USD 2.7422
EUR 2.8856
RUB 2.5051
თბილისი
«Voice of America» (აშშ): „მაიკლ მაკფოლი: „საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა შეუერთდეს სახელმწიფოთა მშვიდობიან საზოგადოებას, რატომ ამბობენ უარს ამაზე?“
თარიღი:  300

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს ინტერვიუს ამერიკელ დიპლომატთან და პოლიტოლოგთან მაიკლ მაკფოლთან, სათაურით „საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა შეუერთდეს სახელმწიფოთა მშვიდობიან საზოგადოებას, რატომ ამბობენ უარს ამაზე?“.

გთავაზობთ პუბლიკაციის სრულ ტექსტს:

მაიკლ მაკფოლი რუსეთში შეერთებული შტატების ელჩი სწორედ მაშინ იყო, 2012 წელს, როცა მოსკოვმა უცხოეთის აგენტების კანონი მიიღო. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, მაიკლ მაკფოლი ამბობს, რომ საქართველოში მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირავლობის შესახებ" კანონი, ავტოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯია.

როგორი ტიპის დემოკრატიად აქცევს საქართველოს, ე.წ. "უცხოეთის აგენტების" შესახებ, "კრემლით შთაგონებული" კანონი, როგორც მას შეერთებული შტატები უწოდებს; რა გავლენას ახდენს ეს კანონი, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალზე; რას შეიძლება ნიშნავდეს, აშშ-ის მიერ, შეზღუდვების დაწესება მმართველ პარტიასთან დაახლოებულ ბიზნეს საზოგადოებისთვის; რა საფრთხეებს ქმნის საქართველოსთვის ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა და ხედავს თუ არა მსგავსებას, კრემლისა და "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ რიტორიკაში - ამ კითხვებით პოლიტოლოგს, აშშ-ის სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორს მაიკლ მაკფოლს "ამერიკის ხმის" კორესპონდენტმა მიმართა.

- ელჩო მაკფოლ, დიდი მადლობა დროის დათმობისთვის. საქართველოს პარლამენტმა, საბოლოდ მიიღო ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონი. რა ტიპის დემოკრატიაა საქართველო ამ კანონმდებლობით და რას ამბობს ეს საქართველოს ხელისუფლებაზე?

- ამ კანონს გავეცანი და არ ვფიქრობ, რომ ის დემოკრატიულია. დიდი შეცდომაა, როცა ზოგიერთი კომენტატორი ამბობს, რომ ეს ჩვენი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მსგავსია. ეს ასე არ არის. ის, [საქართველოში მიღებული კანონი] ძალიან ჰგავს პუტინის კანონს, რომელიც 2012 წელს მიიღო, როცა მე რუსეთში ამერიკის ელჩი ვიყავი. ეს იყო ძალზედ რეპრესიული იარაღი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ, რომელიც ადამიანებს, ვინც რუსეთის პატრიოტებად მიმაჩნდა, სახელმწიფოს მტრებად აცხადებდა. ასე რომ, ეს ძალიან ცუდი განვითარებაა და ჩემთვის განსაკუთრებით სამწუხაროა, რადგან წარსულში, საქართველო, დემოკრატიული გარღვევისა და ევროპისკენ სვლის გამო, მთელი მსოფლიოს შთაგონება იყო. ახლა კი, ვფიქრობ საქართველო გზაჯვარედინზეა. მოცემულობა ძალიან მარტივია, - ქართველ ხალხს და საქართველოს ლიდერებს, სურთ იყვნენ ევროპის, თავისუფალი, აყვავებული სამყაროს ნაწილი თუ სურთ საქართველო ისევ მოსკოვის სატელიტი სახელმწიფო გახდეს? ეს კანონი, სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იყო. იმედი მაქვს, ეს არ არის მხოლოდ პირველი, შემდგომ მრავალ ამგვარ ნაბიჯთაგან. ეს ნამდვილი ტრაგედია იქნება. იმ მიღწევების წყალში გადაყრა, რაც საქართველოს ჰქონდა და მოსკოვის გზაზე დაბრუნება, ვფიქრობ, ქართველი ხალხის ინტერესში არ შედის.

- სახელმწიფო დეპარტამენტმა, ქართველი ოფიციალური პირების შესახებ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის შესახებ გამოაცხადა. „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წევრი, მოსალოდნელ ამერიკულ სანქციებზე ხუმრობს კიდეც. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა ისიც კი თქვა, რომ თუ ამერიკაში ჩამოსვლას მოინდომებს, მექსიკის საზღვრიდან გადმოიპარება. „ოცნების“ მმართველი გუნდი ამბობს, რომ აშშ-ის განცხადება შანტაჟის ენით საუბარს ნიშნავს. რა გავლენა ექნება კონკრეტულ ინდივიდებზე თუ ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესებზე, თუ ვაშინგტონი მათ წინააღმდეგ შეზღუდვებს აამოქმედებს?

- პირველი - ვინც თქვა, რომ შეუძლია მექსიკაში წავიდეს და საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთოს, მას უბრალოდ არ ესმის ჩვენი სისტემა. მექსიკური გზა ჩვენ ქვეყანაში შემოსასვლელად ძალიან საშიში გზაა და ისინი უბრალოდ ხუმრობენ იმაზე, რაც ბევრად უფრო დახვეწილი სისტემაა. მეორე - თუ შეერთებული შტატები სანქციებს დააწესებს კონკრეტულ საწარმოებსა და კომპანიებზე, ეს მათზე დამანგრეველ გავლენას მოახდენს. გადახედეთ სხვა კომპანიებს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც ვაშინგტონის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ. ამას უკიდურესად საზიანო შესაძლებლობები აქვს არა მხოლოდ მათთვის, ვინც ბიზნესს ამერიკაში, ან ამერიკელებთან აკეთებს, არამედ ნებისმიერთან, მთელ მსოფლიოში, ვინც ამერიკულ დოლარს იყენებს და რომელსაც აქვს გარკვეული შეხება ამერიკულ იურიდიულ სისტემასთან. ამასთან, ბანკები და კომპანიები უბრალოდ იღებენ გადაწყვეტილებას, რომ არ სურთ რაიმე კავშირი ჰქონდეთ სანქცირებულ კომპანიებთან. ასე რომ, ეს არის ძალიან სერიოზული მექანიზმი, რომელიც შეერთებული შტატების მთავრობამ უნდა აირჩიოს. ამას დამანგრეველი შედეგები მოჰყვება, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც საზღვარგარეთ ბევრი რესურსი აქვთ.

- რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის, ბრიუსელსა და თბილისს შორის ურთიერთობების ამგვარ განვითარებას, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე?

- ვფიქრობ, ეს ძალიან საზიანო ეფექტია. როგორ შეგიძლია გააგრძელო მოლაპარაკებები ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, როცა ახლახან მიიღე კანონი, რომელიც აშკარად ანტიდემოკრატიული, ანტილიბერალური, ანტიევროპულია? ასეთი კანონი ევროკავშირის წევრ არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს და არც უნდა იყოს. იგივე, კიდევ უფრო ეხება ნატოს წევრობას. ვფიქრობ, რომ მოსაზრება, ერთდროულად გინდოდეს ტორტის შენარჩუნება და მისი მირთმევა, არ მუშაობს. ქართველმა ხალხმა, საქართველოს მთავრობამ და ქართულმა ბიზნეს საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთონ, - უნდათ იყვნენ თავისუფალ სამყაროში, თუ სურთ ავტოკრატიულ სამყაროში, როგორც ვლადიმირ პუტინის სატელიტი? სცადო იყო ორივე ადგილზე ერთდროულად, შეუძლებელია.

- პრეზიდენტის ვეტოს დაძლევიდან და კანონის საბოლოოდ მიღებიდან მეორე დღესვე, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ჩინური კონსორციუმი ააშენებს და ამის შესახებ ოფიციალურად გამოცხადდება. ეკონომიკური ინტერესების გარდა, ჩინეთის რა ინტერესებს ხედავთ საქართველოში? გასული წლიდან, საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან და ხელისუფლება ამით თავს იწონებს...

- ჩინეთს აქვს ძალიან ექსპანსიური საგარეო ეკონომიკური პოლიტიკა მთელ მსოფლიოში, რომელმაც გარკვეულ წარმატებას მიაღწია. ზოგიერთი ინვესტიცია სამიზნე ქვეყნებისთვის შეიძლება მომგებიანი იყოს, მაგრამ ამან ასევე შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული იძულება, - ამან ასევე შეიძლება გამოიწვიოს სამიზნე ქვეყნის ავტოკრატიული სამყაროს ორბიტაზე მოქცევა. ჩვენ, დღეს, დიდი ძალების კონკურენციის მომენტში ვართ, სადაც ჩემი აზრით ტრაგიკულად, მაგრამ ეს ასეა, ახლა არის დემოკრატიული ბლოკისა და ავტოკრატიული ბლოკის რეფორმირება. ჩინეთი კი აშკარად არის ავტოკრატიული ბლოკის ლიდერი. ასე რომ, ისევ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, სურთ იყვნენ დემოკრატიული თუ ავტოკრატიული სამყაროს ნაწილი. ეს კანონი კი არის ნაბიჯი ავტოკრატიისკენ. იმედი მაქვს, ეს შეიძლება იყოს ქართველი პარლამენტარებისთვის გამოსაფხიზლებელი ნიშანი იმისთვის, რომ ცოტა უფრო სერიოზულად შეხედონ იმას, რასაც აკეთებენ და გააცნობიერონ, რომ არ შეიძლება, ერთი ფეხი ავტოკრატიულ სამყაროში, მეორე კი დემოკრატიულ სამყაროში გქონდეს.

- ბოლოს მინდა იმ შეთქმულების თეორიების შესახებ გკითხოთ, რაზე "ქართული ოცნება" გამუდმებით საუბრობს - ე.წ. "გლობალური ომის პარტია", რომელიც მათივე ახსნით, თავისუფალი მასონების მსგავსი რამაა და საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს. ისინი, დასავლელი პარტნიორების კრიტიკის მიღმა, მუქარას და შანტაჟს ხედავენ. დასავლეთში კი ამას ხელისუფლების ანტიდასავლურ პროპაგანდას უწოდებენ. თქვენ რუსეთში შეერთებული შტატების ელჩი იყავით, როცა იქ უცხოეთის აგენტის კანონი მიიღეს. ხედავთ რაიმე კავშირებს, "ქართული ოცნებისა" და მოსკოვის ანტიდასავლურ რიტორიკაში?

- ჩემთვის მსგავსება აშკარაა. როგორც ჩანს, ისინი იმეორებენ რუსულ პროპაგანდას და დეზინფორმაციას. აბსურდია წარმოდგენა, რომ დასავლურ სამყაროს მასონები მართავენ. ეს სრული სიგიჟეა. მაგრამ, სიმართლეა, რომ ომის პარტია არსებობს. ომის პარტიას ვლადიმირ პუტინი ხელმძღვანელობს. 2008 წელს, ის შეიჭრა საქართველოში. 2015 წელს, დაეხმარა დიქტატორს სირიაში. 2014 წელს, შეიჭრა უკრაინაში და ახლა ის ხელმძღვანელობს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში ყველაზე დიდ კონვენციურ ომს. ცხადია ის, ვლადიმირ პუტინი არის ომის პარტიის ლიდერი. და რატომ უნდა გინდოდეს, შეუერთდე ომის პარტიას, როცა შეგიძლია მშვიდობის პარტიაში იყო? თქვენ იცით, სად არის მშვიდობა. მშვიდობა არის ნატოს ალიანსში, ევროკავშირის ქვეყნებში. ზუსტად ახლა, საქართველოს აქვს წარმოუდგენლად ისტორიული შესაძლებლობა, შეუერთდეს სახელმწიფოთა ამ მშვიდობიან საზოგადოებას და რატომ ამბობენ უარს ამაზე, ანტიდემოკრატიული კანონების მიღებით ახლა, როცა ქართველი ხალხის კეთილდღეობა, თუ ევროკავშირს შეუერთდება, მათ თვალწინაა. ეს უნიკალური მომენტია. მათ ისტორიაში ასეთი მომენტი არასდროს ჰქონიათ. უბრალოდ გადახედეთ ევროკავშირში მყოფ ქვეყნებს და მათ, ვინც ევროკავშირში არ არის - ვინ ცხოვრობს უკეთესად და ვინ არა, ვის აქვს მეტი თავისუფლება და ვის არა, ვფიქრობ ეს ცხადი არჩევანი უნდა იყოს, რომ გზა მშვიდობისკენ, თავისუფლებასა და კეთილდღეობისკენ არის ევროპასთან და არა მოსკოვთან.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/7640216.html

 

მსოფლიო
ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა, რომელსაც კვლავ ურსულ ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს.

დადგენილებას ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ 370 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი 282 იყო, ხოლო 36 დეპუტატმა თავი შეიკავა.

ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში 26 ევროკომისარი იქნება. მათ შორისაა ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, რომელმაც ჟოზეფ ბორელი ჩაანაცვლა.

გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობა სლოვენიის წარმომადგენელს მართა კოსს ერგო. მან ამ პოსტზე უნგრელი ოლივერ ვარჰეი ჩაანაცვლა, რომელიც ახალ ევროკომისიაში ჯანდაცვისა და ცხოველების კეთილდღეობის საკითხებს გაუწევს კურირებას.

ევროკომისია საკუთარი მოვალეობის შესრულებას 1 დეკემბრიდან შეუდგება.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.