USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Тбилиси
«Voice of America» (აშშ): „ჯო ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევა გაუქმებულია“
дата:  915

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“ - ფინანსდება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ), აქვეყნებს ექსკლუზიურ მასალას სათაურით „ჯო ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევა გაუქმებულია“, რომლიდანაც ჩანს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია საქართველოს დელეგაციის მიმართ, მისი დისკრედიტაციის მიზნით, ერთგვარ „დიპლომატიურ სასჯელს“ იყენებს.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს.

როგორც „ამერიკის ხმისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად, ასევე იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმას“ ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირი და კიდევ ერთი წყარო კონგრესიდან უდასტურებს.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის ჩათვლით. დელეგაციასთან შეხვედრაზე ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.

აღნიშნულზე “ამერიკის ხმასთან” საუბრისას, შეერთებული შტატების ადმინისტრაციის კიდევ ერთი მაღალი რანგის ოფიციალური პირი დასძენს, რომ „საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები და განცხადებები, დემოკრატიისა და ქართველი ხალხის ნების მიმართ შოკისმომგვრელ უპატივცემულობაზე მიუთითებს“. თუმცა, ამბობს, რომ არ ისაუბრებს ცალკეული დიპლომატიური დისკუსიების დეტალებზე.

“ამერიკის ხმისთვის” ასევე ცნობილი გახდა, რომ ამ ნაბიჯის მიზეზი საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქცევა და რიგი ნაბიჯებია, მათ შორის, ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების - “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა” და “აირჩიე ევროპას” წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ასევე მმართველი ძალის მიერ, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ გაკეთებული განცხადებები. “ამერიკის ხმის" ინფორმაციით, უკანასკნელმა კომუნიკაციამ საქართველოს მთავრობასთან, არ მისცა ამერიკის ადმინისტრაციას იმედი, რომ თბილისი კურსს შეიცვლის. არამედ, პირიქით, საქართველოს მთავრობის ნაბიჯები აშშ-ის ადმინისტრაციას არწმუნებს, რომ მას გადაწყვეტილი აქვს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა.

“ამერიკის ხმა” აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის თხოვნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას დაუკავშირდა და პასუხის შესაბამისად, მასალა განახლდება.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში მყოფი მსოფლიო ლიდერებისთვის, ამგვარ მიღებას ტრადიციულად, ყოველ წელს მართავს. ასევე ტრადიციულად, როგორც წესი, მიღებაზე მიწვეულნი არიან მსოფლიოს უმეტესი ქვეყნის ლიდერები, გარდა ისეთი ქვეყნებისა როგორიცაა ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სხვა.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი მიიღო, სახელმწიფო დეპარტამენტმა, აშშ-საქართველოს ყველა ურთიერთობის ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო. ამ პროცესში, საქართველოს ათობით მოქმედ და ყოფილ ოფიციალურ პირს და მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესდა. შეჩერდა ფინანსური დახმარება, რომლითაც პირდაპირ საქართველოს მთავრობა სარგებლობდა. გასულ კვირაში კი, ხაზინის დეპარტამენტმა, სანქციები დაუწესა ოთხ პირს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაურს. ასევე, "ალტ-ინფოს" დამფუძნებელ კონსტანტინე მორგოშიას და ამავე ორგანიზაციასთან დაკავშირებული ზურაბ მახარაძეს.

გასულ კვირაში, „ამერიკის ხმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები შემუშავებული აქვს და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს. „ამერიკის ხმას“ აღნიშნული ინფორმაცია, ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის ორმა პირმა და ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა კიდევ ორმა წყარომ დაუდასტურა. წყაროები „ამერიკის ხმას“ ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ, საკითხის ბუნებიდან გამომდინარე. წყაროების ინფორმაციით, მუშაობას სანქციების პაკეტზე ამერიკის ხაზინის და სახელმწიფო დეპარტამენტები წარმართავენ.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მან [ბიძინა ივანიშვილმა] გადადგა ნაბიჯები, რათა განევითარებინა ურთიერთობები რუს ოლიგარქებთან, გადადგა ნაბიჯები, რათა რუსეთისთვის მიეცა უკეთესი წვდომა საქართველოს ბაზრისთვის. ფაქტობრივად, მან გარკვეული ქმედებები რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მითითებით გაატარა”, - ამბობს ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირი “ამერიკის ხმასთან” სატელეფონო საუბარში, ანონიმურობის დაცვის პირობით, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე.

ნიუ-იორკში, 23 სექტემბერს, ქართული მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს აშანტაჟებენ. „გრძელდება შანტაჟი ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, შეერთებული შტატების მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირების თაობაზე, „ამერიკის ხმის“ ექსკლუზივის შესახებ, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას.

„თქვენ იცით, რომ ის ისედაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ. მას აქვს გაყინული ევროპაში $2 მილიარდი, თუმცა ახლა გრძელდება შანტაჟი უკვე სხვა ფორმით. ისმენთ მუქარას ფორმალური სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ვერც ასე და ვერც ისე, ეს ადამიანები ვერ მიაღწევენ მიზანს, მიზანი ყველამ იცით, რაც არის - მათ უნდათ, რომ ბიძინა ივანიშვილი აიძულონ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. რა თქმა უნდა, ეს შანტაჟი ვერავითარ შემთხვევაში ვერც ახლა ვერ იქნება წარმატებული. [მავანმა ადამიანებმა] ვერ ისწავლეს რეალურად ის, რომ წლების განმავლობაში რაც არ მუშაობს, ვერ იმუშავებს წლების შემდეგაც. აქედან გამომდინარე, ეს შანტაჟიც არის განწირული წარუმატებლობისთვის“, - განაცხადა 23 სექტემბერს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში, ქართული ტელემედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/7797068.html

 

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати