USD 2.7061
EUR 3.0936
RUB 3.3761
Tbilisi
«Voice of America» (აშშ): „ის, რაც საქართველოში ხდება, გავლენას ჩვენს სამხედრო კავშირებზეც ახდენს“
Date:  274

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია „Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „ის, რაც საქართველოში ხდება, გავლენას ჩვენს სამხედრო კავშირებზეც ახდენს“, რომელშიც გადმოცემულია ამერიკელი დემოკრატი სენატორის ჯინ შაჰინის თვალსაზრისი საქართველოს ხელისუფლების მოქმედების მიმართ და საერთოდ, აშშ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივაზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს მთავრობას გონიერებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, საპასუხო ზომების გარეშე არ დარჩება. ცოტა ხნის წინ ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ დაწესდება სანქციები და ამოქმედდება სავიზო შეზღუდვებიც.

დემოკრატმა სენატორმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი, “რეალურად არის შექმნილი იმის მიხედვით, რაც რუსეთმა გააკეთა“.

„გვსურს, მკაფიოდ განვუცხადოთ [საქართველოს] ხელისუფლების ამჟამინდელ ლიდერებს, მათ “ქართულ ოცნებას”, რომ მათ ქმედებას შედეგები მოჰყვება,”- ამბობს სენატორი შაჰინი და აქვე განმარტავს, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის ფარგლებში, საქართველოში არასამთავრობო სექტორის მუშაობა, ასევე ამერიკული “ენ-დი-აის” (NDI) და “აი-არ-აის” (IRI) მუშაობა შეუძლებელი გახდება.

“ჩვენ ვესაუბრეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში, ჩვენივე ეროვნულ დემოკრატიულ ინსიტუტსა და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს, რომლებმაც ასეთი კარგი საქმე გააკეთეს საქართველოში. ისინი გვეუბნებიან, რომ ამ კანონის ფარგლებში, ისინი ვერ შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას. ასე, რომ [ჩვენს მიერ წარდგენილი კანონპროექტით] დაწესდება სანქციები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ კანონის მიღებაში,”- აღნიშნავს ჯინ შაჰინი.

სენატორი დემოკრატიული პარტიიდან და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ასევე აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” მიერ გადადგმული ნაბიჯები გავლენას მოახდენს ამერიკა-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობაზეც.

„როგორც იცით, ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა ამერიკელ და ქართველ სამხედროებს შორის, [საქართველოს] დამოუკიდებლობის შემდეგ. გვინდა, ნათლად განვაცხადოთ, რომ ის, რაც ახლა ხდება საქართველოში, გავლენას ახდენს სამხედროებს შორის ამ ურთიერთობებზეც. მართალია, ეს [ჩვენი] საკანონმდებლო ინიციატივა ცალკეა წარდგენილი, თუმცა ის ასევე აისახა თავდაცვის კანონპროექტზე, რომელიც ახლახან გავიდა შეიარაღებული ძალების კომიტეტში",- ამბობს სენატორი ჯინ შაჰინი.

დემოკრატი სენატორი აქვე განმარტავს, რომ ვაშინგტონის საპასუხო ზომებს ოფიციალური თბილისი უახლოეს პერიოდში იგრძნობს და ეს არ იქნება კარგი “საქართველოს ლიდერებისთვის”.

„იმედი გვაქვს, ეს ძალიან, ძალიან ძლიერი გზავნილი იქნება საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ დადგება შედეგები იმის საპასუხოდ, რასაც ისინი აკეთებენ. ეს გავლენას მოახდენს დახმარებაზე, რომელსაც ისინი იღებენ შეერთებული შტატებიდან და ისეთ გავლენას იქონიებს ურთიერთობებზე, რაც [საქართველოს] ლიდერებისთვის სასარგებლო არ იქნება, მითუმეტეს, როცა მათი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას თვალი დასავლეთისკენ უჭირავს, სურს იყოს ევროკავშირის ნაწილი, იყურება ნატოსკენ და ძალზე დადებითადაა განწყობილი შეერთებული შტატების მიმართ,“- ამბობს სენატორი.

ჯინ შაჰინი იმ საკანონმდებლო ინიციატივის სპონსორია, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას ყველა იმ ინდივიდუალური პირის მიმართ, რომელთა მიერ გადადგმული ნაბიჯები, საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზას აშორებს.

საკანონმდებლო ინიციატივას სახელად „ქართველი ხალხის“ აქტი, ამ დროისთვის ექვსი სენატორი აწერს ხელს. მათ შორის არიან: სენატორი ჯიმ რიში რესპუბლიკური პარტიიდან; სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და დემოკრატიული პარტიის წევრი ბენ კარდინი; სენატორი რესპუბლიკური პარტიიდან პიტ რიკეტსი; სენატორი ლინდსი გრემი რესპუბლიკური პარტიიდან; სენატორი კრის კუნსი დემოკრატიული პარტიიდან და სენატორი რიჩარდ დურბილი დემოკრატიული პარტიიდან.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/senator-shaheens-statement-on-us-georgia-military-relations/7664180.html

 

analytics
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way