USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Тбилиси
«Voice of America» (აშშ): „შეკითხვა ნიკოლ ფაშინიანს ჯავახეთიდან, რომელსაც სოხუმსა და ცხინვალში ანტისომხური დემარში მოჰყვა“
дата:  721

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანიის „ამერიკის ხმის“ (Voice of America) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „შეკითხვა ნიკოლ ფაშინიანს ჯავახეთიდან, რომელსაც სოხუმსა და ცხინვალში ანტისომხური დემარში მოჰყვა“.

გთავაზობთ პუბლიკაციას სრული სახით:

სომხეთის პრემიერ-მინისტრისთვის საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან - ქალაქ ნინოწმინდიდან - პირდაპირ ეთერში დასმულმა კითხვამ, რომლის ავტორიც სომხური წარმოშობის საქართველოს მოქალაქე ანდრანიკ კარსლიანი იყო, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დიდი აჟიოტაჟი და ანტისომხური დემარში მოჰყვა.

ანდრანიკ კარსლიანმა სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს პირდაპირ ეთერში ჰკითხა, მზად არის თუ არა, რომ სომხეთის მთავრობამ „აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიაროს?“

„მიუხედავად იმისა, რომ პასუხი არ იყო პირდაპირი, მე ვფიქრობ, რომ საქართველოში პასუხით ყველა კმაყოფილია“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ანდრანიკ კარსლიანმა. მისი აზრით, „ამ კითხვამ, რომელმაც სამცხე-ჯავახეთიდან გაიჟღერა და ფაშინიანის პასუხმა, ვფიქრობ, სომხურ-ქართული ურთიერთობები გააუმჯობესა“.

ანდრანიკ კარსლიანის შეკითხვაზე სომხეთის პრემიერმა პირველად ღიად აღნიშნა, რომ „სრულად და ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს სუვერინტეტს, დამოუკიდებლობას, ერთიანობას, ტერიტორიულ მთლიანობას და დემოკრატიას“.

ამასთან, ნიკოლ ფაშინიანმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სომხეთმა 2019 წლიდან პოლიტიკა შეცვალა და გაეროში წინააღმდეგ აღარ აძლევს ხმას საქართველოს მიერ 2008 წლიდან ინიცირებულ რეზოლუციას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთიდან დევნილთა სტატუსის შესახებ.

2019 წლამდე სომხეთისთვის, მთიანი ყარაბაღის ფაქტორის გამო, რეზოლუციის ის ნაწილი, სადაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილების დაბრუნებაზე იყო საუბარი, მიუღებელი იყო. 2019 წლიდან, ერევანმა ეს პოზიცია შეცვალა და რეზოლუციის კენჭისყრის დროს, როგორც რუსეთის მოკავშირე, მონაწილეობას აღარ იღებს.

2023 წლის შემოდგომიდან, მას შემდეგ რაც აზერბაიჯანმა ყარაბაღზე სუვერენიტეტი სრულად აღადგინა, სომხეთი უკვე ცალსახად აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

„თქვენი ყურადღება მინდა მივაქციო 2019 წლამდე და შემდეგ სომხეთის მიერ გაერო-ში ხმის მიცემების მიდგომების განსხვავებებს, რაზეც საქართველოს მხარემ თავისი კმაყოფილება გამოუცხადა ჩვენს მხარეს“ - განაცხადა ფაშინიამა ვიდეოპრესკონფერენციაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში ორსაათნახევარი გაგრძელდა.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას პირველად ოკუპირებული ცხინვალიდან უპასუხეს. „ნიკოლ ფაშინიანმა უღალატა საკუთარ ხალხს, რომლებიც დახმარებას სომხეთისგან ელოდნენ, ვერ იპოვა საკუთარ თავში გამბედაობა, ეღიარებინა არცახის (მთიანი ყარაბაღის) დამოუკიდებლობა და ჩვენ არ გვაინტერესებს ასეთი პოლიტიკოსების აზრი“ - აღნიშნა ოსი სეპარატისტების ლიდერმა ალან გაგლოევმა.

„აფხაზეთში სომხებს აქვთ ყველაფერი, რისი გარანტირებაც ნიკოლ ფაშინიანმა ვერ შეძლო ყარაბაღელი სომხებისთვის, რომლებიც მისი პოლიტიკის შედეგად სახელმწიფოებრიობის დაშლისა და მშობლიური მიწიდან მასობრივი გასახლების ტრაგედიის წინაშე აღმოჩნდნენ“ - ასე გამოეხმაურა ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას, აფხაზი სეპარატისტების ლიდერი ასლან ბჟანია.

ნიკოლ ფაშინიანის გამოსვლა ერევანში ცინიკურად შეაფასეს, ე.წ. „აფხაზური კრების“ სომეხმა წევრებმა, მათ შორის, გაგრელმა გალუსტ ტრაპიზონიანმა, რომელიც აფხაზეთის ომის დროს, ეთნიკური სომხებით დაკომპლექტებული „ბაგრამიანის ბატალიონის“ ერთ-ერთი საველე მეთაური იყო და გუმისთისთვის ბრძოლაში ფეხიც დაკარგა. სამხედრო დამნაშავე ტრაპიზონიანს „აფხაზთა გმირის“ წოდება აქვს მინიჭებული.

„ცინიკურია არა იმიტომ, რომ აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, არავითარი კავშირი არ აქვს სუვერენულ საქართველოსთან, არამედ იმიტომ, რომ რამდენიმე წლის წინ ერევანმა ხმამაღლა განაცხადა, რომ არცახი სომხეთია და არ დაუშვებს აზერბაიჯანის მხრიდან ყარაბაღის ტერიტორიაზე შეჭრას“ - ნათქვამია ე.წ „აფხაზთა კრების“ სომეხ წევრთა განცხადებაში.

„ეს რეაქცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და შიდა ქართლიდან მოსალოდნელი იყო“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ანდრანიკ კარსლიანმა. მისი აზრით, „იქ მცხოვრებ სომხებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ საქართველოს გამთლიანებაში და ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობების აღდგენაში“.

საქართველოს მოქალაქე ანდრანიკ კარსლიანი ნინოწმინდელია, არის ყოფილი სპორტსმენი, რომელიც 12 წლის მანძილზე ქალაქ ნინოწმინდის კომპლექსური სასპორტო სკოლის დირექტორი იყო. აქვს იურიდიული განათლება, სწავლობდა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში. მისი თქმით, როცა შეიტყო, რომ სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანისთვის პირდაპირ ეთერში კითხვის დასმა შეიძლებოდა, მაშინვე გადაწყვიტა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ეკითხა.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/7377499.html

 

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати