აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს ვრცელ მასალას - ინტერვიუს გერმანიაში მოღვაწე თეოლოგიის დოქტორს მირიან გამრეკელაშვილთან სათაურით „ის, რომ ხატიდან სტალინის წაშლის გადაწყვეტილება მიიღეს, ეს ეკლესიის თვითგადარჩენის ჯანსაღი ინსტიქტია“.
გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:
თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში, „მატრონა მოსკოველისა და სტალინის ხატის“ გარშემო ერთკვირიანი დაპირისპირება დროებით ჩაცხრა. საპატრიარქომ ხატიდან საბჭოთა ტირანის გამოსახულების წაშლის გადაწყვეტილება მიიღო, ამასთან, რუსი წმინდანი სამებაში მაინც დარჩება.
რატომაა დღემდე პოპულარული საბჭოთა ბელადი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში? იმ ეკლესიაში, რომელიც საბჭოთა ოკუპაციის დროს მიყენებული ზარალის გამო, სახელმწიფოსგან კომპენსაციას იღებს?! როგორ იყენებს რუსეთი ისევ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დეზინფორმაციის და ნარატივების გასავრცელებლად და რატომ დაიხია უკან საპატრიარქომ?
ამ თემებზე, „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი გერმანიაში მოღვაწე თეოლოგიის დოქტორს მირიან გამრეკელაშვილს ესაუბრა:
- შეიძლება იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რომელიც თბილისში, „მატრონა-სტალინის ხატის" გამო განვითარდა, ისევ ცალსახად ითქვას, რომ რუსეთი ჩვენს ეკლესიას, ზოგადად, მართლმადიდებლურ რელიგიას, კვლავ აქტიურად იყენებს საქართველოში, რუსული ნარატივების, დეზინფორმაციის გასავრცელებლად, რუსული „რბილი ძალის“ გასაძლიერებლად?
- დიახ. გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი მთელ მსოფლიოში საკუთარი პოლიტიკური გავლენების გასაძლიერებლად ბევრ ფაქტორს იყენებს, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა - რელიგიურ კავშირებს. მართლმადიდებელი ეკლესიები სადაც არის, იქ ცდილობენ ჰყავდეთ, მხარდამჭერთა დიდი რაოდენობა, მთელი ლიგა.
საქართველოშიც ეს (კავშირები) უკვე წლების განმავლობაში არის ძალიან ინტენსიურად ათვისებული და გამოყენებული. ეს დაიწყო საბჭოთა იმპერიის ნგრევის შემდეგ, გამოიარა აქტიური ფაზები და ეს გამოყენება დღესაც, საკმაოდ, პროაქტიურ ფაზაში იმყოფება.
ის, რომ რუსეთი ჩვენს ეკლესიას იყენებს თავისი "რბილი ძალის" გასააქტიურებლად და გამოსაყენებლად, ამაში მგონი, არავის არ ეპარება ეჭვი...არის ვინმე, ვისაც ამაში ეჭვი ეპარება? ამას, თავად ეკლესიაც არ უარყოფს.
მთელი ჩვენი საეკლესიო ლიტერატურა, საეკლესიო ცნობიერება არის დამყარებული, ერთგვარი ტიპის იზოლაციონიზმზე. ეს იზოლაციონიზმი ეფუძნება იმას, რომ „მთელ სამყაროში არის დარჩენილი, მხოლოდ რამოდენიმე, დამოუკიდებელი, მართლმადიდებელი ეკლესია“. ეს არის - “საქართველოს ეკლესია, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და ათონის მთა”.
სხვა ეკლესიებზე თქვენ ინფორმაციას, საქართველოს ეკლესიის მიერ გამოშვებულ ლიტერატურაში თუ სხვადასხვა მასალებში, ქადაგებების შესწავლისას, ვერ იპოვნით. ანუ გეოგრაფიული არეალიც კი მხოლოდ აი, ამ სამი კომპონენტით არის შემოსაზღვრული. მთელი თხრობა მხოლოდ აი, ამ სამი სივრცის ირგვლივ ტრიალებს.
- შესაბამისად, შეუძლებელია დამთხვევად მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ ეს ხატი სამების კათედრალში, ღიად პრორუსული პარტიის „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებს შეუწირიათ...
- „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ რომ შებრძანდა ეს ხატი, ეს შემთხვევითობად არანაირად არ მიმაჩნია. პირიქით, ეს იყო კარგად მოფიქრებული, რაციონალურად გათვლილი სქემა.
იმიტომ რომ თვითონ „პატრიოტთა ალიანსი“ რას არის მოჭიდებული? მოჭიდებულია საბჭოთა ნოსტალგიას. მათი მხარდამჭერების უდიდესი ნაწილი არიან ადამიანები, რომლებსაც საბჭოთა კავშირი ენატრებათ. შესაბამისად, ისინი იყენებენ ამას და ცდილობენ, ეს მონატრება საკრალური თხრობებით ჩაანაცვლონ.
სხვა პრორუსებიც იგივეს აკეთებენ: კომუნისტები, სტალინისტები გორში, სტალინის ყოველ დაბადების დღეზე მიდიან და კათედრალში რომელიმე მღვდელს პანაშვიდს ახდევინებენ.
იგივე პლატფორმაზე ზის, „ალტ ინფოც“, გვახსოვს როგორ გადაიღეს მოსკოვში, სტალინის საფლავთან ფოტოები და ამტკიცებენ, რომ თითქოს სტალინური რეპრესიების მიუღებელ დასჯის ფორმებს არ იყენებდნენ. სტალინის რეაბილიტაცია პრორუსების ძირითადი და გენერალური ხაზია.
- „პატრიოტთა ალიანსი“ პირველად არ იყენებს ხატს პოლიტიკური მიზნებით. 2020 წელს, მათ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, ილორში, უპრობლემოდ ჩაიტანეს ხატი, რომელიც შემდეგ აფხაზებმა უკან დააბრუნეს. ეს შეუძლებელია, რუსეთის მხარდაჭერის გარეშე მომხდარიყო. აქედანაც ჩანს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები რელიგიას აქტიურად იყენებენ...
- რა თქმა უნდა, თქვენ საინტერესო თემას შეეხეთ - რელიგიის გამოყენება პოლიტიკაში. ანუ, იგივე სტალინის საკრალიზების ერთადერთი საფუძველი, გინდ რუსეთში და გინდ საქართველოში არის ის, რომ სტალინის პერიოდში მოხდა, რელიგიის უკუ შემობრუნება, როგორც პოლიტიკური რესურსისა.
ისტორიულად არის რამდენიმე წარმოდგენა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინს ეს ურჩიეს დიდმა ბრიტანელებმა, კონკრეტულად, კენტერბერიის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა ჰიულეტ ჯონსონმა;
არის მოსაზრება, რომ თავად NKVD-მ (სსრკ-ს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი) და სხვა საბჭოთა სამსახურებმა დაიწყეს ანალიზი, თუ რატომ უჭერდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხალხი მხარს გერმანელებს და ერთ-ერთი ფაქტორი ნახეს, რომ ფაშისტები აღებდნენ და ხსნიდნენ დახურულ ტაძრებს, ანუ რელიგიურობის აღდგენას იწყებდნენ, სადაც კი შევიდოდნენ. თავის მხრივ, ნაცისტურ გერმანიასაც პოლიტიკური გათვლა ჰქონდა.
სტალინმა 1943 წელს, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ომში, სადაც ყველაფერი არის და უნდა განიხილებოდეს რესურსად, არ იქნებოდა უინტერესო - რელიგიის გამოყენება. მით უმეტეს, რომ მოკავშირეებს - აშშ-ს და დიდ ბრიტანეთსაც არ სურდათ ათეისტური საბჭოთა კავშირის დახმარება.
შესაბამისად, ომში გასამარჯვებლად, სტალინმა „შეარბილა“ აღვირახსნილი ანტირელიგიური პოლიტიკა და პირიქით, გამოიყენა რელიგია. აქედან მოდის ეს მითები, რომ თითქოს, დესპოტი სტალინი „მორწმუნე“ „მართლმადიდებელი“ იყო.
ეს არის ის ტრადიცია, რომელსაც დღეს თანამედროვე რუსეთის სპეცსამსახურები განაგრძობენ. ისინი რელიგიის ფაქტორს იყენებენ ყველგან, მათ შორის უკრაინასთან ომში. იქ უფრო უარესად არის ეს მდგომარეობა. უკრაინაში, სტრუქტურირებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც აქვთ. იგივე ხდება, საქართველოშიც, დიდი ხანია.
ტექნიკურად, ეს კეთდება „პატრიოტთა ალიანსის“, "ალტ ინფოს", სხვა მსგავსი ჯგუფების, კონკრეტული საერო თუ საეკლესიო პერსონების მეშვეობით, რომლებიც არც მალავენ რომ ღიად პრორუსები არიან. თქვენ, ალბათ, ღიად რო კითხოთ, თანამშრომლობენ თუ არა ისინი რუსეთის სპეცსამსახურებთან, შეიძლება ვიდეოკამერის წინ არ თქვან, მაგრამ პირად საუბარში არა მგონია დამალონ. პირიქით, ეს ეამაყებათ კიდეც.
- პუტინის რუსეთის ინტერესი გასაგებია, თუ რატომ ხდება იქ სტალინის რეაბილიტაცია და ერთგვარი „საეკლესიო ამნისტიაც“. მაგრამ, რა განაპირობებს სტალინზე ან მატრონა-სტალინზე მითების ასეთ პოპულარობას საქართველოს ეკლესიაში? სტალინის მითოლოგიზება - ეს არის ილია მეორის პირადი დამოკიდებულების შედეგი? სტალინის ეთნიკური წარმომავლობა, თუ ყველაფერი ერთად?
- აქ ორი განსხვავებული ამბავია. სტალინი პოპულარულია რუსეთში, როგორც ისტორიული ფიგურა, მისი ისტორიული დამსახურებების გამო. ფაქტია, რომ საბჭოთა კავშირმა, რომელიც მანამდე აგრარული ტიპის სახელმწიფო იყო, სტალინის ეპოქაში მსოფლიო მნიშვნელობა კვლავ მოიპოვა, ატომური „დერჟავა“ გახდა. რაც მთავარია, სტალინია სწორედ ის პიროვნება, რომელიც სათავეში აღმოჩნდა, როცა საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომი მოიგო.
რა თქმა უნდა, ეს იყო ბოროტების იმპერია, სტალინიც ძალიან ბოროტი ადამიანი იყო. მაგრამ, ისტორიული ბედისწერით მოხდა ისე, რომ მათ დაამარცხეს უფრო დიდი ბოროტება - ნაცისტური გერმანია. ანუ, ამ მხრივ არის სტალინი პოპულარული რუსეთში. მისმა პოპულარობამ, კიდევ უფრო მოიმატა, განსაკუთრებით, პუტინის პერიოდში.
მაგრამ, რელიგიის კუთხით, სტალინის მითოლოგიზება, რუსეთში ცენტრიდან არ წამოსულა. ანუ სტალინის და მატრონას ეს მითი, რუსეთში, პერიფერიულ-პროვინციულ ეპარქიის დონეზე გახდა პოპულარული.
2008 წელს დაიწერა ეს ხატი და შემდეგ მიაბრძანეს ის, პეტერბურთან ახლოს, ერთ-ერთ სოფელში მდებარე, წმინდა ოლგას ტაძარში. მაგრამ, რუსეთის ეკლესიამ როგორც შიგნით სამღვდელოების, ისე მრევლის და საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქციის გამო, ეს ხატი არ მიიღო და ხატმწერს უკან დაუბრუნა. ამის საპირისპირო სიტუაციაა საქართველოში. ჩვენთან სტალინი პოპულარულია „ცენტრში“. ამ „ცენტრის“ მთავარ ადამიანში, ეს არის პატრიარქი, რომელიც გაიზარდა სტალინის ეპოქაში.
ამის გარდა, ილია მეორეს აქვს სენტიმენტები სტალინის ქართველობის გამო. საქართველოში სტალინი პოპულარულია უპირველესად სწორედ მისი ქართველობის გამო, ეს ახალი ამბავი არ არის. მოგეხსენებათ, 1956 წელს, თბილისში აჯანყებაც კი მოჰყვა ამას, სტალინის კულტის დეკონსტრუქციის პირობებში.
შესაბამისად, სტალინიზმი ჩვენთან მოდის პირდაპირ „ცენტრიდან“. პატრიარქმა რამდენჯერმე ახსენა სტალინი დადებით კონტექსტში: თქვა, რომ მას ესიზმრა, რომ „სოსო ზეცაშია!“, სტალინი „ცხონდაო“ - ეს არის სერიოზული ლეგიტიმაცია რელიგიური სისტემის შიგნით. პატრიარქი ამბობდა, რომ სტალინი იყო „ბრძენი კაცი“, „მორწმუნე“, „ესმოდა რუსეთის ადგილი მსოფლიოში“.
ეს მიდგომა გაიმეორა შემდეგ, ბევრმა სასულიერო პირმა საჯარო შეხვედრისას. ერთ-ერთმა, რომელმაც სტალინს პანაშვიდი გადაუხადა თქვა, რომ „გულში სითბო ჩაეღვარა“; ვეტერანთა კავშირის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პატრიარქმა უთხრა, თითქოს „სტალინი უკანასკნელი მართლმადიდებელი მეფე იყო“...
- ანუ შეიძლება ითქვას, რომ პატრიარქი მიზანმიმართულად ახდენდა, ასე ვთქვათ, სეკულარული, „საერო“ ბელადის სტალინის ლეგიტიმაციას ეკლესიის შიგნით, პირველ რიგში, საკუთარი და ეკლესიის გავლენის გასაძლიერებლად... ანალოგიურად, მოიქცა პატრიარქი, როცა 2012 წელს, გაბრიელ ურგებაძე შერაცხა წმინდანად, რომელთანაც როგორც ამბობენ, არცთუ კარგი პირადი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ბერის არნახული პოპულარობის გამო, მისი საფლავიც კი გახსნა...
- დიახ, ეს ერთი და იგივეა, როცა რელიგიური ინსტიტუტები „სახალხო“ რელიგიურობის მძლავ გამოვლინებებს, არა თუ აიგნორებენ, არამედ ცდილობენ რომ საკუთარ თავში, მათი ინტეგრირება მოახდინონ. ამიტომ, სტალინის შესახებ ეს მითებიც არის სრულად ხალხოსნური ხასიათის, ისევე როგორც ბერი გაბრიელ ურგებაძის შესახებ წარმოდგენები. ეს არის მცხეთა-თბილისის ეპარქიის დონეზე, მაშინ მცხოვრები რელიგიური ადამიანების რაღაც თქმულებები. აქედან, ბევრი რა თქმა უნდა არის არარეალური და „ლეგენდარული“, ბევრი - რაღაცას ეფუძნება.
მოსწონდა თუ არ მოსწონდა ეს პატრიარქს, მისი მოღვაწეობის დროს, ბერი იყო ძალიან პოპულარული, სიცოცხლეშივე არსებობდა ბერი გაბრიელისადმი საკრალური დამოკიდებულება და დადგა საკითხი, პატრიარქს არ მიექცია ამისთვის ყურადღება, თუ მოეხდინა, ამ „სახალხო“ რელიგიურობის გამოვლინების ინტეგრირება ეკლესიის შიგნით.
თქვენ რაც აღნიშნეთ, ეს არ არის, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი, ეკლესიისთვის დამახასიათებელი შტრიხი. ეს გაგება და გამოცდილება კათოლიკურ ეკლესიაშიც არსებობს.
მაგალითად, იგივე, ფრანცისკე ასიზელის მოძრაობა, თავდაპირველად, ოფიციალურ ეკლესიასთან დაპირისპირების ხაზით განვითარდა, მაგრამ როგორც კი ეს მოძრაობა ხალხოსნურ მიმდინარეობად იქცა, კათოლიკურმა ეკლესიამ მაშინვე „გადაყლაპა“, მისი ინტეგრირება მოახდინა და ასიზელი წმინდანად გამოაცხადა. იგივე იყო მამა პიოს კულტი, რომელიც წმინდანად 2002 წელს შერაცხეს და ბევრი სხვა შემთხვევა.
- მაგრამ, განსხვავება ამ შემთხვევაში ის არის, რომ კათოლიკურ ეკლესიას, ჩვენი ან რუსეთის ეკლესიებისგან განსხვავებით, არ უცდია, სტალინის მსგავსი ტირანების რეაბილიტაცია. ვთქვათ, იგივე ფაშისტი დუჩე მუსოლინის, რომელიც ასევე აქტიურად იყენებდა კათოლიკურ ეკლესიას და რელიგიას...
- რა თქმა უნდა, რადგან კათოლიკურ ეკლესიაში, ამა თუ იმ ფიგურის კანონიზაციის საკითხს ან მის ადგილს ეკლესიის მეხსიერებაში, საბოლოო ჯამში, თეოლოგიური კომისია განსაზღვრავს. ეს არის დიდი კომისია, სადაც შედიან უმაღლესი დონის სასულიერო პირები - კარდინალები, რომლებიც თავის მხრივ თეოლოგიურ განათლებას ფლობენ. ამას გარდა, კომისიაში შედიან: მეცნიერები, მკვლევარები..ანუ საბოლოო ვერდიქტი, კომისიას გამოაქვს. ამიტომ, რომელიმე ფიგურის მიმართ თუ რაიმე ძირეული წინააღმდეგობაა, შეუძლებელია მან ეკლესიაში ადგილი დაიმკვიდროს. ეს არის ინფილტრაციის მექანიზმი. ჩვენთან ასეთი სახის კომისია, სამწუხაროდ არ არსებობს: არავის უმსჯელია ბერ გაბრიელ ურგებაძეზე, არავის უმსჯელია სტალინის „რელიგიურობასთან“ დაკავშირებით. არავის ეს საკითხი არ უკვლევია.
რადგან მოსახლეობის რაღაც ნაწილში სტალინი არის პოპულარული, ის უყვართ, სვამენ მის სადღეგრძელოს, აქვთ სტალინის პორტრეტები და ბიუსტები, ამიტომ ეკლესიაშიც შეიჭრა ეს ხაზი, ცდილობენ სტალინის ფიგურის რეაბილიტაციას და საკრალიზებას.
საოცარია, რომ 2009-10 წლებიდან და შემდეგ, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საქართველოში აქტიურად მიდის სტალინის ბიუსტების და ძეგლების აღდგენის პროცესი, ეს მართლაც გასაოცარია.
- ისევ „მატრონა-სტალინის“ ხატს რომ დავუბრუნდეთ, ამ შემთხვევაში სტალინი განაპირობებს, მატრონა მოსკოველის პოპულარობას საქართველოში თუ პირიქით? საერთოდ, რატომ არის რუსეთის ეკლესიის წმინდანი, ჩვენი ეკლესიის წმინდანიც? რუსეთის ეკლესიას წმინდანად ჰყავს გამოცხადებული, საქართველოს და ჩვენი ეკლესიის დაუძინებელი მტერი, ქართველოფობი დეკანოზი ივან ვოსტორგოვიც, რომელმაც რუსეთის საეგზარქოსოს არსებობის დროს, ასეულობით ჩვენი ეკლესია დაარბია, გაძარცვა და გამოკეტა, ებრძოდა ქართულ ენას, ეწეოდა საშინელ რუსიფიკაციას. ხომ შეიძლება, ხვალ ვიღაცამ სამებაში ვოსტორგოვის, როგორც „საერთო“ „წმინდანის“ „ხატის“ შეტანაც მოითხოვოს?
- მატრონა არ არის საყოველთაო წმინდანი მართლმადიდებელი ეკლესიებისთვის. შესაბამისად, აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვაა, რაც დასვით. ზოგადად, ყველა ეკლესიას გააჩნია საკუთარი საეკლესიო კალენდარი, რომელშიც არის შეტანილი მის მიერვე კანონიზირებული წმინდანები. ეს წმინდანები, ძირითადად არიან საერთო ეკლესიის ისტორიიდან და გამოცდილებიდან აღებული ფიგურები და ასევე ლოკალური ტიპის წმინდანები. მაგრამ, ეს არ არის ავტომატური პროცესი.
ის, რომ რუსეთის ეკლესია ვიღაცას წმინდანად შერაცხავს, ეს არ ნიშნავს, რომ ეს წმინდანი ჩვენს საეკლესიო კალენდარში უნდა იყოს შეტანილი. ამაზე უნდა მსჯელობდეს სინოდი და ერთი სიტყვით, იურიდიულ ენაზე რომ ვთქვათ, უნდა მოხდეს „წმინდანის რატიფიცირება“, მაგრამ, ვიმეორებ, ამ თემებზე, ჩვენი ეკლესიის შიგნით, სიღრმისეულად არავინ მსჯელობს.
- 2016 წელს, წმინდა მატრონას სახელობის ეკლესია სოფელ ფარცხანაყანევშიც კი გაუხსნიათ. იქაური მამაოც, ეკლესიაში გამოკრული, რუსეთ-საქართველოს დროშების ფონზე, იგივე მითს ყვება სტალინზე და მატრონაზე...
- ამ შემთხვევაში უნდა განვასხვაოთ ორი საკითხი: ოფიციალური ხაზი, სინოდის საეკლესიო კალენდარი, მთელი ტიპის კანონიკა, ეკლესიის მარეგულირებელი სტანდარტები, ეს არის ერთი მხარე; და მეორე მხარეს არის კულტურულ-მეხსიერებითი კონსტრუქტები, რომელიც ძალიან ძლიერად არის წარმოდგენილი თანამედროვე ადამიანთა ყოფაში.
ფარცხანაყანევში, დარწმუნებული ვარ, ეს ეკლესია ააშენა ადამიანმა, ვინც წარმოშობით არის ამ ტერიტორიიდან, შემდეგ წავიდა მოსკოვში, იქ გახდა მდიდარი, დააგროვა კაპიტალი, შემდეგ რაღაცა შეემთხვა ან უბრალოდ ადგა და თავის სოფელს აჩუქა ტაძარი.
აკურთხებინა იმ წმინდანის სახელზე, რომელიც მისთვის არის პოპულარული, რაღაცნაირად მნიშვნელოვანი, რომლის ირგვლივაც ბევრი მითი და თქმულება ესმოდა. ეს წმინდანი მასთან ეპოქალურად უფრო ახლოა, ვიდრე, მაგალითად, ალექსანდრე ნეველი ან ბერი მაქსიმე. ანუ, ეს ორი განსხვავებული, ასე რომ ვთქვათ, „რეესტრია“.
ამას გარდა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საქართველოში რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს ძალიან არასერიოზული დამოკიდებულებაც და ამ ყველაფერს, ლიბერალური ეკონომიკის ენაზე რო გითხრათ, „ბაზარი არეგულირებს“.
მაგალითად, საქართველოში უდიდესი რაოდენობა ხატებისა რაც იყიდება, რაც მზადდება, ხშირად, ეს თავიდან ბოლომდე არის რუსული წარმოების, წარმოშობის, სტილის და კანონიკის. შესაბამისად, უმრავლესობა რუსი წმინდანის ხატებია.
ასე გახდა „პოპულარული“ საქართველოში, ვთქვათ, სერაფიმ საროველი, რომლის გამოცდილებაც შეიძლება, რუსეთისთვის საინტერესოა, მაგრამ თანამედროვე ქრისტიანს არაფერს ეუბნება. და, იგივე მატრონა მოსკოველიც.
- მატრონა ნიკონოვას საკრალიზება, რომელიც საბჭოთა მოსკოვში 1952 წელს გარდაიცვალა, აქტიურად დაიწყო გასული საუკუნის 90-იანების დასაწყისში. შეიძლება ითქვას, რომ ესეც ერთგვარი „სახალხო“ რელიგიურობის მიმდინარეობა იყო, რომელიც რუსეთის ეკლესიამ „შეისრუტა“? თუ არ ვცდები, იქაც მოხდა საფლავის გახსნა და ამის შემდეგ, 1999 წელს წმინდანად შერაცხვა...
- დიახ, თავიდან ეს იყო მომჩხიბავი ელემენტი, ცოტა მისტიური. იყო შშმ პირი, ბრმა და კუტი. საერთოდ ბრმა, მუნჯი და ზოგადად, შშმ ადამიანი ოდითგანვე ითვლებოდა, რომ ღმერთმა მას „სხვა ნიჭი“ მისცა. ეს წარმოდგენა ისეთივე ძველია, როგორც თავად ადამიანი.
ეს ქალი იყო, დაახლოებით, ბულგარელ ნათელმხილველ ვანგასა და მესანთლეს შორის. ის ბევრს საუბრობდა მაგიურ წარმოდგენებსა და ელემენტებზე, უბრალოდ, ამას ქრისტიანული ტერმინოლოგიით გადმოცემდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, მოსახლეობის რაღაც ფენაში, განსაკუთრებით, მის დაქალებში გახდა პოპულარული.
დღეს, ჩვენ რაც ვიცით მატრონას შესახებ, ეს ძირითადად, სწორედ მისი დაქალების თქმულებებს ეყრდნობა. კონკრეტულად, მისმა დაქალმა ზინაიდა ჟდანოვამ 1993 წელს გამოსცა მოგონებები მატრონას შესახებ, რომელიც უზარმაზარი ტირაჟით გაიყიდა რუსეთში. პარალელურად, მასიურად დაიწყო მისი საფლავის მოლოცვა და ეს რუსეთის პატრიარქს ალექსეი მეორეს ბუნებრივია არ გამორჩენია.
უნდა ითქვას, რომ სანამ მატრონას წმინდანად შერაცხვა მოხდებოდა, რუსეთის ეკლესიის სინოდალური კომისია შეძლებისდაგვარად, სწავლობდა ამ თქმულებებს. ძალიან ბევრი რაღაც, ზინაიდას ჩანაწერებიდან არ დადასტურდა და ამოიღეს ტექსტიდან. მათ შორის, ის, რომ თითქოს, სტალინი მივიდა მატრონასთან დახმარების სათხოვნელად. თუმცა, ეს მითი მაინც მასიურად გავრცელდა და არაკანონიკური ხატებიც დაიწერა.
ნუ, ძალიან სასაცილოა, რომ სტალინი ომის დროს მისულიყო ამ ქალბატონთან ჭკუის საკითხავად. შესაბამისად, მატრონასთან ერთად ხატზე სტალინის გამოსახვა და ამ ხატის სამებაში შებრძანება, მხოლოდ და მხოლოდ რუსული დეზინფორმაციის გავრცელებას, საქართველოს, როგორც პროევროპული ქვეყნის იმიჯზე დარტყმას ემსახურება.
ამის შედეგია პრორუსული და ანტიდასავლური ქადაგებები, ევროკავშირის დროშების დაწვა, ანტიევროპული განწყობები...
- ის, რომ ამ ერთკვირიანი ალიაქოთის შემდეგ, საბოლოო ჯამში, საპატრიარქომ ხატიდან სტალინის გამოსახულების წაშლის გადაწყვეტილება მიიღო, ეს რაზე მიუთითებს? ნაკლებად წარმოსადგენია, რომ მათ სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძისთვის გაეწიათ ანგარიში, რომელმაც მატრონა-სტალინის ხატს საღებავი შეასხა. რატომ დაიხია უკან საპატრიარქომ?
- ეს არის პატრიარქის უცვლელი დირექტივა, თავიდანვე ასეთი პოლიტიკა ჰქონდა საპატრიარქოს და ეს გრძელდება მოსაყდრის პირობებშიც, რომ საქართველოს ეკლესიას შეუძლია დაუპირისპირდეს ნებისმიერ ვინმეს და რამეს, მათ შორის სახელმწიფოსაც. მაგრამ არასოდეს არ უნდა დაუპირისპირდეს, საპატრიარქო და ეკლესია საკუთარ მრევლს, რადგან მრევლი არის მისი უმთავრესი რესურსი.
თუ საპატრიარქო და ეკლესია დაკარგავს სახალხო მხარდაჭერას, მას არანაირი რესურსი, არც ხელისუფლებასთან სავაჭრო, არც სხვა რაიმე პოლიტიკური განზომილების სათავისოდ გამოყენების, არც ფინანსური დოტაციების მოპოვებისთვის არ ექნება. ხომ ასეა?
რამ გამოიწვია საპატრიარქოს პოზიციაში ეს ცვლილება? მე გეტყვით პატარა მაგალითს, მე ვიცნობ ქალბატონს, რომელიც ცხოვრობს აქ, გერმანიაში, მას არ აქვს განსაკუთრებულად რელიგიური ტიპის ფონი, მაგრამ საკუთარ ცხოვრებაში პირველად ადგა და დარეკა საპატრიარქოში, რათა ამ ხატთან დაკავშირებით პროტესტი გამოეხატა.
ანუ მათ დაინახეს მრევლის დიდი ნაწილის განწყობა და განწყობები თავად ეკლესიაში, საპარტიარქოს „ელიტურ“ ნაწილში, რომელსაც მჩხიბავი მატრონას ამბავი გულზე მაინცდამაინც არ ეხატება.
საპატრიაქოში მაინც მიიღეს რაღაცა კომპრომისული გადაწყვეტილება. ეს ხატი არ გაატანინეს, რომ ის ნაწილი, 1% არ მოიმდურონ, რომელიც მხარს უჭერს, „პატრიოტთა ალიანსს“, მაგრამ არც საზოგადოების სხვა წარმომადგენელები გაანაწყენეს. მიიღეს კომპრომისული გადაწყვეტილება რომ ხატი დარჩება, მაგრამ სტალინი ამოიშლება. ნატა ფერაძის მიერ საღებავის შესხმა აქ დიდი გადამწყვეტი ფაქტორი არ იყო, ეს პერფონმანსის დონეზე გამოიხატა.
ეს საღებავის შესხმა, პირიქით, შეეძლო საპატრიაქროს გამოეყენებინა, რომ აი, თუ მართლა არ არის წმინდანი, რატომ ებრძვიან მას „ეშმაკეული“, „ბოროტი“ და „არარელიგიური ხალხი“, მაგრამ ეს არ გააკეთეს.
- თუმცა, პატრიარქის მოსაყდრემ „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის“ საბაბით, ამ მიმართულებით, ქვეყანაში კანონდებლობის გამკაცრება მოითხოვა, რასაც ელვისებურად მხარი დაუჭირა „ქართულმა ოცნებამ“...
- როგორც შიოსგან, ისე საქართველოს ხელისუფლებისგან ეს მოსალოდნელი იყო. ხომ ასეა? მაგრამ, ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან არაერთგვაროვანი იყო ნატა ფერაძის პერფონმანსის შეფასება, თავად სამოქალაქო საზოგადოებაშიც, ლიბერალურ, პროგრესულ ფრთას რასაც ვეძახით, მათი ნაწილიც გამოხატავდა პროტესტს, საღებავის შესხმის გამო.
და რატომ? არსებობს რაღაც ტიპის პოსტულატები, რომლებიც ამა თუ იმ კულტურაში არასოდეს პოზიტიურად აღქმული არ იქნება. სამწუხაროდ, ბიზანტიური ტრადიციის საზოგადოებებში, საკრალურის შეურაცხოფა არასოდეს გასაგები, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის არ არის.
იგივე რუსეთში, როცა გენიალური პერფონმანსი იყო, რაც გააკეთეს Pussy Riot-ის წევრებმა, ისინი ტაძარში შევიდნენ და სიმღერით ევედრებოდნენ ღვთისმშობელს პუტინი მოგვაშორეო, Богородица Милая, Путина Прогони, მაგრამ ეს ფორმატის მხრივ, მისაღებად ვერ იქცა.
ჩემთვის, ეს ჩვეულებრივი ამბავია, პირიქით, სამოქალაქო სიმამაცის გამოხატულებაა, მაგრამ ადამიანების ძალიან დიდმა რაოდენობამ, ვისგანაც ასეთი რეაქცია მოსალოდნელი არ იყო, დაგმო საღებავის მისხმა, როგორც ფორმა.
სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, ნაწილმა დაგმო, იმიტომ, რომ ეს ასხავდა წყალს მათ წისქვილზე, ვინც „სტალინის ხატით“ რაღაცის მიღწევას ცდილობს; ნაწილმა იმის გამო, რომ იქ სტალინის გარდა, გამოსახული არის „წმინდანი მატრონა“; ნაწილი თვლის, რომ საერთო სივრცე, რომელიც არის საკრალური, ასეთად უნდა დარჩეს და იქ ყველას არ უნდა შეეძლოს შევარდეს და აკეთოს, რაც მას მოუნდება.
ეს არის ჩვენი კულტურულ-სპეციფიკური მიდგომა, რომელიც ვერ ამოიძირკვა, მაგალითად, ვერც კომუნისტების დროს და ვერც ვერასდროს ამოიძირკვება, რადგან ეს არის დაშთენილი პოსტულატი, რომელიც კონსტრუირებულია ძალიან განსხვავებული ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, იქნება ეს ლიტერატურა, ხელოვნება თუ ქცევის გარკვეული ტიპის კოდექსი.
- მეორეს მხრივ, ამ პროტესტმა, საღებავის შესხმას ვგულისხმობ, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ხელისუფლებასაც და საპატრიარქოსაც გამზადებული ჰყავს სადამსჯელო ჯგუფები და ნებისმიერ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანს შეიძლება, ნებისმიერ დროს მიუქსიონ. ჩვენ ვნახეთ რა ხდებოდა აქტივისტის სახლთან...
- დიახ. საპატრიაქრო ბრბოს მიქსევის პრაქტიკას ძალიან დიდი ხნის მანძილზე იყენებდა. ხელისუფლებაც ხშირად იყენებდა ასეთ მოდელს, ყველა ხელისუფლება. მაგრამ, „ოცნების“ ხელისუფლებამ ასეთი რაღაცა მოიგონა, რომ გამოზარდა რუსეთუმეების ბრბო.
ნაწილი „შავფაროსნებიდან“ გადმოიყვანეს, იგივე მახარაძე, რომელსაც ბიძინასთან ერთადაც აქვს ფოტოები. შემდეგ, სახელმწიფო სტრუქტურაში მომუშავე ბ-ნი ბრეგაძე გადაბარგდა იქეთ, მერე ისევ უკან წამოვიდა.
მოკლედ, შეიქმნა, რაღაცა ტიპის მოძალადეთა ჯგუფი, რომელსაც ხელისუფლება ხან ვის და ხან ვის მიუქსევს. ამ დარბევების გასამართლებლად და საკრალიზებისთვის, ისინი ხშირად რელიგიურ ფაქტორს იყენებენ. იგივე მოსაყდრემ, მეუფე შიომ 2021 წლის 5 ივლისის დარბევები, პირდაპირ აკურთხა, ასე რომ ვთქვათ.. გამოვიდა, გარდასახა ჯვარი და უთხრა, „სდექით, მტკიცედ და შეურყევლად“.
- „მატრონა-სტალინის“ ხატის გამო ასე ვთქვათ ჯოხი, სამების კათედრალის მღვდელ იოვანე მჭედლიშვილზე „გადატყდა“, მან შენდობა ითხოვა, იმისთვის, რომ თითქოს, საპატრიარქოს არ აცნობა და ისე დააბრძანა სამებაში ხატი. მეორეს მხრივ, სინოდის წევრს მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილს სცოდნია ეს ამბავი. მან როგორც თქვა, 2 წელი ვუყურებდი, მაგრამ ხატზე სტალინი ვერ დავინახეო. თქვენ ბრძანეთ, რომ სტალინის რეაბილიტაცია საპატრიარქოში პირადად პატრიარქისგან მოდის, მაგრამ რითი აიხსნება სტალინის ასეთი პოპულარობა, შედარებით ახალგაზრდა სასულიერო პირებში, რომლებსაც მის ეპოქაში არ უცხოვრიათ?
- ეს ძალიან საინტერესო საკითხია. ამ თაობას სტალინის შესახებ წარმოდგენები შექმნილი აქვს სწორედ ამ ყურმოკრული გამონათქვამების, მათ შორის პატრიარქის დადებითი განწყობების საფუძველზე.
ჩვენ საპატრიაქროში გვყავს თაობა, რომლებსაც საბჭოთა კავშირის ისტორია არ გაუვლია, არ უსწავლია, რეალური ისტორიით არ დაინტერესებულა, შეიძლება ამისი არც დრო ჰქონდათ და არც სურვილი.
ამიტომ, ისინი სტალინის შესახებ საკუთარ დამოკიდებულებას იქმნიან ასეთი „ფრთიანი გამონათქვამების“ საფუძველზე და შესაბამისად, მის მიმართ აქვთ, სრულიად არარეალისტური წარმოდგენა, რომელიც რაც დრო გადის, უფრო და უფრო საკრალური ხდება.
მაგალითად, ერთი ახალგაზრდა მღვდელი, რომელიც ჩემზე უმცროსია, სასულიერო სემინარიაში ერთად ვსწავლობდით, ახლა აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში, ერთ-ერთი ტაძრის წინამძღვარია, არის „ქართული ოცნების“ გულმხურვალე მხარდამჭერი, ძალიამ მდაბალ დონეზე, მთავრობის მაქებ-მადიდებელი, ასევე, შეთავსებით, არის სტალინისტი და რუსეთუმე.
მანაც, როგორც ბევრმა ამ თაობიდან, წარსულზე წარმოდგენები ყურმოკლური ამბების საფუძველზე შეიქმნა. ხომ შეიძლება რომ არ იყო მკვლევარი, პროფესორი, დოქტორი, მაგრამ დაჯდე და საინტერესო წიგნები წაიკითხო, ხომ არსებობს ასეთი შემთხვევები სამყაროში კიდევ?
მაგრამ, მღვდლების ეს თაობა არის სრულიად განძარცვული ამ თვისებებისგან. ამდენი პრორუსი და სტალინისტი ახალგაზრდა მღვდელი საქართველოს ეკლესიაში არასოდეს ყოფილა. მათ კრიტიკული მიდგომა ისტორიისადმი უბრალოდ არ შეუძლიათ.
ეს არის სმარტფონების თაობა, რომელიც ინფორმაციას Ti Tok-დან იღებს, რაღაც პატარა ვიდეო Reels-ებიდან, რომელიც Youtube-ის მარჯვენა კუთხეშია განთავსებული; ან უარეს შემთხვევაში, კითხულობს ძალიან მსუბუქად შეთხზულ ლიტერატურას, რომლებიც რაღაც მონაყოლს გადმოსცემს.
ეს არის თაობა, რომელიც ჰოლივუდის ბლოკბასტერებზე, „ჰარი პოტერზე“ გაიზარდა, რომელიც მაგიაზეა აწყობილი. ანუ მაგიური, მისტიური რეალიზმია, რაც იმ კარგმა ადამიანმა შექმნა ხაზი ლიტერატურაში, ჩვენთან ეს მაგიური რეალიზმი - იქცა რეალობაში. ამიტომ ეს თაობა, ამ მხრივ, არის ძალიან საშიში, რადგან მას ნებისმიერ სისულელეს დააჯერებ.
- ამ მოვლენებმა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, რომ ამდენი წლის შემდეგაც, სტალინის კულტის გააზრება დღევანდელობისთვის, საქართველოში უმწვავესს პრობლემად რჩება და ისევ და ისევ მივდივართ, განათლების რეფორმის პრობლემამდე...
- დიახ, ძალიან რთულ ამბავს შეეხეთ. საქართველოში განათლების რეფორმა საჭიროა ძირეულად. სტალინის კულტი და ის, რომ ჩვენი ქვეყანა წაკითხულის გააზრების შეფასების კრიტერიუმით არის ერთ-ერთი ყველაზე ბოლო მსოფლიოში, ამ ორ ამბავში, საკმაოდ პირდაპირი კავშირი და კორელაცია არსებობს.
ჩემი გამოცდილებით გეუბნებით, რომ საქართველოში სტუდენტები ამთავრებენ ბაკალავრიატს ისე, რომ საკუთარი აზრის საფუძველზე 2-3 ფურცლიანი ესსეც კი არ აქვთ დაწერილი. დამიჯერებთ?
საუბარი არის 3 ფურცელზე, თუ რა ფიქრობს ადამიანი ამა თუ იმ მოვლენაზე, ეს ხდება მაგისტრატურაშიც. უნდა ეხვეწო რომ რამე დაწერონ და ძირითადად, იწერენ ინტერნეტიდან, ან ვიღაცას უკვეთავენ, ან უბრალოდ წერენ მხოლოდ ფაქტებს ანუ გადმოწერენ წიგნებიდან.
მსჯელობა და თავიანთი აზრის ჩამოყალიბება ძალიან უჭირს საქართველოში სტუდენტს, რადგან ამას არასოდეს არავინ ასწავლის. ოჯახში არის მამა, რომელიც „ყველაფერს წყვეტს“, კლასში არის - მასწავლებელი და მერე ზრდასრულობაში არის მამაო, რომელიც გამზადებულ აზრებს „აძლევს“.
- ანუ ნებისმიერი, დეზინფორმაციისთვის, მითებისთვის, ნარატივებისთვის საქართველოში იდეალური გარემოა...
- დიახ! იდეალური გარემოა, სამწუხაროდ. მთავარი საქმე „გაკეთებულია“ ჩვენს მიერ და რუსებს ისღა დარჩენიათ, რომ რაღაც სისულელეები აქ „ჩაყარონ“ და ამას აკეთებენ კიდევაც.
- რომ შევაჯამოთ „მატრონა-სტალინის“ ხატის ამბავი, არის თუ არა მაინც პოზიტივი, რომ საპატრიარქომ ხატიდან სტალინის წაშლის გადაწყვეტილება მიიღო?
- ამ ამბებიდან ყველაზე კარგი რა გამოჩნდა. ჩემს დროს მაგალითად, როცა სემინარიაში ვსწავლობდი, სტალინი ძალიან პოპულარული იყო. როდესაც სასწავლებელში ვთქვი, რომ ამის არ მჯეროდა და სტალინი სისხლისმსმელი დიქტატორი იყო მეთქი, ლამის ჩამქოლეს.
ახლა რა გამოჩნდა? ამ მოვლენებმა აჩვენა, რომ ჩვენ გვყავს ერთის მხრივ, სამღვდელოებაში, უპირობო სტალინისტები, მაგრამ, მეორეს მხრივ, მაინც ნაბიჯ-ნაბიჯ საზოგადოების ნაწილი იზრდება და ამ საზოგადოების დიდ ნაწილს გაუჩნდა ღია პროტესტი, რომელიც მათ არ დამალეს და ეს პროტესტის ხმა ეკლესიას მიაწვდინეს ანუ პროგრესი სახეზე მაინც არის.
ფაქტია, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს გაუჩნდა პროტესტი და ისინი არასოდეს სტალინის "წმინდანობას" არ დაიჯერებენ, ეს ნომერი საქართველოში არ იმუშავებს.
საქართველოს ეკლესიამ, განსაკუთრებით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ მკაფიოდ დაინახა, რომ თუ დაუპირისპირდები საკუთარ მრევლს და მის გადაწყვეტილებას, მოგიწევს დაემშვიდობო საკუთარ პოლიტიკურ, ფინანსურ და კულტურულ გავლენებს. ის, რომ ხატიდან სტალინის წაშლის გადაწყვტილება მიიღეს, ეს არის ეკლესიის თვითგადარჩენის ჯანსაღი ინსტიქტი.
თუმცა, პირადად ჩემთვის მაინც გაუგებარია, ამდენი ხანი ეკიდა ეს ხატი, თბილისში, მთავარ საკათედრო ტაძარში და თბილისის საზოგადოების არცერთ წარმომადგენელს, მათ შორის სტალინური რეპრესირებული ოჯახების არცერთ შთამომავალს პროტესტი არ გაუჩნდა და არ უთხრა მამაოს - „მამაო ეს რა არის? ბაბუაჩემი დახვრიტეს და ეს კაცი აქ რატო ჰკიდია“? ეს ამბები ატყდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამაზე ინგლისში მოღვაწე სასულიერო პირმა სოციალურ ქსელში დაწერა.
წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/7441738.html