USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Тбилиси
«Voice of America» (აშშ): „რუსული არმიის ძლიერება: მითი თუ რეალობა?“
дата:  1872

ამერიკული სამაუწყებლო ტელერადიოკომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) აქეყნებს სტატიას სათაურით „რუსული არმიის ძლიერება: მითი თუ რეალობა?“.

გთავაზობთ მცირე შემოკლებით:

რუსეთის არმია 2022 წლამდე თავისი ძლიერებით მსოფლიოში მეორე არმიად ითვლებოდა (აშშ-ის შემდეგ), მაგრამ უკრაინაში რუსული არმიის სუსტმა პროგრესმა მოსკოვის სამხედრო ძალის აღქმა შეარყია. „ჯარის რეალურ ძალას იქამდე ვერ აფასებ, სანამ მოქმედებაში არ ნახავ“, - ამბობს ჰარი შმიტი, "ამერიკის წამოწყებათა ინსტიტუტის" უფროსი მკვლევარი და დასძენს, რომ რუსულ ჯარზე დასავლეთში არსებული გადაჭარბებული წარმოდგენები მოსკოვის მიერ ამ მიმართულებით დახარჯული რესურსის ანალიზს ეყრდნობოდა. ჰარი შმიტის თქმით, „აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები იმ რესურსს და თანხებს უყურებდნენ, რომლებსაც კრემლი რუსულ ჯარზე ხარჯავდა და მას ამ მონაცემების მიხედვით აფასებდნენ“.

წარმოდგენები რუსეთის სამხედრო ძლიერებაზე კიდევ უფრო გაამყარა 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის სწრაფმა, გასროლის გარეშე, ანექსიამ. თუმცა, 8 წლის შემდეგ, რუსული არმიის არაეფექტურობა მსოფლიომ ნათლად იხილა.

კრემლი, რომელიც კიევის აღებას სამ დღეში გეგმავდა, უკვე 18 თვეა უკრაინაში მნიშვნელოვანი წარმატების გარეშე იბრძვის. მოსკოვს მოუწია უკან დაეხია კიევიდან, ხარკივიდან და ხერსონიდან. წარუმატებლობის მიზეზებს შორის, გარდა იმისა, რომ კრემლმა არასწორად გათვალა უკრაინელთა მზაობა, დაეცვათ საკუთარი ქვეყანა, მიმომხილველთა შეფასებით, მოკლევადიან კამპანიაზე გათვლილი შეჭრა და ჯარის პოლიტიკური მიზნებზე დაქვემდებარებაა. როცა ომის სამ დღეში მოგებას გეგმავ და ლოგისტიკა ამაზეა გათვლილი, კურსის შეცვლა ბრძოლის პირობებში რთულია, ამბობენ ექსპერტები. თუმცა, განმარტავენ, რომ რუსეთი შეცდომებზე სწავლობს.

„ბრძოლის ველზე მეტ ეფექტურობას ვხედავთ, ვიდრე ადრე. რა თქმა უნდა, ისინი დღეს განსხვავებულ მდგომარეობაში არიან, ვიდრე წელიწადნახევრის წინ. მაშინ შეტევაზე იყვნენ, ახლა კი თავდაცვაში. შეტევა ყოველთვის ბევრად უფრო რთულია, ვიდრე თავდაცვითი ოპერაცია. მათ, სამწუხაროდ, დიდი დრო ჰქონდათ სანგრების გასამაგრებლად, ველების დანაღვმისთვის და 18 თვის გამოცდილების გასათვალისწინებლად“, - ამბობს იან ბრჟეზინსკი, „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი.

საბჭოთა არმიის 5 მილიონიან შემადგენლობასთან განსხვავებით, რუსეთის ჯარში 1 მილიონი ჯარისკაცია. უკრაინაში განცდილი დანაკარგების გამო, მობილიზაციის მიუხედავად, ჯარის დიდ ნაწილს, საბრძოლო მზაობა არ აქვს. ომის დასაწყისში, რუსეთმა საუკეთესო დანაყოფები დაკარგა.

დამოუკიდებელი მედიის ანალიზის მიხედვით, უკრაინაში 47,000 რუსი სამხედრო დაიღუპა. პენტაგონის თებერვლის მონაცემებით, უკრაინაში, დაახლოებით, 200,000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაშავდა. 6 თვის თავზე ეს მონაცემი, სავარაუდოდ, გაიზარდა, რაც ჯამში უკრაინაში თავდაპირველად გაგზავნილ ჯარისკაცთა რაოდენობას, დაახლოებით 150,000-ს აღემატება.

„ისინი ვერ ახერხებენ კომბინირებული კამპანიის წარმოებას, რასაც ჩვენ ვვარაუდობდით“, - ამბობს ჰარი შმიტი და აცხადებს, რომ „კომბინირებული ოპერაციების შესაძლებლობების გარეშე, ამის განსახორციელებლად საჭირო ლოგისტიკის გარეშე და საჰაერო ძალების ერთგვარი კომბინირებული გამოყენების გარეშე, სიძლიერე უბრალოდ არ არსებობს“.

2008 წლის აგვისტოს ომში, რუსეთის არმიაში გამოვლენილი დისციპლინის, სარდლობის და სტრუქტურის ხარვეზების შემდეგ, კრემლმა ამბიციური სამხედრო რეფორმები წამოიწყო.

„ჩვენ ყველას გვახსოვს მთვრალი რუსი ჯარისკაცები საქართველოში, ფრონტზე“, - იხსენებს ბრჟეზინსკი. „ამ საშინელი პერფორმანსის შემდეგ, პუტინმა პირობა დადო, რომ ვითარება შეიცვლებოდა და 10-15 წლიანი მოდერნიზაციის გეგმა შეიმუშავეს, ახალი შეიარაღების ინკორპორაციის და პროფესიონალიზმის გაზრდის იმედით“, - ამბობს „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი.

მოსკოვმა საკუთარი ძალის უფრო მოდერნიზებულ, მცირე, საკონტრაქტო ჯარზე გადასვლა და დასავლურ ყაიდაზე ბატალიონ-ტაქტიკურ ჯგუფებად რეორგანიზების გეგმის განხორციელება დაიწყო. თუმცა, აქვე, კომპრომისზე წავიდა უფრო მეტი დანაყოფის შექმნისთვის, პერსონალის ფასად. ექსპერტების ვარაუდით, სამხედრო სარდლობა, მის შესაძლებლობებს, პოლიტიკურ ლიდერებთან გადაჭარბებით წარმოადგენდა.

რეფორმები, როგორც ამას უკრაინის ომიც ადასტურებს, წარუმატებელი აღმოჩნდა. ზოგიერთ შემთხვევაში, დანაყოფები ერთადაც კი არ იწვრთნებოდნენ, არ იცოდნენ როგორ უნდა წარემართად ერთობლივი ოპერაციები და არ არსებობდა გეგმა, როგორ შეევსოთ მათ რიგებში, ბრძოლის ველზე განცდილი დანაკარგები.

„სტრუქტურის კუთხით ბევრი ცვლილება გატარდა, მაგალითად, სამხედროების რაოდენობის შემცირებით, რათა არმია უფრო ელიტური და შესაბამისად, უფრო პროფესიონალი გამხდარიყო“, - ამბობს ჰარი შმიტი და სისტემურ კორუფციაზე მიუთითებს. „ეს ყველაფერი ეყრდნობოდა იმ დაშვებას, რომ რეალურად ფული დაიხარჯებოდა იმაში, რაც აუცილებელია ამ შესაძლებლობების მისაღწევად. აღმოჩნდა, რომ უზარმაზარ კორუფციას ქონდა ადგილი და ფული რჩებოდა გენერლების და კონტრაქტორების ჯიბეებში“, - ამბობს ექსპერტი.

ამ შეხედულებას იზიარებს ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი იან ბრჟეზინსკიც და ამბობს, რომ „კორუფციამ ხელი შეუშალა ჭეშმარიტად პროფესიონალი, კარგად გაწვრთნილი, მოწესრიგებული ოფიცერთა კორპუსის განვითარებას“.

თუმცა, კორუფცია რუსული ჯარის მხოლოდ პრობლემის ერთი მხარეა. ჩავარდნების მიზეზი წარსული გამოცდილებაც იყო. მოსკოვი წინა ომებში სწრაფ, მაღალი ინტენსივობის საარტილერიო კამპანიას ეყრდნობოდა, სუსტი მოწინააღმდეგის პირისპირ, იქნებოდა ეს ჩეჩნეთის, საქართველოს თუ სირიის ომები, სადაც არ იყო საჭირო გრძელვადიანად საოკუპაციო ძალები, ხანგრძლივი ომის საწარმოებლად.

რუსეთი ახლა ცოცხალი ძალის პრობლემის წინაშე დგას. თუმცა, მხოლოდ დამატებითი სამხედროები რუსეთის თავსატეხს ვერ გადაჭრის.

რუსული ჯარის უფრო ფართო, სარდლობის გაუმართაობის, ლოგისტიკური მომარაგების ჯაჭვის, ტექნიკის მოძველების და მორალის ნაკლებობის გამოწვევების წინაშეა, რაც ართულებს გრძელვადიანი კამპანიის წარმოებას.

თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ გასული წლის ბოლოს განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებში, „მნიშვნელოვან ცვლილებებს“ გეგმავს. ეს განცხადება უკრაინის ფრონტზე არსებული გამოწვევების აღიარებაა, თუმცა ამის მიუხედავად, რუსეთი კვლავ ანგარიშგასაწევ სამხედრო ძალად რჩება.

„თუ ფიქრობთ, რომ რუსეთი აქ დამთავრდა, ცდებით. მას ბევრი შესაძლებლობა და უნარი ჯერ კიდევ აქვს", - ამბობს გადამდგარი გენერალი ფილიპ ბრიდლავი, აშშ-ის ევროპის ძალების ყოფილი სარდალი. თუმცა აღნიშნავს, რომ ეს რუსეთს ლიდერს მაღალი ფასი და ისეთ არაპოპულარულ ნაბიჯებად დაუჯდება, როგორიც გაწვევაა. „ახლა ბატონი პუტინი წუხს როგორც ქვეყნის შიდა, ისე გარე უსაფრთხოებაზე. ეს აჩვენა პრიგოჟინის და "ვაგნერის" ამბავმა. ასე რომ, მართალია, ბატონ პუტინს საბრძოლო მასალა კიდევ დარჩა, მაგრამ მას ფრთხილი მოქმედება მოუწევს“, - ამბობს გენერალი.

დამკვირვებლების შეფასებით, მოსკოვს რჩება საჰაერო, საზღვაო და სხვა სამხედრო რესურსი იმისთვის, რომ უკრაინის ფრონტზე ბრძოლა გააგრძელოს. ამიტომ, ისინი ვაშინგტონსა და მოკავშირეებს მოუწოდებენ, კიევს ერთობლივი სამხედრო ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო შეიარაღება მიაწოდონ, როგორიცაა მოიერიშე თვითმფრინავები და მეტი სარაკეტო სისტემები, - კონტრშეტევის წარმატების უზრუნველსაყოფად.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/russian-might-myths-and-reality/7224613.html

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати