USD 2.5971
EUR 2.9090
RUB 3.2237
თბილისი
«Voice of America» (აშშ): „ვილნიუსის სამიტი: რა შეიცვლება უკრაინისთვის და რა პერსპექტივა აქვს საქართველოს?“
თარიღი:  

ამერიკული სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაუღით „ვილნიუსის სამიტი: რა შეიცვლება უკრაინისთვის და რა პერსპექტივა აქვს საქართველოს?“.

გთავაზობთ მცირე შემოკლებით:

კიდევ ერთი ისტორიული სამიტი ევროპის კონტინენტზე საომარ ვითარებაში - ნატო უკრაინის წევრობის ბედს წყვეტს. 11-12 ივლისს ვილნიუსი სამიტს მასპინძლობს, რომელზეც უნდა გადაწყდეს, რამდენად პირდაპირი და სწრაფი იქნება უკრაინის ნატოში გაწევრიანება. სამიტის დაწყების წინა დღეს, უკრაინის პირველმა დიპლომატმა თქვა, რომ შეთანხმება მიღწეულია - უკრაინა ალიანსის წევრი „სამოქმედო გეგმის“ – იგივე "მაპის" გარეშე გახდება. ამერიკელი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სამიტის გზავნილებს ახლა გამორჩეულად დიდი მნიშვნელობა და რეალური გავლენა ექნება, როგორც კიევში თუ ფრონტის ხაზზე, ისე - მოსკოვში. სწორედ ამიტომ მათი აზრით, ალიანსმა ბუქარესტის სამიტზე დაშვებული შეცდომა აღარ უნდა გაიმეოროს და უნდა გასცდეს დაპირებას „ღია კარის“ პოლიტიკის თაობაზე. „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ნატოს ყოფილ მაღალჩინოსნებს, სამხედრო მეთაურებს, ანალიტიკოსებსა და ყოფილ დიპლომატებს ესაუბრა.

რა შეიცვლება უკრაინისთვის?

„ვილნიუსის სამიტი არის ამ თაობის ყველაზე მნიშვნელოვანი სამიტი. მოდით, ნუღარ გავიმეორებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შეცდომას“, - ამბობს ანდერს ფოგ რასმუსენი, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი. რასმუსენი ფიქრობს, რომ 15 წლის შემდეგ, ევროპის მიწაზე კიდევ ერთი ომის პირობებში, ალიანსმა შეცდომა აღარ უნდა გაიმეოროს და კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დასაბრუნებლად უკრაინას წევრობა უნდა შესთავაზოს. ანდერს ფოგ რასმუსენის აზრით, მსოფლიო ლიდერებს წესით ახლა უკეთ უნდა ესმოდეთ, რომ საქართველოსა და უკრაინის „რუხ ზონაში“ დატოვებამ არათუ არ შეაკავა პუტინი, არამედ, პირიქით, მას ომის შესაძლებლობა მისცა.

„უკრაინა უკვე 15 წელია მოსაცდელ ოთახშია. ეს არაა უსაფრთხო ადგილი. დადგა დრო, რომ ის უსაფრთხო ადგილას გადავიყვანოთ... სწორედ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შეუთავაზებლობამ წააქეზა ვლადიმირ პუტინი“, - აღნიშნავს ანდერს ფოგ რასმუსენი და განმარტავს, რომ „რუხი ზონები“ „საშიში ზონებია“, და ნეიტრალიტეტს უსაფრთხოება არ მოაქვს, რაც ფინეთმა და შვედეთმა კარგად გაიაზრეს.

ყოფილი გენერალური მდივანი ამბობს, რომ ძალიან საშიშია ის არგუმენტები, რომელიც ბევრი ლიდერისგან ისმის იმის შესახებ, რომ უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებსა და წევრობას არ უნდა ელოდოს მანამ, სანამ საომარი მოქმედებები არ შეწყდება. რადგან ეს მხოლოდ მეტად წააქეზებს პუტინის აგრესიულ მისწრაფებებს:

„ეს უკიდურესად საშიში არგუმენტია. თუკი ნატოს წევრობა და უსაფრთხოების გარანტიები საომარი მოქმედებების შეწყვეტაზეა დამოკიდებული, მაშინ ვლადიმირ პუტინს მხოლოდ მეტ მოტივაციას ვაძლევთ, რომ ომი გააგრძელოს. [უკრაინის] მოწვევით კი ვეტყვით მას: უკრაინა ნატოს წევრი გახდება! დიახ, არა ერთ ღამეში, მაგრამ ამ პროცესს ვერ შეაჩერებ, ჩვენი კარი მისთვის ღიაა და შენ არ ხარ კარისკაცი“. განმარტავს ყოფილი გენერალური მდივანი.

2008 წლის გაკვეთილებს განსაკუთრებით აქტუალურად მიიჩნევს ამერიკის პრეზიდენტის ერთ-ერთი ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სტივენ ჰედლიც. ის ფიქრობს, რომ ალიანსის მტკიცე ნაბიჯები არა ესკალაციას, არამედ ომის სწრაფად დამთავრებას და სხვა ომების თავიდან აცილებასაც შუწყობს ხელს. „2008 წელს ბუქარესტში ჩვენი, გერმანიის და საფრანგეთის მოსაზრებები გაიყო უკრაინისა და საქართველოსთვის "მაპის" მინიჭების თაობაზე. ეს პუტინისთვის არა პროვოკაცია, არამედ შესაძლებლობა აღმოჩნდა. რადგან ჩვენ ვნახეთ, რომ გერმანელები და ფრანგები ურყევად ეწინააღმდეგებოდნენ მათი წევრობის განხილვას ახლო მომავალში. და პუტინმა ეს შესაძლებლობად აღიქვა. ის ორი ქვეყანა, რომელშიც პუტინი ამ სამეზობლოში შეიჭრა, სწორედ საქართველო და უკრაინაა, ქვეყნები, რომლებიც არ არიან ნატოს წევრები“, - ამბობს სტივენ ჰედლი.

„რუხი ზონები“ რომ მხოლოდ მწვანე შუქი აღმოჩნდა პუტინისთვის, ამას არაერთი ამერიკელი ანალიტიკოსი ამბობს. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ალიანსს სამიტამდე „პოლიტიკური მოწვევის“ გაჟღერებისკენ მოუწოდებდა, რასაც ექსპერტთა დიდი ნაწილი ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევდა. მათი აზრით, კრიტიკული მნიშვნელობას ახლა იმ კონკრეტული ნაბიჯებისა და ვადების განსაზღვრას აქვს, რაც გაწევრიანების პროცესის დასასრულებლად იქნება საჭირო.

„თუკი მოკავშირეები უკრაინის მოწვევასთან დაკავშირებით კონსენსუსს ვერ გამონახავენ, მეორე საუკეთესო გამოსავალი გაწევრიანებამდე ნათელი და პუნქტობრივი გეეგმის დასახვაა. პირველ ყოვლისა, „მაპ“-ის გაუქმება, როგორც ფინეთ-შვედეთისთვის მოხდა. ფაქტია, რომ ახლა უკრაინის ჯარი ალბათ ევროპაში ბრძოლისთვის ყველაზე მომზადებული არმიაა. ამასთან, უნდა დაიდოს პირობა, რომ გაფართოების საკითხი მომავალ წელს, ვაშინგტონის სამიტზე გადაიხედება", - განმარტავს ანდერს ფოგ რასმუსენი.

ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ერთი მხრივ უკრაინამ, მეორე მხრივ კი მოსკოვმა ამ სამიტიდან კონკრეტული გზავნილები უნდა მოისმინონ, რაც „წევრობის სამოქმედო გეგმის“, იგივე „მაპის" გარეშეც შეიძლება. ისინი უკრაინისთვის „მაპის“ გაუქმებასთან ერთად, ურთიერთობის თვისობრივად ახალ საფეხურზე გადატანას ელოდებიან. „ნატო ყოველთვის ამბობდა, რომ "მაპი" აუცილებელი ნაბიჯი იყო, მაგრამ ახლა ვნახავთ, რომ ის გაუქმდება, როგორც ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში. ვნახავთ ნატო-უკრაინის კომისიის ნატო-უკრაინის საბჭოდ გადაკეთებასაც, რაც შეიძლება პატარა განსხვავებად გვეჩვენებოდეს, მაგრამ ეს უკრაინელებს საშუალებას მისცემს მოკავშირეების გვერდით ისხდნენ და არაერთ მნიშვნელოვან განხილვაში მიიღონ მონაწილეობა ნატოს ყოველდღიურ საქმიანობაში. ნატო ალბათ ასევე შესთავაზებს უკრაინას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვის, გრძელვადიანი დაგეგმარების და ურთიერთთავსებადობის გაზრდაში დახმარებას“, - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბარში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ნატოში, კურტ ვოლკერი.

ნატოს ყოფილ მთავარსარდალს, ოთხვარსკვლავიან გენერალ ფილიპ ბრიდლოვს მიაჩნია, რომ ამჯერად ორაზროვნება ან ბუნდოვანი პირობები დაუშვებელია. ვილნიუსში აღარ უნდა გაიმეორონ არც ბუქარესტის, და არც ბუდაპეშტის გამოცდილება: „ჩვენ ვიცით, რა არ უნდა მოხდეს, რა არ შეიძლება რომ იყოს გზავნილი და ესაა ბუდაპეშტის მსგავსი კიდევ ერთი შეთანხმება, რომლის ხელმომწერებიც არ გრძნობენ თავს ვალდებულად, რომ შეასრულონ ამ შეთანხმების პირობები“, - ამბობს თადარიგის გენერალი და დასძენს: „ამჯერად, გამოყენებული ენა, ლექსიკა უნდა იყოს არა შეთავაზების, არამედ - მავალდებულებელი ხასიათის, რათა მსოფლიომ დაინახოს: ეს ერები ერთგულნი იმის, რისი შესრულების პირობაც უკრაინის უსაფრთხოებისა და დაცულობის შესაქმნელად დადეს. ჩვენ ვნახეთ, როგორ გამოიყურება ეს დარღვეული შეთანხმება და ახლა იგივე ვეღარ მოხდება, ის ბევრად ძლიერი უნდა იყოს.“

ბალტიისპირელი ლიდერების აზრით და გამოცდილებით, ერთადერთი რამ, რასაც რუსეთის მიერ მეზობლების მიმართ აგრესიის ციკლის დასრულება შეუძლია, არის ნატოს წევრობა. „რაც ახლა გვჭირდება, არის ის, რომ განვსაზღვროთ პრაქტიკული გზა წინ წასასვლელად და ჩვენც უნდა გავაგზავნოთ იმედის ძლიერი გზავნილი უკრაინელი ჯარისკაცებისთვის სანგრებში, რომ ჰორიზონტზე ნატოს წევრობის პერსპექტივით, ისინი რუსეთთან თავიანთ ბოლო ომს იბრძვიან“ - აცხადებს კაია კალასი, ესტონეთის პრემიერი.

ნატო და საქართველო

თუკი 2008 წელს ალიანსი საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე ერთდროულად საუბრობდნენ, თადარიგის პოლკოვნიკი რობერტ ჰამილტონი ამბობს, რომ საქართველოზე, როგორც უკრაინის მსგავს, წევრობის სერიოზულ კანდიდატზე, ახლა არ იმსჯელებენ, რაც საქართველოს მთავრობის მიერ ხელიდან გაშვებული მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

თადარიგის პოლკოვნიკი ბობ ჰამილტონი , საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი, ევრაზიის კვლევების დირექტორი ამბობს, რომ საქართველოს და უკრაინის „გზები გაიყარა": „2008 წლის შემდეგ უკვე ოფიციალურად, საქართველო და უკრაინა იყო ქვეყნების წყვილი, რომელიც ნატოში ინტეგრაციისკენ მიისწრაფვოდა. ეს ტანდემი, ეს კავშირი გაწყდა. ახლა ნატო უყურებს უკრაინას, როგორც წევრობის სერიოზულ კანდიდატს. დიახ, ალიანსში განსხვავებული მოსაზრებებია იმის შესახებ, რამდენად პირდაპირი უნდა იყოს კიევის გზა, მაგრამ მე არ მესმის, რომ ვინმე ლაპარაკობდეს ან რაიმე გადაწყვეტილებები იყოს განხილული ამ სამიტისას საქართველოს ნატოს წევრობასთან მეტად დასაახლოებლად. ასე რომ, ვფიქრობ, საქართველო ვილნიუსის სამიტზე იგნორირებული იქნება“, - მიიჩნევს ჰამილტონი.

11-12 ივლისს ვილნიუსში საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს და ის შვედეთის, ბოსნია-ჰერცოგოვინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ნატოს მაღალჩინოსნებს შეხვდება. დიპლომატიური უწყება განმარტავს, რომ სამიტზე მიღებული იქნება დასკვნითი დეკლარაცია, სადაც ასახული იქნება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და პერსპექტივები.

"სამიტზე ასევე დადასტურებული იქნება ალიანსის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ვილნიუსის სამიტზე საქართველოს მონაწილეობა ხაზს უსვამს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ალიანსის მტკიცე მხარდაჭერასა და ნატოს დღის წესრიგში საქართველოს საკითხის მაღალ პრიორიტეტულობას", - ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცლებულ განცხადებაში.

"ამერიკის ხმის" კითხვაზე პასუხად, ამ თემაზე თეთრ სახლშიც გააკეთეს კომენტარი: "საქართველო ნატოს ურყევი პარტნიორია, რომელიც ამერიკელ და ნატოს სხვა ქვეყნების ჯარებთან ერთად მსახურობდა. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას. ამერიკა აგრძელებს საქართველოსთან მუშაობას ნატოსთან მისი თავსებადობის გასამყარებლად და მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს წინ წაწიონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც აუცილებელია ნატოში გაწევრიანებისთვის“, - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ "ამერიკის ხმისთვის" გაკეთებულ განცხადებაში.

მაშინ, როცა ქართული შეიარაღებული ძალების მზაობა და დამსახურება ნატოს ყოფილი მთავარსარდლებისთვის ეჭვს არ იწვევს, შეშფოთების საგნად სწორედ პოლიტიკური ნაწილი რჩება. სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე, საქართველოს არ უწყობს ხელს ის კითხვები, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკურ მიმართულებასთან და ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით არსებობს.

"სამხედრო თვალსაზრისით მათ ყველა მოლოდინი დააკმაყოფილეს, რაც კი ჩვენ ნატოს ახალი წევრისგან გვენდომებოდა. ამ მხრივ ისინი მოწვევის კრიტერიუმებსაც კი სცდებიან", - ამბობს ფილიპ ბრიდლოვი, ნატოს ძალების ყოფილი მთავარსარდალი, თუმცა განმარტავს, რომ არსებობს მოსაზრებები პოლიტიკური კუთხით, იმის შესახებ, რომ საქართველო შესაძლოა უკან მიდიოდეს.

"ნატოსა და ამერიკაშია ყველას არ მგონია ესმოდეს ის „რუხი ზონები“ ან ჰიბრიდული ომი, რომელსაც რუსეთი საქართველოს შიგნით აწარმოებს. ჩვენ ვხედავთ საინტერესო პოლიტიკურ მოვლენებს, რომლებმაც შესაძლოა გამოწვევა შეუქმნას იმ მიმართულებას, თუ საით შეიძლება მიდიოდეს საქართველო. ვხედავთ რუსულ გავლენას თითქმის ყველაფერში ამასთან დაკავშირებით. და ჩვენ ეს გვაწუხებს", - დასძენს თადარიგის ოთხვარსკვლავიანი გენერალი.

როგორი გადაწყვეტილებებითაც უნდა დამთავრდეს ვილნიუსის სამიტი კიევისთვის, ამერიკის დედაქალაქში აწუხებთ, რომ ამ ეტაპზე საქართველოს საკითხი დღის წესრიგის ნაწილი არ არის და ამის მიზეზი თბილისის მხრიდან ნაკლები აქტიურობაა.

ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ყოფილი ამერიკელი დიპლომატი, „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი დენიელ ფრიდი ამბობს, რომ სამწუხაროა, რომ ახლა მოკავშირეები იმ კონკრეტულ გზებს განიხილავენ თუ როგორი იქნება მომავალში ნატოს ურთიერთობა უკრაინასთან, და არა - საქართველოსთან.

"რადგან არსებობს ფართოდ გავრცელებული შეშფოთება იმის თაობაზე, რომ საქართველომ თითქოს ამ ეტაპზე საკუთარი თავი ამ პროცესს მიღმა დატოვა. საქართველო ისე გამოიყურება თითქოს ცდილობს გავიდეს თამაშიდან. უკრაინას ამ სამიტზე წევრად ნამდვილად არ მიიწვევენ, თუმცა მთავარი შეკითხვა ისაა, როგორ იქნება ამჯერად გამოხატული ის ენა, ის ლექსიკა, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის ბუქარესტის სამიტის დროს შემუშავდა. და რა პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგმება უკრაინისთვის. მაგრამ საქართველო ამ ეტაპზე არ გამოიყურება, როგორც დაინტერესებული მხარე", - უთხრა "ამერიკის ხმას" დენ ფრიდმა.

ნატოს სამიტის მოახლოების ფონზე უკრაინის ჯარი რუსეთის საოკუპაციო ძალებს უტევს და ცოტა ხნის წინ დაწყებულ კონტრიერიშს აგრძელებს. სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ვილნიუსში ვაშინგტონის ერთ-ერთი პრიორიტეტი უკრაინის უსაფრთხოების მიმდინარე პრაქტიკულ და გრძელვადიან საჭიროებებზე ქმედითი ნაბიჯების შემუშავება იქნება. უკრაინა კი ნატოს წევრ ქვეყნებს კვლავ თანამდროვე და დასავლური შეიარაღების მიწოდებას სთხოვს.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/7174497.html

 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის