ოკუპირებული ცხინვალის ცენტრში, თეატრალურ მოედანზე, პარტია „ერთიანი ოსეთის“ ორგანიზებით მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც მილიციის იზოლატორში დაღუპული 28 წლის ინალ ჯაბიევის საქმის სამართლიან გამოძიებას მოითხოვდნენ და ე.წ. ოპოზიციას ამ ტრაგედიით სპეკულირებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდნენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციას, სახელწოდებით „კანონისა და სამართლიანობისთვის“ ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. მონაწილეებს სიტყვით დე ფაქტო „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმაც მიმართა და განაცხადა, რომ ყველა, ვისაც ჯაბიევის სიკვდილში ბრალი მიუძღვის, ციხეში აღმოჩნდება.
„ყველა მთელი სიმკაცრით დაისჯება და ციხეში ჩაჯდება. მათ კი, ვინც ფიქრობს, რომ ამ ტრაგედიას გამოიყენებს, უკანონობას შექმნის და ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებს, მინდა, ვუთხრა, რომ არ გამოუვა, იმიტომ, რომ ოსეთში კანონი და კონსტიტუცია დომინირებს,“- აღნიშნა ბიბილოვმა.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საპროტესტო გამოსვლები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. პროტესტი ცხინვალის მილიციის იზოლატორში 28 წლის ინალ ჯაბიევის დაღუპვას მოჰყვა, რომელიც მისი ახლობლების მტკიცებით, წამებითაა მოკლული. აქციის მონაწილეებს მხარს უჭერენ ე.წ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც დე ფაქტო პრეზიდენტის - ანატოლი ბიბილოვისა და ე.წ. გენერალური პროკურორის ურუზმაგ ჯაგაევის გადადგომას, ძალოვანი უწყებების ძირეულ რეფორმირებასა და ინალ ჯაბიევის მკვლელობაში მონაწილე პირების უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.
პროტესტის ფონზე ბიბილოვმა ჯერ ე.წ. შსს მინისტრი იგორ ნანიევი გაათავისუფლა პოსტიდან, შემდეგ კი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ერიკ ფუხაევი.

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.