ადგილობრივი სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ ბიჭვინთის აგარაკის მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა. ინფორმაციის თანახმად, საკითხის განხილვა დე ფაქტო ლიდერის ასლან ბჟანიას ინიციირებით მოხდა და მისდა სამწუხაროდ „მოსამართლეთა“ უმრავლესობამ, თავმჯდომარის გარდა, ხმა მის წინააღმდეგ მისცა.
გავრცელებულ ინფორმაციას ოფიციალური განცხადებით თავად „საკონსტიტუციო სასამართლო“ გამოეხმაურა. „საკონსტიტუციო სასამართლოს არანაირი მომართვა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ კონსტიტუციური კანონის გაუქმების საკითხზე აფხაზეთის პრეზიდენტისა თუ სხვა სამთავრობო ორგანოს მხრიდან არ მიუღია“- ნათქვამია ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურის განცხადებაში. „სასამართლომ“ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაცია უწოდა და მოსახლეობას მოუწოდა, მსგავს დეზინფორმაციულ განცხადებებს არ წამოეგოს.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ, უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ და აფხაზეთის ლიდერის მრჩეველმა მილანა ბჟანიამ. შეხვედრის მთავარ თემებს რუსეთში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები, სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობა და ბიჭვინთის აგარაკთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული ნოტა წარმოადგენდა. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ დოკუმენტს საზოგადოებისგან დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა თვეზე მეტი მალავდა, თუმცა 13 მარტს ის ადგილობრივ სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ინალ არძინბა არა ნოტის შინაარსის, არამედ მისი გავრცელების ფაქტის გამო გამოთქვამდა უკმაყოფილებას. „თუ ამ ადამიანს სჯერა, რომ მან [ნოტის გამოქვეყნებით] სწორად მოიქცა, თქვას - ეს მე ვარ. რამდენად ხშირად ვაქვეყნებთ ნოტებს, თუ ეს მოლოცვის წერილი არ არის? რამდენად მიზანშეწონილია ეს, რამდენად შეესაბამება დიპლომატიურ ეთიკას, დიპლომატიურ პრაქტიკას? სახელმწიფოთაშორისი მიმოწერის გამოქვეყნება არის საკითხი, რომელზეც უშუალოდ გამომქვეყნებელს უნდა გავესაუბრო“- განაცხადა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისივე თქმით, ნოტის მიღების შემდეგ შეიქმნა სხვადასხვა „ოფიციალური“ სტრუქტურისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უკვე შეიმუშავა საპასუხო ნოტის პირველადი ვერსია.
დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების მონიტორინგის კონტექსტში მიმდინარე ღონისძიებები. ინალ არძინბამ დასძინა, რომ აპირებს მიმართოს რუსეთის ხელმძღვანელობას აფხაზეთში სხვადასხვა პროექტის დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით. „ვფიქრობ, ძალზე მნიშვნელოვანია, რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთში სასარგებლო პროექტების დაფინანსება დაიწყოს“, - აღნიშნა მან.
აღნიშნულ საკითხზე განცხადება დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამაც გააკეთა: „რუსეთისთვის ყველაზე მეგობრული სახელმწიფოებია ბელარუსი, უკრაინა, სომხეთი, საქართველო, და შეხედეთ რა ანტირუსული განწყობებია იქ გაჩენილი. ეს სწორედ ასეთი [სამოქალაქო] ორგანიზაციების საქმიანობას უკავშირდება, რომლებმაც ახალგაზრდობა რუსეთის წინააღმდეგ განაწყო. დღევანდელ არასამთავრობო ორგანიზაციებში დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად ომი გამოვიარეთ. მაგრამ ვფიქრობ, ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს მშვენივრად ესმის, თუ როგორი იქნება მომავალი თაობა, რა ღირებულებებზე იქნება აღზრდილი. რადგან ჩვენს მოკავშირეებს ასეთი შიშები აქვთ, თან საკმაოდ ლეგიტიმური, ჩვენ ვალდებულნი ვართ, სახელმწიფო, და არა პირადი ინტერესებით ვიხელმძღვანელოთ“.
თავის მხრივ, დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველმა მეცნიერების სფეროში „კოლექტიური დასავლეთის მიერ აფხაზეთის აგრესიულ იზოლაციაზე“ ისაუბრა. „ჩვენს ახალგაზრდებს არ სურთ იზოლირება და არ შეიძლება ჩვენ მკაცრად იზოლირებულები ვიყოთ, რადგან ამ სამყაროს ნაწილი ვართ. მაგრამ ჩვენ ავაშენებთ ურთიერთობას მხოლოდ იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც ჩვენს სუვერენიტეტს აღიარებენ და სურთ ჩვენთან თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემის პრინციპის საფუძველზე“, - განაცხადა მან. მილანა ბჟანიას თქმით, მიუხედავად „კოლექტიური დასავლეთის“ მცდელობებისა, სხვადასხვა სამეცნიერო ღონისძიებაში აფხაზების მონაწილეობა მაქსიმალურად აღკვეთონ, რუსეთის დახმარებით, ისინი მაინც აქტიურად მონაწილეობენ დსთ-ისა და BRICS-ის ფორმატებში.
ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობას აკრიტიკებს
ახალგაზრდული მოძრაობა “ჰარაჰპიცუნდა”-ს წევრი და სამოქალაქო აქტივისტი ომარ ხარჩილაა გამოეხმაურა დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფრთხილებასთან დაკავშირებით.
„ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო ისევ ცარიელ ისტერიას აჩენს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უცხო ქვეყნები აფხაზეთში მგზავრობასთან დაკავშირებით უარყოფით რეკომენდაციას იძლევიან. მსგავსი რეკომენდაცია მხოლოდ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე არ დევს. ეს კეთდება მხოლოდ იმიტომ, რომ საჭიროების შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეები აფხაზეთში საკუთარ საკონსულოს ვერ მიმართავენ, მისი არარსებობის გამო“, - აღნიშნავს ომარ ხარჩილაა. მისივე შეფასებით, ალოგიკურია იმის მტკიცება, რომ სწორედ ამ ნაბიჯებით ხდება აფხაზეთის „აგრესიული იზოლაცია“, მაშინ როდესაც, მაგალითად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთში მგზავრობა რუსებისთვის სახიფათოდ გამოაცხადა: „ჩვენ ხომ არ ვადანაშაულებთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „აფხაზეთის აგრესიულ იზოლაციაში“.
აღსანიშნავია, რომ მანამდე დე ფაქტო ხელისუფლების მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ისევე როგორც მიმდებარე ზონებში მოგზაურობას კატეგორიულად არ ურჩევს და უსაფრთხოების კუთხით არსებული რისკების შესახებ აფრთხილებს.
„ჰარაჰპიცუნდა“-მ ასევე გაავრცელა განცხადება ბიჭვინთის აგარაკის თაობაზე რუსეთისგან მიღებულ საპროტესტო ნოტასთან დაკავშირებით. „ჩვენ არაერთხელ დავასახელეთ მიზეზები, თუ რატომ არის ეს შეთანხმება [ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ] ყველა პრინციპისა და კანონის დარღვევა. მათ შორის არის მესამე პირებზე გადაცემის, კაპიტალური მშენებლობის, ჩვენი საზღვრების ცვლილებისა და კონსტიტუციის დარღვევის საკითხები. ეს შეთანხმება ეწინააღმდეგება აფხაზეთის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს იდეას“, - აღნიშნულია მათ განცხადებაში.
„ჰარაჰპიცუნდა“-ს წევრები აღნიშნავენ, რომ როგორც მიღებული ნოტიდან იკვეთება, შექმნილი ბარიერები რუსეთს არ აწყობს. მათი შეფასებით, საკუთარ ტყუილში ჩახლართული დე ფაქტო ხელისუფლება ანგრევს ურთიერთობას როგორც საკუთარ ხალხთან, ისე „სტრატეგიულ პარტნიორთან“. „თუ ამ პროცესს არ შევაჩერებთ, არც სახელმწიფო გვექნება და არც მეგობრები გვეყოლება. ხოლო ადამიანები, რომლებმაც ეს ყველაფერი წამოიწყეს - პრეზიდენტი, იუსტიციის მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი - დაუსჯელად განაგრძობენ ცხოვრებას და არ იფიქრებენ იმ ქვეყნის მომავალზე, რომელსაც საკუთარ ქვეყნად არასდროს მიაჩნდათ. მთელი ეს სიტუაცია არათუ აღმაშფოთებელია, არამედ უსაზღვრო რისხვას იწვევს... გვინდა, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ იცოდეს - აფხაზეთიდან ბიზნეს-გარიგებას ვერ შექმნიან. ამ პრობლემის მოგვარება სუვერენიტეტისა თუ ტერიტორიების ხარჯზე დაუშვებელია“, - აცხადებს „ჰარაჰპიცუნდა“.
აფხაზეთის „დელეგაცია“ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს აკვირდებოდა
დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ე.წ. დეპუტატები ადგურ ხარაზია, ბადრიკ ფილია, ახრა ფაჩულია, ასევე დე ფაქტო პარლამენტის აპარატის უფროსი ვადიმ ბჟანია. აფხაზი „დამკვირვებლები“ მიიჩნევენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები „დემოკრატიულად, გამჭვირვალედ ლეგიტიმურად, საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტებისა და რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდა“. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარესთან ვლადიმირ ბულავინთან და თავმჯდომარის მოადგილესთან სერგეი მარტინოვთან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე განხილულ იქნა აფხაზეთის უსაფრთხოების შემდგომ გაძლიერებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის სამუშაო გეგმა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში 30 საარჩევნო უბანი გაიხსნა. წინასაარჩევნო პერიოდში დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია რუსეთის მოქალაქეობის მქონე მოსახლეობას აქტიურად მოუწოდებდა, არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ და ხმა ვლადიმირ პუტინისთვის მიეცათ.
აფხაზეთი არაბთა გაერთიანებული საამიროებთან ეკონომიკური კავშირებით განვითარებას ცდილობს
აფხაზეთსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს შორის საინვესტიციო, ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის დამყარების შესაძლებლობებზე იმსჯელა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ საკუთარ თანაშემწესთან ედგარ გვაზავასთან გამართულ ონლაინ-შეხვედრაზე. გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად განიხილება აფხაზეთის დელეგაციის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
ინალ არძინბამ მადლიერების აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპლექსური დახმარება არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან დიალოგის ჩამოყალიბების კონტექსტში. ამავდროულად, მან ხაზი გაუსვა გარკვეულ „ძალებს“, რომლების ამ პროცესში აფხაზეთს ხელს უშლის.
თავის მხრივ, ედგარ გვაზავამ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, განიხილება აფხაზეთის მონაწილეობის შესაძლებლობა მსხვილ საინვესტიციო ღონისძიებებსა და ფორუმებში, სადაც აფხაზეთის წარმომადგენლებს არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნეს-წრეებთან, შეძლებისდაგვარად ოფიციალურ სტრუქტურებთანაც კავშირების გაღრმავება შეეძლებათ. „საქართველოს მხრიდან მსგავსი ინიციატივების აღკვეთის მცდელობების გათვალისწინებით, ედგარ გვაზავამ კონკრეტული ღონისძიებები და მათი ჩატარების თარიღები არ დაასახელა“, - ნათქვამია დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აფხაზეთის ე.წ. ომბუდსმენმა ანას ქიშმარიამ პარლამენტის სხდომაზე ყოველწლიური ანგარიში წარადგინა
დე ფაქტო ომბუდსმენმა საკუთარი საქმიანობის მნიშვნელოვან სფეროებს შორის აფხაზეთის „მეგობარი ქვეყნების“ უფლებადამცველ ინსტიტუტებთან ურთიერთობა, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მუშაობა და ასევე ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის განვითარება დაასახელა. „საანგარიშო პერიოდში მომზადდა და ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმებს რუსეთის ფედერაციისა და ვენესუელის ადამიანის უფლებათა დაცვაზე პასუხისმგებელ პირებთან, მიღწეულ იქნა შეთანხმება ნიკარაგუის ომბუდსმენთან ურთიერთობის შესახებ, ასევე ვავითარებთ ურთიერთობას კოლეგებთან სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთიდან“, - აღნიშნა ქიშმარიამ. გავრცელებული ინფორმაციით, დე ფაქტო ომბუდსმენმა მონაწილეობა მიიღო ორ საერთაშორისო ღონისძიებაში - ომბუდსმენთა ევრაზიის ალიანსში და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ომბუდსმენებმა და დიპლომატებმა 47 ქვეყნიდან.
დე ფაქტო ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე საუბრისას, ანას ქიშმარიამ განსაკუთრებით აღნიშნა პარლამენტთან არსებული ურთიერთობები, რომელიც „ხელსაყრელ, მეგობრულ ატმოსფეროში ვითარდება“.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მიმოხილვისას, დე ფაქტო ომბუდსმენს არ უხსენებია საქართველოს მოქალაქის თემურ კარბაიას შემთხვევა, რომელიც გასული წლის დეკემბერში, გალში, ე.წ. მილიციელების მიერ მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
სხდომის ფარგლებში ანას ქიშმარიამ დე ფაქტო დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა. ფსოუს გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების დაკავების საკითხზე დასმულ შეკითხვაზე მან აღნიშნა, რომ ეს არის „აქტუალური“ თემა, რომელიც „საზოგადოებრივ რეზონანსს“ იწვევს. „ომბუდსმენის ოფისისთვის არავის მოუმართავს, ალბათ იმიტომ, რომ აქ ადამიანის უფლებების დარღვევაზე საუბარი არ არის. სასაზღვრო სამსახურს მართლაც აქვს უფლება სამი საათით დააკავოს ადამიანი, მისი შემოწმებისა და გასაუბრებისთვის. დეტალების გარკვევის მიზნით ჩვენ უკვე მივმართეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და საგარეო საქმეთა სამინისტროს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია“, - განაცხადა მან.
ე.წ. პარლამენტის წევრის, დაუთ ხუთაბა დაინტერესდა, იღებს თუ არა ომბუდსმენი საჩივრებს ბინადრობის მოწმობის მიღებისა და გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ (აღსანიშნავია, რომ 2023 წლის დეკემბერში დამტკიცებული ცვლილებების შედეგად, გალის მოსახლეობისთვის გაცემული ბინადრობის მოწმობის მოქმედების ვადა ხუთიდან ათ წლამდე გაიზარდა), ასევე აქვს თუ არა მას ურთიერთობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. პირველ კითხვის პასუხად ანას ქიშმარიამ აღნიშნა, რომ მიმართვებისა და საჩივრების მიღება შეწყდა. რაც შეეხება არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობას, მან გამოთქვა სრული მზაობა ითანამშრომლოს სამოქალაქო საზოგადოების ყველა წარმომადგენელთან და პოლიტიკოსებთან.
საგულისხმოა, რომ საკუთარ ანგარიშში აფხაზეთის დე ფაქტო ომბუდსმენი გალში მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობასაც ეხება და აცხადებს, მათი მოხსენიება „უცხო ქვეყნის მოქალაქის“ სტატუსით არასწორია, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი აფხაზეთში დაბადებიდან ცხოვრობენ და „ძირძველ მოსახლეობას“ წარმოადგენენ.
წყარო:https://accentnews.ge/