USD 2.6080
EUR 2.9721
RUB 3.0937
Тбилиси
«Voice oF America» (აშშ): „რა წვლილი შეაქვს USAID-ს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში“
дата:  601

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანიამ „ამერიკის ხმამ“ (Voice oF America) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ინტერვიუ „იუსაიდის“ (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო - United States Agency for International Development - USAID) კავკასიის მისიის დირექტორ ჯონ პენელთან სათაურით „რა წვლილი შეაქვს USAID-ს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში“.

ამერიკის საერთაშორის განვითარების სააგენტო საქართველოში უკვე 32 წელია საქმიანობს. ამ დროის განმავლობაში მხოლოდ სააგენტოს 2 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება აქვს გაწეული საქართველოსთვის - როგორც პირდაპირ მთავრობისთვის, ასევე ფართო საზოგადოების საჭიროებებისთვის. ჯონ პენელი USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორია და საქართველოში სააგენტოს საქმიანობის შესახებ ყველაზე კვალიფიცირებული პირია. ის გამოცდილი დიპლომატია, რომელიც საქართველოში ჩასვლამდე ლიბიაში, მანამდე კი უკრაინასა და ბელარუსში მუშაობდა.

როგორც ჯონ პენელი ამბობს, სააგენტოს საქმიანობის ყველა ასპექტი მთავრობასთან შეთანხმებული და ღიაა. სააგენტო ასევე, მთავრობას რეგულარულად აწვდის ინფორმაციას მიმდინარე პროგრამების პროგრესზე. სააგენტოს მიერ განხორციელებული ზოგიერთი პროგრამის მეშვეობით, საქართველოს ფერმერებს ევროპულ ბაზრებზე ძვირადღირებული სასოფლო-სამეურნეო საქონელი, ამერიკის ბაზარზე კი ქართული ღვინო გააქვთ. სააგენტოს დახმარებით, ბოლო 3-4 წლის განმავლობაში 6 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

ჯონ პენელი ასევე საუბრობს ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე და ამბობს, რომ USAID კონცენტრირებულია დაეხმაროს მთავრობას და ყველა დაინტერესებულ მხარეს იმ მიზნით, რომ საარჩევნო პროცესი იყოს თავისუფალი და სამართლიანი. მისი თქმით, ამერიკის მთავრობა ორიენტირებულია არა არჩევნების შედეგებზე, არამედ, მხოლოდ პროცესზე. USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორ ჯონ პენელს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ესაუბრა.

ინტერვიუ რედაქტირებულია შემოკლებისა და სიცხადის მიზნით.

- რას საქმიანობს შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების სააგენტო საქართველოში ბოლო 32 წლის განმავლობაში?

- ძალიან დიდი მადლობა. საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობა გვაქვს ბოლო 32 წლის განმავლობაში. მხოლოდ USAID-მა ამ დროის განმავლობაში საქართველოში 2 მილიარდზე მეტი დოლარის ოდენობის ინვესტიცია ჩადო, რაც იმ 6 მილიარდის ნაწილია, რომელიც ამ დრომდე ამერიკამ საქართველოს ჯამურად გამოუყო. USAID ბევრი მიმართულებით მუშაობს, მათ შორისაა, განათლება, ჯანდაცვა, დემოკრატია და მმართველობა, ეკონომიკური ზრდა, სოფლის მეურნეობა, თუ ენერგეტიკა. ვმუშაობთ მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში, ხალხთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მთავრობის სამივე განშტოებასთან როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე, ასევე ბიზნესთან. ამჟამად წელიწადში დაახლოებით 75 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას ვუწევთ საქართველოს და გვაქვს 40 მიმდინარე პროექტი.

- რა სახის პროექტებია ესენი? ალბათ, გრძელი სია იქნება, მაგრამ რას დაასახელებდით ყველაზე წარმატებულ ან გავლენიან პროექტად?

- დიახ, ბევრია ასეთი, მაგრამ რამდენიმეს დავასახელებ. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ USAID აქტიურად იყო ჩართული გაზისა და ელექტროგადამცემი ხაზების განახლებაში იმისთვის, რომ ომის შედეგად დაზარალებული ადამიანებისთვის უზრუნველყოფილიყო უფრო საიმედო ენერგომომარაგება. ეს პირდაპირ შეეხო საქართველოს თითქმის 700 000 მოქალაქეს. ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობდით განათლების სფეროში. დაახლოებით 2 000 საჯარო სკოლასთან ვთანამშრომლობთ მთელი ქვეყნის მასშტაბით და ტრეინინგები ჩავუტარეთ დაახლოებით 30 000 მასწავლებელს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე ვეხმარებით ჯანდაცვის სექტორს და 2012 წლისთვის ბავშვთა იმუნიზაციის დონის, დაახლოებით, 82%-მდე გაუმჯობესებაში მივიღეთ მონაწილეობა. ეს მხოლოდ რამდენიმეა ბევრი სხვა მაგალითიდან.

- რა სახის დახმარებას უწევთ სკოლებს?

- განათლების სამინისტროსთან ვთანამშრომლობთ ეროვნული მიზნების მისაღწევად, მასწავლებელთა მომზადების სტანდარტების გაუმჯობესების თვალსაზრისით. ასევე ვმუშაობთ სკოლის ადმინისტრატორებთან. ვმუშაობთ სასწავლო გეგმების შემუშავებაზე, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამება დასავლურ საერთაშორისო სტანდარტებს. დაახლოებით, 650 საჯარო სკოლაში გვაქვს სამოქალაქო განათლების პროგრამები, იმისთვის, რომ დავეხმაროთ მოსწავლეებს გაეცნონ საკუთარ უფლებებს და უფრო აქტიური როლი ითამაშონ საკუთარ თემში.

- საავადმყოფოებზე რას იტყვით - გადამზადების პროგრამები გაქვთ თუ უფრო მეტად აღჭურვილობისა თუ ინფრასტრუქტურის დახვეწაში მონაწილეობთ?

- როცა უფრო მოქნილი ჯანდაცვის პროგრამა გვქონდა, მასში შედიოდა ტრენინგისა და აღჭურვილობით დახმარების ნაზავი, იმუნიზაციის მხარდაჭერა. COVID-19 პანდემიის დროს, საქართველოს მივაწოდეთ ვაქცინები. თუმცა, იმის გამო, რომ საქართველოში, ბევრ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ჯანდაცვის სფეროში დიდი პროგრესი იქნა მიღწეული, ახლა ყურადღება უფრო მეტად, ეგრეთწოდებულ, გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოებაზე გვაქვს გადატანილი. ეს არის თანამშრომლობა ჩვენს დაავადებათა კონტროლის ცენტრებთან და ამერიკის მთავრობის სხვა ნაწილებთან, იმისთვის, რომ შევამსუბუქოთ ყველაზე სერიოზული ინფექციური დაავადებების ეფექტები. ძალიან გვახარებს ის, რომ ჩვენთვის ეს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ახალი მიმართულება იქნება.

- რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევები?

- ზოგიერთი გამოწვევა ასევე არის შესაძლებლობაც. დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მინიჭების შემდეგ, ჯერ კიდევ რჩება ცხრა პუნქტი, რომლებზეც საქართველოს მთავრობამ უნდა იმუშაოს. USAID, ისევე როგორც შეერთებული შტატების მთავრობა უფრო ფართოდ, ევროკავშირი და ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, საქართველოს მთავრობასთან მუშაობს ზოგიერთ დარჩენილ პუნქტზე, მათ შორის, სასამართლო რეფორმის მიმართულებით და ბევრ სხვა სფეროში. ამის ფარგლებში, ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვცდილობთ და გარკვეული წარმატება უკვე გვქონდა, იყო მეწარმეების მომავალი თაობის განვითარება, ახალგაზრდების განვითარება. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ პროფესიული უნარების განვითარებაზე, განსაკუთრებით შემოქმედებით ინდუსტრიებში, ტურიზმსა და კულინარიულ ხელოვნებაში. მოგეხსენებათ, საქართველო მსოფლიოში კარგად არის ცნობილი თავისი კულტურით, განსაკუთრებით საკვებითა და ღვინით და ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი არსებობს. ნამდვილად ვეხმარებით მომავალ თაობას განავითაროს უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია საქართველოს წინსვლის გაგრძელებაში.

ასევე ვეხმარებით ეკონომიკას დასავლეთთან უფრო მეტად ინტეგრაციაში. დიდი სამუშაოები ჩავატარეთ სოფლის მეურნეობაში. მაგალითად, დავეხმარეთ ქართველ ფერმერებს ევროკავშირის ბაზარზე გაეტანათ მაღალი ღირებულების პროდუქცია, როგორიცაა მოცვი ან სხვა სასოფლო-სამეურნეო საქონელი. ჩვენ ასევე ვეხმარებით მეღვინეებს ქართული ღვინის ამერიკაში ექსპორტში. ვცდილობთ განვავითაროთ შესაძლებლობები, რომლებიც უფრო სტაბილურ სამუშაო ადგილებს და შემოსავალს შეუქმნის ხალხს. ეს მიმდინარე პროცესია. ვფიქრობ, ბოლო წლების განმავლობაში ამ საქმეში პროგრესი გვქონდა და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას.

ბოლო 3-4 წლის განმავლობაში, ჩვენი პროგრამებით, 2 000-ზე მეტ ბიზნესს დავეხმარეთ საკუთარი პროდუქციის ევროკავშირის ბაზრებზე გატანაში და ჩვენი დახმარებით, საქართველოში 6 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ამ მხრივ, ექსპორტის საერთო ღირებულება საკმაოდ მაღალია და ამით ძალიან ვამაყობთ.

- თქვენ ევროკაბშირში ინტეგრაცია და დარჩენილი 9 პუნქტი ახსენეთ, რომლებიც საქართველოს ჯერ ისევ სესასრულებელი აქვს. კონკრეტულად რას აკეთებთ ქვეყნის დასახმარებლად ევროინტეგრაციის გზაზე?

- პირველ რიგში ვიტყვი, რომ საქართველოს მთავრობასა და USAID-ს შორის გვაქვს ორმხრივი დახმარების ხელშეკრულება, რომელიც ასახავს ჩვენს პროგრამულ აქცენტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და იმას, თუ როგორ ვიმუშავებთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძო სექტორთან და მთავრობასთან, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე. როგორც ამ პროცესის ნაწილი, ერთობლივად ვახდენთ იმ სფეროების იდენტიფიცირებას, რომლებშიც ვაპირებთ მუშაობას

კონკრეტულად ევროკავშირის ცხრა პუნქტთან დაკავშირებით, ვმუშაობთ იმაში დასახმარებლად, რომ უზუნველყოფილი იქნას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ოქტომბერში, დავეხმაროთ კანონის უზენაესობისა და სასამართლო სექტორში არსებული საკითხების მოგვარებაში, დავეხმაროთ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ან ინფორმაციის მანიპულაციის თავიდან აცილებაში. ეს სფეროები მოითხოვს კერძო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობასთან ერთობლივ მუშაობას. ეს მიმდინარე პროცესებია, რომელთაგან ბევრი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდეც მიმდინარეობდა. ამაში ვართ ჩართული და ამ მიმართულებებში შეერთებული შტატების მთავრობის სხვა ნაწილებიც აგრძელებენ ჩართულობას.

- არჩევნები აშკარად ერთ-ერთი ყველაზე დიდი საკითხია ახლო მომავალში.  რა კონკრეტულ პროგრამებზე მუშაობთ ამ მიმართულებით?

- საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი საარჩევნო მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ფოკუსირებულია საქართველოს მთავრობისა და ყველა დაინტერესებული მხარის დახმარებაზე, რათა თავად პროცესი იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ჩვენ არ ვართ ორიენტირებული შედეგზე, არამედ, რა თქმა უნდა, მხოლოდ პროცესზე. ასე რომ, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან არჩევნების ადმინისტრირების შესაძლებლობის დასახვეწად, განსაკუთრებით ახალი ელექტრონული ხმების დათვლის გათვალისწინებით, რაც ამ არჩევნებზე მოხდება. ჩვენ მათთან ვთანამშრომლობთ ამომრჩეველთა განათლების პროგრამის ჩაშვებაზე, რათა ამომრჩევლებმა ზუსტად იცოდნენ, რა არის ეს პროცესი. ასევე მუშაობთ საარჩევნო უბნების თანამშრომლებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით იმისთვის, რომ თუ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველს რაიმე კითხვა ექნება მათ იცოდნენ, როგორ გასცენ პასუხი ამომრჩეველს. ვმუშაობთ როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან სადამკვირვებლო ჯგუფებთან საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე.

“გლობალური დახმარების პოლიტიკის” ფარგლებში, ჩვენ ასევე ვმუშაობთ პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის მიმართულებით. მათი სურვილის შემთხვევაში, პოლიტიკურ პარტიებს ვეხმარებით პლატფორმის შემუშავებაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და ასევე იმაში, თუ როგორ განავითარონ ურთიერთობა ამომრჩევლის სხვადასხვა სეგმენტთან, რათა რეალურად შეეცადონ შექმნან უფრო ძლიერი დემოკრატიული გარემო იმისთვის, რომ ინდივიდუალურ ამომრჩეველს ჰქონდეს არჩევანის სპექტრი.

(...)

- არავისთვის არაა საიდუმლო საქართველოში, რომ USAID-ს ერთგვარი გამოწვევა ჰქონდა საქართველოს მთავრობასთან ზოგიერთი თქვენი ტრეინინგის გამო. იქნებ გვითხრათ ამის შესახებ? რა სახის ტრეინინიგებს ატარებთ პოლიტიკური პარტიების თუ პოლიტიკური აქტივისტების დასახმარებლად და რას აკეთებთ იმ სემთხვევაში, როდესაც შეიძლება მთავრობა არ ეთანხმებოდეს თქვენი პროგრამების ან ტრეინინგების მიმართულებას, როგორც ეს ბოლო დროს მოხდა?

- მადლობა ამ კითხვისთვის. პირველ რიგში, როგორც აღვნიშნე, ჩვენ გვაქვს ეს ორმხრივი დახმარების შეთანხმება. ამ შეთანხმებაში ყველაფერი ასახულია იმ მხრივ, თუ ვის ვაფინანსებთ, რამდენით ვაფინანსებთ, რა სახის სამუშაოს ეწევიან ისინი. ასევე მთავრობას კვარტალში ერთხელ ვაწვდით განახლებულ ინფორმაცის ჩვენს თითოეულ პროექტზე. ასევე, ძალიან რეგულარულად ვხვდებით მათ, როგორც ჩემს დონეზე, ასევე სხვა დონეებზეც, განახლებული ინფორმაციის მისაწოდებლად იმაზე, რასაც ვაკეთებთ. ვცდილობთ ვიყოთ მაქსიმალურად ინკლუზიური ყველა მხარის მიმართ, ვისთანაც ვმუშაობთ. ეს არ არის მხოლოდ მთავრობა, არამედ ასევე სამოქალაქო საზოგადოების წევრები, ბიზნეს ასოციაციების წევრები, კერძო სექტორი და ა.შ., გამომდინარე იქიდან, თუ რა კონკრეტულ პროექტებზე ვმუშაობთ.

როდესაც უთანხმოება გვაქვს, ვსაუბრობთ პირისპირ და ვცდილობთ კონსენსუსის მიღწევით, ვითარება გამოვასწოროთ. ვიტყოდი, რომ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს. თუ არის მომენტები, როდესაც დამატებითი დისკუსია გვჭირდება იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებთ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვცდილობთ ამის გაკეთებას. ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც შედარებით მალე ვგეგმავთ არის მინისტრის მოადგილეების დონეზე შეხვედრები ჩვენი ყველა პროგრამის შესახებ განახლებული ინფორმაციის მისაწოდებლად. მოგეხსენებათ, ბოლო ორი თვის განმავლობაში ხელისუფლებაში ცვლილებები მოხდა და ამიტომ ველოდებით საბოლოო დანიშვნებს და შემდეგ მათ სიამოვნებით მივაწოდებთ უახლეს ინფორმაციას იმაზე, თუ რას ვაკეთებთ.

(...)

- რამდენად არის USAID ჩართული საკანონმდებლო პროცესში? აწვდით თუ არა პარლამენტს რჩევებს საუკეთესო შედეგის მისაღებად და რა ხდება მაშინ, როცა ხედავთ, რომ კანონმდებლობა შესაძლოა არ აკმაყოფილებდეს ევროკავშირის ან ზოგადად დემოკრატიულ სტანდარტებს?

- ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტთან სხვადასხვა საკითხზე, როგორიცაა, მაგალითად, ეკონომიკური მიმართულება, მათ შორის, ბევრი დახმარება აღმოვუჩინეთ სახელმწიფო შესყიდვების, ონლაინ ვაჭრობისა, თუ ტურიზმის შესახებ კანონების მიღებისას, რაც მართლაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ასევე, ვმუშაობთ ადამიანის უფლებათა დაცვის ზოგიერთ საკითხზე ადამიანის უფლებათა კომიტეტთან. პარლამენტის საერთო ტექნიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით მუშაობას ვაგრძელებთ და ამას საკმაოდ დიდი ხანია ვაკეთებთ.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს აქვს უკვე ბევრი კარგი კანონმდებლობა სამართლებრივი დაცვის კუთხით და იცით, კონსტიტუციის მეორე მუხლის შესახებაც. ამიტომ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბევრი იურიდიული ასპექტი იმისა, რაც საქართველომ უნდა გააკეთოს ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით, უკვე არსებობს. ის, რაზეც USAID ამახვილებს ყურადღებას, არის ტექნიკური დახმარება აღსრულების კუთხით, რაშიც შეიძლება შედიოდეს მიმართულების მიცემა იმაზე, თუ საჭიროების შემთხვევაში როგორ უნდა შეიმუშაონ კანონმდებლობა ისე, რომ ის შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და ასევე საქართველოს კონსტიტუციას.

- რამეს ხომ არ დაამატებდით, რაზეც არ გვისაუბრია და რაც გინდათ, რომ საქართველოს საზოგადოებამ, ქართველმა ხალხმა იცოდეს თქვენი სააგენტოს საქართველოში ჩართულობის შესახებ?

- კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ეს შესანიშნავი კითხვაა ჩვენი საუბრის დასასრულებლად. ვიტყოდი, რომ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ძალიან ბევრი საერთო აქვთ. ჩვენ გვაქვს ბევრი საერთო მიზანი და მისწრაფება. ქართველმა ხალხმა უნდა იამაყოს იმ მიღწევებით, რომლებსაც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ ბოლო 30 წლის განმავლობაში მიაღწია. ჩვენ მოხარული ვართ, რომ პარტნიორები ვართ და მოხარულები ვართ, რომ საქართველო შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ ამას გავაგრძელებთ, USAID კი სიხარულით შეიტანს ამაში წვლილს და ველოდებით ამ პარტნიორობის გაძლიერებას.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/7532574.html

 

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати