USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
თბილისი
«Voice of America» (აშშ): „აგვისტოს ომი 15 წლის გადასახედიდან“
თარიღი:  780

ამერიკული სამაუწყებლო ტელერადიოკომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) აქეყნებს სტატიას „აგვისტოს ომი 15 წლის გადასახედიდან“, რომელშიც გადმოცემულია ამერიკელი ექსპერტებისა და პოლიტოლოგების თვალსაზრისები 2008 წლის აგვისტოში რუსეთსა და საქართველოს შორის მომხდარ ომის ირგვლივ.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

2008 წლის 8 აგვისტო, პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია. ოლიმპიადის დროს გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოზე, ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, რუსეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს ესაუბრება. მოგვიანებით, თეთრი სახლის პრესსპიკერი იტყვის, რომ ბუშმა და პუტინმა საქართველოში შექმნილი ვითარება განიხილეს. ამ დროს, რუსული ჯარი უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

2008 წლის 9 აგვისტო - ადგილობრივი დროით 19:20 საათი. ჯორჯ ბუში, ამერიკის 43-ე პრეზიდენტი კომენტარს პეკინიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან აკეთებს: "ამ სიტუაციის მშვიდობიანი გზით მოგვარება შესაძლებელია. ჩვენ გვქონდა კონტაქტი როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ლიდერებთან, ხელისუფლების ყველა დონეზე. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და მისი ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს დაცული. ჩვენ მოვუწოდებთ, ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და ყველა მხრიდან სამხედრო მოქმედების შეჩერებას. ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, შეწყდეს დაბომბვები და მხარეები დაუბრუნდნენ ექვსი აგვისტოს სტატუს კვოს.“

განცხადება ჯორჯ ბუშმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ტელეფონით ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს. ჯორჯ ბუშმა თქვა, რომ ვაშინგტონმა ევროპელ პარტნიორებს - შუამავლობა, მხარეებს კი დიალოგის განახლება სთხოვა. ამ ფონზე, საქართველოში ვითარება საათობრივად მძიმდებოდა.

„ეს იყო რუსეთის იმპერიის აღსადგენად, პუტინის ომებს შორის პირველი ომი. არ ვიცოდით, რომ ეს მხოლოდ პირველი იყო, მაგრამ გული ძალიან ცუდს გვიგრძნობდა,“ - ამბობს დენ ფრიდი აგვისტოს ომიდან 15 წლის შემდეგ. ის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო 2005 – 2009 წლებში.

ის, რასაც დენ ფრიდი პუტინის რუსეთის იმპერიალისტური ომის დასაწყისს უწოდებს, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოში რუსეთის ჯარის შეჭრით დაიწყო. ფრიდი იხსენებს, რომ რუსეთის თავდასხმის მოლოდინის მიუხედავად, ბუშის ადმინისტრაციას რეაგირების ორგანიზებისთვის დრო დასჭირდა, თუმცა სტრატეგიული პასუხის გაცემის საჭიროება ყველასთვის ნათელი იყო.

„ჩვენი მიზანი იყო რუსები იძულებული გაგვეხადა უკან დაეხიათ და არ მიგვეცა საშუალება, საქართველოს ისე მოქცეოდნენ, როგორც საბჭოთა კავშირი 1968 წელს, ჩეხოსლოვაკიას მოექცა. ეს არის, რასაც ვაპირებდით. ვაპირებდით პასუხი გაგვეცა და ასეც მოვიქეცით“ - ყვება დენ ფრიდი.

10 აგვისტოს, შეერთებულმა შტატებმა ამერიკის საჰაერო ძალების გამოყენებით, ერაყიდან ქართული კონტინგენტი საკუთარი შეიარაღებით საქართველოში დააბრუნა.

“როდესაც რუსებს შევატყობინეთ, რომ ქართული დანაყოფების გამოსაყვანად ფრენას ვაპირებდით, მათ გვითხრეს, რომ ჩვენი თვითმფრინავების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაგვემუქრნენ. ჩვენმა სამხედროებმა თქვეს, რომ საფრთხის მიუხედავად, ამას მაინც გააკეთებდნენ. ეს სულისკვეთება ჯორჯ ბუშისგან მოდიოდა. ჩვენ ქართველი ჯარისკაცები საქართველოში დავაბრუნეთ“ - ამბობს დენ ფრიდი.

ომის დაწყების შემდეგ თბილისში ჩასული მეთიუ ბრაიზა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი იყო, თბილისში ომის დროს ამერიკული თვითმფრინავების ჩასვლას იგონებს.

„მახსოვს, ტელეფონზე საუბრისას ბრძანება მომცეს აეროპორტში წავსულიყავი. მე ვუთხარი: „კარგი, მაგრამ დიდი შანსია, რომ როცა ამერიკული თვითმფრინავი დაფრინდება, აეროპორტიც დაიბომბოს“. არასდროს დამავიწყდება, ჩვენმა ერთ-ერთმა მინისტრმა ჩაიცინა და თქვა - „კი, მეთიუ, შენი საქმე ახლა ზუსტად იქ ყოფნაა“. ვფიქრობ, ამ საჰაერო და საზღვაო მოქმედებებმა, რუსებს გაუგზავნა სიგნალი, რომ გაჩერებულიყვნენ“, - ყვება მეთიუ ბრაიზა. ის 2005 წლიდან მოყოლებული, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე იყო, ევროპის და ევრაზიის საკითხებში.

11 აგვისტოს, პრეზიდენტმა ბუშმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა:

"არსებობს მტკიცებულება, რომ რუსულმა ძალებმა შესაძლოა მალე დაიწყონ დედაქალაქის სამოქალაქო აეროპორტის დაბომბვა... როგორც ჩანს, ეს არის საქართველოს არჩეული ხელისუფლების დამხობის მცდელობა. რუსეთი შეიჭრა სუვერენულ მეზობელ სახელმწიფოში და ემუქრება მისი ხალხის მიერ არჩეულ დემოკრატიულ მთავრობას. 21-ე საუკუნეში, ასეთი ქმედება მიუღებელია... რუსეთის ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რუსეთის მთავრობამ უნდა შეცვალოს ის კურსი, რომელზეც ჩანს [რომ დგას], და მიიღოს ეს სამშვიდობო შეთანხმება, როგორც პირველი ნაბიჯი, ამ კონფლიქტის მოგვარებისკენ“.

შეერთებული შტატები აქტიურად იყო ჩართული სამშვიდობო შეთანხმების მომზადებაში. თუმცა, მომლაპარაკებლის წამყვანი როლი საფრანგეთს ჰქონდა, რომელიც მაშინ ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა იყო. მაშინ ომის დაწყების თაობაზე, განსაკუთრებით ევროპაში, კითხვები არსებობდა, რაც ომზე რეაგირებას ართულებდა.

„მიხეილ სააკაშვილი პროვოცირებული იყო. ომი არ დაუწყია, მაგრამ ძლიერ პროვოცირებული იყო. მან რუსებს საბაბი მისცა. ამ გადმოსახედიდან, რუსები [საქართველოს] ნებისმიერ შემთხვევაში დაესხმებოდნენ თავს, როგორც ეს უკრაინაში გააკეთეს, სადაც საბაბი არ ჰქონიათ. ვფიქრობ, მისმა ტაქტიკურმა შეცდომამ მოიტანა ის, რომ ევროპელები მზად იყვნენ ის დაედანაშაულებინათ, ან თუნდაც უფრო ნიუანსური პოზიცია დაეკავებინათ. ეს არასწორია. ომი რუსებმა დაიწყეს" - ჰყვება დენ ფრიდი.

მეთიუ ბრაიზას თქმით, „ყველას აწუხებდა, რომ მიშა სააკაშვილი, როგორც ისინი ამბობდნენ, ხშირად იმპულსურად გამოიყურებოდა და ძალიან მონდომებით ცდილობდა - რის გაკეთებას? - აღედგინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, რაც ყველა სუვერენული და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების უფლებაა.“

პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კიდევ ერთი განცხადება 13 აგვისტოს გააკეთა:

„მე ვაგზავნი სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისს საფრანგეთში, სადაც ის შეხვდება პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის. შემდეგ იგი თბილისში გაემგზავრება, სადაც პირადად გადასცემს ამერიკის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიულ ხელისუფლებას. ის გააგრძელებს ჩვენს ძალისხმევას გავაერთიანოთ თავისუფალი სამყარო, თავისუფალი საქართველოს დასაცავად. მე ასევე ვუბრძანე თავდაცვის მდივანს, ბობ გეითსს, შეერთებული შტატების სამხედროების ხელმძღვანელობით, დაიწყოს ჰუმანიტარული მისია საქართველოს მოსახლეობისთვის. ეს მისია იქნება ენერგიული და მუდმივი. ამერიკული თვითმფრინავი C-17 ჰუმანიტარული დახმარებით გზაშია. და მომდევნო დღეებში, ჩვენ გამოვიყენებთ შეერთებული შტატების თვითმფრინავებს, ისევე როგორც საზღვაო ძალებს, ჰუმანიტარული და სამედიცინო მარაგების მიწოდებისთვის.“

კურტ ვოლკერი, ნატოში ამერიკის ყოფილი ელჩი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებებით 2008 წელს შეერთებული შტატები უფრო აქტიური და ეფექტური იყო, ვიდრე მოგვიანებით, 2014 წელს, როდესაც რუსეთი უკრაინაში, ყირიმში შეიჭრა.

„როცა საქმე ყირიმს ეხება, ჩვენ თითქმის არაფერი გავაკეთეთ. ჩვენ ვუთხარით უკრაინელებს, საპასუხოდ არ ებრძოლათ. მათთვის არ გაგვიგზავნია არანაირი აღჭურვილობა ან მარაგი. გაოგნებული ვიყავით, როცა რუსეთმა ე.წ. რეფერენდუმი ჩაატარა და ტერიტორიის ანექსია გამოაცხადა. ამ ყველაფერს ძალიან ჰგავდა ვითარება, როდესაც რუსეთი დონბასში შეიჭრა. მაშინაც ძალიან ცოტა რამ გავაკეთეთ. როცა რუსეთი, 2022 წელს, კიდევ ერთხელ შეიჭრა უკრაინაში, ჩვენ შავი ზღვიდან ჩვენი გემები გამოვიყვანეთ. 2008 წელს კი, ბუშის ადმინისტრაციამ, ძალის საჩვენებლად სამხედრო გემები საქართველოს სანაპიროზე განვალაგეთ, რათა გაგვეფრთხილებინა რუსეთი, რომ შორს არ წასულიყო. ჩვენ დავეხმარეთ ქართველებს ინფორმაციის მოპოვებაში, კოორდინაციაში, [ერაყიდან] საკუთარი ჯარისკაცების დაბრუნებაში. შემდეგ კი, ომის ადგილზე შესაჩერებლად, აქტიურად ვიყავით ჩართული დიპლომატიაში, საფრანგეთთან და ევროკავშირთან ერთად" - ამბობს კურტ ვოლკერი.

კითხვა, რომელსაც საქართველოში დღესაც სვამენ, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლები, არის ის, თუ რატომ არ დაუწესა მაშინ შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა რუსეთს სანქციები საქართველოში შეჭრის გამო.

„ევროპელები ამას არც კი განიხილავდნენ და მეეჭვება, ჩვენთვის მხარი დაეჭირათ. თუმცა, ბუშის ადმინისტრაციამ, საქართველოს ეკონომიკის დასახმარებლად, საკუთარი თავისა და დონორთა კონფერენციის ორგანიზება მოახერხა. ეს წარმატებული აღმოჩნდა. მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მილიარდი დოლარი გამოუყო. ადრეულ შემოდგომაზე გამართულ დონორთა კონფერენციაზე კი, საქართველოსთვის 4 მილიარდ დოლარზე მეტის მოზიდვა მოხერხდა. ეს ბუშის ადმინისტრაციის მთავარი და ეფექტური ქმედება იყო. დღევანდელი გადმოსახედიდან, უმჯობესი იქნებოდა, რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა, მაგრამ მაშინ ევროპა ამ საკითხზე ერთიანი არ იყო და მხოლოდ აშშ-ის ცალმხრივი სანქციები ეფექტური არ იქნებოდა. მაგრამ, ის რაც საქართველოს ეკონომიკური მხარდაჭერისთვის გავაკეთეთ, ჯამში ეფექტური იყო“ - ამბობს დენ ფრიდი.

ომისა და 2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე საქართველოს ეკონომიკის გადარჩენასთან ერთად, ნატო-საქართველოს ურთიერთობაც ახალ ეტაპზე გადავიდა.

„2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ჩვენ შევაჩერეთ ნატო-რუსეთის საბჭო, შევქმენით ნატო-საქართველოს კომისია, რათა ყოფილიყო პირდაპირი ფორმატი - ნატო პლუს საქართველო. ჩამოვაყალიბეთ ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის შეფასებისა და მხარდაჭერისთვის. ეს არის ის, რასაც მანამდე მხოლოდ იმ შემთხვევაში გავაკეთებდით, თუ საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმა ექნებოდა. ამით ჩვენ მაპის ერთგვარი ასლი შევქმენით ისე, რომ მას მაპი არ ვუწოდეთ. ჩვენ ვიმუშავეთ [ნატოსთან] ქართული ძალების თავსებადობაზე, წვრთნასა და აღჭურვაზე. ამასთან, საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნატოს ოპერაციებში, განსაკუთრებით ავღანეთში და ეს ნატოს მხრიდან ძალიან კარგად იყო დაფასებული. ამ ყველაფერმა, ხელი შეუწყო ნატოსთან საქართველოს ბევრად უფრო დაახლოებას“ - აღნიშნავს კურტ ვოლკერი.

მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სრულმასშტაბიანმა ომმა, დასავლეთში რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, დამოკიდებულებები შეცვალა:

„ვფიქრობ, ახლა ხალხი იხსენებს 2008 წელს და აცნობიერებს, რომ პუტინს ყოველთვის ერთი სტრატეგია ჰქონდა. უკრაინაზე თავდასხმისა და ტერიტორიების წართმევის სტრატეგია არაფრით განსხვავდებოდა 2008 წელს საქართველოზე თავდასხმისგან. იგივე ადამიანი, იგივე მიზნები. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები ახლა უფრო ნაკლებად არიან მიდრეკილნი ომში საქართველო დაადანაშაულონ, განსაკუთრებით ევროპაში, როგორც ამას მაშინვე ცდილობდნენ“.

2008 წლის 15 აგვისტოს, საქართველოს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ეწვია. თბილისის დატოვებისას მან თქვა, რომ სამშვიდობო შეთანხმებისთვის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ერთობლივი ძალისხმევა წარმატებული აღმოჩნდა. რაისმა ხაზი გაუსვა, რომ პროცესს ევროკავშირი ხელმძღვანელობდა. 16 აგვისტოს, რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. რუსეთი დღემდე არ ასრულებს შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/russia-georgia-war-15-th-anniversary/7221808.html

 

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.