USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
Voice of America» : „საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანია და ჩვენს მას ძალიან ახლოდან დავაკვირდებით“
дата:  210

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) აქვეყნებს ინტერვიუს ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროს დირექტორთან მაიკლ კარპენტერთან სათაურით „საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანია და ჩვენს მას ძალიან ახლოდან დავაკვირდებით“, რომელშიც იგი საქართველო-აშშ-ის პერსპექტიულ ურთიერთობაზე, თბილის-მოსკოვის დამოკიდებულებაზე და ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

Საქართველოში არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვე რჩება. Წინასაარჩევნოდ, სექტემბერში, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ე.წ “უცხოეთის აგენტების კანონი აამოქმედა. Რას ფიქრობენ თეთრ სახლში საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და რა ნაბიჯებს უნდა ელოდოს საქართველო ამერიკისგან. ამ თემებზე, პრეზიდენტ ბაიდენის სპეციალურ თანაშემწეს და თეთრ სახლში, შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროს დირექტორს, მაიკლ კარპენტერს, “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი ესაუბრა.

- დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და თქვენი დროისთვის. როგორც იცით, საქართველოში, ე.წ "უცხოეთის აგენტების კანონი" ძალაში შევიდა. მთავრობა მათაც, ვისაც არ სურს რეგისტრაცია, აიძულებს, რომ დარეგისტრირდნენ უცხოეთის აგენტებად. რა არის ის მთავარი პრობლემები, რასაც ახლა თეთრი სახლი ხედავს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით?

- საქართველოს ტრაექტორია ძალიან გვაწუხებს. ბოლო დროს განხორციელებული ანტიდემოკრატიული ქმედებები, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების სივრცის შემცირება ჩვენთვის შემაშფოთებელია.

ამ ტრაექტორიას უკვე საკმაო ხანია ვხედავთ და "უცხოეთის აგენტების კანონი" ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა. გულწრფელად რომ ვთქვათ, მმართველი პარტიისგან მომავალი განცხადებებიც შეშფოთების საგანია. ასე რომ ჩვენ მოქმედება დავიწყეთ. შევაჩერეთ 95 მილიონი დოლარის დახმარება, რომელსაც ჩვეულებრივ ვუწევთ ხოლმე საქართველოს მთავრობას; გავატარეთ შეზღუდვის პოლიტიკა „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკების, სამართალდამცავების, კერძო მოქალაქეების, პარლამენტის წევრების მიმართ, რომლებიც თანამონაწილენი არიან იმ ქმედებებისა, რომლებიც არღვევენ დემოკრატიულ ნორმებს საქართველოში. ჩვენ გავაგრძელებთ გზების ძიებას, რათა შესაბამის პირებს პასუხი ვაგებინოთ იმაზე, რაც მოხდა.

იმის თქმა, რომ ეს [მოვლენები] შემაშფოთებელია, საკმარისი არაა. საქართველოს კურსში ძალიან ბევრი რამ გვაშფოთებს.

- რადგან ამერიკის მხრიდან განხორციელებულ შემაკავებელ ზომებზე ვსაუბრობთ- უნდა ველოდოთ თუ არა დამატებით ნაბიჯებს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც არჩევნები ახლოვდება?

- სანქციების შესახებ წინასწარ არ ვაცხადებთ, მაგრამ ვეცდებით ადამიანებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას კორუფციისთვის, ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებისთვის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის.

ჩვენ გვაქვს საჭირო ინსტრუმენტები, რათა შესაბამისად მოვიქცეთ, როგორც საქართველოს კონტექსტში, ისე გლობალურადაც. გავაგრძელებთ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას, როდესაც ეს აუცილებელი იქნება.

- საქართველოში არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვეა დარჩენილი. მოდით ვისაუბროთ ამ არჩევნების მნიშვნელობაზე, რამდენად ახლოს დააკვირდება ამერიკა, თეთრი სახლი, არჩევნებს და რამდენად გაშფოთებთ მომავალი არჩევნები?

- შეერთებული შტატები მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, მის დამოუკიდებლობას, მის დემოკრატიას, ამ დემოკრატიული სისტემის საფუძველი კი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო იმის დანახვა, რომ წარსულში, საქართველომ შეძლო ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა ერთი ადმინისტრაციისგან მეორესთვის.

ვიმედოვნებთ, რომ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, ზოგიერთი ქმედება, რომელიც უკვე ვნახეთ, შემაშფოთებელია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით, როგორც უკვე ვახსენე, სამოქალაქო საზოგადოების აქტორების შევიწროების კუთხით... ასევე, ვნახეთ [საქართველოს] პრემიერის განცხადება, სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების კრიმინალიზაციასა, თუ უკანონოდ გამოცხადების შესახებ, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიის ნორმებს. ეს შეშფოთებას იწვევს. ჩვენ გავაგრძელებთ ძალზე ახლოდან დაკვირვებას და რა თქმა უნდა, ადგილზეც იქნებიან დამკვირვებლები.

თუმცა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენს მაყურებელს ვუთხრათ, რომ საქმე არ ეხება მხოლოდ იმას, რა მოხდება არჩევნების დღეს. ეს არ ეხება მხოლოდ იმ ხმებზე დაკვირვებას, რომელიც საარჩევნო ყუთში მოხვდება. ეს ეხება მთლიანად ატმოსფეროს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, დაშინებას, შევიწროებას და ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს არჩევნების წინა პერიოდში.

- ბატონო ელჩო, სენატორმა შაჰინმა, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა და რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა, თქვა, რომ პრემიერმა მას სამოქალაქო საზოგადოების იმ ნაწილის, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შეწყვეტა თხოვა, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებენ. პრემიერ-მინისტრი უარყოფს, რომ მსგავსი საუბარი მასსა და სენატორს შორის შედგა. რა ფიქრობთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის გაჩუმების მცდელობაზე და აპირებს თუ არა ამერიკა რაიმე ნაბიჯების გადადგმას სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისთვის?

- ჩვენ წლების განმავლობაში მტკიცედ ვუჭერდით მხარს ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას. საქართველო რეგიონში ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, და ფაქტობრივად, სამხრეთ კავკასიის უშუალო რეგიონის მიღმაც, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს. ეს წლების განმავლობაში მისი დემოკრატიის სიძლიერის ელემენტი იყო.

ასე რომ, მთავრობის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის, შევიწროების, დაშინების და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ამ "აგენტების კანონის" მიხედვით დარეგისტრირების იძულება, შემაშფოთებელია. კანონი კი ძალიან ჰგავს იმას, რომელიც რუსეთის ფედერაციაში მიიღეს. სამოქალაქო საზოგადოებას აქვს უფლება შეიკრიბოს მშვიდობიანად, რათა საკუთარი აზრი გამოხატოს. ამ გზით მათი საქმიანობის აკრძალვა ანტიდემოკრატიულია.

მე ვიცი, რომ სენატორი შაჰინი ძალიან დიდი ხანია საქართველოს დემოკრატიას გულშემატკივრობს. მახსოვს მისი ვიზიტი [საქართველოში] 2012 წელს, როდესაც ის [არჩევნების] დამკვირვებელი იყო. კონგრესის ორივე მხარეს გვყავს წევრები, რომლებსაც დიდი დრო და ენერგია აქვთ საქართველოს დახმარებაში ჩადებული. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მათი მოსმენაც, რადგან მათ კარგად ესმით, რა დევს ახლა სასწორზე.

- თქვენ ახლახან რუსეთი ახსენეთ. უკვე ბევრჯერ მოვისმინეთ, რომ ე.წ. "უცხოეთის აგენტების კანონი" რუსეთის სახელმძღვანელოდანაა, რომ რუსეთითაა შთაგონებული. რამდენადაა თეთრი სახლი შეშფოთებული რუსეთის გავლენით საქართველოზე და რუსეთის მხრიდან არჩევნებში სავარაუდო ჩარევაზე?

- რუსეთის მავნე გავლენის კამპანია გვხვდება ევროპის მასშტაბით, რა თქმა უნდა, რეგიონში და ნამდვილად საქართველოშიც. საჭიროა ამაზე დაკვირვება. მაგრამ ძალიან ნათლად მინდა ვთქვა, რომ ვხედავთ ქმედებებს, რომელსაც [საქართველოს] მთავრობა ახორციელებს. არ ვიცი რამდენად სარგებლობს რუსეთი იმით, რაც საქართველოში ხდება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ქმედებებს ქართველი ოფიციალური პირებისგან და არა რუსი ოფიციალური პირებისგან. ის, რასაც ისინი ჩადიან, შემაშფოთებელია. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ძალიან ნათლად გამოვხატავთ იმას, რომ ასეთ ქმედებებს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს.

ევროკავშირმა ყველა თავისი მცდელობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შეაჩერა. ეს მინიშნება უნდა იყოს, ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, მინიშნება უნდა იყოს, რომ [ქვეყნის] ტრაექტორია საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან შეუთავსებელია.

- საქართველოსთან ერთად, საკმაოდ მოახლოებულია ამერიკის არჩევნებიც. იქნება ეს ჰარისის, თუ ტრამპის ადმინისტრაცია, ელოდებით თუ არა პოლიტიკის ცვლილებას საქართველოსთან მიმართებაში?

- არ შემიძლია ჩემი ქვეყნის პოლიტიკაზე საუბარი. ეს ჩემს უფლებამოსილებაში არ შედის, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც აქამდე ვთქვი - ძალიან, ძალიან ბევრი წლის განმავლობაში, უკვე ათეულობით წელია, საქართველოს ჰქონდა ფართო, ორპარტიული მხარდაჭერა [ამერიკის მხრიდან]. 2008 წელს, [რუსეთ-საქართველოს] ომის შემდეგ, მაშინ სენატორი ბაიდენი საქართველოში, საქართველოს აღორძინებაზე სასაუბროდ ჩავიდა.

სიგნალი, რომელიც მაშინ სენატორმა ბაიდენმა გააგზავნა, შემდეგ უკვე სწორად აღიქვეს ბუშის ადმინისტრაციაში და მალევე, საქართველომ მილიარდი დოლარის აღმშენებლობის პაკეტი მიიღო. ასე რომ [საქართველოს მხარდაჭერა] ბევრი წლის განმავლობაში ორპარტიული იყო და მექნებოდა მოლოდინი, რომ ეს ასეც გაგრძელდება.

- როგორ ფიქრობთ, რა ეტაპზეა საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ამ მომენტისთვის და რა ნაბიჯების გადადგმას ელოდება ამერიკა საქართველოსგან იმისთვის, რომ ქვეყნები ძველ ურთიერთობას დაუბრუნდნენ?

- მინდა ნათლად განვაცხადო, რომ ჩვენ არ ვართ სხვა ქვეყნებისთვის ლექციების კითხვის პოზიციაში იმაზე, რა უნდა გააკეთონ, ან რა არ უნდა გააკეთონ. მსოფლიოს უამრავი ქვეყანა იმ ტრაექტორიით მიდის, რაც მას სურს. თუმცა, თუ ქვეყანას სურს, რომ ევროატლანტიკურ საზოგადოებაში იყოს, რაც ნატოსა და ევროკავშირის წევრობას ნიშნავს, მაშინ არსებობს წინაპირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს და ორივე ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად, დემოკრატიული სტანდარტების [დაკმაყოფილებაა საჭირო].

რამდენადაც თავად ქართველ ხალხს სურს, რომ მათი ქვეყანა საბოლოოდ ევროატლანტიკურ საზოგადოებაში იხილონ, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გავაკრიტიკოთ ის ნაბიჯები, რომლებიც ბოლო დროს ვნახეთ, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ტრაექტორიას.

თუმცა, საბოლოო ჯამში, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა გეოპოლიტიკური ორიენტაცია სურს. მათ აქვთ შესაძლებლობა ოქტომბერში მივიდნენ საარჩევნო ყუთთან და საკუთარი აზრი გამოთქვან.

- რომ შევაჯამოთ - რამდენად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები და რა ნაბიჯებს უნდა ველოდოთ ამერიკისგან სამომავლოდ?

- ყველა არჩევნები გადამწყვეტია, რადგან თითოეულს დემოკრატიული სულისკვეთებით დემოკრატიული ინსტიტუტების განახლების შესაძლებლობა აქვს.

ამავე პრინციპით, თუ არჩევნები არ არის თავისუფალი და სამართლიანი, ნებისმიერი დემოკრატიული სისტემა შეიძლება დაიშალოს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. თუ ის, რასაც ოქტომბერში ვნახავთ, თავისუფალი და სამართლიანი არ იქნება, მაშინ, სამწუხაროდ, ეს შემაფერხებელი იქნება საქართველოს დემოკრატიული ზრდისთვის.

არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა, ასე რომ ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს. თუმცა, ეს უნდა მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების მიზანში ამოღების შეწყვეტით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შევიწროების დასრულებით და ადმინისტრაციული ძალის გამოუყენებლობით იმ დონეზე, რომ ამან აიძულოს ხალხს ხმა მისცეს [კონკრეტულ კანდიდატს].

თუ ეს ქმედებები შეწყდება, მაშინ შეგვიძლია გვქონდეს მოლოდინი, რომ არჩევნები, შესაძლოა, იყოს თავისუფალი და სამართლიანი. თუ ეს ქმედებები გაგრძელდება, მაშინ პირიქით მოხდება.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/7781092.html

 

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати