USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
Tbilisi
ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N35 კორპუსში მცხოვრებ პირებს ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული ფართები დაუკანონდებათ
Date:  373

ნუცუბიძის ფერდობზე, IV მიკრორაიონის N35 კორპუსში მცხოვრებ პირებს ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად დაუკანონდებათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, მიმდინარე წლის 23 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე უკვე განიხილეს 14 პირისთვის შესაბამისი ფართების საკუთრებაში გადაცემის საკითხი, ხოლო დღევანდელ სხდომაზე განიხილება დამატებით 10 პირის საკითხი.

თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნულ პირებს ფართები სახელმწიფოს მხრიდან მათ მიმართ არსებული საშინაო ვალის სანაცვლოდ უკანონდებათ, რასაც ისინი 1990-იან წლებში, შესაბამისი თანხის გადახდის მიუხედავად, წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ.

„ნუცუბიძის ფერდობზე, IV მიკრორაიონის N35 კორპუსში მცხოვრები პირებიც წარმოადგენენ ერთ-ერთი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებს და მათ უფლებამონაცვლეებს, რომელთა წინაშეც სახელმწიფოს საშინაო ვალი აქვს აღიარებული. აღნიშნულ მისამართზე, კოოპერატივს უნდა ჩაბარებოდა 72-ბინიანი სახლი, რომლის ძირითადი ნაწილი აშენდა და მასში ცხოვრობენ ამავე კოოპერატივის წევრები ან მათი უფლებამონაცვლეები. მათ 1990-იან წლებში გადახდილი აქვთ შესაბამისი თანხაც, თუმცა წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ მათ მფლობელობაში არსებული ფართების დაკანონებას. ვაკის რაიონის გამგეობისა და ქონების მართვის სააგენტოს ერთობლივი მუშაობით, მომზადდა პროექტი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო საშინაო ვალის სანაცვლოდ, აღნიშნულ პირებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, საკუთრებაში გადაეცემათ ის საცხოვრებელი ფართები, რომელთაც ფაქტობრივად ფლობენ, თუმცა გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემების გამო, დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. ასევე, აღნიშნული კორპუსები დაუსრულებელი იყო და ჩვენ ვაწარმოვეთ ყველა საჭირო სამუშაო მათ დასასრულებლად“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე განმარტებით, პროექტი განხორციელდება ეტაპობრივად და დარჩენილი პირებისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემის საკითხი მომდევნო მთავრობის სხდომებზე განიხილება.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, აღნიშნული პრობლემის მოგვარება 2017 წლის წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა და მის შესასრულებლად თბილისის მთავრობას ძალისხმევა არ დაუშურებია.

მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა მომდევნო ერთი წლის განმავლობაში სრულად მოგვარდება.

„დავიწყეთ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ პირთა პრობლემის მოგვარება. ათეული წლებია, კონკრეტული ოჯახები ელოდებოდნენ ამ საკითხის მოგვარებას. 2017 წელს, როდესაც ქალაქის მერად ამირჩია მოსახლეობის უმრავლესობამ, მქონდა დაპირება, რომ ეს პრობლემა მოგვარდებოდა. 2 975 ოჯახი ფართებით უკვე დაკმაყოფილდა. დაახლოებით, 600-მდე ოჯახი რჩება დასაკმაყოფილებელი. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული საკითხი მთლიანად მოგვარებული იქნება. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული. მადლობა ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, ირაკლი თავართქილაძეს. მეც მიხარია ამ ოჯახების სიხარული და ბედნიერება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way