USD 2.5973
EUR 2.9137
RUB 3.1869
თბილისი
«Voice of America» (აშშ): „არღვევს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის კონსტიტუციას?“
თარიღი:  810

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „არღვევს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის კონსტიტუციას?“, რომელშიც განხილულია როგორც პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხები, ასევე პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის სამართლებრივი ურთიერთობის ასპექტები.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას მწვანე შუქი ჯერ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა აუნთოს. უკვე ორი დღეა 9 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია უზენაეს სასამართლოში იმას განიხილავს, დაარღვია თუ არა საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტმა.

მმართველი გუნდი - „ქართული ოცნება“ - უკვე ჩამოყალიბებულია იმ საკითხში, რომ პრეზიდენტი უფლებამოსილების ფარგლებს სცდებოდა, ამიტომაც იმპიჩმენტს იმსახურებს. „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას კი მრავალი წლის გამოცდილების მქონე კონსიტუციონალისტი, ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია და როდესაც ვსაუბრობთ „ქართული ოცნების“ მიერ წარმოწყებულ პროცესზე, საქმე კეთილსინდისიერების საკითხამდე მიდის.

„მე არ ვიცი, თუ ვინ რამდენად ღრმად და საფუძვლიანად იცნობს საქართველოს კონსტიტუციას, მაგრამ ის ვიცი, რომ კონკრეტულად ირაკლი კობახიძემ კარგად უწყის მისი შინაარსი და ისიც, თუ როგორი ინტერპრეტაციით უნდა იყოს კონსიტუციის სხვადასხვა მუხლი განმარტებული. თუმცა ერთია ცოდნა და მეორეა ის, თუ რას ამბობ. მისეული ინტერპრეტაციები კონსტიტუციის კეთილსინდისიერი განმარტების ფარგლებს გასცდა,“- გვეუბნება ვახტანგ ხმალაძე.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 4 ოქტომბერს წარმოადგინა თავისი შეფასება პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით. „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციის უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა. უფრო მეტიც, კონსტიტუციასთან შეუსაბამო ქმედებაში ბრალეულია არა პრეზიდენტი, არამედ მმართველი გუნდი, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლისადმი ერთგულების გამო, პრეზიდენტის იმპიჩმენტს ითხოვს.

მმართველი გუნდის წარმომადგენელმა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ერთ-ერთმა მთავარმა ინიციატორმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მხოლოდ ახლა იქნა მიღებული (მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას აქამდეც არღვევდა), რადგან ახლა პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა სისტემური ხასიათის გახდა. „ჩვენ აღარ მივიჩნევთ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ღირსად“, - ამბობს ირაკლი კობახიძე.

კიდევ ერთი პრეტენზია სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რაც 4 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე ირაკლი კობახიძემ გააჟღერა, ისაა, რომ „სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მხარდაჭერის იმედით არღვევდა კონსტიტუციას“. მისი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა გამოიხატებოდა იმ ვიზიტების განხორციელებაში საზღვარგარეთ, რაც, კობახიძის თქმით, მას არ უნდა განეხორციელებინა.

სალომე ზურაბიშვილმა უკანასკნელი თვეების განმავლობაში რამდენიმე ვიზიტი განახორციელა საზღვარგარეთ და უმაღლესი თანამდებობის პირებს შეხვდა. ამის თაობაზე მას საქართველოს მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონია. მან განმარტა, რომ ეს იყო კერძო ვიზიტები, რაც საკუთარი ხარჯით დააფინანსა.

„ამერიკის ხმასთან“ კონსტიტუციის სპეციალისტი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ „ოცნებამ“ პრეზიდენტთან მიმართებით, ხმამაღალი პრეტენზიები ივნისში დააფიქსირა, მას შემდეგ რაც ზურაბიშვილი უცხოელ კოლეგებს შეხვდა. თუმცა მანამდე პრეზიდენტს ხმამაღალი სიტყვა უკვე ჰქონდა ნათქვამი. „ყველაფერი დაიწყო 26 მაისს, დამოუკიდებლლობის დღეს, როდესაც პრეზიდენტი გამოვიდა მმართველი გუნდის მკვეთრი კრიტიკით. ამის შემდეგ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას,“- გვეუბნება ვახტანგ ხმალაძე.

კონსტიტუციონალისტის განმარტებით, „ოცნება“, იმპიჩმენტის საკითხის დაყენებისას, ერთადერთ ნორმას ეყრდნობა. ესაა კონსტიტუციის 52-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტი, რომელიც ამბობს, რომ "საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას; მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს".

ვახტანგ ხმალაძე გვეუბნება, რომ მმართველი გუნდი ამ ნორმის არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებს და განმარტავს იმგვარად, რომ პრეზიდენტისთვის აკრძალულია ნებისმიერი სახის კონტაქტი ნებისმიერ ოფიციალურ პირთან. მაგალითად, მას რომ დაურეკოს უცხო ქვეყნის პრეზიდენტმა, ტელეფონს არც კი უნდა უპასუხოს, ან უნდა უთხრას, რომ ჯერ მთავრობას დაეკითხება. ვთქვათ, თუ იმყოფება საზღვარგარეთ შეხვედრაზე და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების საფუძველზე, უფლებამოსილია, გაესაუბროს მხოლოდ სამი ქვეყნის პრეზიდენტს, ხოლო ამ მომენტში მიუახლოვდა მეოთხე ქვეყნის პრეზიდენტი და საუბარი გაუბა, ის უარით უნდა გაისტუმროს". ვახტანგ ხმალაძეს ეს მაგალითები იმის საილუსტრაციოდ მოჰყავს, თუ რამდენად აბსურდულ მდგომარეობამდე შეიძლება მივიდეს კანონის ამა თუ იმ ნორმის ბრუტალური განმარტება.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ პრეზიდენტი რჩებოდა კონსტიტუციის 78-ე მუხლის ერთგული, რომელიც, თავის მხრივ, ამბობს, რომ "კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად".

„ჩვენი შეფასებით, მთავრობა არღვევს ამ ნორმას, როდესაც პრეზიდენტს არ აძლევს უფლებას განახორციელოს ვიზიტები საქართველოს ევროინტეგრაციის სასარგებლოდ. გარდა ამისა, ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ იმპიჩმენტის მეორე კომპონენტზე, მის პოლიტიკურ ნაწილზე, რაც იმპიჩმენტის პროცედურას უნდა მოჰყვეს პარლამენტში. იმპიჩმენტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტიკურ დონეზე უნდა მიიღონ დეპუტატებმა პარლამენტში. ვიცით ის, რომ „ქართულ ოცნებას“, ამ ეტაპზე, პარლამენტში არ აქვს საკმარისი ხმები ამ გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა აქ სხვა მომენტია მთავარი. კერძოდ ის, თუ რამდენად მიზანშეწონილია, ზოგადად ამ საფუძვლით, იმპიჩმენტის გამოცხადება. ამაზე პასუხი ცალსახაა - ამ საფუძვლით პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება არ არის კონსტიტუციის მიზნებთან შესაბამისი,"- გვეუბნება ნონა ქურდოვანიძე. მისი თქმით, პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

ვახტანგ ხმალაძე რამდენიმე მოსაზრებას გაგვაცნობს მოტივების თაობაზე, რაც „ქართული ოცნებას“, შესაძლოა, ჰქონდეს, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისთვის. ერთ-ერთი, მათ შორის გახლავთ პრეზიდენტის სანდო კანდიდატის არსებობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დადგომამდე. ამ სცენარის მიხედვით, თუ პარლამენტში ოცნებამ 100 ხმა მოაგროვა და პრეზიდენტის იმპიჩმენტი შედგა, სავალდებულოა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა. ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტის ინსტიტუტი, გარანტირებულად „ოცნების“ კალათაში მოექცევა, მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ.

ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას განიხილავს. პროცესი არაა მხოლოდ სამართლებრივი, ის პოლიტიკურ მდგენელსაც მოიცავს. ამასთან, თუნდაც საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად მიიჩნიოს, საბოლოო სიტყვას მაინც პარლამენტი ამბობს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან ორ კვირაში პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი იმპიჩმენტის საკითხს. 100 დეპუტატის ხმა სჭირდება საკითხის მიღებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმპიჩმენტის პროცედურა წყდება (მიუხედავად იმისა, მიიჩნევს თუ არა დამრღვევად ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლო).

პრეზიდენტს სასამართლო პროცესზე ორი ქალი წარმოადგენს - თამარ ჩუგოშვილი, ყოფილი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ და მაია კოპალეიშვილი - ის ყოფილი მოსამართლეა საკონსტიტუციო სასამართლოში. მოწინააღმდეგე მხარეს, „ქართულ ოცნებიდან“ ხუთი მამაკაცია - ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი, მიხეილ სარჯველაძე და თენგიზ შარმანაშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლოს 9 წევრიდან, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდამჭერი, სულ მცირე, 6 უნდა იყოს, გადაწყვეტილება „ოცნების“ გამარჯვებად რომ ჩაითვალოს. საკონსტიტუციო სასამართლო, თავის გადაწყვეტილებას, განხილვების შემდგომ, წერილობით წარმოადგენს. ბოლო ვადა ამისთვის 22 ოქტომბერია.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/constitution-court-president-zourabishvili-impeachment-georgia/7296980.html

 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის