USD 2.6071
EUR 2.9911
RUB 3.0972
Tbilisi
“ოჯახებით მიდიან, უკან დაბრუნებას აღარ აპირებენ” - როგორ ცვლის მიგრაცია დემოგრაფიულ სურათს საქართველოში
Date:  3858

ბოლო ორი წლის განმავლობაში, 2021-2022 წლებში საქართველოდან ემიგრაციაში წავიდა 87 222 ადამიანი - წარმოიდგინეთ ორი ქალაქის - ზუგდიდისა და გორის მოსახლეობა ერთად. 2012 წლიდან 2022 წლის ჩათვლით კი საქართველო დატოვა და უკან აღარ დაბრუნებულა დაახლოებით იმდენივე ადამიანი, რაც მის ერთ რეგიონში - შიდა ქართლში ცხოვრობს, ანუ 244 966. საქართველოდან გასულთა მონაცემებს ყოველ წელს საქსტატი აჯამებს. რიცხვები აჩვენებს, რომ პანდემიის შემდეგ საქართველოდან იმაზე ორჯერ მეტი ადამიანი გადის სხვა ქვეყნებში საცხოვრებლად, ვიდრე უკან ბრუნდება ემიგრაციიდან.

 

2023 წლის მარტში, NDI-ს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები აჩვენებდა, რომ ქვეყნიდან წასვლაზე საქართველოში ყოველი მეექვსე ადამიანი ფიქრობს.

მათი რიცხვი კი, ვისაც ოჯახის ერთი წევრი მაინც ჰყავს საზღვარგარეთ და მისი გამოგზავნილი ფულით ინახავს ოჯახს, 2019 წლის ივლისიდან 2023 წლის მარტამდე 12-დან 16%-მდე გაიზარდა. 2020 წელს საქართველოს მშპ-ს 13%-ს ემიგრანტების გამოგზავნილი ფულადი გზავნილები შეადგენდა.

ამ სტატიაში ემიგრანტების ისტორიების და ოფიციალური სტატისტიკის დახმარებით ვეცდებით გაჩვენოთ, როგორც იცვლებოდა წლებთან ერთად ქართველი მიგრანტების დანიშნულების ადგილები და მიზეზები, რის გამოც საქართველოს ტოვებდნენ.

 

“დავიღალე, მთელი ცხოვრებაა აქციებზე ვდგავარ“

ერთი თვეც არ არის, რაც თბილისიდან ბრიუსელში ერთი ზურგჩანთით და ერთი ჩემოდნით წავიდა ერეკლე აბაშმაძე, 34 წლის მასწავლებელი. ერეკლე საქართველოში უკან დაბრუნებას აღარ აპირებს და ბელგიისგან თავშესაფარს ითხოვს.

“მარტის აქციების შემდეგ გადავწყვიტე. არასდროს ვფიქრობდი, რომ შეიძლება ეს ნაბიჯი გადამედგა. მარტო ვცხოვრობდი, სამსახური მქონდა, წარმატებულ ადამიანად ვითვლებოდი და შეიძლება რაღაცებზე თვალი დამეხუჭა, მაგრამ მივხვდი, რომ არაფერი არ იცვლება. არც პროფესიულად განვითარების შანსი გაქვს, არც ეკონომიკურად გაძლიერების. რაც მაწუხებდა 20 წლის ასაკში, ის არ უნდა მაწუხებდეს 34 წლის ასაკშიც. პროგრესულად მოაზროვნე ხალხი გარბის და რჩება ეს პრორუსული, მოძალადე ადამიანები, ვისაც მოსწონს ის ყოფა, რომელშიც ვართ. ბოლოს რომ მოვიხედე, მეგობარი აღარ მყავდა დარჩენილი, ყველა წასული იყო”, - ამბობს ერეკლე და ამატებს, რომ მისთვის განსაკუთრებით მტკივნეული იყო თავისი ყოფილი მოსწავლეების დანახვა საპროტესტო აქციებზე. ამ დროს მიხვდა, რომ ისინიც იმავე წრეზე სიარულისთვის იყვნენ განწირულები, რაზეც თვითონ დადიოდა.

თავშესაფრის მიღებამდე ერეკლე ენის კურსებზე დადის და იმედი აქვს, რომ ემიგრაციაშიც შეძლებს მასწავლებლის პროფესიის შენარჩუნებას.

“ყველაზე მეტს ბავშვებზე ვფიქრობ, რანაირები იქნებიან, ვემახსოვრები თუ არა, რანაირ ცხოვრებას აირჩევენ, როგორ ქვეყანაში იცხოვრებენ. დანაშაულის შეგრძნება არ მაქვს, რომ წამოვედი. კარგი მოქალაქე ვიყავი, ყველას მხარს ვუჭერდი და სულ ვიბრძოდი უსამართლობის წინააღმდეგ. ჩემ პროფესიაშიც მყარად ვიყავი და იმ სიყვარულს, რასაც გავცემდი, ასმაგად ვიღებდი. უბრალოდ, ძალიან დავიღალე”, - ამბობს ერეკლე და იხსენებს, რა იყო ბოლო წვეთი, რამაც ქვეყნიდან წასვლა გადააწყვეტინა.

ერეკლე აბაშმაძე აღსაზრდელებთან ერთად, 2015 წელი
ერეკლე აბაშმაძე აღსაზრდელებთან ერთად, 2015 წელი

17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს არტისტმა ანდრო დადიანმა საქართველოს საპატრიარქოსთან ინსტალაცია განათავსა - ეს იყო კალათბურთის ფარი ხორცის ნაფლეთებით იმის ნიშნად, რომ ეკლესია ადამიანებს ღმერთის სიყვარულის სახელით ანადგურებდა. ერეკლე ანდროს მეგობარია და მას ამ ინსტალაციის მოწყობაში დაეხმარა - ფოტოებზე ამოიცნეს და რამდენიმე კვირის განმავლობაში უწყვეტად იღებდა მუქარის წერილებს სოციალურ ქსელებში.

“ყოველდღე მწერდნენ: მოგკლავ, დაგწვავ, დაგასახიჩრებ. ადრე არ მეშინოდა, როცა უფრო პატარა ვიყავი, მაგრამ ახლა შევშინდი: არც დაცული ხარ სახელმწიფოს მხრიდან და აღარ ბრძოლის უნარი მაქვს”, - ამბობს ერეკლე. ის ახლა “ორ რამეს სთხოვს განგებას”: მშვიდ ცხოვრებას თავისთვის და უკეთეს ქვეყანას მისი საქართველოში დატოვებული მოსწავლეებისთვის.

ერეკლე და ანდრო დადიანი "ხორცის ფარით" საპატრიარქოსთან. 2023 წლის 17 მაისი.
ერეკლე და ანდრო დადიანი "ხორცის ფარით" საპატრიარქოსთან. 2023 წლის 17 მაისი.

სანამ ერეკლე თავშესაფარს ელოდება, ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო, რაც ამ ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებლებს გაუმარტივებს იმის დამტკიცებას, რომ საქართველოში მათი სიცოცხლე და თავისუფლება შესაძლოა რისკის ქვეშ იყოს.

საქართველო, რომელიც ბელგიის მოქალაქეობის არმქონე პირთა გენერალური კომისრის საიტზე ალბანეთთან, სერბეთთან, კოსოვოსთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მონტენეგროსთან, ჩრდილო მაკედონიასა და ინდოეთთან იყო უსაფრთხო ქვეყნების სიაში, 10 ივლისის შემდეგ აღარ იძებნება ამ ქვეყნების გვერდით.

 

“ახლა ოჯახებით მოდიან და უკან დაბრუნებას აღარ აპირებენ”

“ადრე, იტალია-საბერძნეთს რომ მიაწყდნენ ქართველები, მაშინ ოჯახიდან მოდიოდა ერთი ადამიანი და რასაც შოულობდა, საქართველოში აგზავნიდა იმ ფულს. ახლა ოჯახებით მოდიან, ორსულები მოდიან, ბავშვებით მოდიან და აღარ აპირებენ უკან დაბრუნებას”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას 31 წლის თამარა ლამაზოშვილი.

თამარამ საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილება დაახლოებით ერთი წლის წინ მიიღო და პოლიტიკური დევნილის სტატუსი ირლანდიაში მოითხოვა. ახლა ლონდონში ცხოვრობს და მუშაობის უფლებას ელოდება. სანამ ლეგალურად მუშაობა შეეძლება, ერთ-ერთ მიგრაციის საკითხებზე მომუშავე იურიდიულ კომპანიაში გადის სტაჟირებას და მიგრანტებს ეხმარება. ყოველდღიურად ათ ქართველს მაინც უწევს კონსულტაციას.

თამარას საქართველოდან წამოსვლა ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად პოლიტიკურმა შეხედულებებმაც განაპირობა. 2017 წელს ის იყო მერობის 369 კანდიდატიდან 47 ქალს შორის ერთ-ერთი და ყველაზე ახალგაზრდა - კენჭს თელავში “სტრატეგია აღმაშენებლის” სახელით იყრიდა. ბოლო ათი წელი “პარლამენტის წინ აქციებზე გაატარა” და მისმა პროტესტმა და პოლიტიკურმა აქტიურობამ თავსატეხის გარდა ბევრი არაფერი მოუტანა.

თამარა საპროტესტო აქციაზე თბილისში, პარლამენტის შენობასთან. 2021 წლის 2 მარტი
თამარა საპროტესტო აქციაზე თბილისში, პარლამენტის შენობასთან. 2021 წლის 2 მარტი

“სამსახური არ მაღირსეს, სადღაც დავიწყებდი მუშაობას, მერე რაღაც აქციაზე გავიდოდი, გამომიშვებდნენ. გასაუბრებაზე მივიდოდი, ამიყვანენ, სუსიდან მირეკავდნენ, ჩვენთან თუ ითანამშრომლებ, იმუშავებ, თუ არა, არ იმუშავებო. ამას ის დაემატა, რომ სახლის პატრონმა, რომლისგანაც [თბილისში] ბინას 700 ლარად ვქირაობდი, დამირეკა და მითხრა, 700$-ს თუ გადამიხდი, დარჩი, თუ არადა, რუსები მყავს და იმათ მივაქირავებ. ეს იყო ბოლო წვეთი.

ერთ ზურგჩანთაში ჩავალაგე ორი ხელი ტანსაცმელი და ისე წამოვედი, არანაირი გეგმა არ მქონდა. მადრიდში ჩავედი და იქიდან ირლანდიაში გადმოვედი. 2022 წელს 10 000-ზე მეტი ქართველი მიგრანტი შევიდა ირლანდიაში თავშესაფრის მოთხოვნით, საშინელი მდგომარეობაა. საერთო თავშესაფარში ვიყავი, სკამებზე მეძინა რამდენიმე კვირა”, - გვიყვება თამარა. ის ირლანდიაში საჰაერო გზით შევიდა, მაგრამ იცნობს ადამიანებს, ვინც აქ მოსახვედრად საშიშ, საზღვაო გზას იყენებს.

საფრანგეთის სანაპიროებზე პოულობენ ადამიანებს, ვინც გასაბერი ნავით უშვებს ბრიტანეთის წყლებში მოსახვედრად ღია ზღვაში ადამიანებს გამყოლის გარეშე იმ იმედით, რომ ბრიტანული საზღვაო პოლიცია მათ შეამჩნევს და ხმელეთზე გაიყვანს. თამარა ამბობს, რომ ეს გზა გაცილებით საშიშია, ვიდრე მექსიკის საზღვრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლა.

 

რა ხდება მექსიკის საზღვარზე?

მექსიკის საზღვრის გავლით ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხვედრა უკვე ათასობით საქართველოს მოქალაქემ სცადა. ესაა გრძელი, ძვირი და საშიში გზა, რომელიც ათასობით დოლარი ჯდება. ე.წ. გადამყვანების დახმარებით თავშესაფრის მაძიებლები, ხშირად ფეხით, გადადიან მექსიკიდან ამერიკის საზღვარზე, ბარდებიან ამერიკელ მესაზღვრეებს და ხვდებიან საემიგრაციო ციხეში, სადაც უნდა დაამტკიცონ, რომ ქვეყანაში, საიდანაც გამოიქცნენ, მათთვის ცხოვრება უსაფრთხო არ არის და ემიგრაციის გარდა სხვა არჩევანი არ გააჩნიათ.

მექსიკაში ლეგალურად მოსახვედრად საქართველოს მოქალაქეებს ორი გზა აქვთ - მექსიკის ვიზა ან პოლონეთის სამუშაო, D კატეგორიის ვიზა.

სწორედ პოლონეთის სამუშაო ვიზით წავიდა ამერიკაში მექსიკის გავლით 2022 წლის ბოლოს ცოლთან და ორ შვილთან ერთად მეღვინე, კახი ბახსოლიანი.

“თბილისიდან რვა თვის და ორი წლის ბავშვებთან ერთად გამოვფრინდით ათენში, ათენიდან მადრიდში, მადრიდიდან მექსიკაში, ქალაქ კანკუნში და იქიდან ორკვირიანი მგზავრობის შემდეგ ჩამოვაღწიეთ ამერიკაში”, - გვიყვება კახი.

ახლა ის და მისი ოჯახი საემიგრაციო სამსახურთან გასაუბრებას ელოდება, რომელიც უნდა დაარწმუნოს, რომ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნიდნენ, ავიწროებდნენ და ხელს უშლიდნენ ბიზნესის წარმოებაში. კახი საკუთარი ვენახებიდან ღვინის წარმოებისთვის შვედეთიდან საქართველოში 2019 წელს დაბრუნდა დიდი გეგმებით - მალევე მიხვდა, რომ ხელისუფლებასთან დაახლოების გარეშე გრანტების მოპოვებაც გაუჭირდებოდა ბიზნესისთვის, პროდუქციის დისტრიბუციაც გაუჭირდებოდა და ღვინის გამოფენებში მონაწილეობაზეც პრობლემები შეექმნებოდა. სექტემბერში დაგეგმილ გასაუბრებაზე საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენელს ამ ამბებს დაწვრილებით მოუყვება.

მიგრანტები მექსიკის საზღვართან. 2023 წლის 10 მაისი
მიგრანტები მექსიკის საზღვართან. 2023 წლის 10 მაისი

ბოლო თვეებში სამუშაო ვიზის მიღება პოლონეთში გართულდა, ამიტომ ქართველი მიგრანტების ნაწილმა ახალი გზა იპოვა - ნიკარაგუის გავლით, უვიზოდ. ამ გზაზე გამოცდილებები განსხვავებულია.

ნიკარაგუიდან მანქანით გადმოვედით მექსიკაში ტაპაჩულაში.

ტაპაჩულიდან გადავფრინდით ტიხუანში.

10 დღე ვიყავით გზაში რადგან 5 პატარა გვყავდა და მგზავრობის დროს ძალიან იღლებოდნენ. სამი დღეა რაც გამოვედით დეთენშენიდან [წინასწარი დაკავების ოთახი]. კალიფორნიის დეთენშენში ვიყავით ჩაბარებულები. 2 დღე ვიყავით ქალები და ბავშვები. კაცები ჯერ არ გამოუშვიათ”, - 8 დღის წინ დაწერა ერთ-ერთმა ახალგაზრდა ქალმა ფეისბუკის ჯგუფში, სადაც ათასობით მექსიკიდან ამერიკაში გადასვლის მსურველია გაწევრიანებული.

“გზა ნიკარაგუიდან მექსიკამდე არის ჯოჯოხეთი!

სანამ წამოხვალთ კარგად დაფიქრდით გიღირთ თუ არა ამ გზის გამოვლა, ლაპარაკის დროს სულ სხვა გზას გვისახავდნენ და რეალობა სულ სხვა დაგვახვედრეს. 2 და 8 წლის ბავშვებთან ერთად გამომატარეს ჯოჯოხეთი! ჯოჯოხეთი უფრო მარტივად აღსათქმელია ვიდრე ამ გზის გამოვლა!“ - ეს სხვა ქალია, რომელიც “გადამყვანს” სთხოვს, უკან დაუბრუნოს ფული, რომელიც ამ გზის გავლისთვის გადაუხადა. “გადამყვანი” არის ადამიანი, ვინც პირობას იძლევა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზის გარეშე მოსახვედრად გასავლელ გზას უსაფრთხოდ გაგატარებს და ყველა ეტაპზე გაუწევს დახმარებას კლიენტს - ამ სერვისისთვის, რომელსაც ემიგრაციაში წასვლის მსურველები ხშირად ვერ ან ნაწილობრივ იღებენ, რამდენიმე ათას დოლარს იხდიან.

ასევე ნახეთ

ემიგრაცია კანადაში „უნარიან მუშად“

“რამდენ დედას ჰყავს შვილი დატოვებული”

 

“ზუსტად 7 თვე გახდა რაც აქ ვარ. ვმუშაობ, არ ვწუწუნებ სამსახურზე, არ ვარ ცუდ ოჯახში, პირიქით, შეძლებისდაგვარად რაც შეუძლიათ მაქსიმალურად მეხმარებიან, უბრალოდ, ვერ ვეგუები. ვერ ვეგუები ჩემი შვილების გარეშე ყოფნას, ვერ ვუძლებ.

ხან ვფიქრობ, რომ რამდენ დედას ჰყავს შვილი დატოვებული, მხოლოდ მე ხომ არ ვარ, მაგრამ მაინც ვერ ვეგუები. სული მეხუთება. მგონია რომ ყელში ვიღაც მიჭერს ხელს და ვიხრჩობი. არ ვიცი რატომ ვწერ და რას ვითხოვ თქვენგან. მხარდაჭერას? შევძლებ, გამომივა? თუ დავნებდე და წავიდე? მგონია, რომ არ აღმოვჩნდი საკმარისად ძლიერი საიმისოდ, რომ ამ ყველაფერს გავუძლო”, - ეს ახალგაზრდა ქალის პოსტია ფეისბუკის დახურულ ჯგუფში, რომელიც იტალიაში მცხოვრებ ათასობით ქართველ მიგრანტს აერთიანებს.

ჯგუფის წევრები ქალს ამხნევებენ, რომ ესმით მისი, რომ თვითონაც იგივე, არცთუ მარტივი გზა გაიარეს. ზოგი ურჩევს შვილებს დაუბრუნდეს, ვინაიდან ამ დროს ვეღარ დაიბრუნებს, ზოგი ეუბნება, რომ 7 თვე ცოტაა ადაპტაციისთვის, გზადაგზა ყველაფერს შეეჩვევა და თუკი უკვე იტალიაშია და სამსახურიც უშოვია, სჯობს დარჩეს და ბავშვების მომავლისთვის ფული მოაგროვოს.

“იცი რა ცუდად ვარ? სახლში სამი შვილი მელოდება და ჩემს ტანსაცმელს ეხუტებიან. იცი რა საშინელებაა? მაგრამ ეცადე მუსიკებს მოუსმინო, ფილმებს უყურო ყურადღების გადასატანად, როცა დრო გექნება. ეცადე არ დაისტრესო, აიყვანე თავი ხელში”, - ურჩევს ერთ-ერთი ქალი ახლად ჩამოსულს. ვიღაც კითხულობს, რატომ ლაპარაკობენ ქალები მხოლოდ შვილების მონატრებაზე და არ ახსენებენ საქართველოში დატოვებულ ქმრებს.

იტალია წლებია იზიდავს საქართველოში ქვეყნის გარეთ სამსახურის მაძიებლებს - 2022 წლის მონაცემებით ამ ქვეყანაში 22 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს - იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა ბოლო 10 წელიწადში, 2012-დან 2022 წლამდე თითქმის გასამმაგდა. ევროსტატის მონაცემებით, 2022 წელს ყოველთვიურად საქართველოდან იტალიაში ჩასული ორასი მოქალაქე მაინც ითხოვდა თავშესაფარს - 2017 წლამდე ამდენი ქართველი მთელი წლის განმავლობაში არ ჩადიოდა იქ თავშესაფრის საძებრად.

 

 

სავიზო ლიბერალიზაცია თუ სიღარიბე - რატომ მიდიან სამუშაოდ სხვა ქვეყნებში

 

საქართველოს ხელისუფლება ევროპაში საქართველოს მოქალაქეების ასეთ დიდ ნაკადს 2017 წლის შემდეგ ამოქმედებული სავიზო ლიბერალიზაციით ხსნის.

42 წლის ნონა, რომელიც იტალიის პატარა ქალაქ ავეძანოში სამსახურის საშოვნელად 2018 წლის თებერვალში წავიდა, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ უვიზოდ ევროპაში წასვლის შესაძლებლობამ მას იტალიაში მოხვედრა კი გაუმარტივა, მაგრამ ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილება მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ აიძულა.

ნონა მარტოხელა დედაა, საქართველოშიც ბევრს და დაუღალავად მუშაობდა, მაგრამ იმ ფულით, რასაც სამშობლოში შოულობდა, ვერასოდეს შეძლებდა ფიქრს ბინის ყიდვაზე ან თუნდაც შვილებთან ერთად ევროპის ქვეყნებში მოგზაურობაზე. ამიტომაც 5 წლის წინ ნონამ ორი შვილი და ტანსაცმლის მაღაზია ტყუპისცალ დას დაუტოვა და სამხრეთ იტალიაში წავიდა, სადაც მეგობრები ეგულებოდნენ, მასზე ადრე წასული ქალები. ისინი დაეხმარნენ მოხუცის პოვნაში, რომელსაც ნონა მოუვლიდა.

პირველი ოთხი წელი სამუშაო უფლების მოპოვების მოლოდინში არალეგალურად მუშაობდა, რამდენიმე თვეა, რაც მიიღო სტატუსი, რომელიც უფლებას აძლევს იმუშაოს იტალიაში, იმოგზაუროს შენგენის ზონის ქვეყნებში და თუკი მოუნდება, საქართველოშიც ჩავიდეს.

“ახლა მილანში ვარ. იმის გამო, რომ ლეგალურად ვმუშაობ, ხელფასიც უკეთესი მაქვს. რაც ამ ქვეყნიდან სარგებელი მივიღე, არის ის, რომ ამათი ენა ვისწავლე, ამათ კულტურას მეტ-ნაკლებად გავეცანი, უამრავი ქალაქი ვნახე, რაც საქართველოდან ჩემთვის შეუძლებელი იქნებოდა, მენახა”, - გვიყვება ნონა.

ნონა დასვენების დღეებს მოგზაურობისთვის იყენებს. 2022 წლის ივნისი
ნონა დასვენების დღეებს მოგზაურობისთვის იყენებს. 2022 წლის ივნისი

70% ქალი

იტალია, საბერძნეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთსა და ბელგიასთან ერთად ქართველი მიგრანტების მთავარი მიმართულებებია. ამ ქვეყნებში ეძებდნენ ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოდან ყველაზე ხშირად სამუშაოს, ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას თუ განათლებას ან სულაც პოლიტიკურ თავშესაფარს.

 

 

ევროპის ქვეყნებში ქართველი ემიგრანტების თითქმის 70% ქალია, რომელთა ძირითადი სამუშაო საოჯახო საქმეებში დახმარება და მოხუცების მოვლაა. მიგრანტებს შორის გენდერული ბალანსი დაცულია მხოლოდ გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ქართველი ემიგრანტი კაცები ქალებს სჭარბობენ მხოლოდ პოლონეთში, სადაც 2022 წლის მონაცემებით უკვე 27 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს. მათი 87% კაცია. ქართველები პოლონეთში ძირითადად საწარმოებში ან მშენებლობაზე საქმდებიან. პოლონეთის სოციალური უზრუნველყოფის ინსტიტუტის მონაცემებით, ჯერ კიდევ 2015 წელს პოლონეთში ქართველი მიგრანტების რაოდენობა ათასს არ აღემატებოდა.

 

 

 

ემიგრანტების რიცხვი იმატებს, შობადობა და უმუშევრობა იკლებს

ინტენსიური ემიგრაციის პარალელურად, საქართველოს დემოგრაფიისთვის გამოწვევაა შობადობის კლებაც. 2022 წელს საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. ახალშობილების რაოდენობა 2014 წლის შემდეგ სტაბილურად იკლებს.

 

უარყოფითი მიგრაციული სალდოს და შობადობის კლების მიუხედავად საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 2014-დან 2022 წლამდე მნიშვნელოვნად არ იცვლება და სტაბილურად 3,7 მილიონ ადამიანს ითვლის.

მოსახლეობის რიცხვის უცვლელობის საიდუმლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების იმიგრაციაა. 2012 წელთან შედარებით 2022 წელს გაორმაგებულია იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც საქართველოში სამუდამოდ ან დროებით საცხოვრებლად შემოდის და უარს ამბობს თავის ქვეყანაში მუდმივად ცხოვრებაზე.

 

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2022 წელს რუსეთის 56 369 მოქალაქე დარჩა საქართველოში საცხოვრებლად. ეს უფრო მეტია, ვიდრე გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ანუ 2022 წლის თებერვლიდან ამ დრომდე, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 20 000-ზე მეტი ბიზნესი დაარეგისტრირეს და ასობით ბინა იყიდეს. IDFI-ს მონაცემებით, 2022 წლის იანვრიდან-ნოემბრამდე რუსეთის მოქალაქეების წილი, თბილისში სახლის/ბინის ნასყიდობის ტრანზაქციებში 0,9%-დან 5%-მდე გაიზარდა, ხოლო ბათუმში - 5%-დან 17,6%-მდე.

საქართველოს მოქალაქეების ემიგრაცია და რუსეთის მოქალაქეების გრძელვადიანი გეგმებით გადმოსახლება საქართველოში ცვლის როგორც დემოგრაფიულ სურათს, ისე დასაქმებულთა სტატისტიკას.

რუსი მიგრანტების თითქმის ნახევარი თვითდასაქმებულია ან უცხოური კომპანიებისთვის მუშაობს დისტანციურად.

 

საქართველოში საქსტატის მონაცემებით, 2015-2020 წლებში სამუშაო ძალის, ანუ შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა სტაბილურად მცირდებოდა. 2020 წლის შემდეგ ეს მონაცემები განსხვავებულია - სამუშაო ძალამ ზრდა დაიწყო, უმუშევრობამ - შემცირება.

პოლიტიკური ჯგუფი, “ევროოპტიმისტები” ფიქრობენ, რომ ეს ზრდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების, განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქეების ხარჯზე ხდება. მეტიც, მათი აზრით, უმუშევრობის შემცირებაც ემიგრაციაში წასული საქართველოს იმ მოქალაქეების ხარჯზე ხდება, ვინც უმუშევრობის გამო მიდის საზღვარგარეთ და აკლდება როგორც სამუშაო ძალას, ისე უმუშევართა საერთო რიცხვს.

ხელისუფლება უმუშევრობის შემცირებას ეკონომიკურ ზრდას მიაწერს, სოციალურად დაუცველებისთვის კი დასაქმების სპეციალურ პროგრამებს ქმნის, რომლის ფარგლებშიც გასულ, 2022 წელს 12 ათასზე მეტი ადამიანი დასაქმდა.

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way