აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“ - ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ), აქვეყნებს სტატიას სათაურით „გავაგრძელებთ უშუალოდ საქართველოს ხალხის მხარდაჭერას“, რომელშიც გადმოცემულია როგორც ამერიკელი დიპლომატ-პოლიტოლოგების, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთა თვალსაზრისები აშშ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივის თაობაზე.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
„საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერება არ იყო იმდენად მკაცრი გადაწყვეტილება, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო“, - შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დენიელ ფრიდი ასე სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გასულ კვირაში გაკეთებულ განცხადებას აფასებს, რომლის მიხედვითაც ამერიკამ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი ოდენობის დახმარება შეუჩერა.
„დახმარება შეჩერდა, არ შეწყვეტილა, რაც ნიშნავს, რომ ეს პაუზა შეიძლება გაუქმდეს, მისი მოხსნა შესაძლებელია. ასე რომ, შეერთებული შტატები აშკარად არ თმობს საქართველოს ხელისუფლებასთან მუშაობის შესაძლებლობას“, - ამბობს ფრიდი, მაგრამ, მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა „დაჟინებით ცდილობს“ შეერთებულ შტატებთან დაძაბულობის გამწვავებას და ამასთან, მისივე თქმით, „როგორც ჩანს, ის მიისწრაფვის ევროპასთან ღია მტრობისკენ, რაც ნამდვილად გასაოცარია, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ტერიტორიები, არც შეერთებულ შტატებს და არც ევროკავშირს ოკუპირებული არ აქვს.“
„ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორი და უკრაინაში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, ჯონ ჰერბსტი ფიქრობს, რომ „[ბიძინა] ივანიშვილი ქვეყანაში დიქტატურის დამყარებით და პუტინის სიამოვნებით უფროა დაინტერესებული, ვიდრე - საქართველოს მოსახლეონის სასიკეთო ქმედებებით:
„უკვე რამდენიმე წელია, ჩვენ ვუყურებთ „ქართული ოცნების“ მოძრაობას ავტორიტარული და კრემლისტური მიმართულებით. ამას თან დაერთო კანონის მიღება, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ეხება და ძალიან ჰგავს პუტინის კანონს, რომელსაც ვაშინგტონი ყველაზე აღმაშფოთებელ ნაბიჯად განიხილავს და ["ოცნებას"] აფრთხილებდნენ, რომ ამას საპასუხო ზომები მოჰყვებოდა, ასეც მოხდა. ეს ნიშნავს, რომ ახლა ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობა, საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. როგორც ჩანს, ივანიშვილი მეტად არის დაინტერესებული ქვეყანაში დიქტატურის დამყარებით და პუტინის სიამოვნებით, ვიდრე - საქართველოს ხალხის სასიკეთოდ მუშაობით“, - ამბობს, „ამერიკის ხმასთან" საუბრისას ჯონ ჰერბსტი.
საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს კენეტ იალოვიცს კი, მიმდინარე მოვლენები და მასზე ვაშინგტონის რეაქციები, ბელარუსში მისი ელჩობის დროს, მინსკსა და ვაშინგტონს შორის განვითარებულ პროცესებს აგონებს.
„ბელარუსში შეერთებული შტატების ელჩი ვიყავი, როცა ალექსანდრე ლუკაშენკომ ავტორიტარული დიქტატურის სტრუქტურაში შეაბიჯა. ლუკაშენკოს ნაბიჯებზე ჩვენი მაშინდელი რეაგირება ძალიან ჰგავს იმას, რასაც ახლა შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოსთან დაკავშირებით აკეთებს. ჩვენ შევუჩერეთ დახმარების პროგრამები ბელარუსის მთავრობას და მთელი ჩვენი დახმარება არასამთავრობო ორგანიზაციებისკენ, იმ ჯგუფებისკენ მივმართეთ, რომლებიც დემოკრატიის მშენებლობის ერთგულნი იყვნენ", - ამბობს იალოვიცი და დასძენს, რომ ძალიან აშფოთებს, რომ ორ ქვეყანას შორის მსგავსებას ხედავს.
"ახლა ძალიან მაწუხებს ბელარუსსა და საქართველოს შორის მთელი ამ პარალელების დანახვა. რა თქმა უნდა, შეშფოთების მთავარი მიზეზი, უცხოეთის აგენტების კანონია, ასევე ძალიან ნეგატიური განცხადებები, რასაც საქართველოს ხელისუფლება შეერთებული შტატების წინააღმდეგ აკეთებს. ჩვენ ძალიან გვაღელვებს საქართველოს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები - იცით, რომ ლუკაშენკომ ყველა არჩევნები გააყალბა და ასე იქცევა ნოლო 20 წლის განმავლობაში - არ გვინდა ეს კიდევ ვნახოთ. შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მთავრობის დახმარების შეჩერება ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ დავეხმაროთ მთავრობას, რომელიც საქართველოში ბელარუსის შექმნის გზაზეა“, - ამბობს, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში კენეტ იალოვიცი.
რას ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტი?
„ეს ნაბიჯი მსუბუქად არ გადაგვიდგამს, მაგრამ ქმედებებს აქვს შედეგები: შეერთებული შტატები აჩერებს ამ დახმარებას, საქართველოს მთავრობის მაღალი რანგის ლიდერებისა და მმართველი პარტიის წევრების ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და ცრუ განცხადებების გამო, რომლებიც შეუთავსებელია ევროკავშირის და ტრანსატლანტიკური ორგანიზაციის, როგორიცაა ნატო, წევრობის ნორმებთან“ - აცხადებს ამერიკის ხმასთან წერილობით კომენტარში, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი.
შეერთებული შტატების დიპლომატიური უწყების სპიკერი ხაზს უსვამს ქართველი ხალხისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ვაშინგტონის ურყევ ერთგულებას. მისი განცხადებით, $95 მილიონის ოდენობის „განვითარების დახმარების" შეჩერება, რომლითაც საქართველოს მთავრობა სარგებლობს, დახმარების პროგრამების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში მოხდა.
„ჩვენ გავაგრძელებთ პროგრამებს, რომლებიც უშუალოდ უჭერს მხარს ქართველ ხალხს, მათ შორის, სტუდენტებს, ბიზნესს, ფერმერებს, ქართულ თემებს, - მათ შორის, სოფლის თემებს, სამოქალაქო საზოგადოებას, მარგინალიზებულ თემებს და დამოუკიდებელ მედიას. შეერთებული შტატები გააგრძელებს იმ პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომლებიც სარგებელს მოუტანს საქართველოს ხალხს, - დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების განმტკიცებით“, - აცხადებს, „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ წერილობით კომენტარში უწყების სპიკერი.
ანალიტიკოსების მოლოდინები
რა შემდგომი შემხვედრი ნაბიჯები შეიძლება ვიხილოთ ვაშინგტონის მხრიდან - დენ ფრიდი ფიქრობს, რომ ეს შეიძლება იყოს ფინანსური დახმარების „პაუზის“ გახანგრძლივება. ამასთან, მისი თქმით, შემდეგი შეიძლება იყოს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სანქციების განხილვაც.
„არსებობს სანქციების პრეცედენტები მაღალი სამთავრობო თანამდებობის პირების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში ან კორუფციაში. მაგრამ, არ მინდა ამ გზაზე ძალიან შორს წავიდე, ვიმედოვნებ, რომ ამის თავიდან აცილებას შევძლებთ“, - ამბობს დენ ფრიდი, რომელიც მიიჩნევს, რომ პოლიტიკით, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს, მმართველი გუნდი ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების რისკს ქმნის.
ჯონ ჰერბსტი მიიჩნევს, რომ ოფიციალურ პირებს შორის, რომლებიც შესაძლოა ვაშინგტონმა დაასანქციროს, ასევე უნდა იყოს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
„ვიცი, რომ ეს განიხილება. არ ვიცი მოხდება თუ არა, მაგრამ ვფიქრობ, რომ უნდა მოხდეს. ივანიშვილის ძალიან სერიოზული სანქციები უნდა დაუწესდეს, მათ შორის, ფინანსური სანქციები. მე ხაზს ვუსვამ ფინანსური სანქციების [აუცილებლობას] და შეერთებულმა შტატებმა [ამ საკითხზე], ასევე უნდა იმუშაოს ევროკავშირთან, რათა ევროკავშირმა მინიმუმ იგივე სანქციები დააწესოს ივანიშვილისთვის და ასევე მისი გუნდისთვის, რომელიც ჩვენ უკვე დავაწესეთ“, - ამბობს ჯონ ჰერბსტი.
კენეტ იალოვიცის თქმით, დასანანია, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები მზად არიან ზურგი აქციონ საქართველოს 30-წლიან განვითარებას.
„ქართულ ოცნებას" სურს ერთპარტიული დიქტატურა დაამყაროს, მათი საერთო მიზანი, სრული ძალაუფლების დამყარებაა. ბიძინა ივანიშვილი, კვლავ მჭიდროდ არის დაკავშირებული რუს ოლიგარქებთან, ის რუსი ოლიგარქივით იქცევა, ეს ნამდვილად არის მისი ქცევის განუყოფელი ნაწილი“, - ამბობს კნეტ იალოვიცი.
ყოფილი დიპლომატის თქმით, ახლა მთელი ყურადღება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისკენაა მიმართული, რომელიც ოქტომბერში გაიმართება.
„ვფიქრობ, ყველა დააკვირდება, რა მოხდება ოქტომბერში, - გაყალბდება თუ არა არჩევნები, მისცემს თუ არა მთავრობა საერთაშორისო დამკვრვებლებს სრულფასოვანი დაკვირვების საშუალებას. თუ ეს არჩევნები არ შეფასდება, როგორც თავისუფალი და სამართლიანი, ღია და გამჭვირვალე, ვფიქრობ დამატებითი ნაბიჯები გადაიდგმება - უკვე საუბარია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე“, - ამბობს, „ამერიკის ხმასთან“ იალოვიცი.
ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების სრუვილია, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს და ამისთვის შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება.
"ძალიან სამწუხაროა, რასაც ჩვენ ზოგიერთი პარტნიორი ქვეყნის მხრიდან ვხედავთ. როგორც ჩანს, ვიღაცისთვის დახმარება ზეწოლის ინსტრუმენტია. ის, რაც ჩვენ უანგარო გვერდში დგომა გვეგონა, აღმოჩნდა, რომ ეს საკუთარი პოლიტიკის გატარების ინსტრუმენტია და იმ მომენტში, როდესაც რაღაც არ მოეწონათ, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებებში და მიმართულებაში, ეს ინსტრუმენტი, როგორც ზეწოლის მექანიზმი, ისე აამოქმედეს. მეგობრობა და დახმარება ასე არ მუშაობს", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ამასთან, შალვა პაპუაშვილს განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის გაუგებარია, კონკრეტულად, რა პროგრამებს ეხება შეერთებული შტატების მიერ დახმარების შეჩერება.
„წარმოგიდგენიათ, 95 მლნ-ზეა საუბარი, რომელზეც ასეთ მაღალ დონეზე გაკეთდა განცხადება და ერთი კვირაა მთელი საქართველო ვმარჩიელობთ და არ ვიცით რაზეა საუბარი. რამდენადაც ვნახე, მათ შორის აშშ-ის საელჩოსაც არ ჰქონდა ამაზე პასუხი. ეს თუ არ არის გაუმჭვირვალობა, მაშ რაღაა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/7733471.html