USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
თბილისი
«Voice of America» (აშშ): „როგორ მუშაობს „ფარა“ და ვინ არიან უცხოეთის აგენტები აშშ-ში?“
თარიღი:  557

აშშ-ის რადიოსადგური Voice of America („ამერიკის ხმა“ - ფინანსდება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ) სათაურით „როგორ მუშაობს „ფარა“ და ვინ არიან უცხოეთის აგენტები ამერიკაში?“ აქვეყნებს ინტერვიუს ცნობილ იურისტთან მეთიუ სანდერსონთან, რომელსაც ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ამერიკული ფარას არსზე და მიზნებზე ესაუბრა.

------------------

ცნობისათვის:

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განმარტება

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი 1938 წელს მიღებულ უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე ["ფარა"] ამბობს, რომ "უცხოური მთავრობები უწყვეტად ეწევიან ძალისხმევას გავლენა იქონიონ ჩვენს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, კანონმდებლობაზე, დემოკრატიულ პროცესებსა და საზოგადოებრივ აზრზე. ეს მთავრობები ზოგჯერ ახდენენ ამ გავლენას ლობისტების, საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესიონალების, ცნობილი ბიზნესმენების ან აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების დასაქმებით. ასეთი მცდელობები კანონიერია - თუ ისინი გამჭვირვალეა".

კანონი სთხოვს უცხო ქვეყნის მთავრობების ან სხვა უცხოელი მმართველების სახელით მომუშავე პირებს, გაამჟღავნონ საკუთარი ურთიერთობები უცხოელ მმართველებთან და ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ. აგენტების წინააღმდეგ, რომლებიც უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების შემთხვევაში მიზანმიმართულად არ დარეგისტრირდებიან და დაარღვევენ ამ კანონს, შესაძლოა სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს.

ამ გავლენების თავიდან ასაცილებლად, "ფარა" "ეხმარება ამერიკელ ხალხს და მათ არჩეულ ოფიციალურ პირებს გააცნობიერონ, თუ ვინ დგას სინამდვილეში ასეთი გავლენის მოქმედების უკან".

საქართველოში ინიცირებული კანონპროექტი

"ხალხის ძალის" მიერ საქართველოში ინიცირებული კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ, მათი და მმართველი პარტია "ქართული ოცნების" განცხადებით, ამერიკული "ფარას" მსგავსია. კანონპროექტის სპონსორები ასევე აცხადებენ, რომ ქართული კანონპროექტი ამერიკულის უფრო მსუბუქი "ნათარგმნი" ასლია. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება კი ამბობს, რომ კანონპროექტის ინიცირებით მთავრობა კრემლის სახელმძღვანელოდან იმეორებს იგივე ნაბიჯებს ქვეყანაში თავისუფალი აზრის ჩასახშობად. საქართველოს დასავლელი პარტნიორებიც მოუწოდებენ არ მიიღოს ეს კანონი, რომელიც რუსულს უფრო ჰგავს, ვიდრე ამერიკულს.

-------------------

- ბატონო მეთიუ, დიდი მადლობა ჩვენთან სასაუბროდ დრო რომ გამონახეთ. თუ შეიძლება აგვიხსნათ, რას წარმოადგენს უცხო ქვეყნის აგენტის რეგისტრაციის აქტი შეერთებულ შტატებში. როგორ და რატომ დაიწყო ის და რა არის მისი მიზანი?

- დიახ, უცხოეთის აგენტის რეგისტრაციის აქტი იგივე „ფარა“, შეერთებულ შტატებში მეორე მსოფლიო ომის წინ ამოქმედდა. პირველ რიგში მისი მიზანი იყო ნაცისტური და საბჭოთა პროპაგანდისტებისთვის საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება, რომლებიც აქტიურობდნენ მეორე მსოფლიო ომის წინ. კანონის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ გამოავლინოს ისინი, ვინც შეერთებული შტატების პოლიტიკასა და საზოგადოებრივ აზრზე უცხო მთავრობების და პოლიტიკური პარტიების სახელით, გავლენის მოხდენას ცდილობენ.

მათ მოეთხოვებათ შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტში შეიტანონ ანგარიშები და მთავრობას მათი საქმიანობის შესახებ მუდმივად მიაწოდონ ინფორმაცია, სანამ არ დასრულდება ასეთი წარმომადგენლობა ან აგენტის სტატუსი. კანონი ამერიკაში უკვე 80 წელზე მეტია არსებობს, თუმცა მთავრობა მას მხოლოდ ეპიზოდურად იყენებს და ძალზე ფრთხილად აღასრულებს. ეს იმის გამო, რომ ხელი არ შეეშალოს კონსტიტუციის პირველ შესწორებას და სიტყვისა და ასოცირების თავისუფლებას. იმან, რომ ეს ძველი კანონია და ძალიან ბუნდოვნად არის დაწერილი, შეერთებულ შტატებში გარკვეული შეშფოთება გამოიწვია, რომ არ შეზღუდულიყო ადამიანის თავისუფლებები მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის დეპარტამენტი კანონს ძალიან ფრთხილად აღასრულებს.

- თქვენ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საქმე ახსენეთ: ერთი არის აღსრულება - იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ბოლო წლების რამდენიმე საქმეა მოცემული და თითოეული მათგანი ძალიან მასშტაბურია. შეგიძლიათ ცოტა მეტი ისაუბროთ „ფარას“ აღსრულების ასპექტზე?

- იუსტიციის დეპარტამენტი ცდილობს გამოავლინოს ინდივიდუალური პირები, ლობისტური კომპანიები და საზოგადოებასთან ურთიერთობის ფირმები, რომლებიც მუშაობენ, ასე ვთქვათ, რადარის ქვეშ, ფარულად, სხვა ქვეყნის მთავრობის ან პარტიების ინტერესებიდან გამომდინარე იმ მიზნით, რომ შეცვალონ შეერთებული შტატების პოლიტიკა ან საზოგადოებრივი აზრი ქვეყანაში. არსებობს შემთხვევები, როდესაც ადამიანებს ავიწყდებათ დარეგისტრირება, ან განზრახ არ დარეგისტრირდნენ. ასეთ შემთხვევებში დეპარტამენტი მათ აიძულებს დარეგისტრირდნენ და მათ მიმართ სამართლებრივ დევნას არ იწყებს. თუმცა, თუ ეს დარღვევა მიზანმიმართულად ხდება, იუსტიციის დეპარტამენტმა მათ შეიძლება სასამართლოში უჩივლოს. ეს ძალიან იშვიათად ხდება და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური პირი ან ფირმა პოლიტიკურ კამპანიებს ფულს სწირავს, ან საქმე ეხება რაიმე ფულის გათეთრების რაიმე მასშტაბურ სქემას. როგოც წესი, „ფარა“ მაშინ ამუშავდება ხოლმე, როცა საქმე დანაშაულებრივ საქმიანობას ეხება.

- „ფარას“ ასევე აქვს კონტრდაზვერვის განზომილებაც, არა?

- დიახ ასეა. “ფარა“ უბრალოდ გამოვლენისკენ მიმართული კანონმდებლობაა იმ მიზნით, რომ გამოავლინოს ძალისხმევა, რომელიც მაგალითად, ამერიკის საელჩოს, ან სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის გვერდის ავლით, ცდილობს ამერიკის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას. ის არ ეხება ნებისმიერ საქმიანობას, არამედ, როგორც უკვე ვთქვი, ცდილობს გამოავლინოს ისეთი საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს შეცვალოს ამერიკის პოლიტიკა, იქნება ეს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა და ასევე ცდილობს შეცვალოს შეერთებულ შტატებში საზოგადოებრივი აზრი უცხო ხელისუფლების ან სხვა ქვეყნის პოლიტიკური პარტიის ინტერესებზე დაყრდნობით.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ კანონი ძალიან ფართო და ბუნდოვანია. ამის გათვალისწინებით, როგორ განსაზღვრავს შეერთებულ შტატების მთავრობა იმას, თუ რა არის საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის მცდელობა?

- ზოგადად რომ ვთქვათ, კანონი არ შეხებია იმ არაკომერციულ ან სხვა სუბიექტებს, რომლებმაც შეიძლება მიიღოს სახელმწიფო გრანტები საზღვარგარეთიდან. მოდით ვთქვათ, რომ მაგალითად, ევროკავშირი ფულს აძლევს ამერიკაში დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციას. მხოლოდ ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ კომპანიას „ფარას“ რეგისტრაცია მოეთხოვოს და მითუმეტეს, მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს. მაგრამ, ეს საჭირო გახდება, თუ უცხოური მთავრობა ამერიკულ არასამთავრობო კომპანიას, ან ლობისტურ თუ პიარ ფირმას ფულთან ერთად კონკრეტულ ინსტრუქციებსაც აძლევს, რომ საზოგადოების მშენებლობაში მონაწილეობის ნაცვლად, ეცადოს კონკრეტული კანონპროექტების გატანას, ან ამერიკის მთავრობის გარკვეული ნაბიჯების გადადგმაზე დაყოლიებას, ან ფულის გადამხელი მთავრობის ამერიკაში უფრო დადებითად წარმოჩენას. ასე რომ მხოლოდ გრანტის ან დაფინანსების მიღება საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მარეგულირებელი ან სასამართლო ყურადღება მიექცეს.

- თუ შეიძლება უფრო დეტალურად რომ აგვიხსნათ რა ხდება იმ შემთხვევებში, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მედია უხცო ქვეყნის დაფინანსებას ან გრანტებს იღებენ? რა შემთხვევაში უნდა დარეგისტრირდნენ ისინი უცხო ქვეყნის აგენტად?

- იუსტიციის დეპარტამენტი კონკრეტულად ამბობს, რომ უცხო ქვეყნიდან მიღებული მხოლოდ დაფინანსება საკმარისი არ არის იმისთვის, რომ „ფარა“ ამოქმედდეს. ამის მთავარი მიზანი ის არის, რომ არ მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების სამიზნედ ქცევა, ან სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. მთავრობა ამ საკითხს ძალიან ფრხილად უდგება. თქვენ იცით, რომ „ბი-ბი-სი“უცხო ქვეყნის მთავრობის - დიდი ბრიტანეთის მიერ ფინანსდება, მაგრამ ამის მიუხედავად მას უცხო ქვეყნის აგენტად დარეგისტრირება არ სჭირდება. საქმე სხვაგვარად უნდა იყოს, მაგალითად, როგორც ეს „არ-თის“ (ყოფილი „რაშა თუდეი“) და რუსეთის მიერ დაფინანსებულ სხვა ქსელებთან დაკავშირებით მოხდა. ეს არის ფულს პლუს სარედაქციო პოლიტიკა, როცა უცხო ქვეყნის მთავრობისგან მედიაში მოდის კონკრეტული საუბრის თემები და აქცენტები. ასეთ შემთხვევაში მედია ვალდებულია დარეგისტრირდეს და იგივე ეხება არასამთავრობო სექტორსაც - მხოლოდ ფულის მიღება არ არის რეგისტრაციის საფუძველი, თუ ფულს ინსტრუქციები არ მოჰყვება ამერიკის პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად.

- შეგიძლიათ მოკლედ ისაუბროთ ლობირებაზეც? ლობირება, რა თქმა უნდა, ამ კანონდებლობის დიდი ნაწილია. გვითხარით, რით განსხვავდება ლობისტური საქმიანობა „რაშა თუდეის“ ან „სპუტნიკის“ საქმიანობისგან, რომლებიც ისევე უნდა დარეგისტრირდნენ, როგორც ლობისტები...

- ლობირებამ შეიძლება მოითხოვოს რეგისტრაციის გააქტიურება იმის გამო, რომ შესაძლოა ის ცდილობდეს შეცვალოს ამერიკის პოლიტიკა რაიმე მიმართულებით და ამისთვის აწარმოებს ლობისტურ საქმიანობას. ეს რეგისტრაციის ერთ-ერთი გზაა. მაგრამ „ფარა“ ცოტა უფრო ფართოა და ის პროპაგანდისტული ძალისხმევის გამოსავლენად უფროა მიმართული. რა თქმა უნდა, კანონი დიდი ხნის წინ დაიწერა და ძალიან ბუნდოვანია, მაგრამ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი ძალიან გულდასმით ცდილობს, არ მოხდეს ამ კანონის ზედმეტად გამოყენება სამოქალაქო საზოგადოების დასუსტების თავიდან ასაცილებლად. ეს საერთო სურათის მნიშვნელოვანი ნაწილია.

- უნგრეთსაც ჰქონდა მსგავსი კანონმდებლობა, რომელიც საბოლოო ჯამში შეიცვალა. საინტერესოა, რომ ყოველთვის, როცა ვინმე უცხო ქვეყნის აგენტის რეგისტრაციის კანონის მიღებას ცდილობს, ამიერიკის უცხო ქვეყნის აგენტის კანონს მოიშველიებენ ხოლმე და ამბობენ, რომ მათი კანონი ამერიკულის მსგავსია. თუმცა, ისინი გამოტოვებენ ხოლმე იმ მნიშვნელოვან დამცავ მექანიზმებს, რომლებზეც თქვენ საუბრობთ, იქნება ეს ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლების, პირველი შესწორების თუ სხვა დემოკრატიული პრინციპების დაცვა. გახსენდებთ თუ არა რაიმე შემთხვევა, როცა სასამართლომ იუსტიციის დეპარტამენტის საქმე არ მიიღო იმ მიზეზით, რომ ის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ, კონსტიტუციის პირველ შესწორებას არღვევდა?

- დიახ. ასეთი შემთხვევები არსებობს. ეს თემა უკავშირდება იმას, თუ რას მოითხოვს „ფარა“, რაც არის ის, რომ ის უწყებები დარეგისტრირდნენ, რომლებსაც რეგისტრაცია ეხება. „ფარას“ არ მოჰყვება განმეორებადი ჯარიმები ამ უწყებებისთვის. აგენტად დარეგისტირირების შემთხვევაში, არ არსებობს ამ სტატუსთან დაკავშირებული ჯარიმები. ეს არის კანონი - საქმიანობის გამოსამჟღავნებლად. ბოლო დროს იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სასამართლოებმა შეწყვიტეს ამერიკის მთავრობის მიერ შეტანილი საქმეები. მაგრამ ეს, როგორც წესი, ძალიან იშვიათია, რადგან იუსტიციის დეპარტამენტი ძალიან შერჩევითია სასამართლოში საქმეების გაგზავნაზე. როდესაც ასეთი საქმის გაგზავნა ხდება, ისინი მეტწილად, არა მედიის ან სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ არის მიმართული, არამედ კრიმინალური საქმიანობის აღკვეთისკენ, იქნება ეს ფულის გათეთრება, პოლიტიკურ კამპანიებში უკანონოდ ფულის შეწირვა და სხვა მსგავსი ტიპის საქმიანობა, რომელსაც შემდგომ სამართლებრივი დევნა მოჰყვება.

- „ფარას“ ერთ-ერთი განსაზღვრება ამბობს, რომ ის ეროვნულ უსაფრთხოებაზე მტრული გავლენების წინააღმდეგ არის მიმართული. თქვენ როგორ აფასებთ ამ განმარტებას?

- ვფიქრობ, რომ მოწინააღმდეგეების მიმართ პრიორიტეტი უფრო მაღალია. ვფიქრობ, შეზღუდული რესურსების პირობებში დეპარტამენტი უფრო მეტ ყურადღებას აქცევს მოწინააღმდეგე მთავრობებს, როგორიცაა ჩინეთი, როგორიცაა რუსეთი, რომლებიც შეერთებულ შტატებში მტრული მიზნებით მოქმედებენ.

- თქვენ ახსენეთ რუსეთი და ჩინეთი. რუსული კანონის თანახმად, უცხო ქვეყნის აგენტები არიან რუსული სამოქალაქო საზოგადოების ის წარმომადგენლები, რომლებსაც ქვეყანაში დემოკრატია სურთ, ასევე დასავლური მედია სუბიექტები. რას იტყვით რუსულ და ამერიკულ კანონმდებლობას შორის არსებულ განსხვავებებზე და მსგავსებაზე?

- შეერთებული შტატების უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის შექმნის ფუნდამენტური მიზანი ის არის, რომ აცნობოს საზოგადოებას უცხოური მთავრობების და პოლიტიკური პარტიების მიერ, მათზე გავლენის მოხდენის მცდელობის შესახებ. მისი სამიზნე არასდროს ყოფილა სამოქალაქო საზოგადოება. რამდენადაც მე მესმის ამ კანონის რუსული ვერსია, მისი მიზანი სწორედ სიტყვის თავისუფლებისა და იმ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ მოქმედებაა, იმ ორგანიზაციების, რომლებიც ცდილობენ რუსეთში დემოკრატია გააძლიერონ.

- რამეს ხომ არ დაამატებდით ისეთს, რაზეც აქამდე არ გვისაუბრია და თქვენი აზრით, მნიშვნელოვანია ამ დისკუსიისთვის?

- უბრალოდ ვიტყოდი, რომ შეიძლება არსებობდეს მცდარი მოსაზრება, რომ თუ კანონმდებლობის ტექსტი იგივეა, ან გარკვეულწილად ჰგავს შეერთებული შტატების კანონს, ის ვერ იქნება მისი ეკვივალენტური თუ არ მოხდა მთლიანი სურათის და კანონის ისტორიის გათვალისწინება. ამასთან იმისიც, რომ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი ძალიან შერჩევითია სასამართლოში საქმეების გაგზავნის თვალსაზრისით და ამას სწორედ სიტყვის თავისუფლებისადმი და სამოქალაქო საზოგადოების სიჯანსაღისადმი მგრძნობელობით აკეთებს.

- ამასთან ერთად, ამ უფლებების დაცვაზე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემაც ზრუნავს, არა?

- დიახ, სწორედ ასეა.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/6986681.html

მოამზადა სიმონ კილაძემ

ანალიტიკა
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.