USD 2.7227
EUR 3.1910
RUB 3.4642
Тбилиси
Voice of America („ამერიკის ხმა“) - „ამერიკელი ანალიტიკოსები საქართველოს არჩევნებში ჩინეთისა და რუსეთის ჩარევის შესახებ აფრთხილებენ“
дата:  472

ამერიკული სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „ამერიკელი ანალიტიკოსები საქართველოს არჩევნებში ჩინეთისა და რუსეთის ჩარევის შესახებ აფრთხილებენ“, რომელშიც გადმოცემულია ამერიკელი ექსპერტ-ანალიტიკოსების, ყოფილი ელჩების გაფრთხილებები - არ არის გამორიცხული, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოსკოვი და პეკინი ჩაერიონ.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლებია დარჩენილი, ამერიკელი ანალიტიკოსები კი ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან, საქართველოს შიდაპოლიტიკურ საკითხებში ჩარევაზე საუბრობენ. ამერიკელი ყოფილი ოფიციალური პირები, რომლებიც საქართველოს წლებია აკვირდებიან ფიქრობენ, რომ "ქართული ოცნების" ქმედებები და რიტორიკა, "არადემოკრატიული" და "ფაშისტურია".

"დიქტატორი პეკინში და დიქტატორი მოსკოვში, თბილისში პატარა დიქტატორის დასაწინაურებლად ძალებს აერთიანებენ", - ამბობს "ატლანტიკური საბჭოს" ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი.

„პეკინიც და მოსკოვიც, საქართველოში ხედავს მთავრობას, რომელიც დასავლეთის, შეერთებული შტატების, ღიაობის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების წინააღმდეგ არის განწყობილი", - ამბობს საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი. კენეტ იალოვიცს მიაჩნია, რომ "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ პოზიციონირებას "ავტორიტარი" ლიდერები სათავისოდ იყენებენ. „საქართველო მათთვის [ჩინეთისთვის და რუსეთისთვის] სტუდენტი, ახალგაზრდა ავტორიტარიზმია და მის წახალისებას ცდილობენ", - ამბობს ყოფილი ელჩი.

თავის მხრივ, „ატლანტიკური საბჭოს" ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი კი ფიქრობს, რომ პეკინი და მოსკოვი ერთიანი ძალისხმევით ეხმარებიან "პატარა დიქტატორს" საქართველოში: „დიქტატორი პეკინში და დიქტატორი მოსკოვში, ძალებს აერთიანებენ თბილისში პატარა დიქტატორის დასაწინაურებლად“.

 „ფერადი რევოლუციები"

დაკვირვება აჩვენებს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო მზარდია "შეთქმულების თეორიებისა" და დეზინფორმაციული შინაარსის ნარატივების გავრცელება. ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, საქართველოში, ერთ-ერთ დეზინფორმაციული შინაარსის კამპანიას, თითქოს დასავლეთი საქართველოში "ფერად რევოლუციას" გეგმავს, სათავეში ჩინეთი და რუსეთი უდგას.

"ფერადი რევოლუციების” შესახებ რუსეთი წლებია ცრუ ნარატივებს ავრცელებს, ეს მათი პროპაგანდის ნაწილია. ამერიკას არ გამოუწვევია "ნარინჯისფერი რევოლუცია" უკრაინაში, არც "ვარდების რევოლუცია" საქართველოში. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ვინმესთვის, ქართველები გადაწყვეტილებებს თავად იღებენ. რუსეთი კი ცდილობს, ამ ცრუ ნარატივებით საქართველოს ხელისუფლება აიძულოს, უბიძგოს მას, კიდევ უფრო ავტორიტარული ნაბიჯები გადადგას", - ამბობს დენიელ ფრიდი "ატლანტიკური საბჭოდან", რომელიც წლების განმავლობაში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი იყო.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა, მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, გასულ კვირაში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები საქართველოში ე.წ. "ფერად რევოლუციას" ამზადებს. მსგავსი განცხადება მანამდე გაავრცელა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.

„ბრალდებები კატეგორიულად მცდარია“, - ამბობს აშშ-ისსახელმწიფო დეპარტამენტი, პეკინისა და მოსკოვის ბრალდებების პასუხად. ჯერ კიდევ 2022 წელს, სახელმწიფო დეპარტამენტმა, რუსეთის მიერ წლების განმავლობაში გამოყენებული დეზინფორმაციული ნარატივის ტოპ-ხუთეული გამოაქვეყნა. მათ შორის, ერთ-ერთია რიტორიკა, თითქოს პოპულარული საზოგადოებრივი მოძრაობები, შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული "ფერადი რევოლუციებია".

„კრემლს უჭირს აღიარება, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს სიტყვისა და გამოხატვის უფლება და რომ ხელისუფლება ანგარიშვალდებული უნდა იყოს თავისი ხალხის წინაშე. [..] თუ პოპულარული მოძრაობა მხარს უჭერს დემოკრატიას და რეფორმებს და არ განიხილება, როგორც რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებთან შესაბამისობაში მყოფი, კრემლი ხშირად თავს დაესხმება მის ლეგიტიმურობას და აცხადებს, რომ მის უკან, ფარულად, შეერთებული შტატები დგას. ეს უსაფუძვლო ბრალდებები ხშირად მიმართულია ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ასევე დამოუკიდებელი მედიის მიმართ, რომელიც ამხელს ადამიანის უფლებების დარღვევას და კორუფციას. კრემლი ცდილობს უარყოს, რომ მეზობელ ქვეყნებში ადამიანებს შეუძლიათ ჰქონდეთ უფლებამოსილება, ღირსება და საკუთარი თავის დასაცავად დამოუკიდებელი ნება, ისევე როგორც უარყოფს ამ უფლებებს რუსეთის ხალხისთვის", - წერია 2022 წელს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ანალიტიკოსების აზრით, პეკინი და მოსკოვი ქართველი ხალხის შეცდომაში შეყვანას განზრახ ცდილობს. "არ არსებობს, როგორც ისინი უწოდებენ, "ამერიკის მიერ მხარდაჭერილი, პროვოცირებული რევოლუციები“. არსებობს მხოლოდ ამერიკის მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ, ისევე როგორც სხვა ერების მიმართ, როცა ისინი ცდილობენ დაიცვან საკუთარი დემოკრატიული უფლებები", - ამბობს ჯონ ჰერბსტი.

გაცილებით უფრო კრიტიკულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და "ატლანტიკური საბჭოს" მკვლევარი დენიელ ფრიდი. მას მიაჩნია, რომ პეკინი და მოსკოვი "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ახალისებს და უფრო მძიმე ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგებს, რაც მისი თქმით, საქართველოს დასავლეთისგან კიდევ უფრო დააშორებს.

"მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რუსეთს სუსტი საქართველო სურს, რომელიც დაშორებული იქნება ამერიკასა და ევროპას, რაც ნიშნავს, რომ საქართველო რუსეთის ზეწოლაზე უფრო მეტად დამორჩილებული გახდება", - ამბობს დენიელ ფრიდი.

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED) დიდი ხანია, დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობით“, სოციალურ ქსელში ეხმიანება და ამ განცხადებას აბსოლუტურ სიმართლეს უწოდებს. ზურაბ ქადაგიძეს ისევე, როგორც მის პარტიას, მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. აღსანიშნავია, რომ „ხალხის ძალა", 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, "ქართულ ოცნებასთან" ერთად მონაწილეობს. პარტიის ბევრი წევრი, წარსულში, პარტია "ქართულ ოცნებაში" ირიცხებოდა.

ანტიამერიკული რიტორიკა და სანქციები

სწორედ ამ და სხვა ანტიამერიკული რიტორიკისა და განცხადებების პასუხად, ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ვაშინგტონმა და ბრიუსელმა, ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციები აამოქმედოს. ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები თვლიან, რომ თუ "ქართული ოცნების" ხელისუფლების წევრები და მათთან დაკავშირებული ჯგუფები არ შეწყვეტენ დეზინფორმაციული შინაარსის განცხადებების გაკეთებას, უკვე მიღებული ზომები გამკაცრდება. თუმცა, ისინი ასევე ამბობენ, რომ ვაშინგტონს ამის სურვილი არ აქვს.

"ვფიქრობ სანქციების დროა და ამას, სულ მცირე, ბოლო ორი თვეა ვამბობ. ივანიშვილის სანქცირების დროა, მათ შორის მისი ქონების, რომელიც საქართველოს გარეთ არის თავმოყრილი", - ამბობს "ატლანტიკური საბჭოს" ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი.

ამერიკელი ყოფილი ოფიციალური პირები თვლიან, რომ ვაშინგტონისა და ბრიუსელის შემდგომ ნაბიჯებს, მეტწილად განსაზღვრავს ის, თუ როგორ გარემოში ჩატარდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და რამდენად თავისუფალი და სამართლიანი იქნება ის.

"ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთი, საპარლამენტო არჩევნებს ყურადღებით დააკვირდება - რამდენად იქნება ის თავისუფალი და სამართლიანი. ამაზე იქნება დამოკიდებული თუ რა შემდგომი ნაბიჯების შეიძლება გადაიდგას", - ეუბნება "ამერიკის ხმას" "რენდის კორპორაციის" მკვლევარი და საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი.

ამერიკელი ყოფილი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ისე როგორც ყოველთვის, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია და იმედს გამოთქვამენ, ხალხი მოვლენებს სწორად შეაფასებს. "ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერი მეთოდი იმისთვის, რომ ვესაუბროთ ქართველ ხალხს და მათ სიმართლე ვუთხრათ. ქართველები სულელები არ არიან. მათ ძალიან კარგად ესმით რა ხდება საქართველოში და გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ. საქართველოს მომავალი და ბედი შეერთებული შტატების ხელში არ არის. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიულ ძალებს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ქართველების ხელშია", - ეუბნება დენიელ ფრიდი "ამერიკის ხმას".

ქართული ოცნების "ფაშისტური" წინასაარჩევნო დაპირება

"ფაშისტური" - ასე უწოდებს ამერიკელ ანალიტიკოსთა ნაწილი პარტია "ქართული ოცნების" ერთ-ერთ წინასაარჩევნო დაპირებას, რომლის მიხედვითაც, მმართველი პარტია არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის, "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვას გეგმავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ამბობენ, რომ მმართველი პარტია "მოლდოვის პრეცედენტს" დაეყრდნობა, სადაც, მათი თქმით, "პოლიტიკური პარტიები აიკრძალა".

"როცა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აფრთხილებს ოპოზიციას, რომ გამარჯვების შემთხვევაში მათ აკრძალავს, ეს სახიფათოა - ეს ჩემთვის ფაშიზმს ჰგავს. თუ მსგავსი რამ მოხდა, ჩვენ მწვავე რეაქცია გვექნება", - ამბობს უილიამ კორტნი "რენდის კორპორაციიდან" და თვლის, რომ, შესაძლოა, "ქართული ოცნება" ისე როგორც წარსულში ე.წ. აგენტების კანონის მიღებისას, "რუსულ სახელმძღვანელოს დაეყრდნოს".

"ქართული ოცნების" ამ წინასაარჩევნო დაპირებას, საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი კენეტ იალოვიცი "ერთპარტიული დიქტატურის დამყარების" მცდელობად აფასებს.

"პარტია “ქართული ოცნება” ცდილობს მთლიანად ჩამოაშოროს ქვეყანა დამფუძნებელ პრინციპებს: თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, დასავლეთისკენ სწრაფვას. ცდილობენ კონსტიტუციის შეცვლას. მათი სურვილია ოპოზიციის აღმოფხვრა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, მათი სურვილი ერთპარტიული დიქტატურის დამყარებაა. საქართველოში ელჩი შევარდნაძის დროს ვიყავი, ის საბჭოთა ლიდერი იყო - ის იყო საბჭოთა პროდუქტი, თუმცა მანაც კი აღიარა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველოს რეფორმები, დემოკრატიული განვითარება სჭირდებოდა. ის არ იყო სრულყოფილი, მაგრამ ბევრი ნაბიჯი გადადგა. შემდეგ იყო სააკაშვილი და რევოლუცია, რომელიც სწორ პრინციპებს ეფუძნებოდა, თუმცა მას ჰქონდა თავისი ნაკლი და ამას ახლა კიდევ არ ჩავუღრმავდები, ისედაც ყველასთვის ცნობილია. ახლა კი, დღევანდელ რეალობაში, არის “ქართული ოცნება”, რომელიც ყველა ამ პრინციპს და ქვეყნის ფუნდამენტურ ფასეულობებს ეწინააღმდეგება. გსურთ, საქართველო ბელარუსი გახდეს? გსურთ, ბელარუსის მსგავსად, საქართველო უკრაინაზე თავდასხმებისთვის გამოიყენონ? გსურთ საქართველოს მიმართ დასავლეთმა იმოქმედოს ისე, როგორც ბელარუსთან მიმართებაში მოქმედებს? - ეს არის არჩევანი, რომელიც საქართველომ უნდა გააკეთოს", - ამბობს კენეტ იალოვიცი.

ამერიკელი ანალიტიკოსების ნაწილი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში არცერთ ხელისუფლებას არ ექნება სურვილი და შესაძლებლობა, დემოკრატიულად არჩეული ოპოზიცია "გააქროს".

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/analysts-caution-that-china-and-russia-may-interfere-in-georgian-elections-/7768423.html

 

аналитика
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати