USD 2.7573
EUR 3.0518
RUB 3.2415
თბილისი
«Voice of America» : „აფხაზები ერთმანეთს ბრძოლისკენ მოუწოდებენ და გადატრიალებას ელოდებიან“
თარიღი:  

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „აფხაზები ერთმანეთს ბრძოლისკენ მოუწოდებენ და გადატრიალებას ელოდებიან“, რომელშიც განხილულია საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში - აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები. აფხაზეთში ამჟამად რუსეთის არმიის ნაწილებია დისლოცირებულნი და მისი ტერიტორია ფაქტიურად რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

აფხაზური საზოგადოება დილემის წინაშე დგას. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლები უნდა ჩამოყალიბდნენ იმის თაობაზე, არის თუ არა რუსეთი მათი მოკავშირე.

ეს გამოწვევა დღის წესრიგში პუტინის ახირებამ დააყენა, რომელიც ჯიუტად ითხოვდა ბიჭვინთის აგარაკების გადაცემას. აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის 25 დეპუტატის თანხმობა, გასული წლის 27 დეკემბერს, გაჩუქებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებიც იყვნენ.

ახლა აფხაზეთში წინააღმდეგობის ცენტრი ყალიბდება. ზოგი „ხელისუფლებას“ გამოეყო, ზოგი „ოპოზიციას“ და ახალი ოპოზიციური მოძრაობის შექმნის თაობაზე განცხადება 8 იანვარს გაკეთდა. მისი მიზანია ბიჭვინთის აგარაკების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება გაუქმდეს, ან შეიცვალოს ისე, რომ გაჩუქების აქტი გაბათილდეს. ახალი ოპოზიცია ამბობს, რომ იმედი ჯერ კიდევ არის.

„მაშინ, იმ ორი დღის მანძილზე, ჩვენ, ყველამ, საკუთარ ტყავზე ვიგრძენით, რომ რაღაც ძალიან საშინელი ხდებოდა“, - განაცხადა ლევან მიქაამ, ახალი ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ბრიფინგზე.

„ხელისუფლებასთან საუბარს აზრი არ აქვს. რა მნიშვნელობა აქვს იმ ხალხთან ლაპარაკს, ვინც დანაშაულს ჩადის? ერთადერთი, რაც არის შესაძლებელი, მათი დაჭერაა,“- ამბობს თენგიზ ჯოპუა, ახალი ოპოზიციის წარმომადგენელი. მას არ აქვს იმედი, რომ მოედანზე ბევრი ადამიანი გამოვა. „ბევრი არასდროს გამოდის, უმცირესობა წყვეტს, ასეთი პრაქტიკაც გვაქვს. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. 2004 წლის შემდეგ, სულ გადატრიალებებს ვუყურებ. გადატრიალებებია უკვე ამ ქვეყანაში 30 წელია და ახლაც ასე იქნება“.

ლაშა ზუხბა ძველი მებრძოლია. ომში მას იარაღი ეჭირა. აფხაზეთს დამოუკიდებელ ქვეყნად მიიჩნევს. ის ამისთვის იბრძოდა. ახლა კი აღმოჩნდა, რომ რუსეთს მისი ქვეყნის მისაკუთრება ერთი ბრძანების საფუძველზე შეუძლია.

„სამშობლოს გაყიდვა თუ გვინდა, აგერ, ცოტა ხნის წინ, ღიად გვთავაზობდა ღარიბაშვილი, აფხაზებო, საკუთარი თავის გაყიდვა თუ გინდათ, ჩვენ ვართ მყიდველებიო. კი, ღარიბაშვილი გამოვიდა და თქვა, 10 მილიარდ ევროს გადავიხდით, სამი წლის განმავლობაშიო. ათია თუ ასი, მიუღებელია, რა თქმა უნდა, მაგრამ რაც მან თქვა, 100 ათას აფხაზზე რომ გავყოთ, თითოეულს 100 000 ევრო შეხვდება. ჩვენთან რამდენი იბადება და კვდება ისე, რომ 100 000 მხოლოდ ტელევიზორით ნახულობს? ხუთ სულიან ოჯახს ნახევარი მილიონი ევრო შეხვდება... ამ ლოგიკის გაგრძელება მიუღებელია, მაგრამ იმის შემდეგ, რაც მოხდა, უკვე აღარც ვიცი, როგორ ვილაპარაკო,“- ამბობდა ლაშა ზუხბა ბრიფინგზე.

თენგიზ ჯოპუა, ახალი ოპოზიციის წარმომადგენელი ამბობს, რომ აფხაზურ ოპოზიციას ორ სკამზე სურდა ჯდომა, რაც შეუძლებელია, ამიტომაც საჭირო გახდა ახალი და ჯანსაღი ოპოზიციური გუნდის ფორმირება. „ოპოზიცია აფხაზი ხალხის ინტერესს არ გამოხატავდა,“ -აცხადებდა ის.

რა პოზიცია უკავია ახალ ოპოზიციას რუსეთთან მიმართებით? რუსეთთან, ვინც, ფაქტობრივ ანექსიას ახორციელებს ახლა აფხაზეთში. ჯოპუას ამ საკითხზე საინტერესო ახსნა აქვს.

„ჩვენთან ჩამოყალიბებულია პრაქტიკა, რომ თუ არ ეთანხმები ხელისუფლებას, ან ოპოზიციას, არ მოგწონს ქვეყანაში კორუფცია, ავტომატურად წარმოადგენ ანტირუსულ ელემენტს. ამ პრაქტიკას ამყარებს ხელისუფლება და ანტირუსად ნათლავს ყველას, ვინც თვითონ არ მოსწონს. არ ვიცი, ეს ვისი მოგონილია, მაგრამ არაფერს კარგს არ მოუტანს რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებს. ამით ჩვენ მოქალაქეებს წარმოდგენა ექმნებათ, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს აწყობს, თუ ხალხს თუ მოატყუებენ. ჩვენ არ ვიცვლით პოლიტიკურ ვექტორს. აფხაზეთის პოლიტიკური ვექტორი არის ჩვენს სტარტეგიულ პარტნიორთან გვერდით დგომა, მაგრამ რუსეთის ფედერაციას აქვს თავისი ინტერესები და ეს ნორმალურია. აფხაზეთსაც აქვს თავისი ინტერესები. ურთიერთმომგებიანი მაშინაა კავშირი, როცა ორივე მხარე ითვალისწინებს ერთმანეთის ინტერესს. ჩვენ ვპოულობთ კომპრომისს. არის საკითხები, რაც ჩვენთვის მიუღებელია. რუსეთისთვისაც არის, ალბათ საკითხები, რაც მიუღებელია. ჩვენი ინტერესების უგულებელყოფა, სხვა სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ, მიუღებლად მიმაჩნია. იმის გამო, რომ ჩვენ საკუთარ აზრს გამოვხატავთ და ეროვნულ-პატრიოტულ იდეას წარმოვადგენთ, გვიწოდონ ანტირუსი, ეს განა მხოლოდ არამართებულია, უსინდისობაცაა. რუსეთში ახლა, მაგალითად, მხარდაჭერილია ნაციონალისტური იდეოლოგია, ზომიერი ნაციონალიზმის პრაქტიკა. თუ რუსეთში შეიძლება იყო ზომიერი ნაციონალისტი, აფხაზეთში რატომ არ შეიძლება? რატომ არ შეიძლება იყო აფხაზეთის პატრიოტი?“- კითხულობს ჯოპუა.

ალხაზ ჯინჯოლია, ახალი აფხაზური ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენელი დე-ფაქტო აფხაზეთში დემოკრატიის თაობაზე დარდობს. სახელისუფლებო შტოები აღარ არსებობს. ყველაფერი აღმასრულებელმა ხელისუფლებამ შეითავსა,- მიიჩნევს ის. მთავარი პრობლემა და არადემოკრატიული მმართველობის კი „სუვერენიტეტის დაკარგვაა“ - ასე ფიქრობენ ახალ აფხაზურ ოპოზიციაში.

„წამოწევენ ხან ბიჭვინთის თემას, ხან ენერგეტიკის და ყოველ ჯერზე გვექნება საბრძოლი. საკმარისად ხმამაღლა და გასაგებად არ ვამბობთ, რომ ამჯერად ყალიბდება აფხაზეთის სუვერენიტეტის დათმობის კურსი. ლოგიკური გაგრძელება ამის იქნება ის, რომ შემოგვთავაზებენ - იყავით ფორმალურად დამოუკიდებლები, ან გახდით სხვა სახელმწიფოს ნაწილი. მგონია, რომ აქ მყოფებისთვის ეს ვარიანტები მიუღებელია. ამიტომაც თქვენც უნდა იბრძოლოთ და ჩვენც იმ კურსის შენარჩუნებისთვის, რაც 93 წლის სექტემბერში დავიწყეთ. დანებებას არ ვაპირებთ,“- ამბობს ალხაზ ჯინჯოლია.

„მე თავს მოტყუებულად ვგრძნობ. საკუთარი პარლამენტისგან, ხელისუფლებისგან, სახელმწიფოსგან მოტყუებული ვარ. რა ახალი წელი და დღესასწაულები. ვუშვებ, რომ ხვალ შეიძლება გავიღვიძო და მითხრან, ბიჭვინთა კი არა, აფხაზეთი აღარ არსებობს. ღამით შეიკრიბებიან, დასხდებიან, რაღაცას დაჩხაპნიან ერთმანეთს შორის და გადაწყვეტენ, რომ დავმთავრდით, აფხაზეთი აღარ არსებობს. შემდეგ რა უნდა ვქნათ? როგორ ავუხსნა ეს ყველაფერი შვილებს, ან ჩემ თავს. ომი რომ გვქონდა, რის გამო ვიბრძოდით? რატომ დაიღუპა ათასობით ჩვენი მოქალაქე? მე მოგიწოდებთ ბრძოლისთვის,“- ამბობს ლაშა ზუხბა.080p

ბიჭვინთის აგარაკების გასხვისების საკითხს, რის თაობაზეც აფხაზეთში საზოგადოება განსაკუთრებით ღელავს, თან ერთვის ეგრეთ წოდებული აგენტების თაობაზე კანონის მიღების მოლოდინი. ადგილობრივი ჟურნალისტები ამბობენ, რომ მისი ძალაში შესვლისთანავე, მედიას მუშაობა გაურთულდება და ბლოგერებიც კი დაკარგავენ შესაძლებლობას საკუთარი აზრი გამოთქვან.

„ვიცით, რომ რუსეთში არის ასეთი კანონი, მაგრამ რუსეთში უცხოელი აგენტები არ არიან „თქვენიანები“, აფხაზეთში კი უცხოელი აგენტები ჩვენები არიან, უფრო პატრიოტები. ეს უცხოური ორგანიზაციები გვაწვდიდნენ ჰუმანიტარულ ტვირთებს, გვეხმარებოდნენ კულტურული ძეგლების კონსერვაციაში. ამიტომ, ეს ორგანიზაციები ჩვენთან უფრო პატრიოტულები არიან,“- „უცხოური აგენტების“ ამგვარი დეფინიცია აქვთ აფხაზეთში.

კიდევ ერთი საკითხი, რაც ადგილობრივი საზოგადოებისთვის და ახლად ჩამოყალიბებული ოპოზიციისთვის პრობლემურია, ეს, სოხუმთან ახლოს ახალი აეროპორტის მშენებლობას უკავშირდება. აეროპორტის, ოჩამჩირეში პორტთან, ენგურის ხიდთან კი ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან ერთად, ის სიახლეებია, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულ ომს მოჰყვა. აფხაზები აცნობიერებენ, რომ „სუვერენული“ ინტერესები „სტრატეგიული პარტნიორისთვის“ ცარიელი სიტყვებია, თუმცა არც ათწლეულობით ნაშენები ანტიქართული იდეოლოგიის ჩამოშლაა იოლი.

აქამდე აფხაზები სოჭის აეროპორტით სარგებლობენ, რაც სოხუმიდან, დაახლოებით, საათ-ნახევრის სავალზეა. საბაჟოს გავლის შემდეგ, ფრენა რუსეთის ტერიტორიიდან, რუსული პასპორტითაა შესაძლებელი. სოხუმთან, ყოფილი სამხედრო აეროდრომი ახლა გაპარტახებულია. სწორედ ამ ბაზაზე გეგმავს რუსეთი ახალი, სამოქალაქო დანიშნულების აეროპორტის მოწყობას.

„მოძრაობა აფხაზეთისთვის“ წარმომადგენელი, ნუკრი ნოდია „ამერიკის ხმასთან“ აღნიშნავს, რომ აეროპორტის, „აგენტების შესახებ კანონის“, ეგრეთ წოდებული „აპარტ-ოტელებისა“ და ბიჭვინთის აგარაკების საკითხი აფხაზებისთვის იმდენად მტკივნეულია, შესაძლოა შიდა დაპირისპირება ვიხილოთ. „აფხაზები შეშინებულები არიან. ეძებენ გამოსავალს. ცდილობენ ხმამაღლა ილაპარაკონ ამ პრობლემებზე, თუმცა რამდენად მოხერხდება ძლიერი სამოქალაქო ამბოხის ჩამოყალიბება, ეს რთული სათქმელია. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზების უმეტესობა რუსეთის ნამდვილ სახეს კარგად ხედავს, ის მათთვის მაინც სტრატეგიული პარტნიორია,“- გვეუბნება ნუკრი ნოდია.

ახალი აფხაზური ოპოზიცია აცხადებს, რომ მზად არიან ბრძოლისთვის, მათ შორის, იარაღის ხელში აღებისთვისაც, თუმცა ვის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული იარაღი, ამ შემთხვევაში, ეგ არ კონკრეტდება. სოხუმში ერთგვარი კოგნიტური დისონანსის მდგომარეობაა. ერთის მხრივ, რუსეთი დე-ფაქტო აფხაზეთის „სტრატეგიული პარტნიორია“, მეორეს მხრივ, კი ქვეყანა, რომელიც თავისი სტრატეგიული პარტნიორის ტერიტორიას ნაწილ-ნაწილ იერთებს.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/abkhazia-opposition-annexion-bichvinta-georgia/7438851.html

 

კულტურა
«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება: ტრადიციული სუფრის თავისებურებები“

„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.

ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...

ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.

ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.

„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...

ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.

რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.

ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.

მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს  სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.

თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.