USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
თბილისი
«Voice of America» (აშშ): „შუა დერეფანი“: 2030 წლისთვის ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზრდება. როგორ შეხვდება ზრდას საქართველო?“
თარიღი:  459

ამერიკულმა სახელმწიფო სამაუწყებლო კომპანიამ „ამერიკის ხმამ“ (Voice of America) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „შუა დერეფანი“: 2030 წლისთვის ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზრდება. როგორ შეხვდება ზრდას საქართველო?“, რომელშიც განხილულია ამ დღეებში თბილისში ჩატარებული საერთაშორისო ღონისძიების - „აბრეშუმის გზის ფორუმის“ დროს წამოჭრილი კრიტიკული საკითხები.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

2030 წლისთვის, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან „შუა დერეფანში“ ტვირთების მნიშვნელოვანი ნაკადის გადმორთვა მოხდება და ამ დროისთვის, საქართველოს ინფრასტრუქტურა მზად უნდა იყოს რომ გაზრდილი ტვირთნაკადების გატარება თავისუფლად შეძლოს. ეს იყო თბილისში დასრულებული „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მთავარი მესიჯი.

ფორუმს, რომელიც მეოთხედ გაიმართა, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრებთან ერთად, 2000-მდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრო.

„შუა დერეფნის“ შესახებ პანელურ დისკუსიაში, საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის მთავრობის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო საზღვაო და საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის ორგანიზაციების გენმდივნებმაც მიიღეს მონაწილეობა.

„შუა აზიის ქვეყნების ლიდერები, თუ, ადრე „შუა დერეფანს“ სარეზერვოდ განიხილავდნენ, ახლა სურთ რომ ძირითად დერეფნად გამოიყენონ. ეს ქვეყნები, ამ მიზნით ძალიან დიდ ინვესტიციებს დებენ საკუთარი სატრანზიტო ინფარსტრუქტურის განვითარებაში“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელმა პაატა ცაგარეიშვილმა, რომელიც ფორუმზე რამდენიმე პანელურ დისკუსიას დაესწრო. მისი თქმით, „ასეთ ვითარებაში, საქართველო განზე ვერ გადგება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დროულად ვერცერთი ფინანსურად ტევადი ინფრასტრუქტურული პროექტი ვერ გავნახორციელეთ, დაწყებული ანაკლიის პორტიდან, დამთავრებული რკინიგზის მოდერნიზაციით და აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალით. თვითონ ეს ქვეყნები გვაიძულებენ რომ ინფრასტრუტურა განვავითაროთ. ეს იყო სწორედ ამ ფორუმის მთავარი მესიჯი“ - მიაჩნია პაატაცაგარეიშვილს.

ფორუმზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ შუა დერეფნის საქართველოს მონაკვეთზე ტვირთბრუნვის გაზრდისთვის, აუცილებელია ანაკლიის პორტის მშენებლობის დასრულება, რომელსაც 2023 წელს წესით, პანამაქსის ტიპის გემები უნდა მიეღო, თუმცა, პროექტი გაჩერდა და ხელახლა დასაწყები გახდა.

ასევე უმნიშვნელოვანესია რკინიგზის მოდერნიზაციის (უნდა დასრულებულიყო 2019 წელს), აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის და ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის დასრულება. ეს მშენებლობები 2006-07 წლებში დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "აბრეშუმის გზის ფორუმზე" დროში წლობით გაწელილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების ახალ თარიღად, 2024 წლის ბოლო დაასახელა.

„საქართველომ დაიწყო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების წარმოება. მათ შორისაა, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი. 2024 წლის ბოლომდე, მისი დასრულების შემდეგ, საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება. მთავრობა დიდ ინვესტიციებს დებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალისა და ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობაში“ - განაცხადა ფორუმზე გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა.

შუა აზიიდან ახალი ტვირთების მისაღებად, რომლის დიდი ნაწილიც ამჟამად რუსეთზე გამავალ „ჩრდილოეთის დერეფნის“ მეშვეობით მოძრაობს, ექსპერტების თქმით, საქართველოსთვის ასევე მნიშვნელოვანია, ყაზახეთის მფლობელობაში არსებულ ბათუმის ნავსადგურში, წინასაპორტო და სარკინიგზო სადგურის გაძლიერება მოხდეს.

პარალელურად, მთლიანად უნდა განახლდეს სავაგონო პარკი, მოეწყოს გაზის ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი ინფრასტუქტურა და პორტებში გაიზარდოს საკონტეინერო სიმძლავრეები. დღეისათვის, ფოთის პორტს მოზღვავებული ტვირთის გატარება უკვე უჭირს.

„ნავთობპროდუქტების გადაზიდვისგან განსხვავებით, მშრალი და ნაყარი ტვირთების გადმორთვას ჩვენს დერეფანში, ჩემი აზრით, უფრო ცოტა 3-5 წელი ესაჭიროება“ - ამბობს "სატრანსპორტი დერეფნის კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი. მისი თქმით, „ამისთვის აუცილებელია ფოთის და ბათუმის ნავსადგურებში მოეწყოს ტერმინალები ნაყარი და ქიმიური, ტვირთებისთვის, იგივე გადამუშავებული ლითონის და ქვანახშირისთვის. ყაზახეთიდან ჩანს რომ ეს იქნება მთავარი ტვირთი და წამოვა ჩვენი მიმართულებით“.

თბილისის ფორუმზე, „შუა დერეფნის“ განვითარების მიზნით, ბაქოს პორტის გარდა, ყულევის პორტის განვითარებაზე და ანაკლიის პორტის მშენებლობის აუცილებლობაზე ისაუბრა, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა.

„ამჟამად აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, რათა ბაქოს პორტში ტვირთების გადაზიდვის სიმძლავრეები 15 მილიონი ტონიდან 25 მილიონ ტონამდე გაიზარდოს. ბათუმისა და ფოთის პორტები საქართველოში ასევე მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს შუა დერეფნისთვის. ამავდროულად, ყულევის პორტის გაფართოვება აზერბაიჯანის მიერ, რომელიც საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, ანაკლიის მშენებლობა, რა თქმა უნდა, ესეც წვლილს შეიტანს შუა დერეფნის განვითარებაში“ - აღნიშნა ალი ასადოვმა.

„კითხვები აზერბაიჯანის მიმართაც არის. აზერბაიჯანი ფლობს ყულევის პორტს, რომელსაც წელიწადში 10 მილიონი ტონა ტვირთის გატარება შეუძლია, რეალურად ბოლო 10 წლის მანძილზე, 1.5-2 მილიონ ტონას ატარებს ანუ რეზერვი 80% აქვს. თანაც არავის არ უშვებს ყულევში, უცხო გადამზიდავს, აქ ვერავინ კითხვის ნიშანს ვერ სვამს, ვერც ჩვენი მთავრობა. გაუგებარია, ყულევის სიმძლავრეს ვერ ითვისებს და ანაკლიაზე საუბრობს? ამდენი წლის მანძილზე, აზერბაიჯანმა ვერც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა დაასრულა. ამ რკინიგზის გამტარუნარიანობა 5 მილიონი ტონაა და ნახევარი მილიონიც არ გადის, ეს ყველაფერი ტვირთბრუნვაზე აისახება“ - მიაჩნია პაატა ცაგარეიშვილს.

2023 წლის თბილისის "აბრეშუმის გზის ფორუმი" მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ „შუა დერეფანში“ ჩართვის დიდი სურვილი გამოთქვა და „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივა პირადად წარმოადგინა, სულ ახლახანს, აზერბაიჯანთან ომში დამარცხებულმა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთმა აზერბაიჯანს და თურქეთს ათწლეულების მანძილზე ჩაკეტილი სარკინიგზო და საავტომობილო გზების გახსნა შესთავაზა, ერთადერთი, სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების მოთხოვნით. ბაქო და ანკარა ამ წინადადებას ჯერ არ გამოხმაურებიან.

„მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივა სრულიად ჩართულია „აბრეშუმის გზის“ ლოგიკაში. ჩვენ მოხარულები ვიქნებით, მივიღოთ და უსაფრთხოდ გადავიყვანოთ ადამიანები, სატრანსპორტო საშუალებები, ტვირთები, მილსადენები, კაბელი და ელექტროგადამცემი ხაზები, სომხეთის ტერიტორიაზე“ - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. მან იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს თვეებში, სომხეთი აზერბაიჯანთან ხელს მოაწერს შეთანხმებას მშვიდობისა და დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების თაობაზე. ასევე გახსნის სომხეთ-თურქეთის საზღვარს, მესამე ქვეყნებისა და დიპლომატიური პასპორტის მქონე მოქალაქეებისთვის.

„აბრეშუმის გზის" 2023 წლის ფორუმზე საქართველოს, ყაზახეთის და აზერბაიჯანის რკინიგზებს შორის, ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. სამი ქვეყნის ერთობლივი საწარმო „ერთი ფანჯრის“ პრინციპით იმუშავებს, რამაც „შუა დერეფანში“ ტვირთების ზრდას უნდა შეუწყოს ხელი.

„შუა დერეფანი“ იგივე „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო გზა“, რომელიც ჩინეთიდან ევროპისკენ და უკან, ტვირთების გადაზიდვისთვის ყველაზე მოკლე მარშრუტია, ხელახლა, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ დაიბადა.

ომის, სანქციებისა და რუსეთზე გამავალი „ჩრდილოეთის დერეფანში“ ტვირთების გადაზიდვის გაძვირების, უსაფრთოების თუ ლოჯისტიკური პრობლემების გამო, „შუა დერეფანში“ ტვირთბრუნვა 2022 წლიდან ავტომატურად იზრდება. ახლა, ის ქვეყნები, რომელზეც დერეფანი გადის, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებით და დიდი ინვესტიციებით, ცდილობენ ტვირთბრუნვის ზრდა "შუა დერეფანში" სისტემური გახდეს.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/7330250.html

 

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.