს რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა უკრაინას მიანიშნა, რომ ამერიკიდან ძველებური გულუხვი დახმარება გარანტირებული არ იქნება. დონალდ ტრამპმა ყურადღება არ მიაქცია ურსულა ფონ დერ ლაიენის პროუკრაინულ სატელეფონო ზარებს და კიევის გასაგონად „ღია ტექსტით“ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთისადმი ტერიტორიული დათმობებისთვის უნდა მომზადებულიყო. ამერიკელი ლიდერის ბოლო ბრალდებები - ცილისმწამებლური იარლიყის მიწებება ვოლოდიმირ ზელენსკისათვის „დიქტატორობის“ თაობაზე და მისი დადნაშაულება ომის გაჩაღებაში - კიდევ უფრო მეტად გააღრმავა ის შიშები, რომ  ვაშინგტონი უკრაინას დახმარების გარეშე დატოვებს.

„თუ ვაშინგტონი თავს მოგვახვევს შეთანხმებას მოსკოვური პირობებით, მაშინ ჩვენ ევროპის მხარდაჭერა ისე დაგვჭირდება როგორც არასდროს“, - აღიარა „პოლიტიკო“-სთან საუბარში ერთ-ერთმა უკრაინელმა ჩინოვნიკმა, რომელმაც სახელი არ გაამხილა და ანონიმად დარჩენა მოისურვა, საკითხის დელიკატურობის გამო.

ევროპელი ფერმერები... უკრაინის წინააღმდეგ?

2022 წლის თებერვლის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინისათვის ბაჟები გააუქმა (ე.წ. „ავტონომიური სავაჭრო ზომების“ პაკეტის მიღებით) და ქვეყნის ეკონომიკას ამით მაშველი რგოლი გადაუგდო. მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. რაც დროს გადიოდა, სოლიდარობის დემონსტრაცია დაძაბულობის კერად გადაიქცა: პოლონეთისა და საფრანგეთის მტავრობებს თავიანთი ფერმერები აუჯანყდნენ, რომლებიც კონკურენციას ვერ უწევდნენ უკრაინიდან უბაჟოდ იმპორტირებულ ხორბალს, მზესუმზირას, შაქარს და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას. ბუნებრივია, პარიზი და ვარშავა იძულებულნი გახდნენ მოეთხოვათ პროტექციონისტული ზომების მიღება შვიდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე, მათ შორის ხორბალზე, შაქარზე, მცენარეულ ზეთზე, კვერცხზე, ფრინველზე და ა.შ.

ახლა, როცა შეღავათებს სამი თვის შემდეგ ვადა ეწურებათ, ევროპის ლიდერები უკრაინას პირდებიან, რომ კვლავ გაუგრძელებენ შეღავათებს, მაგრამ ფერმერები აცხადებენ, რომ მთავრობებს დამცავი ზომები არ მიუღიათ. უკრაინული შაქარი იმდენად იაფია, რომ ადგილობრივ კომპანიებს მათი იმპორტი ურჩევნიათ, ვიდრე „მშობლიური მიწაზე“ თავიანთი ფერმერების მიერ მოწეული პროდუქცია.

„ცეცხლზე ნავთს ასხამს“ ის გარემოება, რომ უკრაინის სასოფლო-სამეურნეო სექტორმა უფროს სწრაფად დაიწყო აღორძინება, ვიდრე მოსალოდნელი იყო: მიუხედავად იმისა, რომ სახნავ-სათესი მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსებს აქვთ დაკავებული და რომ უკრაინის ტერიტორია მსოფლიოში ყველაზე ძალიან არის დანაღმული, უკრაინელმა ფერმერებმა შეძლეს და საწარმოო სიმძლავრეების დიდი ნაწილი  აღადგინეს, დაიბრუნეს შავი ზღვის საექსპორტო მარშრუტები და სამხედრო პერიოდის სიძნელეებს შეეგუენ, ომთან ადაპტაცია მოახდინეს, გაზარდეს ექსპორტი და იმპორტი მრავალფეროვანი გახადეს.

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკრაინის სოფლის მეურნეობის აღორძინებამ შიში გამოიწვია იმის გამო, რომ თუ უკრაინული პროდუქციის შეუზღუდავი იმპორტი გაგრძელდება, ადგილობრივ ფერმერებს კრახი ემუქრებათ და როგორც შედეგი - ხელისუფლება მთავრობის წინააღმდეგ მიმართული გამოსვლების წინაშე დადგებიან.

უკრაინელი ჩინოვნიკები საბაზრო კონკურენციის დარღვევის ბრალდებებს უარყოფენ. მათი მტკიცებით, უკრაინული პროდუქცია ევროპულს არანაირად არ ემუქრება, პირიქით, ვაჭრობას უფრო მრავალფეროვანს ხდის. და თუ რაიმე ცუდი ხდება და ვაჭრობაში დაძაბულება ჩნდება, ამაში დამნაშავეა „პოლიტიკური ეშმაკობები და არა საბაზრო გადახრები.

„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ომის დროსაც კი შეგვიძლია პროდუქცია ვაწარმოოთ და მისი ექსპორტი წარმატებით მოვახდინოთ. სწორედ ამიტომ ევროპელებმა ნერვიულობა დაიწყეს: მათ ეშინიათ, უკრაინული პროდუქცია მათ ბაზარზე გაბატონდება“, - ამბობს ერთ-ერთი სასოფლო-სამეურნეო ლობისტი.

უკრაინა: მარტოდმარტო რთული პრობლემებით?

ჯერ-ჯერობით ევროკავშირს ნამდვილი ბრძოლა წინ ელოდება - აუცილებელია ოქროს შუალედის მოძებნა უკრაინის დახმარებასა და ადგილობრივ ფერემერების ინტერესებს შორის. აშკარად არის გამოკვეთილი დილემა და მასში მთავარი როლი პოლონეთს ეკისრება. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის წინ პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ნაციონალისტურ პარტიაზე - „კანონზე და სამართლიანობაზე“ გაიმარჯვა, მისი პროუკრაინული პოზიცია გაფერმკრთალდა: პოლონელი ფერმერები მთავრობას არჩევნებში ხმის არმიცემით ემუქრებიან. ესე იგი, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა იძულებული ხდება თანამოქალაქეების ინტერესები დაიცვას.

ევროკავშირის თანამდებობის პირებისათვის ვაჭრობის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური ხდება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოზიციის გამოც. თუ უკრაინას არც ამერიკული დახმარება აღარ ექნება და არც პრივილეგირებული სტატუსი ევროკავშირის ბაზარზე, მაშინ კიევი სახიფათო იზოლაციის რისკის წინაშე დგება - მისი ეკონომიკა ხომ ძალიან არის დამოკიდებული დასავლეთის დახმარებაზე.

„ევროკავშირმა უნდა გამოიღვიძოს“, - ამბობს ერთ-ერთი უკრაინელი ჩინოვნიკი, - თუ ჩვენ ამერიკა აღარ დაგვეხმარება, ევროპა კი თავისი ფერმერების პრეტენზიებს დაეთანხმება, ჩვენ მარტოდმარტონი ვრჩებით... რუსეთი კი დამცინავ მზერას არ მოგვაკლებს“.

წყარო: https://www.politico.eu/article/ukraines-eu-trade-future-in-limbo-as-trump-turns-hostile/

analytics
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way