USD 2.6819
EUR 3.1853
RUB 3.4745
თბილისი
«Voice of America» (აშშ): „ქართული საზოგადოების მისწრაფებები და ოცნებები, ბიძინა ივანიშვილის - უკმაყოფილებების მძევალია“;
თარიღი:  

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „ქართული საზოგადოების მისწრაფებები და ოცნებები ერთი ინდივიდის - ბიძინა ივანიშვილის - უკმაყოფილებების მძევალია“, რომელშიც გადმოცემულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლების ჯონ ბასისა და ჯიმ ო’ბრაიანის თვალსაზრისები საქართველოსთან მიმართებით, 24 ივნისს გაკეთებული განცხადებების საფუძველზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ჯონ ბასმა, ბრიუსელში, პრესისთვის გამართულ ბრიფინგზე საქართველოს შესახებ ისაუბრა. ჯონ ბასი, 2009-2012 წლებში, საქართველოში ამერიკის ელჩი იყო. მან ქართველი ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა საქართველოს ნატოსთან დაახლოების პერსპექტივებთან დაკავშირებით.

“დასაწყისისთვის ვიტყოდი, რომ ბევრი ჩვენგანისთვის, ვინც საქართველოში დრო დავყავით ან ვმუშაობდით ქართველებთან, განსაკუთრებით 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, რაც კიდევ ერთი მაგალითია რუსეთი მცდელობისა ეკარნახა თუ როგორ უნდა იცხოვროს მეზობელმა ქვეყანამ და ჰქონდეს თუ არა ამ ქვეყანას თავისუფალი არჩევანი თავისი უსაფრთხოების დასაცავად იურთიერთოს, ამ შემთხვევაში ნატოსთან, ძალიან შემაშფოთებელია ქართული ოცნების მთავრობის ევოლუციის ხილვა ბოლო წლებში და განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში. და, იცით, თუ ვინმე პირდაპირ იკითხავს თუ როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი - ამაზე პასუხი არის ის, რომ საქართველო გახდება წევრი, როცა მოკავშირეები ჩათვლიან, რომ ის მზადაა შეასრულოს ის ვალდებულებები, რომლებიც თანსდევს წევრობას, მათ შორის, დაიცავს პრინციპებს, დემოკრატიული მმართველობის ფუნდამენტური პრინციპების ჩათვლით, რომ ხალხი თავისუფალია აირჩიოს საკუთარი ლიდერები. სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც მე ვიყავი ელჩი საქართველოში, ჩვენ არ გვინახავს საქართველოს წინსვლა ამ მიზნებისკენ. სამწუხაროდ, ბევრი უკუსვლა ვიხილეთ”, - თქვა ბასმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებით, დღეს ქართული საზოგადოების მისწრაფებები “ერთი ინდივიდის, ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილებების მძევალია”.

„როგორც აშშ-ის ელჩი, რომელმაც ბევრი სამუშაო გავწიე იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყოფილიყო პირობები, რათა "ქართული ოცნებისთვის" სამართლიანი კონკურენცია ყოფილიყო გარანტირებული 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ღრმად შემაშფოთებელია იმის დანახვა, რომ იგივე ჯგუფი ახლა ანადგურებს დემოკრატიული მმართველობის საფუძვლებს საზოგადოებაში. ბოლოს, ვიტყოდი, რომ ღრმად შემაშფოთებელი და სამწუხაროა იმის ხილვა, რომ მთელი საზოგადოების მისწრაფებები და ოცნებები ერთი ინდივიდის, ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილებების მძევლია”, - თქვა მან.

24 ივნისს განცხადება გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ჯიმ ო’ბრაიანმა და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, როგორც ალიანსის პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები, მიწვეულნი არიან ნატოს ვაშინგტონის სამიტზე, რომელიც აშშ-ის დედაქალაქში ივლისში გაიმართება.

“საქართველო და ყველა პარტნიორი იქნება მოწვეული პარტნიორობის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. ძალიან გვაწუხებს „ქართული ოცნების“ ლიდერების ძალიან მცირე რაოდენობის გადაწყვეტილებები და რიტორიკა. ნათელია, რომ ქართველი ხალხის 80-დან, 85%-მდე [რაოდენობას] ევროკავშირთან და ნატოსთან უფრო დაახლოება სურს ”, - განაცხადა 25 ივნისს ჯიმ ო’ბრაიანმა, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.

პრესასთან საუბარში, ჯიმ ო’ბრაიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგელებთან შეერთებული შტატები კომუნიკაციაშია. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა “ქართული ოცნების” ლიდერებს გადახედონ უკანასკნელ ნაბიჯებს, მათ შორის ე.წ. “აგენტების” კანონთან დაკავშირებით.

“მთავრობა, და ჩვენ ვნახეთ პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ, ამბობს რომ მათი უკანასკნელი ნაბიჯები არ უქმნის საფრთხეს ამ [ევრო-ატლანტიკურ] გზას. ჩვენ შევეცადეთ ვყოფილიყავით ძალიან მკაფიონი და ვფიქრობ, უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოსეფ ბორელმა დღეს ძალზედ ნათლად თქვა, რომ ბოლო ქმედებები, ძალადობა ოპოზიციის წარმომადგენლებზე და ძალადობა სამოქალაქო საზოგადოებაზე, მოსკოვზე მოდელირებული უცხოური აგენტის კანონი და გადაწყვეტილება, რომ ახალი პორტი ჩინურ კომპანიას დაუთმონ, ეს ყველაფერი შეუთავსებელია აშშ-ისა და ევროკავშირის დაფუძნებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების სურვილთან. ამიტომ, ჩვენ ვთხოვთ მთავრობას გადახედოს თავის პოზიციას”, - თქვა მან.

ჯიმ ო’ბრაიანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველომ, თუ მას სურს დასავლურ ორგანიზაციებში გაწევრიანება, უნდა გაითვალისწინოს ამ ორგანიზაციათა პირობები.

“და ჩვენ გავაგრძელებთ მთავრობასთან ჩვენი ორმხრივი თუ მრავალმხრივი თანამშრომლობის გადახედვას. ეს მართლაც საკმაოდ მარტივია. ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატი რომ ავიღოთ მაგალითად, - საქართველომ განაცხადა, რომ უნდა ითამაშოს ჩვენს საფეხბურთო ლიგაში და მერე თქვა, ოჰ, სხვათა შორის, ჩვენ გვსურს გვყავდეს 15 ფეხბურთელი მოედანზე. არა - იგივე რაოდენობის მოთამაშეები უნდა გყავდეს, როგორც ყველას. თუ გინდა ითამაშო ეს ისე უნდა გააკეთო, როგორც ყველა სხვა აკეთებს. ეს არის კლუბის წესები. ამიტომ, ეს არ ეხება საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველომ სუვერენულად გადაწყვიტა, რომ სურს კლუბში გაწევრიანება. და ჩვენ უბრალოდ ვხსნით რას ნიშნავს ეს. ჩვენ გავაგრძელებთ ამ დისკუსიებს ქართველ ოფიციალურ პირებთან. იმავდროულად, ჩვენი საელჩო აქტიურადაა ჩართული მათთან კომუნიკაციაში და ევროკავშირის ცალკეული ლიდერები აქტიურნი არიან. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საუბრებს”, - თქვა მან.

ჯიმ ო’ბრაიანი საქართველოში ვიზიტით მაისში იმყოფებოდა. მაშინ მან მოუწოდა მმართველი პარტიის ლიდერებს უკან გაეწვიათ ე.წ. “უცხო ქვეყნის აგენტების” კანონი. მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” კანონი მიიღო, შეერთებულმა შტატებმა ქართველი ოფიციალური პირების, პარლამენტარების და ცალკეული ინდივიდების წინააღდეგ სავიზო შეზღუდვები დააწესა.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/7668259.html

 

მსოფლიო
ტრამპის “მშვიდობის საბჭოს” პირველი სხდომა 19 თებერვალს გაიმართება

ამერიკის შეერთებული შტატები “მშვიდობის საბჭოს” პირველი ოფიციალური სამიტისთვის ემზადება. პრეზიდენტ ტრამპის მიერ შექმნილი ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის პირველ სხდომას ვაშინგტონში მდებარე, ტრამპისვე სახელობის მშვიდობის ინსტიტუტი უმასპინძლებს.

არსებული ინფორმაციით, მას წევრი ქვეყნების უდიდესი ნაწილი, 20-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება. მათ შორის იქნებიან საუდის არაბეთის, თურქეთის, ეგვიპტის, კატარისა და ინდონეზიის წარმომადგენლები. ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის მმართველები.

როგორც ირკვევა, პირველ სამიტზე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღაზას რეკონსტრუქციისთვის ფონდის შექმნას დააანონსებს და გამოაცხადებს, თუ როგორ დაკომპლექტდება ის “საერთაშორისო სტაბილიზაციის სამხედრო ძალა”, რომელიც ღაზას სექტორის საზღვარზე განლაგდება და უზრუნველყოფს, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის სამხედრო მოქმედებები აღარ განახლდეს.

ჯერჯერობით, უცნობია, ზუსტად რა რაოდენობის სამშვიდობოებს გაგზავნიან სახელმწიფოები, თუმცა ცნობილია, რომ ინდონეზიის კონტრიბუცია ამ მხრივ 8,000 ჯარისკაცი იქნება. რაც შეეხება ფინანსებს, პრეზიდენტი ტრამპი მოელის, რომ ღაზას სექტორის ხელახლა აღდგენისთვის წევრი სახელმწიფოებისაგან მილიარდობით დოლარს მოიზიდავს. შეგახსენებთ, “მშვიდობის საბჭოს” წევრობის საწევროს გადასახადი ერთ ქვეყანაზე $1 მილიარდია, თუმცა განსაზღვრული არ არის, ეს თანხა უნდა ჩაირიცხოს ერთიანად, თუ სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ შტატების ლიდერი კოლეგებს ფონდში პირველადი ფინანსური კონტრიბუციის შეტანას სწორედ $1-მილიარდიანი ვალდებულების ფარგლებში სთხოვს.

რაც შეეხება ჰამასს, რომლის განიარაღებისა და ძალაუფლების ჩამორთმევის გარეშეც “მშვიდობის საბჭო” ღაზას სექტორის რეკონსტრუქციასა და ახალი ადმინისტრაციის სრულფასოვან მმართველობას ვერ უზრუნველჰყოფს, არსებული ინფორმაციით, მის ტერორისტებს საშუალება ექნებათ, სამშვიდობო ძალებს საკუთარი ნებით ჩააბარონ იარაღი და როგორც პალესტინის მშვიდობიანმა მცხოვრებლებმა, ისე განაგრძონ ცხოვრება. მათთვის, ვისაც ასეთ რეალობაში დარჩენა არ ენდომება, “მშვიდობის საბჭო” პარტნიორი ქვეყნების მეშვეობით ღაზას სექტორიდან გასვლაში დაეხმარება. შეგახსენებთ, ამჟამად ჰამასის ხელმძღვანელობის პოზიციაა, რომ ახალ ღაზაში დარჩენა და ჯარისკაცების საპოლიციო ძალებში გაწევრიანება სურთ, რათა იმ ბრძოლამ, რაც წლების განმავლობაში სექტორის დაცვისთვის გასწიეს, უკვალოდ არ ჩაიაროს. თუმცა როგორც ტრამპის ადმინისტრაცია, ისე ისრაელი ამ ფორმით ჰამასის ღაზაში დარჩენას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. სავარაუდოა, რომ შუამავალი სახელმწიფოები, რომლებიც “მშვიდობის საბჭოშიც” არიან წარმოდგენილი, 19 თებერვალს ამ საკითხზე აქტიურად იმსჯელებენ.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის