USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
Тбилиси
ოკეანის უდიდესი დინება კოლაფსის პირასაა, რაც მთლიან პლანეტას შეცვლის — ახალი კვლევა
дата:  3767

დედამიწას რომ პულსი ჰქონდეს, ეს ატლანტიკის მერიდიანული ბრუნვის ცირკულაცია (AMOC) იქნებოდა — ოკეანის დინებათა მორევი, რომლებსაც ტროპიკული სითბო ჩრდილოეთით, პოლარული წყლებისკენ მიაქვთ.

გასული საუკუნის განმავლობაში, ეს გლობალური გულისცემა შესუსტდა და მისი სიჩქარე ისე შემცირდა, როგორც არასოდეს ბოლო ათასწლეულში. სხვადასხვა ინდექსზე დაყრდნობით ჩატარებული ახალი კვლევა აძლიერებს მოსაზრებას, რომ მისი შესუსტება უბრალო მოვლენა არ არის და გარდაუვალია კრიტიკული გარდასვლის პერიოდი.

კვლევა ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის კლიმატის მეცნიერმა, ნიკლას ბოერსმა ჩაატარა და წარმოადგენს უახლეს მინიშნებას იმის შესახებ, რომ ატლანტიკის მერიდიანული ბრუნვის ცირკულაცია დიდ გარდამტეხ წერტილს უახლოვდება.

მისი კვლევა ჟურნალ Nature Climate Change-ში გამოქვეყნდა და ამტკიცებს, რომ AMOC-ის შედარებით სტაბილურად შენარჩუნება შესაძლებელია ორ სხვადასხვა მდგომარეობაში.

ერთ-ერთია ის მტკიცე ფორმა, რომელიც მთელი თანამედროვე ისტორიის მანძილზე არსებობს და დიდი ოდენობით თბილი წყალი ტროპიკებიდან ჩრდილოეთით მიაქვს; გზადაგზა ეს წყალი სულ უფრო მკვრივდება, რადგან იკლებს მისი ტემპერატურა და იზრდება მარილიანობა.

ეს პროცესი ოკეანისა და ატმოსფეროს მასშტაბით ადგილს უცვლის სითბურ ენერგიას, ამავე დროს, ერთმანეთში ურევს მინერალებსა და ორგანულ ნაერთებს, რომლებიც ოკეანის თავისუფლად მოძრავ წყლებს ანოყიერებენ.

მეორეა გაცილებით სუსტი სისტემა ნელა მოძრავი წყლით, რომელსაც საკვები ნივთიერებებით მდიდარი თბილი წყლის ატლანტის ოკეანის მასშტაბით გადასატანად დიდი დრო სჭირდება.

გასულ წლებში ატლანტიკის მერიდიანული ბრუნვის ცირკულაციის კვლევები იშვიათად ტარდებოდა, მაგრამ მაინც შეიმჩნეოდა იმის ნიშნები, რომ ეს უზარმაზარი კონვეიერის სარტყელი ისეთი აღარ იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო.

კლიმატური მოდელების კომპლექსურობიდან გამომდინარე, ამ აშკარა ცვლილების ზუსტი მიზეზი უცნობია, რაც აჩენს დებატებს ზუსტი პროგნოზებისა და შედეგების შესახებ. თუმცა, იზრდება მტკიცებულებები, რომელთა მიხედვითაც, ყინულების ჩქარი დნობის შედეგად გამოთავისუფლებული წყალი აგდებს მარილიანობას და ურევს ტემპერატურას, რაც მთლიან სისტემას ამუხრუჭებს.

ზოგიერთი მოდელის მიხედვით, AMOC შეიძლება შეეგუოს რამდენადმე შენელებას, შედარებით სტაბილური დარჩეს პოლუსების დნობის მიუხედავად და მცირე გასაჭირის შემდეგ, წარსულის დიდებაც კვლავ დაუბრუნდეს.

თუმცა, ასეთ სცენარს ყველა არ ეთანხმება. როგორც ბოერსი თავის კვლევაში წერს, კარგი მიზეზი გვაქვს ვიეჭვოთ, რომ დინებათა ქსელი არა მხოლოდ კოლაფსირდეს გაცილებით სუსტ და არასტაბილურ ფორმაში, არამედ უკვე ამის ზღვარზეა.

„კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ამ შესუსტება შეიძლება დაკავშირებული იყოს გასულ საუკუნეში AMOC-ის სტაბილურობის თითქმის მთლიანად მოშლასთან, ამავე დროს, ატლანტიკის მერიდიანული ბრუნვის ცირკულაცია შეიძლება ახლოს იყოს სუსტი ცირკულაციის რეჟიმში გადასვლის კრიტიკულ წერტილთან“, — ამბობს ბოერსი.

ამ დინებათა დრამატული შემცირების შედეგები ჯერ ბოლომდე არ ვიცით. ზოგიერთი კვლევით, ამან შეიძლება პლანეტა გააციოს და პოტენციურად შეეწინააღმდეგოს გლობალურ დათბობას.

თუმცა, ვიდრე ზედმეტად აღფრთოვანდებით, ეს არც ისე კარგი შეიძლება იყოს, როგორც უცებ წარმოიდგინეთ. ატლანტიკის დინებებში ენერგიისა და საკვები ნივთიერებების გადანაწილებაში უზარმაზარ ცვლილებებს სიღრმისეული შედეგები მოჰყვება ევროპისა და ამერიკის ამინდის სისტემებსა და ეკოლოგიაზე, რასაც თან უნდა ახლდეს მასიური ეკონომიკური ეფექტები ყველაფერზე, სოფლის მეურნეობიდან დაწყებული, ტურიზმით დამთავრებული.

მაგალითად, იმან, რამაც შეიძლება ამაზონს მეტი ნალექი მოუტანოს, ევროპას შეიძლება პროდუქტიულობა დააკარგვინოს.

ბოერსი დარწმუნებულია, რომ მისი მოდელები ატლანტიკის მერიდიანული ბრუნვის ცირკულაციის კოლაფსის მოახლოებაზე მიუთითებს, მაგრამ გეოლოგიური მოვლენების ზუსტი დროის პროგნოზირება ადვილი არ არის. უცაბედ ცვლილებასაც კი შეიძლება წლები ან ათწლეულები დასჭირდეს.

ერთადერთ, რაც აშკარად ცხადია, ის არის, რამდენად სარისკოდ ახლოს მივყავართ ჩვენს ქმედებებს გარდაუვალ ცვლილებებთან.

„ერთადერთი გამოსავალია გამონაბოლქვის რაც შეიძლება შემცირება. ატმოსფეროში გამოყოფილი ყოველი გრამი ნახშირორჟანგი ზრდის უკიდურესად მაღალი ზემოქმედების მოვლენათა რისკს“, — ამბობს კვლევის ავტორი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის კლიმატის მეცნიერი ნიკლას ბოერსი.

კვლევა Nature Climate Change-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The Guardian-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати