USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
«Voice of America»: „სანქციები ეხება ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს, რომლებიც ვნებს ქართველი ხალხის ინტერესებს"
Date:  423

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America-მ („ამერიკის ხმა“) გამოაქვეყნა სტატია სათაურით სანქციები ეხება ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს, რომლებიც ვნებს ქართველი ხალხის ინტერესებს", რომელშიც  გადმოცემულია ამერიკელი კონგრესმენების და ექსპერტების თვალსაზრისები აშშ-საქართველოს ურთიერთობებში გაჩენილ პრობლემებთან დაკავშირებით.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

"სანქციების საკითხი არაა იმის შესახებ, ვინ მეგობარია და ვინ - არა. ეს ეხება იმას, დგამს თუ არა ქვეყანა ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს, რომლებიც ვნებს ხალხის ინტერესებს", - ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი. ელჩი ერთ-ერთი მომხსენებელი იყო, რომელიც გასულ კვირას ამერიკის კონგრესში, ჰელსინკის კომისიის წევრთა წინაშე წარდგა და საქართველოში არსებულ დემოკრატიის გამოწვევებზე ისაუბრა.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მმართველი გუნდის დაახლოებით 30 წარმომადგენელს სავიზო შეზღუდვა დაუწესა. მიზეზი დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა და ქართველი ხალხის მისწრაფებების საწინააღმდეგო ნაბიჯებია. ამერიკის საგარეო უწყება განმარტავს, რომ ეს შემზღუდავი ზომების “სერიების” მხოლოდ პირველი ნაწილია, რომელიც სწორედ საქართველოსთან ხანგრძლივი მეგობრობის გამო მიიღო. დეპარტამენტი „ქართული ოცნების“ ქმედებებს, განცხადებებსა და რიტორიკას ანტიდემოკრატიულს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის იმას, რაც ქართველ ხალხს სურს. 10 ივნისს, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ - ჯიმ ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნებს და საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას აგრძელებს.

მაშინ, როცა სახელმწიფო დეპარტამენტი "ქართულ ოცნების" პასუხისმგებლობას აყენებს ანტიდასავლური დეზინფორმაციის გავრცელების, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შევიწროვების გამო, პარალელური პროცესები ვითარდება აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატაშიც.

დემოკრატი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯინ შაჰინი ამბობს, რომ გააგრძელებს მუშაობას რესპუბლიკელ კოლეგასთან ერთად წარდგენილ „ქართველი ხალხის აქტზე“ იმის ნათელსაყოფად, რომ ახლახან გამოცხადებული შეზღუდვები იქნება მუდმივი და არა - ერთჯერადი, მოკლევადიანი შედეგი.

წარმდგენები და ხელმომწერები ემატება „მეგობარი აქტსაც“, რომელიც კონგრესის ქვედა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა. „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე ჯო უილსონი ამბობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება აჩვენებს, რამდენად სერიოზულად ეკიდება ამერიკა ქართველ ხალხთან მეგობრობას, "ქართული ოცნება" კი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, რუსულ გზას ირჩევს.

"ვფიქრობ, ამ კანონის მიღება უარყოფითი მიმართულება იყო იმის საპირისპიროდ, რომ ყოფილიყო უფრო მეტი ღიაობა, მზაობა დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭვირვალე მმართველობისკენ", - ამბობს სტივ კოენი, დემოკრატი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის წევრი. "ეს კანონი უნდა გაუქმდეს. სამწუხაროა, რომ მათ [პრეზიდენტის] ვეტო დაძლიეს. ვფიქრობ, ამან დააზიანა ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობები", - დასძენს სტივ კოენი "ამერიკის ხმასთან" საუბარში.

ამერიკელი კანონმდებლები მსჯელობენ, როგორ დაეხმარონ ქართველ ხალხს დასავლური კურსის შენარჩუნებასა და დემოკრატიის გაძლიერებაში.

დემოკრატი სენატორი კონექტიკუტის შტატიდან რიჩარდ ბლუმენტალი ამბობს, რომ დემოკრატიის ხელშემწყობი, არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარების გზებზე ფიქრობს: "მე ვფიქრობ იმაზე, რის გაკეთება შეუძლია კონგრესს, მაგრამ ჩვენ ნამდვილად უნდა გავაგრძელოთ დემოკრატიული ორგანიზაციების მხარდაჭერა საქართველოსა და მსოფლიოში", - უთხრა "ამერიკის ხმას" სენატორმა ბლუმენტალმა.

ჰელსინკის კომისია, რომელმაც გასულ კვირას საქართველოს თაობაზე სამ მომხსენებელს მოუსმინა და როგორც დემოკრატიული გამოწვევების, ისე - ამერიკის დახმარების გზების შესახებ კითხვები დაუსვა, კონგრესის ორივე პალატის და ორივე პარტიის წარმომადგენლებს აერთიანებს. ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, მათ შორის, სახელმწიფო და თავდაცვის დეპარტამენტებიდან და თითქმის 50 წელია, მსოფლიოში ადამიანის უფლებების საკითხებს სწავლობს. კომისიაში მიიჩნევენ, რომ ქართველმა ხალხმა, რომელიც გამუდმებით აჩვენებს, რომ არ სურს რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნა, დასავლეთისკენ სვლა საკუთარი არჩევანისამებრ, შეუფერხებლად განაგრძოს. ამერიკა კი მას ამაში უნდა დაეხმაროს.

ანალიტიკოსების აზრით, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს მხრიდან ამგვარი ორპარტიული ძალისხმევა განსაკუთრებით უსვამს ხაზს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ამერიკისთვის.

"ვფიქრობ, ეს ძალისხმევა შესანიშნავია. მიხარია ამის ნახვა. მით უფრო, ასე დროულად. არის ორი საკანონმდებლო ინიციატივა - ერთი უილსონისა და ჰელსინკის კომისიის “მეგობარი აქტი” და მეორე სენატორების - შაჰინისა და რიშის - “ქართველი ხალხის აქტი”. გარკვეულ ეტაპზე, ეს ორი აქტი ალბათ გაერთიანდება და იმედია ვნახავთ მათ ამოქმედებას. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს, იდეალური იქნება - არჩევნებამდე", - ამბობს ლორა თორნტონი, „გერმანიის მარშალის ფონდის" უფროსი ვიცე-პრეზიდენტი დემოკრატიის მიმართულებით და დასძენს, რომ მისი აზრით, ეს [საკანონმდებლო] პაკეტი ძალიან კარგად პასუხობს იმას, რასაც ქართველი დემოკრატები ითხოვენ, რაც დამოუკიდებელ ორგანიზაციებს და დემოკრატიის მომხრე აქტივისტებს აწუხებთ ქვეყანაში.

“ქართული ოცნების” ლიდერები ამბობენ, რომ “მეგობრები სანქციების ენით არ უნდა საუბრობდნენ” და რომ მათ არადასავლური ან არადემოკრატიული ნაბიჯები არ გადაუდგამთ. ექსპერტების და ყოფილი დიპლომატების ნაწილი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონი თბილისს ძალიან მკაფიო არჩევანს სთავაზობს.

"სანქციების საკითხი არაა იმის შესახებ თუ ვინ მეგობარია და ვინ - არა. ეს ეხება იმას, დგამს თუ არა ქვეყანა ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს, რომლებიც ვნებს ხალხის ინტერესებს. თუ საქართველო განაგრძობს ამ მიმართულებით სვლას, მაშინ მეტ სანქციას უნდა ელოდოს", - ამბობს უილიამ კორტნი და განსაკუთრებულ ყურადღებას ოქტომბრის არჩევნებზე ამახვილებს. "თუკი ოქტომბრის არჩევნები გაყალბდება, ეს იქნება როგორც ევროპული ქვეყნების, ისე - ამერიკისთვისაც იმის ნიშანი, რომ უფრო მკაცრი სანქციები იქნება შემოთავაზებული".

“გერმანიის მარშალის ფონდის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი ლორა თორნტონიც მიიჩნევს, რომ ამერიკელი პარტნიორები ძალიან ნათლად ამბობენ და კიდევ უფრო მეტადაც უნდა უსვამდნენ ხაზს, რომ მხარს უჭერენ ხალხის დემოკრატიისკენ სვლას, მის საწინააღმდეგოდ მოქმედ პირებს კი - პასუხისმგებლობას აკისრებენ.

"არსებობს რისკი, რომ ეს სადამსჯელო ზომები არასწორად იყოს ინტერპრეტირებული. თქვან, თითქოსდა ეს ადასტურებს, რომ [ამერიკა] მტრულადაა განწყობილი. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სწორად ახსნა იმის, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიას საქართველოში. რომ ეს ყველაფერი ქართული დემოკრატიის დასახმარებლად კეთდება", - ამბობს თორნტონი და ყოფილი დიპლომატის მსგავსად, ისიც არჩევნების დემოკრატიულ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

"უმნიშვნელოვანესია ამ ყველაფრის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებაც. იმის ახსნა, რომ ეს არაა წარსული დასკვნა, [დასრულებული] გადაწყვეტილება. ახსნა, რომ თქვენ არ მიიღებთ სადამსჯელო ზომებს, თუკი დემოკრატია გაიმარჯვებს და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება. ვფიქრობ, ევროკავშირმა ეს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ძალიან ეფექტიანად მიაწოდა [საზოგადოებას]. რომ ეს არაა საშვი "ქართული ოცნების" მთავრობისთვის, არამედ ჯილდო ქართველი ხალხისთვის, რომელიც ამას იმსახურებს", - ხსნის ლორა თორნტონი "ამერიკის ხმასთან" საუბარში.

"გერმანიის მარშალის ფონდის" ერთ-ერთი ლიდერი და საქართველოში "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" ყოფილი ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ყველაზე მკაფიო ის გზავნილი უნდა იყოს, რომ ამერიკა მხარს უჭერს ქართველ ხალხს და მისი მოსახლეობის 70%-ზე მეტის სურვილს, გაერთიანდეს ნატოსა და ევროკავშირში. "...და რომ ამ [ქმედების] მიზანია გავაძლიეროთ მათი ძალისხმევა. და თუკი „ქართულ ოცნებას“ იგივე იდეალების სჯერა და სურს, თუ ასევე მხარს უჭერს თავისუფალ, დემოკრატიულ და სამართლიან არჩევნებს, მაშინ სანერვიულოც არაფერი ყოფილა", - ამბობს ლორა თორნტონი.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ დემოკრატიისთვის, ისევე როგორც საქართველო-ამერიკის ურთიერთობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება.

"ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები ახლა უცნაურია იმ ავტორიტარული ანტი-დასავლური ნაბიჯის გამო, რაც საქართველოს ახლანდელმა მთავრობამ გადადგა “უცხოეთის აგენტების” კანონთან დაკავშირებით", - ამბობს უილიამ კორტნი ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში. "დავაკვირდეთ რა მოხდება: მიჰყვება [საქართველო] რუსეთის კურსს უფრო და უფრო ავტორიტარული კუთხით? მაშინ მთავარი საკითხი იქნება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები. თუკი ამ არჩევნებს მოიპარავენ, ან ის შესამჩნევად, დრამატულად გაყალბდება, ამან შეიძლება მეტი არეულობა გამოიწვიოს", - დასძენს კორტნი.

იუსტიციის სამინისტროს “უცხოური გავლენით” მოქმედი ორგანიზაციების რეესტრის შესაქმნელად ორი თვე აქვს, საპარლამენტო არჩევნებამდე კი სულ რამდენიმე თვე რჩება. ვაშინგტონში შიშობენ, რომ ახალი რეგულაციები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობასაც შეაფერხებს და მათი პარტნიორი ადგილობრივი ორგანიზაციებისასაც.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/7649785.html

 

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way