USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
«Voice of America» (აშშ): „პრობლემური საკადრო საკითხი და რუსული პროექტი ცხინვალში“
თარიღი:  1047

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „პრობლემური საკადრო საკითხი და რუსული პროექტი ცხინვალში“, რომელშიც საქართველოს შიდა ქართლის მხარეში მდებარე სეპარატისტულ (და რუსეთის მიერ ოკუპირებულ) რეგიონში - ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“ მიმდინარე პროცესებია განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში, საზოგადოება აღშფოთებულია იმის გამო, რომ სამართალდამცავად, შესაძლოა, ეჭვმიტანილი მწამებელი დანიშნონ. ამ ინიციატივის ავტორი დე-ფაქტო გენერალური პროკურატურაა. ამჟამინდელი, ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის, ალან გაგლოევის პირობებში, უკვე მეორეჯერ ფიქსირდება მცდელობა პროკურორის სავარძელი დავით გურწიევმა მიიღოს.

დავით გურწიევი ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პიროვნებაა. ის მსჯავრდებულია საქართველოს ტერიტორიაზე და ძებნილადაა გამოცხადებული. გურწიევი მონაწილეობას იღებდა არჩილ ტატუნაშვილის სასტიკ წამებასა და მკვლელობაში.

სავით გურწიევის სახელს უკავშირდება დავით ბაშარულის გაუჩინარებისა და მკვლელობის საქმეც. ის უკანასკნელად ახალგორის პოლიციიდან გამოსული ნახეს, თუმცა გურწიევმა, რომელიც მისი გაუჩინარების საქმეს იძიებდა, რამდენიმე თვის შემდეგ „დაასკვნა“, რომ 16 წლის ბაშარულმა სიცოცხლე თვითმკლელობით დაასრულა.

თამარ მეარაყიშვილი, ერთადერთი სამოქალაქო აქტივისტი ცხინვალის რეგიონში, დავით გურწიევის ხელით აღმოჩნდა ტერორის პირობებში. მან დააკავა, გაიტაცა და მოაგროვა სამოქალაქო აქტივისტის წინააღმდეგ გაყალბებული „მტკიცებულებები“, რაც იგივე დე-ფაქტო სასამართლომაც კი არ ცნო მტკიცებულებად და მეარაყიშვილი გაამართლა. თუმცა ეს ამ ამბიდან ექვსი წლის შემდეგ მოხდა. მანამდე კი გურწიევმა აიღო თავის თავზე შეჭრილიყო მეარაყიშვილის საცხოვრებელ სახლში და ყოველგვარი ნორმების დაცვის გარეშე, დამამცირებელი ჩხრეკა ჩაეტარებინა.

თამარ მეარაყიშვილმა, სამოქალაქო აქტივისტმა, ვისაც დე-ფაქტო ტერიტორიაზე ყველანაირი უფლება აქვს შეზღუდული, საბუთები ჩამორთმეული და გადაადგილების უფლება წართმეული, რამდენიმე ვიდეო-მიმართვა გაავრცელა. მან განაცხადა, რომ დავით გურწიევის დანიშვნა ახალგორში პროკურორად იმდენად შეურაცხმყოფელი და აღმაშფოთებელია ადგილობრივებისთვის, იმდენად მწვავე მესიჯია იმის თაობაზე, რომ სრულ უკანონობაზეა მწვანე შუქი ანთებული, რომ შიმშილობის აქციას იწყებს. ამ აქციის მიზანი ადგილობრივი ხელისუფლების გამოფხიზლებაა, რადგან არ შეიძლება დამნაშავე სამართალდამცავად წარადგინო, თანაც იმ ტერიტორიულ ერთეულში, სადაც მის დანაშაულებრივ ქმედებებს კარგად იცნობენ.

„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას თამარ მეარაყიშვილი აცხადებს, რომ მის პროტესტს გაგლოევის ადმინისტრაციიდან არ გამოხმაურებიან. 14 თებერვალს მეარაყიშვილმა კიდევ ერთი მიმართვა გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ მზადაა უარი თქვას კომპენსაციაზე [საუბარია რამდენიმე მილიონ რუბლზე, რაც ჯამში, 100 000 ლარზე მეტია. ეს კომპენსაცია მას დე-ფაქტო კანონმდებლობის თანახმად ეკუთვნის, რადგან სასამართლომ, 6 წლიანი კვლევის შემდეგ, დაადგინა, რომ თამარ მეარაყიშვილი უდანაშაულოა და მის მიმართ მანამდე წაყენებული ყველა ბრალდება უკანონოა და გაბათილებული,- ნ.დ.], რომელიც ეკუთვნის მორალური და მატერიალური ზიანის სანაცვლოდ სასამართლოსგან, ოღონდ დავით გურწიევი ახალგორის პროკურატურას ჩამოაცილონ. თამარ მეარაყიშვილის წინადადებას დე-ფაქტო ხელისუფლებიდან ჯერ არავინ გამოხმაურებია.

დავით გურწიევი, როგორც ჩანს, ფართოდ გამოყენებადი კადრია დე-ფაქტო ხელისუფლებისთვის, რადგან მის დაწინაურებას უკვე მეორედ ცდილობენ.

გასული წლის თებერვალში გაგლოევის ხელისუფლებამ პირველად სცადა ახალგორში, პროკურორის პოზიციაზე გურწიევის დანიშვნა. მაშინ ამ ინიციატივას საზოგადოებისგან მძლავრი წინააღმდეგობა მოჰყვა. გურწიევმა მხოლოდ პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე დაჰყო გარკვეული პერიოდი. ამ ამბებიდან, ზუსტად, ერთი წლის შემდეგ, მისი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის პერსპექტივის განხილვა კიდევ ერთხელ წამოსწია დე-ფაქტო ადმინისტრაციამ, როგორც სათამაშო მაგიდაზე ერთხელ უკვე გამოყენებული კოზირი.

ინციდენტების პრევენციისა და მასზე მექანიზმების ფარგლებში გამართულ 117-ე შეხვედრაზე ერგნეთში, 13 თებერვალს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დავით გურწიევის საკითხიც დააყენეს.

ირაკლი ანთაძემ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ეს პიროვნება არის ძებნილი წითელი ცირკულარით და ამით ყველაფერია ნათქვამი. მისი თქმით, გურწიევის შესაძლო დანიშვნის გამო, ადგილობრივი მოსახლეობა მომეტებულ საფრთხეში გრძნობს თავს.

 „ადგილობრივი მოსახლეობა არის შეშინებული მისი სავარაუდო დანიშვნის გამო. ეს პირი არის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი და მჯავრდებული საქართველოს ტერიტორიაზე. მათი {რუსების, - ნ.დ.] პასუხიდან გამომდინარე, არ გვაქვს რაიმე კონკრეტული ხელთ. ვიმდოვნებთ, რომ გაითვალისწინებენ ჩვენს დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ. თავისთავად ფაქტი, რომ ასეთი პირი დაინიშნოს, არის მიზეზი, რამაც გარკვეული რეაქცია გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობაში. შეიქმნა პრობლემა და ჩვენ ეს პრობლემა გავაჟღერეთ. მათ {რუსებმა, შეხვედრაზე;- ნ.დ.] თავი შეიკავეს დამატებითი რეაქციისგან. არანაირი კონკრეტული დეტალები მათ არ წარმოუდგენიათ,“- განაცხადა ირაკლი ანთაძემ ერგნეთში, შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გურწიევის „გადათამაშებით“რუსული საოკუპაციო რეჟიმი კიდევ ერთ მესიჯს გზავნის იმის თაობაზე, რომ ყველანაირი დანაშაულის გამართლებაა შესაძლებელი. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში 13 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე რუსეთის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსი „მესაზღვრე“ კანონის ფარგლებში მოქმედებდა, როდესაც მშვიდობიან მოქალაქეს, თამაზ გინტურს ესროლა და მოკლა. ამიტომაც, რუსული რეჟიმი ვერც იმაში ხედავს პრობლემას, რომ ახალგორში, პროკურორის პოზიციაზე არჩილ ტატუნაშვილის წამებასა და სიკვდილში დამნაშავე პირი დანიშნოს.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოფიციალური თბილისის აღშფოთება ამ საკითხზე 13 თებერვალს უშუალოდ გადასცეს რუსულ მხარეს ერგნეთში. ხოლო 14 თებერვალს, „ამერიკის ხმისთვის“ არაოფიციალური წყაროებით ცნობილია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დე-ფაქტო გენერალურმა პროკურორმა გრიგორი სობაევმა ხელი მოაწერა ბრძანებას, ახალგორში, დავით გურწიევის პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე დანიშვნის თაობაზე. ცხადია, ამ გადაწყვეტილების ნამდვილობის დადასტურებას ოფიციალური განცხადება სჭირდება, რაც, არ უნდა დაყოვნდეს.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/russian-occupation-akhalgori-iprm-david-gurtsiev-abl-georgia/7487684.html 

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის