USD 2.6970
EUR 3.1803
RUB 3.4395
Tbilisi
«Voice of America»: რობინ დანიგენი, აშშ-ს მომავალი ელჩი - „მჯერა, რომ რუსეთი საქართველოში აქტიურად ახორციელებს მტრულ პოლიტიკას“
Date:  629

აშშ-ის რადიოს „ამერიკის ხმის“ (Voice of America) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მჯერა, რომ რუსეთი საქართველოში აქტიურად ახორციელებს მტრულ პოლიტიკას“, რომელშიც განხილულია ელჩად დანიშვნისთვის წარდგენილი კანდიდატის რობინ დანიგენის გამოსვლა აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენებზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

„ჩვენ გვსურს დემოკრატიული საქართველო, რომელიც მტკიცედ იქნება ინტეგრირებული დასავლეთთან, რომელიც შეძლებს საკუთარი საზღვრების დაცვას და შეძლებს წინ აღუდგეს რუსეთის მტრულ ქმედებებს“, - ასე დაიწყო საუბარი რობინ დანიგენმა, პრეზიდენ ჯო ბაიდენის წარდგენილმა დიპლომატმა სენატში გამართულ მოსმენაზე, სადაც მისი, როგორც საქართველოში ამერიკის მომავალი ელჩის ნომინაციაზე მოსმენა გაიმართა.

რობინ დანიგენმა სიტყვით გამოსვლაში იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომლებიც მას, როგორც ამერიკის ელჩს საქართველოში ექნება. ესენია: საელჩოს თანამშრომლებისა და ამერიკელების უსაფრთხოების დაცვა საქართველოში; საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე მუშაობა და რუსეთის იძულება შეასრულოს 2008 წელს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები, ასევე საქართველო-ამერიკას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება და გაღრმავება.

„ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან ერთად, რომ დავეხმარო მათი საკუთარი ოცნების განხორციელებაში იყვნენ მტკიცედ ინტეგრირებული ევროკავშირთან, ნატოსა და დასავლეთთან; ევროატლანტიკური ერთობა უპირატესობას მიანიჭებს საქართველოს მოსახლეობას. ასევე ღრმად მჯერა, რომ ეს ამერიკის ეროვნულ ინტერესებშიც შედის“, - თქვა დანიგენმა.

ამერიკელმა დიპლომატმა სენატში გამართულ მოსმენაზე საქართველოს პროგრესზე და დემოკრატიულ განვითარებაზეც ისაუბრა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში არის პრობლემებიც. „საქართველომ წარმოუდგენელი პროგრესი გაიარა ბოლო 30 წლის განმავლობაში, მაგრამ ზოგიერთი შემაშფოთებელი განვითარება აჩვენებს, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია“.

ამერიკელმა სენატორებმა დანიგენს შეკითხვები ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებაც დაუსვეს. განხილვის საგანი იყო რუსული დეზინფორმაციის გავლენა საქართველოზე, საქართველო-უკრაინის მთავრობებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა და ქართველი ხალხის მხარდაჭერა უკრაინისადმი. ერთ-ერთი სენატორის მიერ დასმული კითხვა ასევე ეხებოდა იმას ეხმარება თუ არა საქართველო რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში. სენატორმა პოლ რიკეტსმა, ასევე დასვა კითხვა ქართულ პოლიტიკაზე ბიძინა ივანიშვილის გავლენის შესახებ და ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების ძალისხმევაზე.

ამერიკის, სავარაუდო, მომავალ ელჩს, ასევე სთხოვეს განემარტა რატომაა დაძაბულობა საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის. დანიგენის თქმით, „შეერთებული შტატებისთვის აბსოლუტური პრიორიტეტია სანქციების დაცვა და განხორციელება, ან მასთან შესაბამისობა იმ შემთხვევაში, თუ [რომელიმე ქვეყანას] სანქციებზე ხელი არ მოუწერია“ და ეს ნამდვილადაა ის საკითხი, რაზეც ამერიკა საქართველოს მთავრობასთან ერთად მუშაობს.

„საქართველომ ნამდვილად უნდა გაიაზროს, რომ სანქციების არიდების გზით არ გვსურს გავაგრძელოთ ომის დაფინანსება და მათი სამხედროების დაფინანსება მომავალი აგრესიებისთვის. ასე რომ, ესაა საუბარი, რომელიც გვაქვს საქართველოს მთავრობასთან. მომავალ თვეს ჩვენი სპეციალური კოორდინატორი სანქციებთან დაკავშირებით, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, საქართველოს ეწვევა, რათა გააგრძელოს ეს მნიშვნელოვანი დიალოგი“, - თქვა დანიგენმა.

ელჩმა ასევე დაამატა, რომ საქართველოს მხრიდან ამ თემაზე მუშაობის მზაობა არსებობს. „საქართველოს მთავრობამ გვითხრა, რომ მათ სურთ ამ სანქციებს მიყვნენ და გვთხოვეს მათ დავეხმაროთი იმაში, რომ საქართველოდან გასული პროდუქციის სახით, როგორმე არ მოხდეს სანქციებისთვის თავის არიდება“.

დიპლომატმა 30-წლიანი გამოცდილებით მკაფიოდ გაუსვა ხაზი იმას, რომ „სამწუხაროდ, საქართველომ ძალიან კარგად იცის ის საფრთხე, რომელიც ახლა უკრაინის წინაშე დგას, ვინაიდან ისინი რუსეთის მიერ ოკუპირებული არიან 2008 წლიდან მოყოლებული დღემდე“. დანიგენმა თქვა, რომ ის აპირებს საქართველოს მთავრობასთან მჭიდროდ მუშაობას, რათა აიძულოს რუსეთი, შეასრულოს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები.

მოსმენაზე ასევე დაეთმო დრო საქართველოში უცხოეთის გავლენების აგენტების შესახებ "ხალხის ძალის" მიერ რამდენიმე კვირის წინ წარდგენილ კანონპროექტს. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“, ამ კანონპროექტს მხარს უჭერდა და პირველი მოსმენით კანონპროექტი კიდევაც მიიღო, ქვეყანაში დაწყებული სახალხო პროტესტისა და დასავლეთში გამოთქმული მკაცრი კრიტიკის გამო, ის უკან გაიწვიეს. უცხოეთის აგენტის კანონპროექტზე დასმულ კითხვაზე დანიგენმა თქვა, რომ ქართველი ხალხის სურვილი, იყოს დასავლეთის ნაწილი ნათელია და რომ ამ გზაზე მათი მხარდაჭერა „ამერიკის ეროვნულ ინტერესებში შედის“.

„ვაკვირდებოდი პროტესტს საქართველოში, უცხოეთის გავლენის კანონთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს [პროტესტი] ასახავდა ქართველი ხალხის სურვილს, მყარად იყვნენ ინტეგრირებული დასავლეთთან და ევროკავშირთან. ჩვენ ხშირად ვხედავთ ქართველი ხალხის ერთგულებას ამ გზისადმი. ვფიქრობ, ჩვენს ეროვნულ ინტერებშიც შედის, რომ გავაგრძელოთ მათი მხარდაჭერა ამ გზაზე. მჯერა, რომ რუსეთი მტრულ აქტივობებს ახორციელებს საქართველოში, მათ შორისაა დეზინფორმაცია და ამას გალენა აქვს ქვეყანაზე. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ჩვენი მხარდაჭერა მათ მიმართ დემოკრატიული რეფორმების გატარებაში ძალიან მნიშვნელოვანია“, - უთხრა დანიგენმა სენატორებს.

დეზინფორმაციაზე საუბრისას სენატორმა ვან ჰოლენმა რობინ დანიგენს მიმართა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ამერიკა საქართველოს ომში ჩართვას არ ცდილობს. „თქვენ დეზინფორმაცია და დეზინფორმაციის კამპანიები ახსენეთ. ერთ-ერთი მათგანია ძალიან ბევრი რუსული პროპაგანდისტის მცდელობა იმის შესახებ, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს საქართველოს ჩართვას რუსეთის წარმოებულ უკრაინის საწინააღმდეგო ომში, რაც, რათქმა უნდა, სიმართლე არ არის“.

სენატორმა პოლ რიკეტსმა საკუთარ კითხვაში ბიძინა ივანიშვილი სახელით მოიხსენია და საქართველოში ელჩობის ნომინანტს ჰკითხა, თუ როგორ შეუძლია ამერიკას საქართველოს დახმარება გაუწიოს იმაში, რომ ქვეყანამ რუსული გავლენისგან თავს დაღწევა შეძლოს. დანიგენმა მას უპასუხა, რომ მნიშვნელოვანია, ამერიკამ გააგრძელოს ქვეყნის დემოკრატული ინსტიტუტების გაძლიერება, რაც მას რეზისტენტულს გახდის ნებისმიერი წინააღმდეგობის დაძლევაში.

რობერტ დანიგენი სახელმწიფო დეპარტამენტში 1992 წლიდან მუშაობს. მას ჰყავს ქმარი და ორი შვილი. ამჟამად ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებს. საქართველოში ელჩობის კანდიდატად დანიგენი პრეზიდენტმა ბაიდენმა 13 თებერვალს წარადგინა.

მანამდე დანიგენი ავსტრიაში აშშ-ის საელჩოში იყო საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის უფროსის მოადგილე. სხვადასხვა დროს, ის იკავებდა ენერგორესურსების ბიუროს მდივნის თანაშემწის მოადგილის პოზიციას და მუშაობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ-სალვადორში.

დანიგენმა სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი „ეროვნული ომის კოლეჯში“ მიიღო. მას ასევე აქვს მეცნიერების მაგისტრის ხარისხი "ჯორჯთაუნის უნივერსიტეტიდან" და ბაკალავრის ხარისხი "ბერკლის უნივერსიტეტიდან". ინგლისურის გარდა, საუბრობს ესპანურ და გერმანულ ენებზე.

ამერიკის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის მიერ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურა შეერთებული შტატების სენატმა უნდა დაამტკიცოს.

ვიდრე სენატი გადაწყვეტილებას მიიღებს, საკანონმდებლო ორგანოში მოსმენები იმართება და ელჩობის ნომინანტი კანონმდებლების კითხვებს უპასუხებს და წარადგენს საკუთარ ხედვას, ამერიკის პოლიტიკასთან დაკავშირებით.

ნომინირებული კანდიდატი შეიძლება იყოს კარიერული დიპლომატი, ან პოლიტიკური მოსაზრებებით დანიშნული ფიგურა. საქართველოში, ტრადიციულად, კარიერული დიპლომატები ინიშნებიან. რობინ დანიგენი კარიერული დიპლომატია და სენატის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, ის ამერიკის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანს შეცვლის. კელი დეგნანი, საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობას 2020 წლის 29 იანვრიდან იკავებს.

tbilisi
კახა კალაძის განცხადებები 24 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება, მთავარი პრიორიტეტები კი კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი - გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.

„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინასთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება, 2026 წლის 14 იანვრიდან კი მოქალაქეების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს.

„ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ვხვდებით მათ. ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ოთხი სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

მისი თქმით, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა, მანამდე კი, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს და სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერი.

„სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ძაღლების გასასეირნებელი ზონა, ხოლო ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ავეჯი. მარტიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო შადრევანიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას - მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამჟამად განხორციელებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეკრეაციული ზონების ერთმანეთთან ინტეგრაციას და ერთიანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც თითქმის 3 ჰექტარს მოიცავს.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.

კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესსუბიექტების დასაფინანსებლად მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

„გამოცხადებული გვქონდა განაცხადების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე. შესაბამისმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამარჯვებულად გამოავლინა 46 ბიზნესსუბიექტი. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, 523 000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

See all
Survey
By the way