USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Тбилиси
«Voice of America» (აშშ): „აფხაზი სეპარატისტების ლიდერი თურქეთსა და „ჩრდილოეთ კვიპროსში”
дата:  

ამერიკულმა სამაუწყებლო კომპანიამ Voice of America-მ („ამერიკის ხმა“ - აფინანსებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, რედაქცია - ვაშინგტონში) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „აფხაზი სეპარატისტების ლიდერი თურქეთსა და „ჩრდილოეთ კვიპროსში”.

გთავაზობთ პუბლიკაციის სრულ ტექსტს:

თურქეთსა და არაღიარებულ „ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკაში“  ამ დღეებში აფხაზი სეპარატისტების ე.წ „საგარეო მინისტრის“ ინალ არძინბა იმყოფებოდა კერძო ვიზიტით. ანკარაში ინალ არძინბა ოპოზიციური პარტია „დედა სამშობლოს“ („ვათან“) ლიდერმა დოღუ ფერინჩექმა მიიღო, რომელიც ღიად პრორუსული და პროაფხაზური პოზიციით გამოირჩევა.

დოღუ ფერინჩექი თურქეთში აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების ერთ-ერთი მთავარი ლობისტია. მას არაერთხელ აქვს დარღვეული საქართველოს კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების" შესახებ. ბოლოს დოღუ ფერიჩექი დიდ დელეგაციასთან ერთად, ოკუპირებულ სოხუმში 2019 წელს იმყოფებოდა.

ინალ არძინბასთან შეხვედრის დროს დოღუ ფერინჩექმა კვლავ გაიმეორა, რომ თურქეთმა უნდა აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა და „ეს უახლოეს მომავალში“ მოხდება. მან ასევე მნიშვნელოვანი უწოდა ურთიერთობების გაღრმავებას აფხაზეთსა და საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფ, ჩრდილოეთ კვიპროსს შორის, რომელიც 1974 წლიდან თურქეთის ოკუპაციის ქვეშ არის.

თურქოლოგი სანდრო ბაკურაძე გამორიცხავს, რომ ახლო მომავალში, თურქეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს, რადგან, ასეთი საკითხები, „დოღუ ფერინჩექის და სხვა ლობისტების დონეზე არ წყდება“.

„თუკი თურქეთი მართლაც გადაწყვეტს, რომ ოდესმე აფხაზეთი აღიაროს, ვფიქრობ, მოსამზადებელ ნაბიჯებს სწორედ, ჩრდილოეთ კვიპროსის ტიპის სატელიტების საშუალებით გადადგამს. მაგრამ, ამ ეტაპზე, ეს ძალიან ჰიპოთეტური სცენარია და ძალიან ადრეა ამაზე საუბარი. იმის გათვალისწინებით, რომ დოღუ ფერინჩექის გავლენა თურქეთის შიგნით საკმაოდ მცირეა, ამ განცხადებას გადაჭარბებული მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ, თურქეთის საგარეო პოლიტიკა იქმნება საგარეო საქმეთა სამინისტროს და უშუალოდ, ერდოღანის დონეზე“, - უთხრა „ამერიკის ხმას“ სანდრო ბაკურაძემ.

დოღუ ფერინჩექის გარდა, ინალ არძინბა თურქეთში ვიზიტის დროს, ასევე შეხვდა თურქეთის დიდი მეჯლისის ახალ დეპუტატს, აფხაზ თალიჰ ოზჯანს (ხვატიშს). საინტერესოა, რომ ოზჯანი 2007-2013 წლებში, ოკუპირებულ სოხუმში ცხოვრობდა და ე.წ „აფხაზური პარლამენტის“ „დეპუტატი“ იყო.

თურქეთის პარლამენტში თალიჰ ოზჯანი ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიიდან“ მოხვდა, მან 2023 წლის მაისის არჩევნები, თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, დუზჯეს პრივინციაში მოიგო. ოზჯანი ახალ მეჯლისში საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს და სწორედ ამ რანგში მიიღო აფხაზი სეპარატისტების ერთ-ერთი ლიდერი.

„ძალიან მიხარია, რომ თურქეთში ვარ და ვხდები აფხაზურ დიასპორას. აქ ვართ, რადგან ხელი შევუწყოთ აფხაზეთში მცხოვრები აფხაზებისა და აქ მაცხოვრებელი აფხაზების ინტეგრაციას. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გლობალური გამოწვევების და საფრთხეების წინაშე, აფხაზეთმა, თურქეთმა და რუსეთმა მოახერხონ გაერთიანება და ძალისხმევის კოორდინირება“, - განაცხადა თურქეთში ყოფნისას, ერთ-ერთი ჩერქეზული ინტერნეტის არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ინალ არძინბამ.

თურქული წყაროების ცნობით, თურქეთის ახალ მეჯლისში თალიჰ ოზჯანის დაწინაურება, აფხაზეთის დამოუკიდებლობის კიდევ ერთი აქტიური მომხრის, აფხაზი მუჰაჯირების შთამომავლის ენგინ ოზქოჩის მხარდაჭერის შედეგია. ოზქოჩი ბოლო ოთხი მოწვევის მეჯლისის წევრი იყო 2011-2023 წლებში, საქარიის პროვინციიდან.

ბოლო წლებში და 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც, ენგინ ოზქოჩს მაღალი თანამდებობა ეჭირა ოპოზიციურ „სახალხო რესპუბლიკურ პარტიაში“, იყო პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეც.

პარტიის ლიდერის ქემალ ქილიჩდაროღლუს პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ენგინ ოზქოჩი თურქეთის შინაგან საქმეთა ან ინფრასტრუქტურის მინისტრი უნდა გამხდარიყო. სწორედ მინისტრის პორტფელის გამო თქვა ენგინ ოზქოჩმა პარლამენტის მანდატზე უარი და საბოლოოდ, ქემალ ქილიჩდაროღლუს რეჯეფ ერდოღანთან მარცხის შემდეგ, მეჯლისს მიღმა დარჩა. ამჟამად, ენგინ ოზქოჩი პარტიაში ქემალ ქილიჩდაროღლუს მთავარი მრჩეველია.

აფხაზურ ლობს თურქულ პოლიტიკაში, თალიჰ ოზჯანის და ენგინ ოზქოჩის გარდა, ასევე წარმოადგენენ: დიდი მეჯლისის დეპუტატი, აფხაზი მუჰამედ ლევენთ ბულბულია - „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიიდან“ და დეპუტატი უმით დიქბაირი „კარგი პარტიიდან“. მათ გარდა, ადიღურ-ჩერქეზული წარმოშობის დეპუტატებიც, რომლებიც დიდ მეჯლისში ჩრდილოეთკავკასიურ ლობს ქმნიან.

„თურქეთში ჩრდილოკავკასიური და აფხაზური ლობი, არა კონკრეტულად პარტიული, არამედ, უფრო მეტად დიასპორულ-ეთნიკური საკითხია. აფხაზეთის დამოუკიდებლობის მხარდამჭერები ყველა პარტიაში არიან წარმოდგენილები, თუმცა მათი შესაძლებლობები მცირეა“, - ამბობს თურქოლოგი სანდრო ბაკურაძე.

მისი თქმით, „ერთადერთი, რამაც ეს სიტუაცია შეიძლება მკვეთრად შეცვალოს, სამხრეთ კავკასიაში არსებული გეოპოლიტიკური ძალთა ბალანსის მკვეთრი ჩამოშლაა, თურქეთის სასარგებლოდ. ამის ნიშნები, უკრაინის ომის დასრულებამდე გამოკვეთილი არ არის. რაც შეეხება, თურქეთისა და აფხაზეთის კავშირებს, ისინი წლებია უკვე საკმაოდ აქტიურია, როგორც ეკონომიკურ, ისე სპეცსამსახურების დონეზე, უბრალოდ, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, ეს არ შეიმჩნიოს“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთსა და „ჩრდილოეთ კვიპროსში“ აფხაზი სეპარატისტების ე.წ „საგარეო მინისტრის“ ვიზიტიც უკომენტაროდ დატოვა. ამასთან, ხელისუფლება აცხადებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა „ნომერ პირველ პრიორიტეტად“ რჩება.

„ჩვენი მტრებისთვისაც და მოყვარებიისთვისაც მინდა განვაცხადო, რომ დიახ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ნომერ პირველი პრიორიტეტია არაღიარების პოლიტიკა. ამიტომ ჩვენ ვთხოვთ, ყველა პარტნიორ და მეგობარ ქვეყანას რომ დაგვეხმარონ არაღიარების პოლიტიკის განხორცილებაში“, - განაცხადა პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის „საათის“ დროს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

თურქეთში, სადაც არაოფიციალური ინფორმაციით, აფხაზი მუჰაჯირების 500 ათასი შთამომავალი ცხოვრობს, კერძო ვიზიტის ფარგლებში, ინალ არძინბამ მოინახულა თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმი. ასევე, ოსმალეთის სულთნის მეჰმედ III-ის ხარჭისა და სულთან მუსტაფა I-ის დედის, აფხაზური წარმოშობის ჰალიმე სულთანის საფლავი, რომელიც აია-სოფიაში, მუსტაფა I-ის მავზოლეუმშია დაკრძალული.

არძინბა ყვავილებით მივიდა, ანკარაში, რუსეთის საელჩოშიც, სადაც 2016 წელს მოკლული რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის ბიუსტი დგას. თურქეთსა და "ჩრდილოეთ კვიპროსში" ვიზიტისას ინალ არძინბას, რუსეთის სენატორი ალექსანდრე ნეკრასოვი ახლავს.

თურქული წყაროების ცნობით, სტამბულის აეროპორტში ინალ არძინბა დიდი ხნით შეაყოვნეს, ვინაიდან უკრაინა არძინბას 2015 წლიდან საერთაშორისო დონეზე, წითელი ცირკულარით ეძებს.

ინალ არძინბას ბრალი ედება უკრაინის სახელმწიფო საზღვრების ხელყოფის მცდელობაში, ე.წ „დონეცკის“ და „ბესარაბიის“ „რესპუბლიკების“ შექმნის გზით. იმ პერიოდში, არძინბა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გუნდის წევრი იყო.

საბოლოოდ, თურქეთში რუსეთის ელჩისა და თურქეთის მეჯლისის პროაფხაზი დეპუტატების ჩარევის შემდეგ, ინალ არძინბა თურქეთში მაინც შეუშვეს.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/7165969.html

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати