USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
«Voice of America» (აშშ): „უკრაინის დახმარების კანონპროექტი და კონგრესმენები“
дата:  476

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინის დახმარების კანონპროექტი და კონგრესმენები“, რომელშიც კიევისადმი დახმარების მიმართ ამერიკელი კანონმდებლების პოზიციები მიმოხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინისთვის დახმარების დაფინანსების საკითხი ჯერ კიდევ გადაწყვეტას ელოდება. წარმომადგენელთა პალატაში საგარეო დახმარების საკითხების, მათ შორის უკრაინისთვის დახმარების დაფინანსების საკითხის განხილვა აპრილის შუა რიცხვებამდე გადაიდო.

სენატის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა ჯონსონმა კენჭისყრაზე არ გაიტანა. რესპუბლიკელებს სურთ ამ კანონპროექტზე კენჭისყრასთან ერთად, საიმიგრაციო კრიზისის მოსაგვარებელი ზომებიც გატარდეს. თუმცა ზოგიერთი რესპუბლიკელი ზოგადად ბაიდენის ადმინისტრაციის სტრატეგიით არის უკმაყოფილო და მიაჩნია, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არაეფექტურია და მათი გამკაცრების მიზანშეწონილობაზე დაფიქრება ღირს.

უკრაინისთვის გადაუდებელი სამხედრო დახმარების გასაწევად, მისთვის სესხის გამოყოფის იდეაც გაჩნდა.

“ამერიკის ხმის” უკრაინული სამსახური ორივე პარტიის კონგრესმენებს უკრაინის დახმარების კანონპროექტის ბედის და შესაძლო სესხის შესახებ გაესაუბრა. დემოკრატმა კონგრესმენებმა თქვეს, რომ დახმარების საკითხის დაყოვნება მხოლოდ რესპუბლიკელი უმრავლესობის გამო მოხდა და მთავარ მიზეზად, პარტიაზე ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გავლენა დაასახელეს, თუმცა რესპუბლიკელებმა საიმიგრაციო კრიზისთან ერთად, რომელიც განხეთქილების ძირითად მიზეზად მიიჩნეოდა, უკრაინაში ომისადმი ბაიდენის ადმინისტრაციის არასათანადო მიდგომის საკითხიც წამოწიეს.

დემოკრატმა კონგრესმენმა ბრედ შერმანმა კანონპროექტის შეჩერებაზე პასუხისმგებლობა სრულად დააკისრა რესპუბლიკელ სპიკერ მაიკლ ჯონსონს: „ძველი გეგმა საუკეთესო იყო. სენატმა კანონპროექტი უკვე მიიღო. ეს კანონპროექტი კენჭისყრაზე რომ გამოსულიყო, სპიკერ ჯონსონს ხმის მიცემის უფლება რომ მოეცა, დიდი უმრავლესობით იქნებოდა მიღებული“, - თქვა ბრედ შერმანმა.

სესხის თაობაზე კანონმდებელს მკვეთრად უარყოფითი პოზიცია აქვს და კრიტიკას ყოფილი პრეზიდენტისკენ დონალდ ტრამპისაკენ მიმართავს: „უკრაინისთვის სესხის გამოყოფის იდეა, უკრაინას სხვებისგან სესხების მიღების შესაძლებლობას შეუზღუდავს და ასეთ რთულ დროს, უკრაინის მთავრობის მუშაობას შეაფერხებს. ეს რაღაც სულელური იდეაა იმ სულელი კაცისგან, რომელიც მარა-ლაგოში ცხოვრობს“, - თქვა ვეტერანმა დემოკრატმა კანონმდებელმა.

ბრედ შერმანმა გაწვევის პეტიციის მეშვეობით კანონპროექტის კენჭისყრაზე გამოტანის და ზოგადად მისი დამტკიცების სავარაუდო ვადების თაობაზე ასეთი აზრი გამოთქვა:

„ნათელია, ეს კანონპროექტი კენჭისყრაზე რომ მოხვდეს, ის სპიკერმა ჯონსონმა უნდა გამოიტანოს. ეს მისი, როგორც სპიკერის პასუხისმგებლობაა. აქ 28 წელია ვარ და გაწვევის პეტიცია მხოლოდ ორჯერ იყო წარმატებული. ამის თქმასთან ერთად მჯერა, რომ სულ მცირე 180-190 დემოკრატი გაწვევის პეტიციას ხელს მოაწერს და გვყავს 30 რესპუბლიკელი, რომელიც საკმარისად პატრიოტულად არის განწყობილი იმისთვის, რომ პეტიციას ხელი მოაწეროს და საჭირო ხმები გვექნება, მაგრამ კენჭისყრა დღეს უნდა მოხდეს. კენჭისყრა სპიკერ ჯონსონს დღეს უნდა ეზრუნველეყო და ხვალ უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვებს გავგზავნიდით. სამწუხაროდ, ყველაზე სავარაუდო შედეგი ის იქნება, რომ ამ კვირაში სხვა კრიტიკულ საკითხზე ვიმუშავებთ, კერძოდ შეერთებული შტატების მთავრობის დაფინანსებაზე. ამ კვირაში ეს იქნება გასაკეთებელი, შემდეგ ქალაქიდან ორი კვირით გავალთ, მერე დავბრუნდებით და შევეცდებით მივხედოთ უკრაინას, ისრაელს და სხვა საგარეო პოლიტიკურ პასუხისმგებლობებს. არ მოველი, რომ აპრილის შუა რიცხვებამდე, შეერთებული შტატების კონგრესი რაიმე სასარგებლოს გაკეთებას შეძლებს“.

რესპუბლიკელ კონგრესმენ ენდი ბარს უკრაინის მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვნად მიაჩნია, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციის სტრატეგია, კერძოდ რუსეთზე დაწესებული სანქციების კუთხით, მისთვის გაუგებარია.

„მე ნამდვილად მხარს ვუჭერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას. ვფიქრობ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელი ხალხი და კონგრესი უკრაინის წინააღმდეგობის გვერდით იდგეს. ამასთან ერთად მჯერა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას სჭირდება უკეთესი სტრატეგია, როდესაც საქმე ეხება უკრაინისთვის დახმარებას იმისთვის, რომ მან ომი მოიგოს. სანქციების შესახებ ბაიდენის ახლანდელი სტრატეგია სუსტია. ის არ არის შექმნილი იმისთვის, რომ პუტინს არ მისცეს წვდომა ფინანსებზე, რომლითაც ის თავისი ომის მანქანის ხარჯებს ფარავს. სანქციებში არის უზარმაზარი „ხვრელი“. რუსული ბანკებისთვის არის ზოგადი ლიცენზია ენერგომატარებლების ტრანზაქციებზე. ამ „ხვრელს“ ჩაკეტვა სჭირდება. ჩემთვის უაზრობას წარმოადგენს, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაცია ერთის მხრივ, ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს 60 მილიარდს სთხოვს და მეორეს მხრივ, უარს ამბობს პუტინს გადაუკეტოს ფინანსები, რომელსაც ის ენერგეტიკასთან დაკავშირებული ექსპორტით იღებს.

სწორი სტრატეგიაა ორივე ერთად, უკრაინისთვის სამხედრო დახმარება და სანქციების უფრო მკაცრად გამოყენება, მოსკოვის ენერგომატარებლების ექსპორტის სრულად სანქცირება.

გაწვევის პეტიციაზე და სესხზე ვიმუშავებთ, მაგრამ ამ ადმინისტრაციისგან სანქციების უკეთესი სტრატეგიის დანახვა გვსურს“, - თქვა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის სტრატეგიის მიმართ ბევრად უფრო შეურიგებელი პოზიცია აქვს რესპუბლიკელ ბრაიან მასტს, რომელსაც მიაჩნია, რომ ადმინისტრაცია გამარჯვებას არ გეგმავს.

„არ ვიცი კენჭისყრაზე რომელი საკითხი გავა, მაგრამ როდესაც უკრაინის დახმარების საკითხს უყურებთ, ჩემი აზრით არ უნდა დაუჭირო მხარი იმას, რის ზურგის გამაგრების გეგმა არ გაქვს - ეს ერთი. არ არსებობდა უკრაინის გამარჯვების გეგმა, იყო უკრაინის გადარჩენის გეგმა და ეს ორი სრულიად განსხვავებული რამ არის. ვფიქრობ ეს არის უდიდესი საკითხი, რაც უნდა მოგვარდეს“, - თქვა ბრაიან მასტმა.

კონგრესმენმა განაცხადა, რომ „აბსოლუტურად“ არ აპირებს ხელი მოაწეროს გაწვევის პეტიციას და არც სესხის გამოყოფას ემხრობა

„არ შეგიძლია მხარი დაუჭირო რაღაცას, რომლის გეგმაც ვინმეს გადარჩენაა. ჩვენ ამერიკა ვართ. როდესაც ვიბრძვით, ამას გამარჯვებისთვის ვაკეთებთ. ვერ ვხედავთ რომ გამარჯვების გეგმა არსებობს და უკვე 600 დღეზე მეტია ეს ხდება. პასუხი, სამწუხაროდ, ეს არის“, - თქვა კონგრესმენმა.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/7543342.html

 

 

 

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати