USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
ოჩამჩირელი ბიჭი, რომელმაც საქართველოს „საკუთრებაში” მოაქცია და ავითარებს გამორჩეულ აქტივებს - Forbes Georgia ხვიჩა მაქაცარიაზე
дата:  448

წყარო:https://bm.ge/

ოჩამჩირელი ბიჭი, რომელმაც საქართველოს „საკუთრებაში” მოაქცია და აბრუნებს, მართავს და ავითარებს ქვეყნისთვის გამორჩეულად მნიშვნელოვან აქტივებს - Forbes Georgia ხვიჩა მაქაცარიაზე წერს.

Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი, გიორგი ისაკაძე, ქართველ ბიზნესმენთან ხვიჩა მაქაცარიასთან ინტერვიუს დასრულების შემდეგ, მკითხველს ეპილოგს სთავაზობს, სადაც პოზიტიურ ჭრილში აფასებს და ოპტიმისტურად უყურებს მაქაცარიას მიერ აქტივების და CBS ჯგუფის მართვის მიმართულებას.

„რამდენიმე წლის წინ ჩვენი მთავარი საზრუნავი ის იყო, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი აქტივების მფლობელები უცხო ქვეყნის ბიზნესკომპანიები იყვნენ. ვხედავდი თუ არა მე ამ ყველაფერში პრობლემას? არა, განვითარებული ქვეყნების ნაწილში ვერ ვხედავ და მეტიც, მიმაჩნია - რომ არა ამერიკელები და მაიკლ სქოულის დროინდელი „ეიეს თელასი” არც რუსული სახელმწიფო კომპანია დაინტერესდებოდა თბილისის ენერგოგამანაწილებელი კომპანიის შეძენით. მიღმა იმ უამრავი სიკეთისა, რაც ამერიკელებს მოჰყვა ცოდნისა და ინვესტიციების სახით. ახლა მეორე, მომწონს თუ არა, რომ ასეთი კომპანიები არის იმ ქვეყნის სახელმწიფო კომპანიების თანასაკუთრებაში, რომელსაც შენი ქვეყნის ტერიტორიების მეხუთედი აქვს ოკუპირებული ჩვენი რესპონდენტის მშობლიური აფხაზეთის თამადობით? ეს როგორ უნდა მომეწონოს? არანაირად. ეს საერთოდ რაღაც ნონსენსური გაუგებრობა მგონია, რომელშიც შევედით და ვეღარასდროს გამოვედით. უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ არცერთ ეტაპზე არ ვიყავით თანამიმდევრული და ემოციურად გაწონასწორებული საზოგადოება. ახლა აქ სერიოზული ადგილობრივი, ქართული პერსპექტივები ჩნდება. პირი იქით მიქნია, და ისე დაბრუნდა ქართველი აქციონერების ხელში ჯერ ყაზახური „თბილგაზის” 100%, მანამდე რუსული „ბილაინის” 100%, რომ თითქოს არც არაფერი მომხდარა, არადა, სულ რაღაც სამი-ოთხი წლის წინ ამ თემაზე მსჯელობა და ამ კომპანიებთან დაკავშირებული ნებისმიერი ისტორია ლამის ქართველობის წართმევასთან, მორიგ თუ მოქმედ ოკუპაციასთან და ეკონომიკურ ანექსიასთან იყო გაიგივებული. ჩემთვის ასეთი აქტივების მობრუნება თუ მოქცევა ქართულ საკუთრებაში, იმის გათვალისწინებით, თუ ვინ ფლობდა მათ ადრე, მნიშვნელოვანი და აღნიშვნის ღირსი ამბავია. ამიტომაც ჩავთვალე, რომ ეს ინტერვიუ და საუბარი ხვიჩა მაქაცარიასთან შედგა. მიღმა იმისა, რომ გაგაცანით აფხაზეთში დაბადებული ბიზნესმენი, რომელიც მრავალმილიონიანი აქტივების გარდა ფლობს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს ინდუსტრიულ ქსელებსა და საწარმოებს.

რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ მაქაცარია მოახერხებს და „თელასის“ 100%-საც წამოიღებს. არა იმიტომ, რომ პირადად შევხვდი და იმაზე მეტი ვესაუბრე, ვიდრე ამ ინტერვიუთი გადმოგეცით. არა. მგონია, რომ გარკვეული კანონზომიერებაც არსებობს იმაში, რაც ახლა ხდება, როცა ერთი ოჩამჩირელი ბიჭი, საკმაოდ რთული და ემოციური ცხოვრებით, ახერხებს მრავალმილიონიანი აქტივები შექმნას სამშობლოში სწორედ რუსებისგან გამოსყიდული აქტივებით, ფლობდეს უძრავ ქონებას ევროპაში და გეგმებს აწყობდეს შავ ზღვაზე ინფრასტრუქტურულ მშენებლობასთან დაკავშირებით. შეიძლება, რუსეთის კომპანიებისგან აქტივების გამოსყიდვა და ქართველი აქციონერების ხელში მოქცევა სწორედ ამ ოჩამჩირელი ბიჭის მისიაა. ვნახოთ. მგონია, რომ CBS ჯგუფზე და მის დამფუძნებელზე კიდევ ბევრს გავიგებთ წელსვე და გაისად, რადგან პირადად მისცა პირობა Forbes Georgia-ს გუნდს, რომ საზოგადოებას გააცნობს თითოეული კომპანიის საქმიანობას და, ცხადია, მისი გუნდის წევრებისა და ტოპ-მენეჯერების წარდგენის საშუალებაც მოგვეცემა. ანუ მათი, ვინც ხვიჩა მაქაცარიას აქტივებს მართავენ და პირადი საუბრებისას მიყვებიან, თუ როგორი გუნდური ტიპი და მოთამაშეა მათი დამფუძნებელი. მაქაცარია დღემდე სპორტის აქტიური ქომაგი, მიმდევარი და გულშემატკივარია, აგრძელებს ჩოგბურთის ფედერაციისა და სპორტის სხვა სახეობების მხარდაჭერას. თვლის, რომ საქართველოში პატივსაცემია ნებისმიერი ადამიანი, ვინც არათუ 8000-ს, არამედ ორ ადამიანსაც კი ასაქმებს. მას ახლოს არ ვიცნობდი, და მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ხვიჩა მაქაცარია ნამდვილად არ არის არც მარტივი პიროვნება, ან როგორც იტყვიან, Пассажир, და მინდა გითხრათ, არც რესპონდენტი.

საუბრის ბოლო კითხვა: მაინც რა იყო თქვენი ყველაზე სარფიანი გარიგება ცხოვრებაში? წამით ფიქრდება... და, მპასუხობს: ის, ჩემი ნათესავი (ჰამლეტ მაქაცარია)! რას ამბობ, 276 „ჟიგული” მომდიოდა, ისეთი ფული კეთდებოდა თხილის ერთ ჩაბარებაზეო. ხვიჩა მაქაცარია ქართველი ბიზნესმენებიდან გამოარჩევს თემურ ჭყონიას, თემურ უგულავას, ილია წულაიას და ამბობს, რომ ჰყავს ამ ქვეყანას კარგი ბიზნესმენები, უბრალოდ ყველას ვერ ჩამოთვლის... ეს ქვეყანა მინიმუმ სამჯერ მეტ საქმიან ადამიანს და საქმოსანს დაიტევსო. აღარაფერს ვამბობ მის დამოკიდებულებაზე ახალგაზრდების და მათი მნიშვნელობის მიმართ, რადგან საუბარი მაშინვე ჩემს ნიკო კვარაცხელიაზე გადააქვს. ტრაგედიამდე საქმიანი წლები და Feedc-ის განვითარება ნიკომ სწორედ ხვიჩა მაქაცარიას ბიზნესჯგუფის წიაღში გააგრძელა. დაველოდოთ. მგონი, დიდი ხნით მოცდა არ მოგვიწევს მის მორიგ ისტორიამდე. ბევრი ანკესია ჩაგდებული სხვადასხვა მიმართულებით. თან, თემურ უგულავას რეაქცია მაინტერესებს, ამ ისტორიას რომ წაიკითხავს. თემურ უგულავა თავად ჩვენი გმირის მიერ მისმა დასახელებამ გამახსენა და იმან, რომ უგულავა („აჭარა ჯგუფი”) სულ მაშაყირებს, თუ როგორ ვახერხებ, რომ Forbes-მა იარსებოს ისეთი მცირე ეკონომიკის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა და იპოვოს ამ გამოცემის დონის ისტორიები და გმირები. მაინტერესებს, რას იტყვის, როცა ყდაზე გამოჩნდება ერთი ოჩამჩირელი ბიჭი, რომელმაც საქართველოს „საკუთრებაში” მოაქცია და აბრუნებს, მართავს და ავითარებს ქვეყნისთვის გამორჩეულად მნიშვნელოვან აქტივებს და ინდუსტრიებს. თან მისთვის ჩვეული, შეუჩერებელი ტემპით. მოკლედ

- to be continued...

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати