USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Tbilisi
«Voice of America» (აშშ): „საერთაშორისო გამჭვირვალობა: საქართველოში მაღალ დონეზე კორუფცია გამოწვევად რჩება“
Date:  

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანიამ „ამერიკის ხმამ“ (Voice of America) თავის ვებ-გვერდზე გამოქვეყნა სტატია სათაურით „საერთაშორისო გამჭვირვალობა: საქართველოში მაღალ დონეზე კორუფცია გამოწვევად რჩება“, რომელშიც განხილულია საკითხი საქართველოში არსებული კორუფციის შესახებ.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

საქართველოში მაღალ დონეზე კორუფცია კვლავაც გამოწვევად დარჩა - ასეთი შეფასებით გამოეხმაურა კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI). არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში ამ დრომდე, ვერ მოხდა ისეთი ანტიკორუფციული სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ელიტურ კორუფციას ეფექტურად გაუმკლავდებოდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ევროკომისიის რეკომენდაციების მოთხოვნების საფუძველზე, „დაუბრუნდეს “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის” (OECD/ACN) ანტიკორუფციული გარემოს შეფასების პროცესს, რომელიც მთავრობამ 2023 წლის თებერვალში დემონსტრაციულად დატოვა და „სრულად შეასრულოს წინა შეფასების რეკომენდაციები“.

„რა თქმა უნდა, ამ ფორმატიდან გამოსვლა არის სერიოზული ნიშანი იმისა, რომ მთავრობას, მმართველ პარტიას არ სურს, რომ საქართველოში კორუფციის პრობლემის შესახებ ცნობილი გახდეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერმა სანდრო ქევხიშვილმა. მისი თქვით, „OECD/ACN-ის ანტიკორუფციული ქსელის ბოლო ანგარიში ასახავდა ყველა იმ პრობლემას, რაც საქართველოში არის, მათ შორის, სასამართლოს და საგამოძიებო უწყებების დამოუკიდებლობის და ეფექტურობის მხრივაც. მმართველ პარტიას ეს ანგარიში იმდენად არ მოეწონა და იმდენად გაღიზიანდნენ ამის გამო, რომ მთლიანად ფორმატზე თქვეს უარი.

ამ ძალიან მაღალი რეპუტაციის ფორმატიდან ასე გამოსვლა არის სერიოზული სიგნალი ყველა დაინტერესებული მხარისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და ასევე, რაც ყველაზე მთავარია, ინვესტორებისთვის. ამ ფორმატიდან გამოსვლა ფაქტიურად ნიშნავს, რომ ქვეყანას ხელი აქვს ჩაქნეული კორუფციასთან ბრძოლაზე და მიშვებული აქვს ეს პრობლემა“ - მიაჩნია სანდრო ქევხიშვილს.

საქართველოში ელიტური კორუფციის პრობლემის მნიშვნელოვან გაუარესებაზე საუბრობს ქვეყნის არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილი ყოფილი მოკავშირე და ახლა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი. გიორგი გახარიას 2013-2021 წლებში მნიშვნელოვანი სახელმწიფო პოსტები ეკავა, იყო ეკონომიკის და შინაგან საქმეთა მინისტრი და ასევე პრემიერ-მინისტრი.

„მე ხომ ვხედავ, რომ ის ხალხი, რომელიც სხვადასხვა არხებით, ხან ვის მომიგზავნიდნენ, ხან ვის გამომიგზავნიდნენ და ვისაც ყოველთვის ვეუნბებოდი, რომ არა! ეს ხალხი ახლა მშვენივრად, მარტივად იღებს იმ სარგებელს, სხვადასხვა ფორმით, სადღაც ქონებით, სადღაც შეთანხმებით, სადღაც ვალების ჩამოწერით, სადღაც კიდე ათასი უბედურებით, ამას ხო ვხედავ ნათლად“ - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ.

საქართველოს ხელისუფლება პირიქით აცხადებს, რომ ქვეყანაში კორუფციის პრობლემა აღარ არსებობს. „კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველო რეგიონული და საერთაშორისო ლიდერის პოზიციებით ხვდება“ - ნათქვამია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

„მსოფლიო სამართლის პროექტის" წლევანდელი „კანონის უზენაესობის ინდექსის“ ისეთ წამყვან ფაქტორში, როგორიცაა კორუფციისგან თავისუფლება, საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა.

„გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის“ თანახმად, კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში – მე-20, ევროპაში – მე-11, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მეორე ადგილზეა და ასწრებს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ მრავალ სახელმწიფოს“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.240p

„ეს, რა თქმა უნდა, დამსახურებაა საქართველოს ხელისუფლების, საკანონდებლო ორგანოს საქმიანობის, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო და ისეთი პრევენციისა და კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ საქართველო იყოს მოწინავე კორუფციასთან წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ მხრივ რა თქმა უნდა საამაყოა, რომ ჩვენ მოწინავე პოზიციებს ვინარჩუნებთ“ - ასევე ოპტიმისტური იყო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის შეფასებაც.

“საქართველო რომ კორუფციისგან თავისუფალ და კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაზე არის, ეს უკვე ძალიან დიდი ხანია დასტურდება, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ ისევ გვესმის ბრალდებები, რომელიც კონკრეტული ფაქტებით, რა თქმა უნდა, არ დასტურდება“- ამბობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი.

ის, რომ საქართველოში კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება და სერიოზული ანტიკორუფციული რეფორმების ჩატარება აუცილებელია, ევროკომისიის 2023 წლის ნოემბერში შემუშავებულ რეკომენდაციებშიც წერია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს: დაიწყოს და ბოლომდე მიიყვანოს მაღალი დონის სავარაუდო კორუფციული შემთხვევების გამოძიებები; უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და ეფექტიანობა; შეასრულოს ბიუროსთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

დეკლარაციების მონიტორინგის დროს ბიურომ უნდა გამოავლინოს თანამდებობის პირთა დაუსაბუთებელი ქონება და ასეთ შემთხვევებზე უნდა დაიწყოს გამოძიება;

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" საქართველოს ხელისუფლებას ასევე მოუწოდებს "შეიმუშაოს და დაამტკიცოს ანტიკორუფციული სტრატეგია (რომელიც ქვეყანას ბოლო სამი წელია აღარ აქვს) და სამოქმედო გეგმა, უზრუნველყოს მისი სრულყოფილად განხორციელება რეალისტურ ვადებში, შესაბამისი დაფინანსებითა და მონიტორინგის მეშვეობით.

განაახლოს და განახორციელოს დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიხედვით იმგვარად, რომ შედეგად პოლიტიკის, მართლმსაჯულებისა და ეკონომიკის სფეროები გათავისუფლდეს გავლენიანი პირადი ინტერესებისგან და მათი გავლენისგან;

გაატაროს სასამართლო სისტემის სრულყოფილი რეფორმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და შეცვალოს გენერალური პროკურორის დანიშნვის წესი, რათა ის არჩეულ იქნას პარლამენტში უბრალო უმრავლესობის ნაცვლად, კვალიფიციური უმრავლესობით”.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/7392160.html

 

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way