USD 2.6104
EUR 2.9933
RUB 3.1028
Tbilisi
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 14-17 მარტი
Date:  686

აფხაზეთის დე ფაქტო საკონსტიტუციო სასამართლო: „ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ კანონის გაუქმებაზე მომართვა არ შემოსულა“

 

ადგილობრივი სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ ბიჭვინთის აგარაკის მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა. ინფორმაციის თანახმად, საკითხის განხილვა დე ფაქტო ლიდერის ასლან ბჟანიას ინიციირებით მოხდა და მისდა სამწუხაროდ „მოსამართლეთა“ უმრავლესობამ, თავმჯდომარის გარდა, ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

 

გავრცელებულ ინფორმაციას ოფიციალური განცხადებით თავად „საკონსტიტუციო სასამართლო“ გამოეხმაურა. „საკონსტიტუციო სასამართლოს არანაირი მომართვა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ კონსტიტუციური კანონის გაუქმების საკითხზე აფხაზეთის პრეზიდენტისა თუ სხვა სამთავრობო ორგანოს მხრიდან არ მიუღია“- ნათქვამია ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურის განცხადებაში. „სასამართლომ“ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაცია უწოდა და მოსახლეობას მოუწოდა, მსგავს დეზინფორმაციულ განცხადებებს არ წამოეგოს.

 

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მედია-ცენტრში საზოგადოებრივი პალატის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ, უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ და აფხაზეთის ლიდერის მრჩეველმა მილანა ბჟანიამ. შეხვედრის მთავარ თემებს რუსეთში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები, სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობა და ბიჭვინთის აგარაკთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული ნოტა წარმოადგენდა. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ დოკუმენტს საზოგადოებისგან დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა თვეზე მეტი მალავდა, თუმცა 13 მარტს ის ადგილობრივ სოციალურ ქსელში გავრცელდა.

 

ინალ არძინბა არა ნოტის შინაარსის, არამედ მისი გავრცელების ფაქტის გამო გამოთქვამდა უკმაყოფილებას. „თუ ამ ადამიანს სჯერა, რომ მან [ნოტის გამოქვეყნებით] სწორად მოიქცა, თქვას - ეს მე ვარ. რამდენად ხშირად ვაქვეყნებთ ნოტებს, თუ ეს მოლოცვის წერილი არ არის? რამდენად მიზანშეწონილია ეს, რამდენად შეესაბამება დიპლომატიურ ეთიკას, დიპლომატიურ პრაქტიკას? სახელმწიფოთაშორისი მიმოწერის გამოქვეყნება არის საკითხი, რომელზეც უშუალოდ გამომქვეყნებელს უნდა გავესაუბრო“- განაცხადა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისივე თქმით, ნოტის მიღების შემდეგ შეიქმნა სხვადასხვა „ოფიციალური“ სტრუქტურისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უკვე შეიმუშავა საპასუხო ნოტის პირველადი ვერსია.

 

დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების მონიტორინგის კონტექსტში მიმდინარე ღონისძიებები. ინალ არძინბამ დასძინა, რომ აპირებს მიმართოს რუსეთის ხელმძღვანელობას აფხაზეთში სხვადასხვა პროექტის დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით. „ვფიქრობ, ძალზე მნიშვნელოვანია, რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთში სასარგებლო პროექტების დაფინანსება დაიწყოს“, - აღნიშნა მან.

 

აღნიშნულ საკითხზე განცხადება დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამაც გააკეთა: „რუსეთისთვის ყველაზე მეგობრული სახელმწიფოებია ბელარუსი, უკრაინა, სომხეთი, საქართველო, და შეხედეთ რა ანტირუსული განწყობებია იქ გაჩენილი. ეს სწორედ ასეთი [სამოქალაქო] ორგანიზაციების საქმიანობას უკავშირდება, რომლებმაც ახალგაზრდობა რუსეთის წინააღმდეგ განაწყო. დღევანდელ არასამთავრობო ორგანიზაციებში დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად ომი გამოვიარეთ. მაგრამ ვფიქრობ, ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს მშვენივრად ესმის, თუ როგორი იქნება მომავალი თაობა, რა ღირებულებებზე იქნება აღზრდილი. რადგან ჩვენს მოკავშირეებს ასეთი შიშები აქვთ, თან საკმაოდ ლეგიტიმური, ჩვენ ვალდებულნი ვართ, სახელმწიფო, და არა პირადი ინტერესებით ვიხელმძღვანელოთ“.

 

თავის მხრივ, დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველმა მეცნიერების სფეროში „კოლექტიური დასავლეთის მიერ აფხაზეთის აგრესიულ იზოლაციაზე“ ისაუბრა. „ჩვენს ახალგაზრდებს არ სურთ იზოლირება და არ შეიძლება ჩვენ მკაცრად იზოლირებულები ვიყოთ, რადგან ამ სამყაროს ნაწილი ვართ. მაგრამ ჩვენ ავაშენებთ ურთიერთობას მხოლოდ იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც ჩვენს სუვერენიტეტს აღიარებენ და სურთ ჩვენთან თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემის პრინციპის საფუძველზე“, - განაცხადა მან. მილანა ბჟანიას თქმით, მიუხედავად „კოლექტიური დასავლეთის“ მცდელობებისა, სხვადასხვა სამეცნიერო ღონისძიებაში აფხაზების მონაწილეობა მაქსიმალურად აღკვეთონ, რუსეთის დახმარებით, ისინი მაინც აქტიურად მონაწილეობენ დსთ-ისა და BRICS-ის ფორმატებში.

 

ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობას აკრიტიკებს

 

ახალგაზრდული მოძრაობა “ჰარაჰპიცუნდა”-ს წევრი და სამოქალაქო აქტივისტი ომარ ხარჩილაა გამოეხმაურა დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფრთხილებასთან დაკავშირებით.

„ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო ისევ ცარიელ ისტერიას აჩენს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უცხო ქვეყნები აფხაზეთში მგზავრობასთან დაკავშირებით უარყოფით რეკომენდაციას იძლევიან. მსგავსი რეკომენდაცია მხოლოდ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე არ დევს. ეს კეთდება მხოლოდ იმიტომ, რომ საჭიროების შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეები აფხაზეთში საკუთარ საკონსულოს ვერ მიმართავენ, მისი არარსებობის გამო“, - აღნიშნავს ომარ ხარჩილაა. მისივე შეფასებით, ალოგიკურია იმის მტკიცება, რომ სწორედ ამ ნაბიჯებით ხდება აფხაზეთის „აგრესიული იზოლაცია“, მაშინ როდესაც, მაგალითად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთში მგზავრობა რუსებისთვის სახიფათოდ გამოაცხადა: „ჩვენ ხომ არ ვადანაშაულებთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „აფხაზეთის აგრესიულ იზოლაციაში“.

აღსანიშნავია, რომ მანამდე დე ფაქტო ხელისუფლების მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ისევე როგორც მიმდებარე ზონებში მოგზაურობას კატეგორიულად არ ურჩევს და უსაფრთხოების კუთხით არსებული რისკების შესახებ აფრთხილებს.

„ჰარაჰპიცუნდა“-მ ასევე გაავრცელა განცხადება ბიჭვინთის აგარაკის თაობაზე რუსეთისგან მიღებულ საპროტესტო ნოტასთან დაკავშირებით. „ჩვენ არაერთხელ დავასახელეთ მიზეზები, თუ რატომ არის ეს შეთანხმება [ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ] ყველა პრინციპისა და კანონის დარღვევა. მათ შორის არის მესამე პირებზე გადაცემის, კაპიტალური მშენებლობის, ჩვენი საზღვრების ცვლილებისა და კონსტიტუციის დარღვევის საკითხები. ეს შეთანხმება ეწინააღმდეგება აფხაზეთის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს იდეას“, - აღნიშნულია მათ განცხადებაში.

„ჰარაჰპიცუნდა“-ს წევრები აღნიშნავენ, რომ როგორც მიღებული ნოტიდან იკვეთება, შექმნილი ბარიერები რუსეთს არ აწყობს. მათი შეფასებით, საკუთარ ტყუილში ჩახლართული დე ფაქტო ხელისუფლება ანგრევს ურთიერთობას როგორც საკუთარ ხალხთან, ისე „სტრატეგიულ პარტნიორთან“. „თუ ამ პროცესს არ შევაჩერებთ, არც სახელმწიფო გვექნება და არც მეგობრები გვეყოლება. ხოლო ადამიანები, რომლებმაც ეს ყველაფერი წამოიწყეს - პრეზიდენტი, იუსტიციის მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი - დაუსჯელად განაგრძობენ ცხოვრებას და არ იფიქრებენ იმ ქვეყნის მომავალზე, რომელსაც საკუთარ ქვეყნად არასდროს მიაჩნდათ. მთელი ეს სიტუაცია არათუ აღმაშფოთებელია, არამედ უსაზღვრო რისხვას იწვევს... გვინდა, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ იცოდეს - აფხაზეთიდან ბიზნეს-გარიგებას ვერ შექმნიან. ამ პრობლემის მოგვარება სუვერენიტეტისა თუ ტერიტორიების ხარჯზე დაუშვებელია“, - აცხადებს „ჰარაჰპიცუნდა“.

 

აფხაზეთის „დელეგაცია“ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს აკვირდებოდა

 

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ე.წ. დეპუტატები ადგურ ხარაზია, ბადრიკ ფილია, ახრა ფაჩულია, ასევე დე ფაქტო პარლამენტის აპარატის უფროსი ვადიმ ბჟანია. აფხაზი „დამკვირვებლები“ მიიჩნევენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები „დემოკრატიულად, გამჭვირვალედ ლეგიტიმურად, საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტებისა და რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდა“. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარესთან ვლადიმირ ბულავინთან და თავმჯდომარის მოადგილესთან სერგეი მარტინოვთან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე განხილულ იქნა აფხაზეთის უსაფრთხოების შემდგომ გაძლიერებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის სამუშაო გეგმა.

 

აღსანიშნავია, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში 30 საარჩევნო უბანი გაიხსნა. წინასაარჩევნო პერიოდში დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია რუსეთის მოქალაქეობის მქონე მოსახლეობას აქტიურად მოუწოდებდა, არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ და ხმა ვლადიმირ პუტინისთვის მიეცათ.

 

აფხაზეთი არაბთა გაერთიანებული საამიროებთან ეკონომიკური კავშირებით განვითარებას ცდილობს

 

აფხაზეთსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს შორის საინვესტიციო, ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის დამყარების შესაძლებლობებზე იმსჯელა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ საკუთარ თანაშემწესთან ედგარ გვაზავასთან გამართულ ონლაინ-შეხვედრაზე. გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად განიხილება აფხაზეთის დელეგაციის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

 

ინალ არძინბამ მადლიერების აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპლექსური დახმარება არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან დიალოგის ჩამოყალიბების კონტექსტში. ამავდროულად, მან ხაზი გაუსვა გარკვეულ „ძალებს“, რომლების ამ პროცესში აფხაზეთს ხელს უშლის.

 

თავის მხრივ, ედგარ გვაზავამ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, განიხილება აფხაზეთის მონაწილეობის შესაძლებლობა მსხვილ საინვესტიციო ღონისძიებებსა და ფორუმებში, სადაც აფხაზეთის წარმომადგენლებს არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნეს-წრეებთან, შეძლებისდაგვარად ოფიციალურ სტრუქტურებთანაც კავშირების გაღრმავება შეეძლებათ. „საქართველოს მხრიდან მსგავსი ინიციატივების აღკვეთის მცდელობების გათვალისწინებით, ედგარ გვაზავამ კონკრეტული ღონისძიებები და მათი ჩატარების თარიღები არ დაასახელა“, - ნათქვამია დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აფხაზეთის ე.წ. ომბუდსმენმა ანას ქიშმარიამ პარლამენტის სხდომაზე ყოველწლიური ანგარიში წარადგინა

 

დე ფაქტო ომბუდსმენმა საკუთარი საქმიანობის მნიშვნელოვან სფეროებს შორის აფხაზეთის „მეგობარი ქვეყნების“ უფლებადამცველ ინსტიტუტებთან ურთიერთობა, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მუშაობა და ასევე ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის განვითარება დაასახელა. „საანგარიშო პერიოდში მომზადდა და ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმებს რუსეთის ფედერაციისა და ვენესუელის ადამიანის უფლებათა დაცვაზე პასუხისმგებელ პირებთან, მიღწეულ იქნა შეთანხმება ნიკარაგუის ომბუდსმენთან ურთიერთობის შესახებ, ასევე ვავითარებთ ურთიერთობას კოლეგებთან სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთიდან“, - აღნიშნა ქიშმარიამ. გავრცელებული ინფორმაციით, დე ფაქტო ომბუდსმენმა მონაწილეობა მიიღო ორ საერთაშორისო ღონისძიებაში - ომბუდსმენთა ევრაზიის ალიანსში და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ომბუდსმენებმა და დიპლომატებმა 47 ქვეყნიდან.

 

დე ფაქტო ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე საუბრისას, ანას ქიშმარიამ განსაკუთრებით აღნიშნა პარლამენტთან არსებული ურთიერთობები, რომელიც „ხელსაყრელ, მეგობრულ ატმოსფეროში ვითარდება“.

 

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მიმოხილვისას, დე ფაქტო ომბუდსმენს არ უხსენებია საქართველოს მოქალაქის თემურ კარბაიას შემთხვევა, რომელიც გასული წლის დეკემბერში, გალში, ე.წ. მილიციელების მიერ მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

 

სხდომის ფარგლებში ანას ქიშმარიამ დე ფაქტო დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა. ფსოუს გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების დაკავების საკითხზე დასმულ შეკითხვაზე მან აღნიშნა, რომ ეს არის „აქტუალური“ თემა, რომელიც „საზოგადოებრივ რეზონანსს“ იწვევს. „ომბუდსმენის ოფისისთვის არავის მოუმართავს, ალბათ იმიტომ, რომ აქ ადამიანის უფლებების დარღვევაზე საუბარი არ არის. სასაზღვრო სამსახურს მართლაც აქვს უფლება სამი საათით დააკავოს ადამიანი, მისი შემოწმებისა და გასაუბრებისთვის. დეტალების გარკვევის მიზნით ჩვენ უკვე მივმართეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და საგარეო საქმეთა სამინისტროს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია“, - განაცხადა მან.

 

ე.წ. პარლამენტის წევრის, დაუთ ხუთაბა დაინტერესდა, იღებს თუ არა ომბუდსმენი საჩივრებს ბინადრობის მოწმობის მიღებისა და გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ (აღსანიშნავია, რომ 2023 წლის დეკემბერში დამტკიცებული ცვლილებების შედეგად, გალის მოსახლეობისთვის გაცემული ბინადრობის მოწმობის მოქმედების ვადა ხუთიდან ათ წლამდე გაიზარდა), ასევე აქვს თუ არა მას ურთიერთობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. პირველ კითხვის პასუხად ანას ქიშმარიამ აღნიშნა, რომ მიმართვებისა და საჩივრების მიღება შეწყდა. რაც შეეხება არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობას, მან გამოთქვა სრული მზაობა ითანამშრომლოს სამოქალაქო საზოგადოების ყველა წარმომადგენელთან და პოლიტიკოსებთან.

 

საგულისხმოა, რომ საკუთარ ანგარიშში აფხაზეთის დე ფაქტო ომბუდსმენი გალში მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობასაც ეხება და აცხადებს, მათი მოხსენიება „უცხო ქვეყნის მოქალაქის“ სტატუსით არასწორია, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი აფხაზეთში დაბადებიდან ცხოვრობენ და „ძირძველ მოსახლეობას“ წარმოადგენენ.

წყარო:https://accentnews.ge/

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way