USD 2.7215
EUR 3.2155
RUB 3.4658
Tbilisi
«Voice of America» (აშშ): „როგორ აპირებს „ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებზე 60%-ის აღებას?“
Date:  

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“ ) თავის ვებ-საიტზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „როგორ აპირებს „ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებზე 60%-ის აღებას?“, რომელშიც საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ საარჩევნო გეგმებია განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

მზარდ საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევის, სანქციების და მთავარ სტარტეგიულ პარტნიორებთან, აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობების უკიდურესი გაუარესების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის პარტია „ოცნება“ საკუთარ ამომრჩეველს არწმუნებს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე, დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.

„ოცნების“ რეიტინგი არის ისტორიულ მაქსიმუმზე და სტაბილურად უტოლდება დაახლოებით 60%-ს“ - ეს განცხადება „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, საგაზაფხულო სესიის ბოლო დღეს, ყოველწლიური მოხსენების დროს გააკეთა. ირაკლი კობახიძეს, ისევე როგორც ე.წ „რუსული კანონის“ უხეში ლობირების დროს, არც ამჯერად დაუსახელებია, თუ ვინ და როდის ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა.

ირაკლი კობახიძის თქმით, „ოცნების“ „ამხელა“ რეიტინგის ერთ-ერთი მიზეზი „ოპოზიციის სრული უსუსურობაა“. „თუ წინა არჩევნებზე პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო ხმების დაახლოებით 30%, ამ შემთხვევაში, მთელი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შედეგი არის, 30%-ზე ნაკლები“ - ამტკიცებდა ნახევრად ცარიელ დარბაში კობახიძე. პრემიერის ყოველწლიურ მოხსენებას არც ოპოზიცია ესწრებოდა, არც აშშ-ის და ევროკავშირის ქვეყნების ელჩები.

ბოლო სამ საპარლამენტო არჩევნებში, ივანიშვილის პარტიამ საუკეთესო შედეგი 2012 წელს აჩვენა, როცა ხმების თითქმის 55% მიიღო. 2016 და 2020 წლების, საპარლამენტო არჩევნებში „ოცნებამ“ ხმების 48%-ით იმარჯვა.

საქართველოში არსებული გამზრდილი პოლარიზაციისა და მძიმე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რაც "რუსული კანონის" მიღებას მოჰყვა, ექსპერტების აზრით, „ოცნება“ ასეთი პროპაგანდით და მანიპულაციით, საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებას ცდილობს.

ანალიტიკოსების აზრით, გადამწყვეტი იქნება, თუ რამდენად დემოკრატიულად გაიმართება 26 ოქტომბრის არჩევნები და გაითვალისწინებს თუ არა „ოცნება“, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების კრიტიკულ შენიშვნებს.

„მთავარია როგორ მივალთ არჩევნებამდე, აქ ბევრი პრობლემური თემაა“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ „საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის" უფროსმა მკვლევარმა თენგიზ ფხალაძემ. მისი თქმით, „რუსული კანონი“ თავისთავად ცხადია პრობლემური იქნება იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც, როგორც წესი არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებენ ხოლმე, ეს ერთი. მეორე არის ის, რომ ჩვენ ბოლო პერიოდში უპრეცედენტო განცხადებები გვესმის, რომ მაგალითად, ეუთო/ოდირი არის თურმე არაკომპეტენტური, ვენეციის კომისიას არ სცდონია სამართალი და ა.შ. ანუ, ხვალ შეიძლება დავდგეთ იმ მოცემულობის წინაშე, რომ ესა თუ ის შენიშვნა, რომელიც შეიძლება არჩევნებთან დაკავშირებით გამოითქვას, ელემენტარულად, შეიძლება ამას ხელისუფლებამ ყურადღება არ მიაქციოს და თქვას, რომ ის ამას არ იზიარებს. ყველაზე მთავარი გამოწვევა არის ის, თუ როგორ მივა ქვეყანა არჩევნებამდე და რამდენად შეძლებს ჩაატაროს იმ სტანდარტის არჩევნები, რომელიც ამ სახელმწიფოს სჭირდება“ - ამბობს თენგიზ ფხალაძე.

2024 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ, „ოცნებამ“ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციები მიზანმიმართულად არ გაითვალისწინა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე (ცესკო), პოლიტიკურ გავლენის გაძლიერების მიზნით, ცესკოს ფორმირების წესში და საარჩევნო კოდექსში კრიტიკული ცვლილებები მაინც მიიღო, მათ შორის პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით.

ვენეციის კომისიამ 24 ივნისს, სპეციალურ მოსაზრებაში, ივანიშვილის პარტიის ამ ნაბიჯებს „უაღრესად შემაშფოთებული“ უწოდა. "უკვე დამტკიცებული ცვლილებები აშკარად არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, რომელიც გადამწყვეტია ცესკოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის და ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის" - აღნიშნავს ვენეციის კომისია.

პარალელურად, ქვეყანაში გრძელდება პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა, სატელეფონო მუქარები და ფიზიკური თავდასხმები, რომლებზეც შინაგან საქმეთა სამინისტრო და სპეციალური საგამოძიებო სამსახური მხოლოდ ფორმალურად რეაგირებს, რეალურად, არც კი იძიებს.

პირველ ივნისს, თბილისში, 100-მდე ნიღბიანი ზონდერის მიერ, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისის დარბევის შემდეგ, 26 ივნისს, „ოცნების“ ზონდერებმა „ნაცმოს“ ფოთის ორგანიზაციის ოფისიც დაარბიეს. 17 ივნისს, ასევე მორიგ ჯერზე, სასტიკად სცემეს, „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე სტუდენტს ლერი დარჯანიას, მას თბილისში 10-მდე პირი დაესხა თავს. ათობით მსგავსი ცემის და ძალადობის ფაქტი, ამ დრომდე გამოუძიებელია.

„რეპრესიული მანქანა უფრო რომ ამუშავდება ამაზე ორი აზრი არ არსებობს, არჩევნებია მოსაგები“ - მიაჩნია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების მკვლევარს გიორგი ბილანიშვილს. „ოცნება“ შეეცდება აჩვენოს, რომ კანონიც გაიტანა და ზოგიერთ ოპონენტსაც მიუჩინა საკუთარი ადგილი. შეიძლება ფართომასშტაბიანი რეპრესიები არ დაიწყოს, მაგრამ რა თქმა უნდა, სიტუაცია კიდევ გაუარესდება, რამდენად და რა ხარისხით ამის თქმა მიჭირს“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ გიორგი  ბილანიშვილმა.

“ოცნების“ ხელისუფლება ჯერ არ გამოხმაურებია ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე, 36 ქვეყნის ერთობლივ განცხადებას, სადაც ივანიშვილის პარტიას ერთმნიშვნელოვნად მოუწოდეს, გააუქმოს ე.წ „რუსული კანონი“, შეწყვიტოს ოპონენტების წინააღმდეგ დაშინების კამპანია, დაიცვას გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება“.

 წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/7678324.html

 

analytics
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way